Showing posts with label 1918-1921. Show all posts
Showing posts with label 1918-1921. Show all posts

ქართულ-მუსულმანური ცხენოსანი დივიზიონის ოფიცრები | 9.9.1920

 
ცხენოსანი დივიზიონის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს 1918 წლის თებერვალში ქართველი ეროვნების ქრისტიანი და მუსულმანი მოქალაქეების დაახლოების მიზნით, მაგრამ დანაყოფის სტაბილური ფორმირება გაჭირდა (ავტორიტეტული ლიდერის არარსებობის გამო) და მხოლოდ 1919 წლის აგვისტოში, მას მერე რაც მაიორი ბახშიბეი მაჩაბელი დაინიშნა მეთაურად, მოხერხდა ესკადრონის ფორმირება, რომელშიც 80 ცხენოსანი და ტყვიამფრქვევების რაზმი (2 დაზგის ტყვიამფრქვევი) შედიოდა. 1919 წლის ნოემბერში დანაყოფი შეიყვანეს არდაგანის რაიონის მიმდებარედ, სადაც რაზმმა წესრიგი დამყარა ცენტრალურ გზაზე და ყაჩაღების ალაგმვის გამო მოსახლეობაში პოპულარული გახდა. რაზმს მემედ ბეგ აბაშიძის მონდომების შედეგად შეუერთდა 100 აჭარელი მებრძოლი.
რაზმმა ბრიტანელების ნებართვით და მოსახლეობის თხოვნით 1920 წ. 3 მაისს დაიკავა ქალაქი ართვინი და გაანადგურა ადგილობრივ ყაჩაღ რაშიდის რაზმი.
1920 წლის ზაფხულში, დივიზიონმა დაიკავა ბორჩხა, სადაც ქესქინ ზადეს ბანდასთან შტაკებაში დაიღუპა ორი ოფიცერი (კოზლოვსკი და ციციშვილი) და დაიჭრა 5 მებრძოლი. ბანდამ დატოვა ბორჩხის რაიონი და წესრიგი დამყარდა.

დაბა ბორჩხა

1920 წლის 9 სექტემბერს რაზმი შეამოწმა სახელმწიფო კომისიამ, რომლის აღწერით ვიგებთ, რომ დივიზიონში 276 მებრძოლი მსახურობდა, აქედან 26 ოფიცერი. რაზმი დაბანაკებული იყო ბორჯომში, ყველა საბუთი იყო წესრიგში და არ აღმოჩნდა დარღვევები.


ოფიცრების სია:

მეთაური: პოლკოვნიკი ბახშიბეგ მაჩაბელი. მესხეთის მუსლიმთა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი. 1919 წლის მარტში სათავეში ჩაუდგა მუსლიმთა იმ ნაწილს, რომელმაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შეერთებას დაუჭირა მხარი. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა თურქეთში.
 

მეთაურის მოადგილე: პოლკოვნიკი გრიგორი მგალობლიშვილი ფილიპეს-ძე
წარმოშობით ქუთაისიდან, ქ. ტვერის ცხენოსანი სასწავლების კურსდამთავრებული. მსახურობდა ტვერის მე-16-ე დრაგუნთა პოლკში. რუსეთის იმპერიის არმიის (რია) ყოფილი როტმისტრი. დაიჭრა ბრძოლაში 1916 წელს. წმ. სტანისლავის II და III, წმ. ანას III და IV ხარისხის ორდენების კავალერი.

ინტენდანტი: კაპიტანი მიხეილ ფირალიშვილი
წარმოშობით ქუთაისიდან. ქ. ტვერის ცხენოსანი სასწავლების კურსდამთავრებული. მსახურობდა ტვერის მე-16-ე დრაგუნთა პოლკში. წმ სტანისლავის III და წმ. ანას IV ხარისხის ორდენების კავალერი.

ადიუტანტი: უფრ. ლეიტენანტი თარხან მხეიძე
საკავალერიო სასწავლების კურსდამთავრებული. რიას ყოფილი შტაბს-როტმისტრი

ცხენოსანი ესკადრონის მეთაური: კაპიტანი ვლადიმერ ბერიძე
თბილისის პრაპორშიკთა სკოლის კურსდამთავრებული. რიას ყოფილი შტაბს-როტმისტრი

ქვეითი ესკადრონის მეთაური: კაპიტანი შოთა მგალობლიშვილი
სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული. რიას ყოფილი შტაბს-როტმისტრი.

 
მეტყვიამფრქვევეთა ოცეულის მეთაური: უფრ. ლეიტენანტი ალექსანდრე გამყრელიძე
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. ტვერის მე-16-ე დრაგუნთა პოლკის ყოფილი პორუჩიკი

უფროსი ლეიტენანტი: ვლადიმერ გარდაფხაძე
რიას ყოფილი პრაპორშიკი.

უფროსი ლეიტენანტი: დიმიტრი ფავლენიშვილი
 
უფროსი ლეიტენანტი: აკაკი კობიძე
თბილისის პრაპორშიკთა სკოლის კურსდამთავრებული. რიას ყოფილი პრაპორშიკი
 
უფროსი ლეიტენანტი: სერაპიონ ფირცხალავა
ქუთაისის საქალაქო სასწავლების კურსდამთავრებული. ყოფილი პოდპორუჩიკი.
 
უფროსი ლეიტენანტი: მაგომედ შარდანოვი
ცხენოსანი სასწავლების კურსდამთავრებული, რიას ყოფილი კორნეტი
 
ლეიტენანტი: დიმიტრი ხომერიკი
ქუთაისის საქალაქო სასწავლების და თბილისის პრაპორშიკთა სკოლის კურსდამთავრებული. ყოფილი პოდპორუჩიკი

ლეიტენანტი: ნიკოლოზ ტატიშვილი

ლეიტენანტი: კონსტანტინე მამულაშვილი

მილიციის ლეიტენანტები რომლებსაც დავალებული ჰქონდათ აგიტაცია ეროვნებით ქართველ მუსულმან მოსახლეობაში და მათი პოლიტიკური განწყობების შესწავლა.
 
ზიაბეკ შარაბჩიევი
მუზაგარ მეხტარბაშევი 
ყარა-აღა ხალვაში
სერვადბეგ ერისთავი
ფადლი ეფენდი-ზადე
მუსტაფა-ბეგ ბაჩაბელი
? ბეგ ეფენდიევი
სევკეტ ეფენდი ზადე
? ალელოვი
აინუს მელაძე
სოფი გაჯიევი
 
მაჩაბელის ხელმოწერა ოფიცერთა სიაზე
 
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გამაჩნია დანაყოფის და მისი ოფიცრების ფოტოები.
 
წყარო: 
ეროვნული არქივი. ფონდი: 1836 / 1 / 412
Первая Мировая Война 1914-1918. Памяти Героев 

ქ. ართვინი

ქართული ჯარის ხელის ტყვიამფრქვევი ლიუისი

 
1918-1921 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითად ხელის ტყვიამფრქვევს ბრიტანული Lewis automatic machine gun წარმოადგენდა. 1918 წლის 21 ივნისის აღწერით თბილისის და სამტრედიის საწყობებში 222 ერთეული ლიუისის ტყვიამფრქვევი ინახებოდა 203.768 ვაზნით.
 
სახალხო გვარდიის დანაყოფები ლიუისის ტყვიამფრქვევით

სახალხო გვარდიის მოტოციკლეტების რაზმი "ჰარლი დევიდსონებით" და ლიუისებით
 
შექმნის ისტორია
 
 
კონსტრუქციის იდეის ავტორი იყო აშშ არმიის პოლკოვნიკი აიზეკ ლიუისი, რომელმაც 1911 წელს დააპროექტა მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევი ჰაერით გაგრილების ორიგინალური სისტემით, მაგრამ ვერ დაარწმუნა ხელმძღვანელობა მისი გამოყენების პერსპექტივაში, გადადგა სამსახურიდან, 1913 წელს გაემგზავრა ბელგიაში და დაარსა ფირმა Armes Automatique Lewis. ამავე წელს ბელგიის არმიამ შეისყიდა ტყვიამფრქვევის მცირე პარტია. პარალელურად წარმოებით დაინტერესდა ბრიტანული ფირმა Birmingham Small Arms Company, რომელმაც 1914 წელს იყიდა Model 1914 -ის გამოშვების ლიცენზია და ქარხანა გადაიტანა ინგლისში, რათა გერმანელების შესაძლო შემოჭრისგან დაეცვა წარმოება. ტყვიამფრქვევის ოფიციალური სახელწოდება: Gun, Lewis, .303-cal. იყო. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკულმა Savage Arms Company -მაც დაიწყო ტყვიამფრქვევის წარმოება. ძირითადად მზადდებოდა ორ კალიბრით: .303 (7.7×56 მმ) და 7.62X54 მმ.
 
 
1916 წლის დასაწყისში ბრიტანელმა ქვეითებმა მასობრივად მიიღეს ახალი ხელის ტყვიამფრქვევები. 1918-1917 წლებში რუსეთის იმპერიამ დაახლ. 11.500 ერთეული შეიძინა (1.900 ინგლისიდან, დანარჩენი აშშ-დან). 1918-1919 წლებში თეთრების მოძრაობას რამდენიმე ასეული მიაწოდეს.
საქართველოს ჯარის შტატით ქვეით ასეულში 4 ერთეული ლიუისის ტყვიამფრქვევი უნდა ყოფილიყო. ბატალიონში დაახლ. 12.
ჯამში პირველი მსოფლიო ომის დროს დაამზადეს დაახლ. 50.000 ერთეული, ხოლო 150.000 მეორე მსოფლიო ომისას.

ტექნიკური მონაცემები

შეიარაღებაზე ყოფნის დრო: 1914-1953
გამოშვების დრო: 1913-1942
ვარიანტები: Mk1-4. საავიაციო, ჰაერსაწინააღმდეგო, მსუბუქი ქვეითის და Savage M1917
წონა: 13 კგ
სიგრძე: 1.280 მმ
ლულის სიგრძე: 670 მმ
სწრაფსროლა: 500-600 ტყვია წუთში
ტყვიის საწყისი სიჩქარე: 740 მ/წმ
სროლის ეფექტური მანძილი: 800 მ
სროლის მაქსიმალური მანძილი: 3,200 მ
სავაზნე კოლოფი: 47 ან 97 ვაზნა

ლულა და გაგრილების სისტემა
 
სავაზნე კოლოფი
საქართველოს წითელი არმია. 1929 წ.
 

ვიდეოს წყარო:  C&Rsenal -ს არხი Youtub-ზე

რატომ არ იბრძოდა 1921 წლის ომში 700,000 ქართველი? პასუხი გავრცელებულ შეცდომაზე


"სხვის ომში მაგრები ვართ ქართველები, 1921 წელს არ იომეს და 20 წლის შემდეგ 700.000 წავიდა!" - წლიდან წლამდე გაისმის ეს არგუმენტი, რელიგიური მანტრასავით იმეორებენ, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. სინამდვილეში როგორ იყო საქმე?

სიტუაცია, დრო და სამობილიზაციო რესურსი

ჩვენი რესპუბლიკა დაიბადა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, სრული ეკონომიური და სამხედრო ჩამოშლის დროს, როცა ინგრეოდა ძველი და უნდა აშენებულიყო ახალი და თან ამ ახლის შენების გამოცდილება არავის არ ჰქონდა. 3 წლის განუწყვეტელი საომარი მოქმედებების, უკიდურესი სიღარიბის, პანდემიის და საერთაშორისო დახმარების არქონის ფონზე 1921 წლის 12 თებერვალს მაინც ვაკონტროლებდით: აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ლორეს მთლიანად, შავშეთს (არდაგანი-ოლთისი) და გარეჯიდან ფოილოს ხიდამდე 40 კმ იან ზონას, ანუ რესპუბლიკა თავგანწირვით და წარმატებულად იბრძოდა!

1941 წლის 22 ივნისისთვის სსრკ წამოადგენდა საომრად შემართულ მონსტრს, რომელიც 20 წელი ისვენებდა და ძალას იკრეფდა ევროპის დასაპყრობად. ამიტომ რესპუბლიკის და რუსეთის იმპერიის შედარება არაკორექტულია. 20 წელი რომ გვქონოდა დრო, ჩვენც დაახლ. ფინეთის დონეზე დავხვდებოდით "ჩრდილოეთის ურდოს"!

1921 წლის ომში დაახლ. 40.000 -მა საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, ქვეყანაში მაშინ დაახლ. 2,4 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. 1941 წლის იანვარში სსრკ-ს მოსახლეობამ აღწერის მიხედვით შეადგინა 198.712.000 ადამიანი (ორიგინალი წყარო), ანუ სსრკ-ს 82-ჯერ მეტი სამობილიზაციო რესურსი ჰქონდა. 1921 წლის ომი გაგრძელდა 1 თვე, ევროპის საბრძოლო მოქმედებების თეატრში სსრკ მონაწილეობდა 68 თვის (09.1939 - 05.1945) მანძილზე. შეადარეთ 1 და 68 თვე! რა თქმა უნდა რამდენიმე მობილიზაციის შედეგად, 68 თვეში 700.000 გაწვეული დაგროვდა 3.695.000 იანი საქართველოდან. ეს 700.000 ადამიანი 1 თვეში არ გაუწვევიათ. თვეში საშუალოდ 10.300 ადამიანს იწვევდნენ (700.000 გავყოთ ომის 68 თვეზე) საბჭოთა საქართველოდან, რომელიც 1.5 ჯერ აღემატებოდა მოსახლეობით რესპუბლიკას.

გადავიდეთ იარაღის, საკვების და მეტერიალური საშუალებების შედარებაზე. რა მდგომარეობაში იყო საქართველო და რა მდგომარეობაში სსრკ. როცა ეკიპირება, იარაღი და საკვები არ გაქვს, ჯარისკაცებს ფიზიკურად ვერ გამოიყვან ბრძოლის ველზე.

იარაღი და მატერიალური საშუალებები

ჯერ კიდევ 1918 წელს შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა საქართველოში არსებულ სამხედრო საწყობებში, რადგან ისინი თითქმის დაცალეს და ტრაპზონ-სარაყამიშის მიმართულებით გადაიტანეს 1917 წელს. გაზეთი "საქართველო" 1918 წლის 22 მარტის ნომერში წერდა:


ამუნიციის და მარაგის არქონაზე ჩივის ვ. გოგუაძე რომელიც ასე იხსენებს 1918 წლის გაზაფხულს:


საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოიტანა გოგუაძემ სარაყამიშიდან 24 ვაგონი ვაზნები და საარტილერიო ჭურვები. სანაცვლოდ სომხებს გადავეცით 60 ტყვიამფრქვევი.

შეგიძლიათ თვალნათლივ დარწმუნდეთ რა მდგომარეობა იყო 1918 წელს საწყობებში (აღწერას გრიფი "საიდუმულო" ედო) და ზოგადად რა სიტუაცია იყო სასაზღვრო ჯარში 1920 წლის ბოლოს, ომის დაწყებამდე 1.5 თვით ადრე:

თბილისის არსენალის საწყობის აღწერა. 21.07. 1918 წ.

3 წლის მანძილზე რესპუბლიკის მთავრობა განუწყვეტლივ ითხოვდა სამხედრო დახმარებას. სამწუხაროდ ეს დახმარება ძალიან მწირი იყო. 1920 წელს დაგვრჩა ე.წ. "სომხეთის ტრანზიტის" (40.000 კაცის ამუნიცია და ეკიპირება) 27%, რამაც ცოტათი გამოასწორა მდგომარეობა (ტაბახმელას სანგრის არქეოლოგიური გათხრების დროს ვაზნების დაახლ. 50% ინგლისური აღმოჩნდა და სავარაუდოდ ამ ტრანზიტიდან გვერგო. დანამდვილებით ცნობილია რომ მე-7 ბატალიონში მობილიზებული 250 მოხალისე-მოსწავლე ინგლისური "ლი ენფილდის" შაშხანებით შეაიარაღეს). საფრანგეთის ახალი მთავრობის გადაწყვეტილება სრულმასშტაბიან დახმარებაზე დაგვიანებული აღმოჩნდა. საარქივო მასალებით, მაშინდელი მედიის და თვითმხილველების (ცენზურის გარეშე რაც გამოქვეყნდა) მოგონებებით დასტურდება რომ ჯარს და სახალხო გვარდიას აკლდა ტანსაცმელი, იარაღი, ვაზნები, საკვები და ბევრი სხვა აუცილებელი ნივთი! და ეს იმ პირობებში როცა თავდაცვაზე იხარჯებოდა ბიუჯეტის 36%! რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და 2020 წლის ბიუჯეტს რომ შევადაროთ დაახლ. 4.9 მლრდ ლარის ექვივალენტია. რესპუბლიკის მთავრობის დადანაშაულება თითქოს ჯარზე არ ზრუნავდნენ არის დიდი ტყუილი! გაღატაკებულ და უმოკავშირეო ქვეყანას მეტი ფიზიკურად არ შეეძლო!

რა მდგომარეობაში იყო სსრკ? 20 წელიწადის (1921 - 1941) მანძილზე რუსეთი დიდ ომს არ აწარმოებდა და შეძლო საკუთარი სამხედრო მრეწველობის გამართვა და მარაგების შექმნა. ხოლო უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მიიღო კოლოსალური დახმარება აშშ-ინგლის-კანადიდან. ამ დახმარების შესახებ დეტალურად წერია აქ: მოკავშირეთა როლი გერმანიის დამარცხებაში. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან რამდენიმე ციფრს. სსრკმ-ს ლენდ-ლიზით 1941-1945 წლებში ფაქტიურად უფასოდ მიიღო:

➜ ავტოტექნიკა: 433.000 (საბჭოთა წარმოებაზე 1,6 ჯერ მეტი)
➜ ლოკომოტივი: 1981 (საბჭოთა წარმოებაზე 2.4 ჯერ მეტი)
➜ მოტოციკლეტები: 37.600 (საბჭოთა წარმოებაზე 1.4 ჯერ მეტი)
➜ სარკინიგზო ვაგონი: 11.075 (საბჭოთა წარმოებაზე 10 ჯერ მეტი)
➜ საავიაციო საწვავი და დანამტები: 2.5 მლნ ტონა (საბჭოთა ავიაციის მოხმარების 60%)
➜ დენთი და ასაფეთქებელი მასალა: 345.000 ტონა (საბჭოთა წარმოების 53%)
➜ ავტომობილის საბურავი: 3.606.000 წყვილი (საბჭოთა წარმოების 45% და გაცილებით ხარისხიანი)
➜ სამხედრო ფეხსაცმელი: 15,5 მლნ წყვილი
➜ შაქარი: 658.000 ტონა (საბჭოთა წარმოების 66%)
➜ სათესლე მასალა: 80.000 ტონა
➜ კონსერვები: 2.077 ათასი ტონა (საბჭოთა წარმოებაზე 4.8 ჯერ მეტი) და ა.შ.

რომ არა ეს დახმარება სტალინი მობილიზირებული ჯარის მხოლოდ 40%-ის გამოკვებას და შეიარაღებას შეძლებდა. მაგალითად: ომის განმავლობაში სსრკ-მ აწარმოა 264 ათასი ტონა ალუმინი, მაშინ როცა მოკავშირეებმა მიაწოდეს 328 ათასი ტონა, ანუ საბჭოთა თვითმფრინავების ნახევარი ამერიკული ალუმინით დაამზადეს. ხოლო საბჭოთა ავიაციის 18% ამერიკული და ინგლისური იყო, ჯამში: 18.400 ცალი!

1918-1921 წლებში მსგავსი დახმარება რომ გაეწიათ ჩვენც თავისუფლად შეგვეძლო მაგალითად: 240.000 ოფიცრის და ჯარისკაცის მობილიზება, ანუ მოსახლეობის 10% -ს ომში უშუალოდ ჩართვა, რაც ტოტალური მობილიზაციის ნორმაა.

ვფიქრობ რომ, შეკითხვაზე: თუ რატომ იცავდა საქართველოს 1921 წელს 40.000 კაცი და რატომ გაიწვიეს წითელ არმიაში 700.000 კაცი 1939-1945 წლებში პასუხგაცემულია. მეტი ადამიანის შენახვის და შეიარაღების საშუალება ფიზიკურად არ იყო.

18-19.03.1918 ცხინვალის ბრძოლა


1918 წლის მარტში საქართველოში უმძიმესი სიტუაცია შეიქმნა, ოსმალეთის ჯარი მოადგა აჭარას, დავკარგეთ შავშეთი და დაიძაბა სიტუაცია მესხეთში, ახალი ჩახშობილია ბოლშევიკების მიერ მოწყობილი აჯანყება ზემო იმერეთში, ჯარი ფორმირების პროცესშია, სახალხო გვარდიის მიერ ნაწილობრივ დაშლილია ქართული კორპუსის გაბოლშევიკებული პოლკები (ქუთაისის I, გორის III და თელავის VIII), ბევრი ჯარისკაცი შეიარაღებული წავიდა სოფლებში და მოსახლეობას ურევს გონებას, დაიწყო შეტაკებები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქვემო ქართლში, ბოლშევიკი აფსუები აპირებენ იარაღის ძალით დაიკაონ სოხუმი, საიმპერიო ჟანდარმერიის დაშლის გამო გაიზარდა კრიმინალი (ეროვნული მილიცია ფორმირების პროცესშია), გარდა ამისა, ქვეყანაში მძიმე ეკონომიური კრიზისია, რომელაც თან ერთვის ეპიდემია და დიდძალი სომეხი ლტოლვილის შემოსვლა. გაჩდნენ შიდა დევნილებიც ქართლიდან, სადაც ოსი ბოლშევიკები ხოცავდნენ ყოფილ თავადებს.

ოსებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ შექმნილი სიტუაციით და მოუნდათ "თავისუფალი ოსეთის" დაარსება ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში, მათი მთავარი სამიზნე ცხინვალის ხელში ჩაგდება იყო, სადაც იმ დროს ოსები თითქმის არ ცხოვრობდნენ (4.000 იან დაბაში ქართველები, სომხები და ებრაელები იყო ძირითადი მოსახლეობა), მაგრამ მისი დედაქალაქად გამოცხადება ჰქონდათ განზრახული. ადგილობრივი და რუსი ბოლშევიკებისგან წაქეზებულ-მხარდაჭერილებმა, - რომლებსაც ისედაც უამრავ პრობლემებში ჩაფლული, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადგილობრივი მთავრობა ყურადღებას ნაკლებად აქცევდა, - ცხინვალის დაკავება გადაწყვიტეს.

დაბა ცხინვალი მე-19 საუკუნის ბოლოს

ოსებთან მოსალაპარაკებლად წავიდნენ გორის მაზრის კომისარი გიორგი მაჩაბელი და სანდრო კეცხოველი, ცნობილი რევოლუციონერები და გლეხების უფლებებისთვის ნაბრძოლი, მეფის ციხეებში ნატანჯი ადამიანები. დელეგაციას თან ახლდა სამოქალაქო პირების ჯგუფი, სახალხო გვარდიის ქართლის და გურიის ბატალიონის დაახლ. 200 მებრძოლი, 1 სამთო-ქვემეხით და 3 ტყვიამფრქვევით.

გ. მაჩაბელი

ს. კეცხოველი

ეს სტატია მაშინდელი პრესის ინფორმაციების მიხედვითაა დაწერილი. პირველი ცნობა დელეგაციის შესახებ 22 მარტს დაიბეჭდა გაზეთებში: "ერთობა" და "საქართველო". ჯავშნიანი მატარებლის უფროსი სტეფანოვი 20 მარტს გადმოსცემდა:


რა მოხდა ცხინვალში 18-19 მარტს? აღვადგინოთ ქრონოლოგია:

18 მარტი (კვირა). სეიმის წევრები კირილე ნინიძე და გიორგი გაგლოევი ცხინვალში გამგზავრების წინ 12:00-ზე გორიდან ელაპარაკნენ გ. მაჩაბელს, როლის ცნობით შეიარაღებული ოსები სიმაღლეებზე იდგნენ, მოლაპარაკება კარგად მიმდინარეობდა და სამხედრო ძალით ჩასვლა საჭირო არ იყო და მიტინგისთვის იკრიბებოდა ხალხი. ნინიძე მეორედ შეეკითხვა სამხედრო ძალით დახმარების შესახებ, რაზეც უარი მიიღო. 13:30-ზე მცირე დელეგაცია წავიდა ცხინვალისკენ მიტინგზე დასასწრებად.

დამფ. კრების წევრი კ. ნინიძე (1878-1937 დახვრიტეს)

სოფლებში ტყვიავში და ტირძნიში ისინი გადააწყდნენ ჯარისკაცებს (გორის დაშლილი პოლკის დეზერტირები), რომლებსაც პიკეტები ჰქონდათ მოწყობილი და დაერბიათ ადგილობრივი კომისარიატები. ტირძნისში განლაგებულმა დანაყოფის მეთაურმა 100 ჯარისკაცის გაყოლება შესთავაზა ნინიძეს, რაზეც უარი მიიღეს. კიდევ ორი პიკეტის და ჩხრეკის შემდეგ, უშუალოდ ცხინვალთან ოსების პიკეტმა შეაჩერა დელეგაცია. ოსებმა ჯერ დახვრეტა დაუპირეს, შემდეგ გადაიფიქრეს და ლაპარაკში უთხრეს რომ ცხინვალს მაინც ავიღებთ დღეს, იქ რაღაზე მიდიხართ, მაინც დაიღუპებითო. საკუთარი ბრძოლის მიზანზე განაცხადეს რომ თავადები და გვარდია გაერთიანდნენ და ჩვენი დახოცვა უნდათო. ბოლოს მაინც გაატარეს დელეგაცია ცხინვალისკენ და დემონსტრაციულად გადაჭრეს ტელეგრაფის მავრთული, რა დროსაც შეწყდა კავშირი გორთან.
17:00 -სკენ მიტინგზე შემაჯამებელი სიტყვით გადმოდიოდა მაჩაბელი, რომელმაც წაიკითხა შეთანხმების პუნქტები და სიტყვა თბილისიდან ჩამოსულ ნინიძეს გადასცა. მოულოდნელად სცენაზე აიჭრა რაიონის კომისარი კულუმბეგოვი და დაიყვირა: კმარა ლამაზი სიტყვები და დაპირებები, მთავარი ასრულებააო! ნინიძემ სცადა სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ გორაკებიდან ოსებმა სროლა დაიწყეს და ხალხი დაიფანტა. ცხინვალის დაკავების ოპერაცია დაიწყო. ოსებს მეთაურობდა პროპორშიკი ხარებოვი, ქართლში თავადების ამოხოცვის სულისჩამდგმელი.



გვარდიელებმა სასწრაფოდ დაიკავეს პოზიციები და საპასუხო ცეცხლი გახსნეს. 9 საათზე ოსებმა მიმდებარე ბაღების ღობეებს ცეცხლი წაუკიდეს და დაკვამლიანება სცადეს, მაგრამ ჩამოწოლილი კვამლით ვერ ისარგებლეს და პირიქით, გვარდიას გაუადვილეს სროლა. 12 საათისკენ შტაბში 60 ოსი ტყვე მოიყვანეს, მაგრამ რაზმს ვაზნები ელეოდა და იმედი ჰქონდათ რომ გორიდან დამხმარე ძალა მოუსწრებდათ.
ნინიძემ ტყვეები დაკითხა, გამოირკვა რომ არ იცოდნენ არც მიტინგის და არც მოთხოვნების შესახებ. მათი უმეტესობა ოსი იყომ მაგრამ ქართველებიც ერივნენ. უმეტესობა შორეული სოფლებიდან იყო.

19 მარტი. დანაყოფმა გადაწყვიტა ადგილზე დარჩენილიყო და დახმარებას დალოდებოდა, რადგან მოსახლეობის მოტოვება არ უნდოდათ. საინტერესოა აღინიშნოს რომ რაზმის წევრმა კოტემ (გვარი უცნობია) გადაწყვიტა ფეხით წასულიყო გორში და დახმარება გამოეძახა. ამ დროს მისი მეუღლეც წამოსულიყო გორიდან და რაზმამდე კი მოაღწია, მაგრამ მეუღლე ადგილზე აღარ დახვდა.
დილის 5 საათზე სროლა განახლდა. გვარდიელები მცირე რაზმებით მანევრირებდნენ და ცდილობდნენ ყველა მიმართულების გადაფარვას. აღმოჩნდა რომ ვაზნები სახელმწიფო დაწესებულებებიდან გატანილი იყო. მოწინააღმდეგემ მთელი ძალები მოიკრიფა და ალყიდან ბრძოლით გასვლა შეუძლებელი იყო. მაჩაბელი მაინც მხნედ იყო, ღიმილით ამხნევებდა მებრძოლებს, სჯეროდა რომ დახმარება მოვიდოდა და ერთი პოზიციიდან მეორეზე გადარბოდა. მძიმედ დაიჭრა მარჯვენა ფეხში (წვივთან გამჭოლი ჭრილობა) და გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ოსებმა შეამჩნიეს რომ გვარდიას ვაზნები აღარ ჰქონდა (მკვეთრად იკლო სროლის ინტენსიობამ) და 2 საათზე რამდენიმე ათასი ოსი საერთო შეტევაზე გადმოვიდა. 
14:30-ზე ნინიძემ, გაგლოევმა, ს. კეცხოველმა და ორმა მოქალაქემ დატოვეს რაზმის შტაბი და კერძო სახლში გადავიდნენ. ნინიძე შტაბში დაბრუნდა და გზაში მომაკვდავ ოს ჯარისკაცს წააწყდა, ქუჩაში კი ხელში მძიმედ დაჭრილი გვარდიელი მოდიოდა. ნინიძე სარდაფში დაბრუნდა, მალე ქუჩიდან გამარჯვებულების ყიჟინა შემოესმათ. 15:00-ზე ცხინვალი დაეცა.
მოგვიანებით ოსებმა ცეცხლი გაუხსნეს სახლს სადაც ნინიძე იმალებოდა და მოუწიათ გამოსვლა. ხუთივეს დახვრეტა გადაწყვიტეს, მაგრამ ბრბოს გამოეყო ჯარისკაცი შავლეგ კოჟაევი, რომელიც ადრე ციხეს გადაარჩინა ადვოკატმა ნინიძემ და კოჟაევმა ხუთივე იხსნა სიკვდილისგან. ამასობაში ოსებმა სახლების გადაწვა, ძარცვა-გლეჯვა დაიწყეს, ტყვეებისთვის აღარ ეცალათ და ხუთივე დაიფანტა. კეცხოველი ნინიძეს ჩამოშორდა, სხვა მხარეს წავიდა და დაახლ. 6 საათზე დახვრიტეს სასამართლოს წინ. მისი ბოლო სიტყვები იყო: "თქვენთვის ვიტანჯე და თქვენვე მომკალით, მაგრამ იკმარეთ ჩემი სიკვდილი, სხვებს თავი დაანებეთო". მოხუცი რევოლუციონერის გვამი დაასახიჩრეს და ზედ ეტლით გადადიოდნენ. კოსტა ყაზიევის (ყაზიშვილი) სიკვდილის გარემოება უცნობია, სავარაუდოდ დაიღუპა უშუალოდ შეტაკების დროს.


გამხეცებულმა ბრბომ მაჩაბელს მიაგნო საავადმყოფოში, მწოლიარე გიორგიმ შესძახა: "მკლავთ მაგრამ ჩემი სიკვდილი ძვირად დაგიჯდებათ!", იძრო "მაუზერი" და რამდენიმე ოსი იქვე მოკლა. მაჩაბელი ხიშტებით დაჩეხეს და მუხლები დაუხვრიტეს ...


ნინიძის მოგონება ხალხის განწყობის შესახებ:
საბოლოოდ ნინიძესთან მყოფებმა ნაცნობის სახლში შეაფარეს თავი და გადარჩნენ მოკვლას.

პრესაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით დაიღუპა 13 პირი, 3 სამოქალაქო და 10 სახალხო გვარდიელი:

გიორგი მაჩაბელი
სანდრო კეცხოველი
კოსტა ყაზიევი
ვანო მალიევი (გორის გვარდია)
ისაკ კობერიძე (გორის გვარდია)
გიორგი თაყნიაშვილი (გორის გვარდია)
ილია ტოლიაშვილი (გორის გვარდია)
ბარნაბა მამალაძე (ს. ხევი. გურიის გვარდია)
სამუელ ბაქანიძე (თბილისის გვარდია) - 23 მარტს თამარაშენთან
არჩილ მარგველაშვილი (თბილისის რკინიგზის დეპოს გვარდია)
ვასილ ქობულაშვილი (თბილისის რკინიგზის დეპოს გვარდია)
ვასილ ხიზანიშვილი (თბილისის რკინიგზის დეპოს გვარდია)
გიორგი ფირანაშვილი (თბილისის რკინიგზის დეპოს გვარდია)


22 მარტი: სახალხო გვარდიის დაჯგუფებამ ვ. ჯუღელის და ა. კონიაშვილის მეთაურობით ერთი დაკვრით აიღო ცხინვალი. ოსები ფაქტიურად უბრძოლველად გაიქცნენ ჯავისკენ.

23 მარტი. გვარდია ჯავის მიმართულებით დაიძრა, თამარაშენთან ჩასაფრებაში მოკლეს 5 და დაჭრეს 3 გვარდიელი.  გაანთავისუფლეს 150 ქართველი ტყვე და მძევალი. 25 მარტს საბრძოლო მოქმედებები მთლიანად შეწყდა.

აღსაღნიშნავია რომ ქ. გორიდან (სადაც ოსების პოლკი იყო დისლოცირებული 300 კაცის ოდენობით) ორი ფურგონი ტყვია-წამალი გაუგზავნეს ცხინვალელ ოსებს. ასევე ცდილობდნენ იარაღის მიწოდებას თბილისიდან, ოსების ეს რაზმი მცხეთასთან განაიარაღა სახალხო გვარდიამ. მთავრობა ამ კონფლიქტს სოციალურ მოვლენად განიხილავდა და არა ეროვნულად - როგორც ოპოზიცია, ამიტომ 1920 წლის ზაფხულამდე (ოსების მესამე აჯანყებამდე) ლმობიერად ექცეოდა ოს ბოლშევიკებს.

წყარო: ეროვნული ბილიოთეკა. გაზეთები: "ერთობა", "საქართველო" და "თეატრი და ცხოვრება".

იმერეთის I ბატალიონი, სახალხო გვარდია

იმერეთის I ბატალიონი

წარმოგიდგენთ სახალხო გვარდიის იმერეთის I ბატალიონის სამეთაურო შემადგენლობის სახელობითი სიას. აღმოჩენილ ფურცლებზე დაზუსტებული არაა სიის შედგენის დრო. 1919 წლის სექტემბერში საოლქო შტაბის და ბატალიონის სამეთაურო შემადგენლობა მცირედით შეიცვალა.
სახალხო გვარდია ტერიტორიული პრინციპით იყო მოწყობილი. იმერეთის პირველი ბატალიონი ქუთაისის, ზემო იმერეთის, რაჭის და ლეჩხუმის რაიონების მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული.
სამწუხაროდ 1918-1921 წლების ჯარის და სახ. გვარდიის დანაყოფების პირადი შემადგენლობის თემა შეუსწავლელია.

ქუთაისის საოლქო შტაბის შემადგენლობა


მწერალი: ებანოიძე არჩილ ამირანის-ძე
დარაჯი: იუსა კოლია
არტელჩიკი: ქარცივაძე გიორგი ყაისარის-ძე
კაპტინარმუსი: ფრუიძე ალფესა
შტაბის წევრი მდივანი: დავითულიანი ლავრენტი სოლომონის-ძე

ბატალიონის სამეთაურო შემადგენლობა

ბატალიონის მეთაური: პაპავა კირილე გუსარის-ძე

1 ასეულის მეთაური: მახვილაძე გიორგი ეგნატეს-ძე
უმცროსი ოფიცერი: ერისთავი ვარლამ მიხეილის-ძე

2 ასეულის მეთაური: გველესიანი გრიგორ სილიონის-ძე
უმცროსი ოფიცერი: ცხვედიანი კონსტანტინე ნესტორის-ძე

3 ასეულის მეთაური: ძიძიგური სილოვანე ალექსანდრეს-ძე
უმცრისი ოფიცერი: იმედაძე ნესტორ ალექსის-ძე

4 ასეული: ჯანელიძე შალვა ფარნაოზის-ძე (ინფორმაცია დასაზუსტებელია)
უმცრისი ოფიცერი: რეხვიაშვილი გიორგი მაქსიმის-ძე

ტყვიისმფრქვეველთა ასეული: მაღნარაძე თეოფილე საჩინოს-ძე
უმცროსი ოფიცერი: ართილაყვა ერასტი

უმწყობრო ასეული: გალდავა ივანე თედორეს-ძე

ადიუტანტი: წულუკიძე დავით ვლადიმერის-ძე

სანიტარული განყოფილება (13 კაცი)


ფერშალი: გურული ამვროსი გიორგის ძე
ფერშალი: კენჭოშვილი ნიკოლოზ ლაზარეს-ძე
ფერშალი: ავალიანი სილევან ილიას-ძე
ფარმაცევტი: თედიაშვილი გრიგოლ ლევანის-ძე


ბატალიონის რიგითი შემადგენლობა

ბატალიონში ირიცხებოდა 667 რიგითი. ყველას სახელი და გვარი ცნობილია, მაგრამ შეუძლებელია ამ სტატიაში მათი მოყვანა.


ინფორმაციის მოპოვების წყარო:

ეროვნული არქივი, ეროვნული საბჭოს ფონდი, სახალხო გვარდიელთა სია
საბჭოთა წარსულის კვლევების ლაბორატორია
სტალინური სიები საქართველოდან (ელექტრონული მონაცემთა ბაზა)

თბილისის არსენალის საწყობის აღწერა. 21.07. 1918 წ.

თბილისის საარტილერიო საწყობები და არსენალი

1918 წლის 21 ივლისს ეროვნული საბჭოს სამხედრო კომისიაში შემოვიდა მოხსენება გრიფით "საიდუმულო" სადაც დეტალურად იყო აღწერილი რა სახის იარაღი ინახებოდა თბილისის და სამტრედიის საარტილერიო საწყობებში.

აღწერიდან დასტურდება, რომ ქართულ ჯარს მსუბუქი იარაღის, ამუნიციის და არტილერიის მარაგები 1918 წლის ივლისისთვის სახარბიელო მდგომარეობაში არ იყო.

შაშხანები

7,62X54 მმ მოსინი (რუსეთი) - 2.812 ერთეული / 2.037.880 ვაზნა
ა). ქვეითის: 1.506
ბ). დრაგუნის: 1.044
გ). მოკლე: 262

10.75×58 მმ ბერდანი (რუსეთი) - 218 ერთეული / 7.881.819 ვაზნა
ა). ქვეითის: 173
ბ). კაზაკის: 45

8×50 მმ ლებელი კარაბინი (საფრანგეთი) - 107 / 1.322.698 ვაზნა
11X59 მმ გრა-კროპაჩეკი (საფრანგეთი) - 178
11X59 მმ გრა, Fusil Gras 1874 (საფრანგეთი) - 334 / 151.556 ვაზნა
10.4×38 მმ ვეტერლი, Vetterli-Repetiergewehre (შვეიცარია) - 190 / 857.520 ვაზნა
6.5×50 მმ არისაკა (იაპონია) - 157 / 3.686.900
ვინჩესტერი 3 ხაზიანი (აშშ) - 70
7.92×57 მმ მაუზერი (გერმანია) - 76

თურქული ნადავლი: 654 სხვადასხვა ტიპის შაშხანა

მანლიხერი 1895 წ. მოდელი: 92
მანლიხერი 1892 წ. მოდელი: 122
კრა-იურგენსონი: 77
მაუზერი: 103
ლებელი 4 ხაზიანი: 138 / 77.500 ვაზნა
პიბოდი-მარტინი 3 ხაზიანი: 122


ტყვიამფრქვევები

კოლტი: 1
7.7×56 მმ ლუისი (ბრიტანული): 222 / 203.768 ვაზნა

ცივი იარაღი

სხვადასხვა ტიპის ხანჯლები და პიკები: 92.473 / პიკები: 10.934

საარტილერიო საშუალებები

არტსისტემები: 57, აქედან 45 ერთეული 76 მმ 1909 წ. მოდ. სამთო ქვემეხი
ჭურვები (შრაპნელი და ყუმბარა): 78.637 ჭურვი


მანათობელი რაკეტის გამშვები: 194
ბომბმტყორცნი: 99 / 94.906 ნაღმი
ნაღმმტყორცნი: 8 / 230 ნაღმი
20.3 მმ პატარა ნაღმმტყორცნი: 45

სამტრედიის საარტილერიო საწყობის აღწერა
15.07.1918

კოლტის ტყვიამფრქვევის ვაზნები: 8.000
სხვადასხვა საარტილერიო ჭურვები: 612
6.5×50 მმ არისაკას ვაზნები: 30.000
10.4×38 მმ ვეტერლის ვაზნები: 8.650
თურქული ვაზნები: 450
ფრანგული ხელყუმბარები: 285
დენთი ქვემეხებისთვის: 339 ერთეული

თბილისის საარტილერიო საწყობის აღწერა
15.07.1918

სხვადასხვა ტიპის შაშხანის ვაზნები: 8.133.593
ა). 8×50მმ ფრანგული "შოშის" ტყვიამფრქვევის: 7.464.041
ბ). შვეიცარული პიბოდი-მარტინი: 591.500 და ა.შ.


პისტოლეტების და რევოლვერების ვაზნები: 314.790
ა). სმიტ ვესონის სხვადასხვა კალიბრის: 152.567
ბ). ბრაუნინგი 7.65მმ: 125.036 და ა.შ.
გ). კოლტი 45 კალიბრი: 28.722

ქვემეხის ჭურვები: 6.082
მანათობელი რაკეტები: 12.163

აღწერაში ასევე შეტანილია საარტილერიო ჭურვების ნაწილები, სასწავლო მასალები, დენთი და ა.შ.

დამატებითი ინფორმაცია

აღწერიდან ვიგებთ რომ არმიაში შტატით დადგენილი იყო 76 ცალი 1909 მოდ. სამთო ქვემეხი, ხოლო ნაწილებში იყო 70. 1909 მოდ. ჰაუბიცა 8 ცალი, ნაწილებში იყო 4.
შტატით ჯარში უნდა ყოფილიყო 45.696 შაშხანა, ნაწილებში იყო: 9.045, თუმცა მონაცემები არაზუსტია, რადგან ყველა ნაწილს არ მოუწოდებია ინფორმაცია.

ვაზნების დეტალური რაოდენობა

საიდუმლო მოხსენებას ხელს აწერს გენერალ-მაიორი ალექსანდრე ყაზბეგი.


განსაკუთრებული მადლობა ისტორიკოს დ. სილაქაძეს!

სოხუმის I სანაპირო რაზმის მდგომარეობა 14.12.1920-02.01.1921

 

ამ ანგარიშის გაცნობის შემდეგ შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება რომ მთავრობა ჯარს არ აფინანსებდა. აღსაღნიშნავია, რომ სხვა დანაყოფებშიც დაახლოებით ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო. ამ ყველაფერს თან ერთვოდა სახადი და ეპიდემია, რის გამოც მაგალითად ბათუმის გარნიზონის 30% ლაზარეთში იწვა.
უნდა ვიცოდეთ, რომ 1920 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 36.6% დაიხარჯა სამხედრო სამინისტროზე (იხ. დ. სილაქაძის "ქართული არმიის მატერიალური მდგომარეობა რუსეთთან ომის წინ" 2015 წ.). შედარებისთვის, 2020 წელს ეს თანაფარდობა 6% არის (₾14.2 მლრდ-დან თავდაცვაზე გამოყოფილია ₾880 მლნ ).
მართალია პროცენტულად დღევანდელ ხარჯებზე 6-ჯერ მეტს ახმარდნენ ჯარს, მაგრამ პირველი მსოფლიო და სამოქალაქო ომის ნგრევით გამოწვეული კრიზისის გამო მდგომარეობა კატასტროფული იყო. აღსაღნიშნავია, რუსეთის ჩრ. კავკასიის არმია, სომხეთის და აზერბაიჯანის არმიები კიდევ უფრო უარეს დღეში იყვნენ. ამ კონტექსტის გათვალისწინებით უნდა გავეცნოთ სტატიას და რა თქმა უნდა ჩვენთვის დამახასიათებელ იმ ხარვეზებსაც შეამჩნევთ, რომელიც ფულთან კავშირში უკვე აღარაა.

სოხუმის პირველი სანაპირო რაზმის სამწყობრო და სამნეო რევიზია ჩაატარა სამხედრო კომისიის წევრმა ერმალო კალაძემ და სახელმწიფო კონტროლის უფროსმა რევიზორმა  ა. ლორთქიფანიძემ. ქვედანაყოფის შემოწმების დრო 14 დეკემბერი 1920 - 2 იანვარი 1921, ანუ რუსეთთან ომის დაწყებამდე დაახლ. 1 თვით ადრე. შეამოწმეს სოხუმის და ოჩამჩირის განყოფილებები. სოხუმის რაზმს მეთაურობდა პოლკოვნიკი სრესელი. მნე: მაიორი ჯაფარიძე

ოჩამჩირის განყოფილება 

განყოფილების უფროსი: კაპიტანი ჭყონია, უფროსი ოფიცერი: უფრ. ლეიტენანტი ჟვანია. გაგიდის სადარაჯოს უფროსი: ზემდეგი ცინცაძე.

განყოფილება შედგებოდა 4 სადარაჯოსგან: ოჩამჩირე, გაგიდა, გუდავა და სათამაშო. განყოფილებას აკლდა ოფიცრები და 3 სადარაჯოზე ბოლო 3 თვის მანძილზე ჯარისკაცებს ოფიცერი ნანახიც არ ყავდათ. განყოფილების უფროსმა არ იცოდა რომელ სადარაჯოზე რა სახის ქონება იყო.

იარაღი, მომარაგება და საკვები

ქვედანაყოფზე მიწერილი იარაღი გაუწმენდელი იყო და ზოგადად ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 8 შაშხანა საკვების ყუთში იყო ჩაყრილი ჭუჭყიან ნაჭრებთან ერთად. ჩამორთმეული იარაღი, რიცხვით 6 ცალი (მაუზერის და ბერდანის შაშხანები) არც იყო აღწერილი.
დანაყოფს ერთი ვირი და ერთი ორთვალა ჰქონდა, რის გამოც ჯარისკაცებს საკუთარი ზურგით უწევდათ ნივთების ტარება სადარაჯოებზე და მომარაგება ძალიან იყო შეფერხებული.
სურსათის აღრიცხვა საერთოდ არ ხდებოდა, სასაწყობე ოთახში თითქმის არაფერი არ იყო და რაც იყო ერთმანეთში იყო აზელილი. დანაყოფები რასაც დღიურად შოულობდნენ იმას ჭამდნენ, არ არსებობდა მარაგი. საკვების დიდი ნაწილი ნისიით იყო აღებული ადგილობრივი მოსახლეობისგან. გუდავას და სათამაშოს სადარაჯოებზე საერთოდ არ ჰქონდათ საკვები ცოტაოდენი კარტოფილის გარდა.
განყოფილებისთვის არ მიუციათ 3 თვის ჯამაგირი. მხოლოდ კომისიის მისვლის შემდეგ მისცეს 2 თვის.
ჯარისკაცების ტანსაცმელი და ლოგინები


სადარაჯოების და ყაზარმების მდგომარეობა

შენობები ქვით იყო ნაშენი, მაგრამ ჩალეწილი ფანჯრებით და ცუდ მდგომარეობაში.


სოხუმის განყოფილება

განყოფილების უფროსი: კაპიტანი ანჩაბაძე
კომისიამ დაათვალიერა კოდორის, მაჭარის და ახალ-ათონის სადარაჯოები. სიტუაცია აქაც მძიმე იყო.

ყაზარმების მდგომარეობა


ტანსაცმელი და კვება


რატომ წარმოიშვა პრობლემა საგუშაგოების საჭმლით მომარაგებაში?


 გათბობა და განათება


1920 წლის 18 დეკემბერს კომისიას დრანდაში შემოხვდა მობილიზაციით გაწვეული 82 ჯარისკაცი რომლებიც ფეხით მიდიოდნენ ოჩამჩირის განყოფილების გასაძლიერებლად სოხუმიდან. აღმოჩნდა რომ მათთვის "ბუშლატები" და საბნები დაურიგებიათ, მაგრამ ფეხსაცმელი არა. 7 ჯარისკაცი სულაც ფეხშიშველი მიდიოდა. ჯარისკაცებს ორი დღე უნდა ევლოთ ფეხით, მაგრამ საკვები არ მისცეს და არც საკვების შესძენი ფული. კომისიის თანმხლებმა კაპიტანმა ჭყონიამ მისცა საკვების ფული.

რაზმის პირადი შემადგენლობა

1919 წლის 1 სექტემბრიდან 1920 წლის 20 დეკემბრამდე რაზმის სიაში ეწერა სულ 1060 კაცი.
დეკემბრის მდგომარეობით რაზმში იყო: სავალდებულო სამხედრო სამსახურის: 365 ჯარისკაცი, მობილიზაციით გაწვეული: 440 და ყრილობით გაწვეული: 32. სულ: 837 ჯარისკაცი.
რაზმმა მიიღო 250 ერთეული ფორმის კომპლექტი. 440 მობილიზირებულისთვის გამოყვეს: 250 ფარაჯა, 260 შარვალი, 210 ხალათი, 200 ხამლი (ბათინკი). ამგვარად ტანისამოსი აკლდა 300 ჯარისკაცს. ხოლო წინა წელს გაცემული დახეული და თითქმის უვარგისი იყო (1919 წელს გაწვეულები საომარი მდგომარეობის გამო ზედმეტი ვადით დატოვეს ჯარში).

კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა

სადარაჯოების დაშორების გამო მსგავსი ლექციები და სწავლებები თითქმის არ ტარდება. საგუშაგოებზე არ მიდის გაზეთები. სოხუმში ბიბლიოთეკაც აქვთ და გაზეთების რეგულარულად მოდის, მაგრამ თითქმის არავინ არ კითხულობს.


სანიტარული პუნქტი და სალარო

მოწყობილია ცალკე ოთახში, გააჩნია 2 საწოლი და საკუთარი აფთიაქი. აღრიცხვა მოწესრიგებულია.
მთლიანობაში სალაროს აღიცხვა მეტნაკლებად მოწესრიგებულია.

საწყობში არსებული სანივთე ქონება

ხამლი (ბათინკი) - 175 წყვილი
იტალიური შინელი - 199 ცალი
თბილი პერანგი - 64 ცალი
საცვალი - 754 ცალი
პერანგი - 751 ცალი
ინგლისური ფრენჩი - 200 ცალი
ინგლისური შარვალი - 199 ცალი

საუბარია 1902 Pattern Service Dress tunic -ზე, რომელიც ეცვა პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის ჯარს და ეს ფორმა არმიის სოხუმის მეორე ბატალიონის ჯარისკაცების ნაწილსაც აცვია 1920 წლის მეორე ნახევრის ფოტოზე.  






წყარო: სოხუმის პირველი სანაპირო რაზმის სამწყობრო და სამნეო ნაწილთა საქმეების რევიზიის ოქმი ჩატარებული სამხედრო კომისიის წევრ ე. კალაძის მიერ

დამატებითი ინფორმაცია: სასაზღვრო ჯარები 1918-1919 წლებში

სოხუმის ხედები