იარაღის შენახვა-ტარების უფლება აშშ-ში. II შესწორება, 1791 წ.


ჩრდ. ამერიკის 13-მა ბრიტანულმა კოლონიამ დაიწყო აჯანყება იმპერიის წინააღმდეგ, რაც გადაიზარდა დამოუკიდებლობისთვის ომში (American War of Independence: 19.4.1775 - 3.9.1783). 1776 წლის 4 ივნისს ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელშიც პირველად დაფიქსირდა სახელი: "ამერიკის შეერთებული შტატები" (United States Declaration of Independence). 1787 წელს დამტკიცდა აშშ-ს კონსტიტუცია, რომლითაც ახალი ცენტრალური მთავრობა შეიძლება ზედმეტად უფლე­ბამოსილი გამხდარიყო, ამიტომ 1791 წელს მოხდა "10 შესწორების" დამატება, რათა დაეცვათ სიტყვის, პრესის, რელიგიის და სხვა ძირითადი უფლებები. დღეს ისინი ცნობილია "უფლებათა დეკლარაციის (ბილის)" სახელით.

მეორე შესწორება

1791 წლის 15 დეკემბრიდან ძალაში შევიდა აშშ-ს კონსტიტუციის "მეორე შესწორება", რომლის ძალითაც გარანტირებულია მოქალაქეებისთვის იარაღის შენახვის და ტარების უფლება. ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის დეკლარაციით განისაზღვრა შეიარაღებული აჯანყების უფლება, თუ მთავრობა დიქტატურის დამყარებას შეეცდებოდა: "თუ ვერაგი ჩანაფიქრით აიძულებენ ხალხს შეეგუონ უსაზღვრო დესპოტიზმს, ასეთი მთავრობის ჩამოგდება და უსაფრთხოების ახალი გარანტიების შექმნა ხალხის უფლება და მოვალეობა გახდება".

განვმარტოთ მეორე შესწორება:

"რამდენადაც კარგად რეგულირებული მილიცია აუცილებელია თავისუფალი  სახელმწიფოს უსაფრ­თხოებისთვის, ხალხის უფლება იარაღის შენახვისა და ტარების შესახებ არ უნდა დაირღვეს"
"A well regulated Militia, being necessary to the security of a free State, the right of the people to keep and bear Arms, shall not be infringed"

კარგად რეგულირებული/ორგანიზებული მილიცია - სიტყვა "მილიცია" საქმეში ჩაუხედავმა შეიძლება "პოლიციად" აღიქვას, რადგან სსრკ-ში პოლიციას მილიცია ერქვა. ამერიკაში Militia ეწოდება ერთ რაიონში მცხოვრები მოხალისეების მიერ ჩამოყალიბებულ, შეიარაღებულ და ორგანიზებულ ფორმირებას, რომელსაც უფლება აქვს გამოვიდეს დესპოტიის წინააღმდეგ, დაიცვას კანონიერება/წესრიგი და ჩაებას სიმეტრიულ ომში.

1). დამოუკიდებლობისათვის ომი დაიწყო 1775 წლის 19 აპრილს როდესაც მასაჩუსეტსის მილიცია (მეთაური კაპიტანი ჯონ პარკერი) თავს დაესხა ბრიტანეთის ჯარის კოლონას ლენსინგტონის და კონკორდის რაიონში, რასაც ბრიტანელების უკანდახევა და ორივე მხრიდან 130 ზე მეტი მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა. მილიციის წევრებს პატრიოტებს ეძახდნენ.

ჯონ პარკერის მონუმენტი და მილიციის თავდასხმა ბრიტანელებზე

აშშ-ს შეიარაღებული ძალები დაარსდა 1775 წლის 14 ივნისს (აჯანყების დაწყებიდან 2 თვის შემდეგ) და შედგებოდა როგორც რეგულარული არმიის, ასევე მოხალისეთა მილიციისგან. პოპულარულ ენაზე ამერიკული მილიციის არსს (ვიზეცაა ლაპარაკი II შესწორებაში) კარგად გადმოსცემს ფილმი "პატრიოტი", რომლის კულმინაცია ბოლო სცენაა, როცა რეგულარული და მოხალისეთა დანაყოფები ერთად უტევენ ბრიტანელებს. 1918-1921 წლებში ამერიკული მილიციის მსგავსი ძირითადი ფორმირება საქართველოში "სახალხო გვარდია" იყო.


2). 1903 წლის "მილიციის აქტით" აშშ-ში ორ კლასს ეწოდება მილიცია:
ორგანიზებული მილიცია: აშშ-ს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია
არაორგანიზებული მილიცია: 17-45 წლის ყველა მოქალაქე რომელიც არაა ეროვნული გვარდიის წევრი.
ე.წ. "მესამე მილიციაა" ეროვნული გვარდიის მოხალისეთა რეზერვი: State Defence Force.

მიმდინარე მოვლენებისას (George Floyd protests, რომელიც დაიწყო 2020 წლის 26 მაისს და დღემდე გრძელდება) აშშ-ში საკუთარი დასახლებული პუნქტების, უბნების და მაღაზიების კრიმინალისგან დასაცავად იარაღით ხელში გამოსული ორგანიზაბული კანონმორჩილი მოქალაქეები იურიდიულ ენაზე "არაორგანიზებული მილიციის" განმარტებაში ხვდებიან და არანაირი თეორიული კავშირიც კი არა აქვთ 90 იანების ქართულ სამთავრობო კრიმინალურ ბანდებთან, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობას ატერორებდნენ, პოლიციაზე მეტი ძალაუფლება ჰქონდათ და კაი ხნით გაუფუჭეს სახელი საქართველოში როგორც "მოხალისეს", ასევე ზოგადად "შეიარაღებული მოქალაქის" უძლიერეს იდეას.


შეიარაღებული მოხალისეები იცავენ მაღაზიას

აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს განმარტებით "კარგად რეგულირებული" (well regulated) ნიშნავს დიციპლინის და საბრძოლო მომზადების სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას. თუ შეიარაღებული მოქალაქეების რაზმი არ არღვევს კანონებს/წესრიგს და იცის იარაღთან მოპყრობა, ის ითვლება "კარგად რეგულირებულად".
აშშ-ს ერთერთმა დამაარსებელმა მამამ ა. ჰამილტონმა 1788 წელს ასე ახსნა "კარგად რეგულირებულის" მაშინდელი გააზრება: "სამხედრო საქმიანობაში მონაწილეობა ითხოვს დროს და პრაქტიკას. ამას არც დღეები და არც კვირეები არ ეყოფა. საჭიროა ფერმერთა და მოქალაქეთა სხვა კლასების ფართო მასების ჩართვა სამხედრო ვარჯიშებში, რომლებიც უნდა იმართებოდეს ხშირად, რათა მივაღწიოთ სრულყოფილების ისეთ ხარისხს, რაც დაახასიათებს მათ როგორც კარგად რეგულირებულ მილიციას".

ამიტომ აშშ-ში უამრავი ღია და დახურული სასროლეთია. მოქალაქეს შეუძლია გააფორმოს პროფესიული კონტრაქტი და გახდეს პროფესიით სამხედრო, ვისაც სრული დროით სამსახური (ანუ სამხედრო საქმის პროფესიად ქცევა) არ უნდა, მოხალისედ მიდის სხვადასხვა სახეობის "part time" რეზერვში. ვისაც ესეც არ უნდა, სრული უფლება აქვს საკუთარ იარაღს მოკიდოს ხელი, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან და კანონის/წესრიგის დაცვის მოტივით გამოვიდეს გარეთ როცა საჭიროდ ჩათვლის. სადაც კი გამოდის militia, იქ ეგრევე წყდება მარადიორობა და უწესრიგობები. შეიარაღებულ ხალხს წინ ვერაფერი გადაუდგება!

ერ. გვარდია (ორგანიზებული მილიცია) და მოხალისეები (არაორგანიზებული მილიცია)
ერთად იცავენ მინეაპოლისის უბნებს. ივნისი 2020

ამიტომ როცა რადიკალი მემარცხენეები (სოციალისტები, ლიბერალები, ანტიფა და ა.შ.) ითხოვენ იარაღის აკრძალვას და რეგულაციების გამკაცრებას, ამას ყოველთვის მწვავე რექცია მოსდევს თავისუფლების მომხრეთა მხრიდან, რომლებსაც II შესწორება სამართლიანად მიაჩნიათ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად და დიქტატურის დამყარების N1 პრევენციად.


შეიარაღებულ ხალხში შეუძლებელია დესპოტიის წარმოშობა. აღსაღნიშნავია რომ აშშ-ში დაახლ. 396.000.000 იარაღია კანონიერ ბრუნვაში, ანუ მთელი დედამიწის ცეცხლსასროლი იარაღის 40% და ყოველ 100 მოსახლეზე 121 იარაღი მოდის. მოსახლეობა პოლიციაზე ორჯერ ხშირად ესვრის კრიმინალს და პოლიციასთან შედარებით 5-ჯერ ნაკლები აქვთ შემთხვევითი ადამიანების დაზიანების მაჩვენებელი წყარო.

კრიმინალი იარაღს ყოველთვის იშოვნის! მისთვის სულერთია აკრძალულია თუ არა

II შესწორებასთან დაკავშირებით აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ  2008 (District of Columbia v. Heller, 554 U.S. 570) და 2010 (McDonald v. Chicago, 561 U.S. 3025) წლებში ორი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დააზუსტა რომ შესწორება არ ეხება მხოლოდ მილიციის წევრებს და ყველას აქვს უფლება გამოიყენოს იარაღი კანონიერი მიზნისთვის (მაგ.: კერძო საკუთრების დაცვისას) და შტატის ხელისუფლებებს და ადგილობრივ ადმინისტრაციებს არა აქვთ უფლება ფედერალური მთავრობის რეგულაციაზე მეტი შეზღუდვები დააწესოს იარაღთან დაკავშირებით.

დასკვნა

იდეალური იქნებოდა საერთოდ რომ არ იყოს დედამიწაზე იარაღით რაიმეს დაცვის საჭირობა. ძალიან მიყვარს ბუნება, მთლიანად მას დავუთმობდი დროს და არა სამხედრო თემატიკას, მაგრამ რეალობა ესაა და უტოპიაზე დროის დაკარგვას არავის გირჩევთ! წყლის ნაყვა და მავნებლობაა პაციფიზმის ქადაგება, განსაკუთრებოთ კავკასიაში, სადაც სუსტი დაუყოვნებლივ იჩაგრება. თუ გვინდა რომ ომში არ გაგვხვიონ, მილიტარიზებულ საზოგადობად უნდა ვიქცეთ, რომლის წინააღმდეგ ძალადობა ძალიან ძვირი დაუჯდება ნებისმიერს. ეს სიძვირე კი თავისით აჩენს მოლაპარაკების და არა ომის სურვილს - ძლიერთან მოლაპარაკებას არჩევენ. ამიტომ თუ წყნარად და მშვიდად ცხოვრება გვინდა იარაღი კი არ უნდა მოვიშოროთ, პირიქით მაქსიმალურად უნდა შევიარაღდეთ და ავიმაღლოთ იარაღის კულტურა.
"გინდა მშვიდობა? ემზადე ომისთვის!" ეს სისხლისმსმელობა და აგერესიულობა კი არა, ელემენტარული ცხოვრებისეული ლოგიკაა რომელიც კარგად ესმოდათ 1918-1921 წლებში და "შეიარაღებული ხალხის" კონცეპციას ეტაპობრივად მიჰყვებოდნენ, სამწუხაროდ არ დასცალდათ. მილიციური სისტემა მოისპო ოკუპაციის შემდეგ, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული ისევ აღორძინდება და ქართველი ერის თავისუფლების საყრდენი გახდება!


დამატებითი ინფორმაცია: