Showing posts with label სახალხო გვარდია. Show all posts
Showing posts with label სახალხო გვარდია. Show all posts

18-19.03.1918 ცხინვალის ბრძოლა


1918 წლის მარტში საქართველოში უმძიმესი სიტუაცია შეიქმნა, ოსმალეთის ჯარი მოადგა აჭარას, დავკარგეთ შავშეთი და დაიძაბა სიტუაცია მესხეთში, ახალი ჩახშობილია ბოლშევიკების მიერ მოწყობილი აჯანყება ზემო იმერეთში, ჯარი ფორმირების პროცესშია, სახალხო გვარდიის მიერ ნაწილობრივ დაშლილია ქართული კორპუსის გაბოლშევიკებული პოლკები (ქუთაისის I, გორის III და თელავის VIII), ბევრი ჯარისკაცი შეიარაღებული წავიდა სოფლებში და მოსახლეობას ურევს გონებას, დაიწყო შეტაკებები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქვემო ქართლში, ბოლშევიკი აფსუები აპირებენ იარაღის ძალით დაიკაონ სოხუმი, საიმპერიო ჟანდარმერიის დაშლის გამო გაიზარდა კრიმინალი (ეროვნული მილიცია ფორმირების პროცესშია), გარდა ამისა, ქვეყანაში მძიმე ეკონომიური კრიზისია, რომელაც თან ერთვის ეპიდემია და დიდძალი სომეხი ლტოლვილის შემოსვლა. გაჩდნენ შიდა დევნილებიც ქართლიდან, სადაც ოსი ბოლშევიკები ხოცავდნენ ყოფილ თავადებს.

ოსებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ შექმნილი სიტუაციით და მოუნდათ "თავისუფალი ოსეთის" დაარსება ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში, მათი მთავარი სამიზნე ცხინვალის ხელში ჩაგდება იყო, სადაც იმ დროს ოსები თითქმის არ ცხოვრობდნენ (4.000 იან დაბაში ქართველები, სომხები და ებრაელები იყო ძირითადი მოსახლეობა), მაგრამ მისი დედაქალაქად გამოცხადება ჰქონდათ განზრახული. ადგილობრივი და რუსი ბოლშევიკებისგან წაქეზებულ-მხარდაჭერილებმა, - რომლებსაც ისედაც უამრავ პრობლემებში ჩაფლული, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადგილობრივი მთავრობა ყურადღებას ნაკლებად აქცევდა, - ცხინვალის დაკავება გადაწყვიტეს.

დაბა ცხინვალი მე-19 საუკუნის ბოლოს

ოსებთან მოსალაპარაკებლად წავიდნენ გორის მაზრის კომისარი გიორგი მაჩაბელი და სანდრო კეცხოველი, ცნობილი რევოლუციონერები და გლეხების უფლებებისთვის ნაბრძოლი, მეფის ციხეებში ნატანჯი ადამიანები. დელეგაციას თან ახლდა სამოქალაქო პირების ჯგუფი, სახალხო გვარდიის ქართლის და გურიის ბატალიონის დაახლ. 200 მებრძოლი, 1 სამთო-ქვემეხით და 3 ტყვიამფრქვევით.

გ. მაჩაბელი

ს. კეცხოველი

ეს სტატია მაშინდელი პრესის ინფორმაციების მიხედვითაა დაწერილი. პირველი ცნობა დელეგაციის შესახებ 22 მარტს დაიბეჭდა გაზეთებში: "ერთობა" და "საქართველო". ჯავშნიანი მატარებლის უფროსი სტეფანოვი 20 მარტს გადმოსცემდა:


რა მოხდა ცხინვალში 18-19 მარტს? აღვადგინოთ ქრონოლოგია:

18 მარტი (კვირა). სეიმის წევრები კირილე ნინიძე და გიორგი გაგლოევი ცხინვალში გამგზავრების წინ 12:00-ზე გორიდან ელაპარაკნენ გ. მაჩაბელს, როლის ცნობით შეიარაღებული ოსები სიმაღლეებზე იდგნენ, მოლაპარაკება კარგად მიმდინარეობდა და სამხედრო ძალით ჩასვლა საჭირო არ იყო და მიტინგისთვის იკრიბებოდა ხალხი. ნინიძე მეორედ შეეკითხვა სამხედრო ძალით დახმარების შესახებ, რაზეც უარი მიიღო. 13:30-ზე მცირე დელეგაცია წავიდა ცხინვალისკენ მიტინგზე დასასწრებად.

დამფ. კრების წევრი კ. ნინიძე (1878-1937 დახვრიტეს)

სოფლებში ტყვიავში და ტირძნიში ისინი გადააწყდნენ ჯარისკაცებს (გორის დაშლილი პოლკის დეზერტირები), რომლებსაც პიკეტები ჰქონდათ მოწყობილი და დაერბიათ ადგილობრივი კომისარიატები. ტირძნისში განლაგებულმა დანაყოფის მეთაურმა 100 ჯარისკაცის გაყოლება შესთავაზა ნინიძეს, რაზეც უარი მიიღეს. კიდევ ორი პიკეტის და ჩხრეკის შემდეგ, უშუალოდ ცხინვალთან ოსების პიკეტმა შეაჩერა დელეგაცია. ოსებმა ჯერ დახვრეტა დაუპირეს, შემდეგ გადაიფიქრეს და ლაპარაკში უთხრეს რომ ცხინვალს მაინც ავიღებთ დღეს, იქ რაღაზე მიდიხართ, მაინც დაიღუპებითო. საკუთარი ბრძოლის მიზანზე განაცხადეს რომ თავადები და გვარდია გაერთიანდნენ და ჩვენი დახოცვა უნდათო. ბოლოს მაინც გაატარეს დელეგაცია ცხინვალისკენ და დემონსტრაციულად გადაჭრეს ტელეგრაფის მავრთული, რა დროსაც შეწყდა კავშირი გორთან.
17:00 -სკენ მიტინგზე შემაჯამებელი სიტყვით გადმოდიოდა მაჩაბელი, რომელმაც წაიკითხა შეთანხმების პუნქტები და სიტყვა თბილისიდან ჩამოსულ ნინიძეს გადასცა. მოულოდნელად სცენაზე აიჭრა რაიონის კომისარი კულუმბეგოვი და დაიყვირა: კმარა ლამაზი სიტყვები და დაპირებები, მთავარი ასრულებააო! ნინიძემ სცადა სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ გორაკებიდან ოსებმა სროლა დაიწყეს და ხალხი დაიფანტა. ცხინვალის დაკავების ოპერაცია დაიწყო. ოსებს მეთაურობდა პროპორშიკი ხარებოვი, ქართლში თავადების ამოხოცვის სულისჩამდგმელი.



გვარდიელებმა სასწრაფოდ დაიკავეს პოზიციები და საპასუხო ცეცხლი გახსნეს. 9 საათზე ოსებმა მიმდებარე ბაღების ღობეებს ცეცხლი წაუკიდეს და დაკვამლიანება სცადეს, მაგრამ ჩამოწოლილი კვამლით ვერ ისარგებლეს და პირიქით, გვარდიას გაუადვილეს სროლა. 12 საათისკენ შტაბში 60 ოსი ტყვე მოიყვანეს, მაგრამ რაზმს ვაზნები ელეოდა და იმედი ჰქონდათ რომ გორიდან დამხმარე ძალა მოუსწრებდათ.
ნინიძემ ტყვეები დაკითხა, გამოირკვა რომ არ იცოდნენ არც მიტინგის და არც მოთხოვნების შესახებ. მათი უმეტესობა ოსი იყომ მაგრამ ქართველებიც ერივნენ. უმეტესობა შორეული სოფლებიდან იყო.

19 მარტი. დანაყოფმა გადაწყვიტა ადგილზე დარჩენილიყო და დახმარებას დალოდებოდა, რადგან მოსახლეობის მოტოვება არ უნდოდათ. საინტერესოა აღინიშნოს რომ რაზმის წევრმა კოტემ (გვარი უცნობია) გადაწყვიტა ფეხით წასულიყო გორში და დახმარება გამოეძახა. ამ დროს მისი მეუღლეც წამოსულიყო გორიდან და რაზმამდე კი მოაღწია, მაგრამ მეუღლე ადგილზე აღარ დახვდა.
დილის 5 საათზე სროლა განახლდა. გვარდიელები მცირე რაზმებით მანევრირებდნენ და ცდილობდნენ ყველა მიმართულების გადაფარვას. აღმოჩნდა რომ ვაზნები სახელმწიფო დაწესებულებებიდან გატანილი იყო. მოწინააღმდეგემ მთელი ძალები მოიკრიფა და ალყიდან ბრძოლით გასვლა შეუძლებელი იყო. მაჩაბელი მაინც მხნედ იყო, ღიმილით ამხნევებდა მებრძოლებს, სჯეროდა რომ დახმარება მოვიდოდა და ერთი პოზიციიდან მეორეზე გადარბოდა. მძიმედ დაიჭრა მარჯვენა ფეხში (წვივთან გამჭოლი ჭრილობა) და გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ოსებმა შეამჩნიეს რომ გვარდიას ვაზნები აღარ ჰქონდა (მკვეთრად იკლო სროლის ინტენსიობამ) და 2 საათზე რამდენიმე ათასი ოსი საერთო შეტევაზე გადმოვიდა. 
14:30-ზე ნინიძემ, გაგლოევმა, ს. კეცხოველმა და ორმა მოქალაქემ დატოვეს რაზმის შტაბი და კერძო სახლში გადავიდნენ. ნინიძე შტაბში დაბრუნდა და გზაში მომაკვდავ ოს ჯარისკაცს წააწყდა, ქუჩაში კი ხელში მძიმედ დაჭრილი გვარდიელი მოდიოდა. ნინიძე სარდაფში დაბრუნდა, მალე ქუჩიდან გამარჯვებულების ყიჟინა შემოესმათ. 15:00-ზე ცხინვალი დაეცა.
მოგვიანებით ოსებმა ცეცხლი გაუხსნეს სახლს სადაც ნინიძე იმალებოდა და მოუწიათ გამოსვლა. ხუთივეს დახვრეტა გადაწყვიტეს, მაგრამ ბრბოს გამოეყო ჯარისკაცი შავლეგ კოჟაევი, რომელიც ადრე ციხეს გადაარჩინა ადვოკატმა ნინიძემ და კოჟაევმა ხუთივე იხსნა სიკვდილისგან. ამასობაში ოსებმა სახლების გადაწვა, ძარცვა-გლეჯვა დაიწყეს, ტყვეებისთვის აღარ ეცალათ და ხუთივე დაიფანტა. კეცხოველი ნინიძეს ჩამოშორდა, სხვა მხარეს წავიდა და დაახლ. 6 საათზე დახვრიტეს სასამართლოს წინ. მისი ბოლო სიტყვები იყო: "თქვენთვის ვიტანჯე და თქვენვე მომკალით, მაგრამ იკმარეთ ჩემი სიკვდილი, სხვებს თავი დაანებეთო". მოხუცი რევოლუციონერის გვამი დაასახიჩრეს და ზედ ეტლით გადადიოდნენ. კოსტა ყაზიევის (ყაზიშვილი) სიკვდილის გარემოება უცნობია, სავარაუდოდ დაიღუპა უშუალოდ შეტაკების დროს.


გამხეცებულმა ბრბომ მაჩაბელს მიაგნო საავადმყოფოში, მწოლიარე გიორგიმ შესძახა: "მკლავთ მაგრამ ჩემი სიკვდილი ძვირად დაგიჯდებათ!", იძრო "მაუზერი" და რამდენიმე ოსი იქვე მოკლა. მაჩაბელი ხიშტებით დაჩეხეს და მუხლები დაუხვრიტეს ...


ნინიძის მოგონება ხალხის განწყობის შესახებ:
საბოლოოდ ნინიძესთან მყოფებმა ნაცნობის სახლში შეაფარეს თავი და გადარჩნენ მოკვლას.

პრესაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით დაიღუპა 13 პირი, 3 სამოქალაქო და 10 სახალხო გვარდიელი:

გიორგი მაჩაბელი
სანდრო კეცხოველი
კოსტა ყაზიევი
ვანო მალიევი (გორის გვარდია)
ისაკ კობერიძე (გორის გვარდია)
გიორგი თაყნიაშვილი (გორის გვარდია)
ილია ტოლიაშვილი (გორის გვარდია)
ბარნაბა მამალაძე (ს. ხევი. გურიის გვარდია)
სამუელ ბაქანიძე (თბილისის გვარდია) - 23 მარტს თამარაშენთან
არჩილ მარგველაშვილი (თბილისის რკინიგზის დეპოს გვარდია)
ვასილ ქობულაშვილი (თბილისის რკინიგზის დეპოს გვარდია)
ვასილ ხიზანიშვილი (თბილისის რკინიგზის დეპოს გვარდია)
გიორგი ფირანაშვილი (თბილისის რკინიგზის დეპოს გვარდია)


22 მარტი: სახალხო გვარდიის დაჯგუფებამ ვ. ჯუღელის და ა. კონიაშვილის მეთაურობით ერთი დაკვრით აიღო ცხინვალი. ოსები ფაქტიურად უბრძოლველად გაიქცნენ ჯავისკენ.

23 მარტი. გვარდია ჯავის მიმართულებით დაიძრა, თამარაშენთან ჩასაფრებაში მოკლეს 5 და დაჭრეს 3 გვარდიელი.  გაანთავისუფლეს 150 ქართველი ტყვე და მძევალი. 25 მარტს საბრძოლო მოქმედებები მთლიანად შეწყდა.

აღსაღნიშნავია რომ ქ. გორიდან (სადაც ოსების პოლკი იყო დისლოცირებული 300 კაცის ოდენობით) ორი ფურგონი ტყვია-წამალი გაუგზავნეს ცხინვალელ ოსებს. ასევე ცდილობდნენ იარაღის მიწოდებას თბილისიდან, ოსების ეს რაზმი მცხეთასთან განაიარაღა სახალხო გვარდიამ. მთავრობა ამ კონფლიქტს სოციალურ მოვლენად განიხილავდა და არა ეროვნულად - როგორც ოპოზიცია, ამიტომ 1920 წლის ზაფხულამდე (ოსების მესამე აჯანყებამდე) ლმობიერად ექცეოდა ოს ბოლშევიკებს.

წყარო: ეროვნული ბილიოთეკა. გაზეთები: "ერთობა", "საქართველო" და "თეატრი და ცხოვრება".

იმერეთის I ბატალიონი, სახალხო გვარდია

იმერეთის I ბატალიონი

წარმოგიდგენთ სახალხო გვარდიის იმერეთის I ბატალიონის სამეთაურო შემადგენლობის სახელობითი სიას. აღმოჩენილ ფურცლებზე დაზუსტებული არაა სიის შედგენის დრო. 1919 წლის სექტემბერში საოლქო შტაბის და ბატალიონის სამეთაურო შემადგენლობა მცირედით შეიცვალა.
სახალხო გვარდია ტერიტორიული პრინციპით იყო მოწყობილი. იმერეთის პირველი ბატალიონი ქუთაისის, ზემო იმერეთის, რაჭის და ლეჩხუმის რაიონების მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული.
სამწუხაროდ 1918-1921 წლების ჯარის და სახ. გვარდიის დანაყოფების პირადი შემადგენლობის თემა შეუსწავლელია.

ქუთაისის საოლქო შტაბის შემადგენლობა


მწერალი: ებანოიძე არჩილ ამირანის-ძე
დარაჯი: იუსა კოლია
არტელჩიკი: ქარცივაძე გიორგი ყაისარის-ძე
კაპტინარმუსი: ფრუიძე ალფესა
შტაბის წევრი მდივანი: დავითულიანი ლავრენტი სოლომონის-ძე

ბატალიონის სამეთაურო შემადგენლობა

ბატალიონის მეთაური: პაპავა კირილე გუსარის-ძე

1 ასეულის მეთაური: მახვილაძე გიორგი ეგნატეს-ძე
უმცროსი ოფიცერი: ერისთავი ვარლამ მიხეილის-ძე

2 ასეულის მეთაური: გველესიანი გრიგორ სილიონის-ძე
უმცროსი ოფიცერი: ცხვედიანი კონსტანტინე ნესტორის-ძე

3 ასეულის მეთაური: ძიძიგური სილოვანე ალექსანდრეს-ძე
უმცრისი ოფიცერი: იმედაძე ნესტორ ალექსის-ძე

4 ასეული: ჯანელიძე შალვა ფარნაოზის-ძე (ინფორმაცია დასაზუსტებელია)
უმცრისი ოფიცერი: რეხვიაშვილი გიორგი მაქსიმის-ძე

ტყვიისმფრქვეველთა ასეული: მაღნარაძე თეოფილე საჩინოს-ძე
უმცროსი ოფიცერი: ართილაყვა ერასტი

უმწყობრო ასეული: გალდავა ივანე თედორეს-ძე

ადიუტანტი: წულუკიძე დავით ვლადიმერის-ძე

სანიტარული განყოფილება (13 კაცი)


ფერშალი: გურული ამვროსი გიორგის ძე
ფერშალი: კენჭოშვილი ნიკოლოზ ლაზარეს-ძე
ფერშალი: ავალიანი სილევან ილიას-ძე
ფარმაცევტი: თედიაშვილი გრიგოლ ლევანის-ძე


ბატალიონის რიგითი შემადგენლობა

ბატალიონში ირიცხებოდა 667 რიგითი. ყველას სახელი და გვარი ცნობილია, მაგრამ შეუძლებელია ამ სტატიაში მათი მოყვანა.


ინფორმაციის მოპოვების წყარო:

ეროვნული არქივი, ეროვნული საბჭოს ფონდი, სახალხო გვარდიელთა სია
საბჭოთა წარსულის კვლევების ლაბორატორია
სტალინური სიები საქართველოდან (ელექტრონული მონაცემთა ბაზა)

ჯარის და სახალხო გვარდიის უნიფორმა


1919 წლის 29 ივლისის ბრძანებით: "ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმა", განისაზღვრა ფორმის, სამხრეების, განმასხვავებელი ნიშნების დიზაინის და მათი ტარების წესი. 1920 წელს ბრძანება მცირედით ჩასწორდა (შეიცვალა საყელოს დიზაინი).
სახალხო გვარდიას საკუთარი წესები და განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდა, რომლებიც განისაზღვრებოდა გვარდიის ყრილობის შესაბამისი რეზოლუციებით. ქვეყანა გამუდმებულ ომში იყო და ფორმის დიზაინისთვის გვიან მოიცალეს, ხოლო დადგენილი წესის მიხედვით ყველას მაინც არ ეცვა.

ძალიან ძნელი აღმოჩნდა 1918-1921 წლების ქართული ფორმების, დანაყოფების დროშების და ზოგადად მაშინდელი სამხედრო დიზაინის ნიმუშების მოძიება. ფოტოებს მოსახლეობა ანადგურებდა, რადგან კომუნისტების დროს სერიოზულ კომპრომატად ითვლებოდა. არ იძებნება დროშები (დიდი წვალების შემდეგ აღვადგინეთ შეიარაღებული ძალების დროშის დიზაინი). შემორჩენილია რამდენიმე წუთიანი ვიდეოფირი, სადაც მოსჩანს ფორმები. არსებობს აღწერები (ბრძანება და ყრილობის დადგენილებები), სხვადასხვა კოლექციებში გაბნეულია ნიმუშები. შემორჩენილია გენერალ კვინიტაძის 2-3 ერთეული ფორმა.
იმედია მომავალში ეს თემა სიღრმისეულად იქნება გამოკვლეული. ამჯერად გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას. წარმოდგენილი მასალა დიდდება მასზე დაჭერით.

რეგულარული ჯარის განმასხვავებელი ნიშნები (საყელო, "პეტლიცა")

მარჯვენა მხარეს, ფანქრით დახატულია პროექტის ნიმუში, მარჯვნივ ფოტოები, ანუ რეალურად რასაც ატარებდნენ.

სამხედრო მინისტრის მოადგილე, სამხედრო საბჭოს წევრი, ან მთავარსარდალი: კუთხე ზიგზაგებით და ორი ვარსკვლავით (ნიმუში ვერ მოიძებნა).

გენერალი: კუთხე ზიგზაგებით და ერთი ვარსკვლავით

 პოლკოვნიკი: ორი კუთხე სამი ვარსკვლავით

მაიორი: ორი კუთხე ორი ვარსკვლავით

კაპიტანი: კუთხე სამი ვარსკვლავით

უფროსი ლეიტენანტი: კუთხე ორი ვარსკვლავით


 ლეიტენანტი: კუთხე ერთი ვარსკვლავი

უფროსი ნაცვალი (ანუ სერჟანტი): ორი ვარსკვლავი

უმცროსი ნაცვალი: ერთი ვარსკვლავი (ნიმუში ვერ მოიძებნა)

ზედმეტ მსახური: ემატება საყელოზე კუთხე წვეტით (ნიმუში ვერ მოიძებნა)

თავმდეგი: ერთი ლითონის ვარსკვლავი საყელოზე (ნიმუში ვერ მოიძებნა)

არმიის მეორე ბატალიონი (ქ. სოხუმი). 1920 წ.
ერთადერთი ფოტო სადაც 1920 წლის ნიმუშის ფორმა კარგად ჩანს

1). ლიტენანტი 2). უფროსი ლეიტენანტი 3) რიგითი ჯარისკაცი

უფროსი ლეიტენანტი. 1920 წ. თბილისი

უცნობი წოდების ოფიცერი. საყელოზე აკლია ვარსკვლავი (წყარო: ნ. უგრეხელიძე)
ლეიტენანტი ზურაბიშვილი. სამხრე არ ჩანს.

 გენერალური შტაბის უფროსი ა. ზაქარიაძე; გენერალი მდივანი; გ. კვინიტაძე

გ. კვინიტაძის უნიფორმა და გენშტაბის ნიშანი (მაგრდებოდა სამხრეზე)

ქუდის კოკარდა


ოფიცრი: შავი, თეთრი და შინდისფერი კონცენტრირებული წრეები. გარშემო კუწუბები
რიგითი: ბრტყელი და კუწუბის გარეშე

 აქსელბანტი

ადიუტანტი. წოდებით კაპიტანი

დამზადებული დამფარავი ფერის ძაფეულისგან. ატარებდნენ მხოლოდ ის ოფიცრები, რომლებსაც ჰქონდათ ადიუტანტის წოდება, ან გენერალურ შტაბში მსახურობდნენ

სახეობათა ნიშნები

ქვეითი: ორი გადაჯვარედინებული თოფი
არტილერია: ორი გადაჯვარედინებული ზარბაზანი და შუაში აალებული ყუმბარა
ცხენოსანი: ორი გადაჯვარედინებული ხმალი
მესანგრე: გადაჯვარედინებული წერაქვი და ნიჩაბი
სატრანსპორტო: ავტომობილი
ავიაცია: აეროპლანი
ტოპოგრაფიული: ფარგალი სამკუთხედით

ლიტერები

სამხრეზე მაგრდებოდა შემდეგი ლითონის ლიტერები:

სამხედრო სკოლა: სკ
არტილერიის დივიზიონი: არმ
სადარაჯო ათასეულში: დ
სამხედრო სამინისტროს განყოფილებაში: სმმ
სანაპირო ჯარის სამმართველოში: სნპ

იუნკერი მ. დადიანი. სამხრეზე მოსჩანს სახეობის ნიშანი "ცხენოსანი" (გადაჯვარედინებული ხმლები) და ლიტერა "სკ" (სკოლა). 1920 წ.

საყელოს ფერი

ქვეითი ჯარი და საყარაული ათასეული: შინდისფერი
ცხენოსანი: (მითითებული არაა)
გენერალური შტაბი, არტილერია, საინჟინრო-სატეხნიკო - შავი
სანაპირო ჯარი: მწვანე
სამხედრო სკოლა: წითელი
შენიშვნა: კუთხეები ვერცხლისფერი, ვარსკვლავები ოქროსფერი

სახალხო გვარდია


სახალხო გვარდიელები 1920 წლიდან მკერდის მარცხენა მხარეს ატარებდნენ სახალხო გვარდიის ნიშანს.
ფოტოებზე და ვიდეოფირზე ჩანს ნიშანი მკლავზე, რომლის "წაკითხვა" შეუძლებელია.


 სახალხო გვარდიის მეთაური ვ. ჯუღელი და გვარდიელი უნიფორმაში

წყარო: ხელოვნების სასახლე

ცხენოსანი დივიზიონის ოფიცრები 1918-1919 წლებში ატარებდნენ სამხრეებს ლიტერით "სგც". რიგითი შემადგენლობის სამხრეები ამ ფოტოზეა, მაგრამ არ ჩანს გარკვევით:

1918 წ. თბილისი

სახალხო გვარდიელის სამხრე

ზოგადად სახალხო გვარდიაში უბრალოდ და სადად ეცვათ, 1920 წლისთვის აღარ გააჩნდათ სამხრეები და არ ჰქონდათ ფორმის განსაკუთრებული დიზაინი.

ხელით შესრულებული ნიმუშების წყარო:  გ. მამულია; ბრძანებები და ყრილობის მასალები: ეროვნული ბიბლიოთეკა