Showing posts with label სამინისტრო. Show all posts
Showing posts with label სამინისტრო. Show all posts

პოლიტიკა, სამხედრო ძალა და თავდაცვის აქტი


ადამიანი უხსოვარი დროიდან შეიარაღებულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა, სხვა გზა არც ჰქონდა. სუსტი სახეობა კონკურენციას აგებდა (სირბილი და კბენაც კი არ შეგვიძლია წესიერად) და გადარჩენისთვის ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბდა გონიერ, აგრესიულ და შეიარაღებულ ჯგუფად, რამაც სამყაროს მბრძანებლად აქცია.
ალფა მამრები მოექცნენ "მილიტარიზებული" იერარქიის სათავეში და გაუძღვნენ საკუთარ რაზმებს მამონტებზე სანადიროდ, ადამიანთა და ნეანდერტალელთა ჯგუფების წინააღმდეგ საომრად. გავიდა დრო, დაიხვეწა საზოგადოება, შეიცვალა იარაღი, მაგრამ არ შეცვლილა საკითხის არსი. რისთვისაც შეიარაღებული ადამიანი ინსტინქტურად იბრძოდა შუბით ხელში, იგივეს აკეთებს ეხლაც, არტილერიით, რაკეტებით და მეცნიერულად დასაბუთებულად.
ვიღაც იკითხავს, კი მაგრამ ასე როდემდე უნდა ვიყოთო. მაგ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, ბოლო რამდენიმე ასეული ათასი წელია ასეა და იმედია ოდესმე უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. ჰოდა სანამ ეგ მოხდება, გავიაზროთ რა კავშირია პოლიტიკას, სამხედრო ძალას და ... თავდაცვის აქტს შორის.

პოლიტიკა

პოლიტიკა არის მოქმედებათა ერთობლიობა რითაც იმართება საზოგადოება, ან სახელმწიფო. საკუთარ პოლიტიკას ატარებს ნებისმიერი ადამიანი ვისაც თუნდაც რამდენიმე სხვა ადამიანზე აქვს ძალაუფლება. პოლიტიკოსი არის მოქალაქე, რომელიც საკუთარი, ან პარტიული ხედვით ცდილობს ქვეყნის მართვას, ანუ პოლიტიკა ინსტრუმენტია რითაც რეალიზდება ხედვა როგორც ზედა, ასევე ქვედა დონეზე.
"პოლიტიკურ ნებას" მოყავს მოქმედებაში ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი. მაგ.: თუ მმართველ ჯგუფს არ აწყობს განათლებული საზოგადოება, შანსი არაა იმ ქვეყანაში განათლების სისტემა ნორმალური იყოს. თუ იმპორტით და კარტელური გარიგებებით სწრაფ და დიდ ფულს შოულობს მმართველი ელიტა, გამორიცხულია ეფექტური ადგილობრივი წარმოების და კონკურენციაზე დაფუძნებული თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება.
ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ვის ვაძლევთ ხმას არჩევნებზე. რაც არ უნდა აყალბონ (გაყალბებასაც აქვს თავისი ზღვარი), ხალხის ნების იგნორირება ფიზიკურად შეუძლებელია.

სამხედრო ძალა

სამხედრო ძალა არის პოლიტიკის ორგანული ინსტრუმენტი, პოლიტიკური პროცესის გაგრძელება ძალადობრივი ფორმით. როცა მოლაპარაკებით ვერ ხერხდება სასურველი შედეგის მიღწევა, პოლიტიკოსები ხშირად მიმართავენ ძალას. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მოსწრებულად აღნიშნა: "სამხედრო არის პოლიტიკოსის ჯიბეში ჩადებული პისტოლეტი". რაღაზე უნდა ელაპარაკო გაურჩებულს, როცა შეგიძლია იარაღის გამოყენებით მოკლე დროში მიიღო სასურველი? მაგ.: ნაცისტურმა გერმანიამ და სსრკ-მ უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ძალის გამოყენებით დაიწყეს სასურველის მიღება, ელვის სისწრაფით დაიპყრეს: ნეიტრალური ჰოლანდია, დანია, ნორვეგია, ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიეტუვა, შუაზე გაგლიჯეს პოლონეთი და ა.შ. ფინეთმა (ომით) და შვეიცარიამ (უომრად) იარაღით მოახერხეს პოლიტიკური ნების ძალით თავს მოხვევის არიდება.
იგივე ხდება საყოფაცხოვრებო დონეზეც. ორი ტიპი მოდის თხოვნით: "ორი ლარი ხომ არ გაქვს ძმა?" თუ მისცემ: "მადლობა ბრატ და წავლენ", მაგრამ მეორედაც მოგთხოვენ, ამჯერად ალბათ 5 ლარს. თუ არ მისცემ, ე.ი. ვერ მორიგდით და შეიძლება ძალა გამოიყენონ კლიენტის დასასჯელად და ჩხუბი ატყდეს, ანუ პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს ძალადობრივი ფორმით. როდის არ მოგთხოვენ ფულს? როცა თქვენი კრებითი უხეში ფიზიკური ძალა დიდი იქნება (მაგ.: ვიღაცეებს იცნობთ და იმათთან საქმის დაჭერა არ აწყობთ), ან პრობლემური კლიენტი ხართ (მაგ.: იარაღს ატარებთ) და სხვას, უფრო სუსტს და მოწყვლადს დაუწყებენ ძებნას, რათა საკუთარ მოქმედებათა ერთობლიობა, რითაც ცდილობენ მართონ საზოგადოება რეალიზდეს (კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ზემოთ ნახსენები "პოლიტიკა").
თუ პოლიტიკოსები ჩათვლიან რომ სტრატეგიული ჩანაფიქრის მისაღწევად ჯარი საჭირო არაა, მას უბრალოდ აუქმებენ. ასეთი უჯარო სახელმწიფო დედამიწაზე 21 არის. რატომ უნდა ხარჯოს ფული ჯარის შენახვაზე მაგალითად სამოამ, რომელსაც საფრთხე არსაიდან ელის?
სამხედრო ძალის მთავარი ამოცანაა საკუთარი სიძლიერით ომი აარიდოს ქვეყანას თავიდან და ზურგი გაუმაგროს პოლიტიკოსებს მოლაპარაკების დროს. თუ ჯარი სუსტია, ქვეყანა იოლ ლუკმად ითვლება და პირდაპირი აგრესიის შანსი იზრდება.

"ეშმაკის მათრახი" 1920 წ

რისთვის გვყავს ჯარი?

ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჯარი რისთვისაა და რა ამოცანები უნდა გადაჭრას გააზრებული არ გვაქვს არცერთ დონეზე, ეს კი აისახება ერის თავდაცვისუნარიანობაზე. ამ დროს სისტემა დამოკიდებული ხდება მინისტრის/ჩინოსნების კარგ, ან ცუდ ხუშტურებზე, უვარდება პრესტიჟი, პირადი შემადგენლობა კარგავს მოტივაციას და ვერ ვითარდება ნორმალურად.
ქართველი პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან მისცენ მკაფიო შეკვეთა სამხედროებს, საიდანაც მათ ეცოდინებათ უახლესი წლების განმავლობაში რა მიმართულებით უნდა განავითარონ თავდაცვის ძალები, რა რესურსი ექნებათ ამისთვის და რა შედეგს უნდა მიაღწიონ ამა თუ იმ მოწინააღმდეგესთან იარაღით დაპირისპირების შემთხვევაში. სანამ ეს შეკვეთა არ გაჩნდება, სისტემა მართვად ქაოსში იქნება და არ დასრულდება "ცუდი" და "კარგი" მინისტრების ხანა. პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ეს და არა სამხედროებმა. დიზაინერი არ უკვეთავს კლიენტს დიზაინს, პირიქით ხდება: კლიენტი (პოლიტიკოსი) უკვეთავს დიზაინერს (სამხედროს) და იხდის ფულს შესრულებულ სამუშაოში.
მაგალითად: 2016-2019 წლებში თავდაცვას ლ. იზორია ხელმძღვანელობდა, 2019 წლის ბოლოს ი. ღარიბაშვილმა შეცვალა და უცებ აღმოაჩინა რომ უამრავი პრობლემა დაგროვებულა თურმე (მადლობა 2020 წლის არჩევნებს). გეგონება ღარიბაშვილი და იზორია ერთი გუნდის წევრები არ იყვნენ და 4 წლის მანძილზე იზორია არ აგროვებდა მაგ პრობლემებს! ერთმა თავდაცვის მინისტრმა სამხედრო აკადემია სულაც გააუქმა, რა საჭიროა, სხვა ქვეყანაში ისწავლონო. ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება მრავალი წელია გრძელდება და ბოლო არ უჩანს. 2020 წელს იქამდე დავედით ნედლი ხორცი, ნორმალური ფეხსაცმელი და ახალი მანქანები გვიხარია, ამ დროს სხვები ხელოვნული ინტელექტის და რობოტიზირებული სისტემების ბრძოლის ველზე გამოყენებაზე მუშაობენ. სამხედრო ლიცეუმში ფიზიკური ტესტირება გააუქმეს, ვინმეს მაინც რომ ჩაებარებინა და გვახარეს 61% ით მეტი მსურველიაო. ყალბი პიარი არაა საქმე, საქმე არის სტრატეგიული ჩანაფიქრის განსაზღვრა და სამხედროებისთვის კონკრეტული შეკვეთის მიცემა და ამ შეკვეთის ხარისხზე განუწყვეტელი კონტროლი: "საქმემან შენმან წამოგაჩინოს შენ".
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში თავდაცვაზე დაიხარჯა დაახლ. 7 მლრდ ლარი და ზუსტად არავინ იცის რაში! 3-4 დღე როგორმე გავძლოთ და ეგებ მერე ვინმე დაგვეხმაროს? ესაა სტრატეგიული ჩანაფიქრი და ამაში იხარჯება წელიწადში 800-900 მლნ. ლარი? ვინმემ რომ იკითხოს: "3-4 დღეს ჯარის გარეშეც ხომ გავძლებთ, სანამ პოლიციას განაიარაღებენ?" რა პასუხი უნდა გასცენ? მიხვდით ხომ? ძალიან ლოგიკურად დგებს დღის წესრიგში ასეთი ჯარის არსებობა-არარსებობის საკითხი. პოლიტიკის ინსტრუმენტი თუ არაა, ძირითად ამოცანას ვერ წყვეტს, ლიცენზირებულ მკვლელებს და საველე მეთაურებს თუ არ ეძებს და არ ზრდის, ახალგაზრდების მასობრივ სამხედრო მომზადებას არ ეწევა, აბა დაახლ. 900 მლნ ლარს რაში ვიხდით? თავის მოტყუებაში? ასეთი შეკითხვები რომ არ გაჩნდეს, საჭიროა საკითხს ძალიან სერიოზულად მივუდგეთ!

თავდაცვის აქტი

ჩემი აზრით, თავდაცვა და განათლება არის ორი სფერო სადაც პარტიებს შორის მომხდარი ეროვნული შეთანხების გარეშე არაფერი არ გამოვა. შეიცვლება მინისტრი, ან პარტია და დაიწყება "ძველის ნგრევა და ახლის შენება", ანუ მუშაობის იმიტაცია და რეალურად საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება, რაშიც აქეთ ჩვენ ვუხდით საკუთარ ფულს. გაწყობთ ასე? ალბათ არა.
როგორც გადაწყვიტეს ეს პრობლემა ცივილიზებულმა ქვეყნებმა, რომლებსაც შედეგის მიღწევა უნდოდათ? მარტივად. პარლამენტში მზადდება ეროვნული შეთანხმების დონის დოკუმენტი, რომლის შედგენაში ყველა საპარლამენტო პარტია მონაწილეობს: "თავდაცვის აქტი", რომელშიც განსაზღვრულია შეიარაღებული ძალების ფუნქციონალური განვითარების ხედვა მომდევნო წლების მანძილზე (ძირითადად: 4, ან 8 წ.). ამ ტრადიციას საუკუნეზე დიდი ისტორია აქვს, მაგალითად ბრიტანეთში 1842 წელს გამოიცა.
ასეთი მიდგომის დროს თავდაცვა მინისტრის ხუშტურებზე კი არაა აგებული, საპარლამენტო პარტიების პოლიტიკოსები საზღვრავენ ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს, ომის დროს სახელმწიფოს მოქმედების საერთო ჩანაფიქრს, საკუთარი და მოწინააღმდეგის ეკონომიურ, ტექნოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სხვა რესურსებს, ასევე ომის ტიპს (ინტენსიობა, მასშტაბი, ხანგრძლიობა და ა.შ.). გარკვეული აქვთ  საკუთარი და მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები, სისტემების მდგრადობა ომის საწარმოებლად, მოკავშირეების როლი და ა.შ. ანუ საფუძვლიანად უდგებიან საკითხს და ზუსტად იციან რისთვის ყავთ ჯარი და რა უნდა გააკეთოს ჯარმა როგორც მშვიდობის, ასევე ომის დროს. აქტს კანონის სახე აქვს და პარლამენტის გარეშე ვერავინ ვერ შეცვლის, ანუ არაა დამოკიდებული  მაღალჩინოსნების ახირებებზე. სამხედროებმაც ზუსტად იციან რას ითხოვენ მათგან, სისტემა სამართლიანია და მშვიდად მუშაობენ.
თავდაცვის აქტიდან გამომდინარეობს სხვა ქვემდებარე აქტებიც. მაგალითად ესტონეთის შეიარაღებული ძალების მოხალისეთა ორგანიზაცია "თავდაცვის ლიგის" ძირითადი ამოცანები ჩაწერილია "თავდაცვის აქტში", ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია "თავდაცვის ლიგის აქტი"-თ მოქმედებს, რომელსაც ლიგის შტაბი ადგენს.
ასე იქმნება ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომელსაც ერში პრესტიჟი აქვს და არა მუშაობის იმიტაციით და პიარის მეშვეობით მოსახლეობის დაბოლებით.
ყველა ქვეყანას საკუთარ პრობლემებზე მორგებული თავდაცვის აქტები აქვს, ამიტომ სხვების დაკოპირება დიდი მავნებლობა იქნება. საჭიროა ქართული "თავდაცვის აქტის" შემუშავება. შეგვიძლია? რა თქმა უნდა! არც სპეციალისტები გვაკლია და არც გონიერი ხალხი. პოლიტიკური ნების გარდა არაფერი არ აფერხებს ამ სისტემის შემოღებას!

სახელმწიფო მდივანი

თავდაცვის აქტის პუნქტების ასრულების ზედამხედველად პარლამენტმა (არასაპარლამენტო ვადით) უნდა დანიშნოს "სახელმწიფო მდივანი" (სამოქალაქო კურატორი) რომელიც ძირითადი პასუხისმგებელია იქნება თავდაცვის ძალებში არსებულ სიტუაციაზე და ის არ იქნება პოლიტიკური ფიგურა. მისი ამოცანა უნდა იყოს ტენდერების  მონიტორინგი, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, საბრძოლო მომზადების, თანხების სწორად განკარგვის კონტროლი, პირადი შემადგენლობის კონკრეტული პრობლემები და ხანგრძლივმოქმედი ხედვით გათვალისწინებული პუნქტების ასრულებაზე ზედამხედველობა. ეს სისტემა აპრობირებულია და ეფექტურად მუშაობს ბევრ ქვეყანაში.
მდივანი და მისი სამუშაო ჯგუფი, სადაც სამხედრო ომბუდსმენიც შევა, დაფინანსებას უნდა იღებდეს პარლამენტიდან და არ უნდა იყონ ანგარიშვალდებული არც სამინისტოსთან და არც გენშტაბთან. ამით მოეღება ბოლო გაუთავებელ „რეფორმებს“ და ახალ-ახალი ჩინოსნების ნაირნაირ „ხედვებს“. პირად შემადგენლობას გაუჩნდება საშუალება მათ მიმართ გამოვლენილი სავარაუდო უსამართლობა გაასაჩივროს და მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტა. სრული ხედვა ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ იხილოთ აქ: "მომავლის არმია"

დამატებითი წყაროები
გაეცანით კახა კაციტაძის წიგნს "სტრატეგიის საფუძვლები" (2007 წ)

სამხედრო სამინისტროს და გენერალური შტაბის სტრუქტურა და შტატი. 1919 წ.

1919 წლის ივლის-აგვისტოში დაიწყო შეიარაღებული ძალების რეორგანიზაცია. დადგინდა ახალი სტრუქტურა და შტატები. ამ სტატიაში მოყვანილია სამხედრო სამინისტროს და გენშტაბის შტატი.

I სამხედრო სამინისტროს კანცელარია

1). სამხედრო მინისტრი და აპარატი: 10
2). სამხედრო საბჭო: (3 ოფიცერი ჯარიდან და 3 სახალხო გვარდიიდან)
3). კულტურულ განმანათლებელი სექცია: 4
4). კანცელარია: 19 ოფიცერი და მოხელე
ა). უმწყობრო მცირე ასეული: 48
ბ). სტამბა: 47
გ). ელექტრო სადგური: 4

სულ: 139 პირი (37 ოფიცერი და მოხელე, 91 ჯარისკაცი, 11 ზედმეტმსახური, ან  დაქირავებული)

II გენერალური შტაბის განყოფილება

1). გენერალური შტაბის უფროსი და კანცელარია: 5
2). ოპერატიული სექციის უფროსი და დანაყოფები:  
ა). სამწყობრო ნაწილი: 8
ბ). სამობილიზაციო ნაწილი: 7
გ). დაზვერვის ნაწილი: 6
დ). სამხედრო მიმოსვლის ნაწილი: 14
ე). კავშირგაბმულობის ნაწილი: 12
3). სამხედრო აღრიცხვის განყოფილება: 125
4). სამხედრო-საისტორიო არქივი: 9
5). სამხედრო საზღვაო სექცია: 2
6). დიპლომატიურ მისიებთან სამხედრო ატაშეები: 7

სულ: 187 (82 ოფიცერი, 105 ზედმეტმსახური, ან დაქირავებული)

III სამნეო განყოფილება ზურგის დაწესებულებებით (მშვიდობიანობის დროს)

1). სამნეო კომიტეტი და კანცელარია: 14
2). საბიუჯეტი სექცია: 9
3). სასურსათო სექცია: 9
4). საბაგრო-სანივთო სექცია: 10
5). ტეხნიკური სექცია: 3
ა). ბინათა განყოფილება: 11
ბ). მომარაგების განყოფილება: 5
6). საარტილერიო სექცია: 9
7). სასანიტარო სექცია: 6
8). საბეითლო (ვეტერინარი) სექცია: 3
9). უმწყობრო ჯარისკაცები: 19

სულ: 98 პირი (43 ოფიცერი და მოხელე, 3 ექიმი, 52 ჯარისკაცი)

სამნეო განყოფილებას ექვემდებარებოდა შემდეგი ქვედანაყოფები:

➔ ტფილისის საინტენდანტო საბარგო საწყობი
➔ ტფილისის და ქუთაისის სასურსათო მაღაზიები
➔ ტფილისის საიტენდანტო მიმღები კომისია
➔ ტფილისის სამხედრო წისქვილი
➔ ტფილისის და ქუთაისის სამხედრო-საბინაო დისტანციები
➔ გასათბობ მასალათა საწყობი
➔ თფილისის სამხედრო სახერხავი ქარხანა
➔ პიროქსილინის მთავარი საწყობი
➔ საინჟინრო მთავარი საწყობი
➔ თფილისის არსენალი (თოფხანა)
➔ საარტილერიო საწყობი
➔ ტფილისის სამხედრო სააფთიაქო მაღაზია

სულ: 139 ოფიცერი და მოხელე, 4 ექიმი, 516 ჯარისკაცი, 90 ზედმეტმსახური და დაქირავებული

IV პირად შემადგენლობის განყოფილება

1). საინპექციო საჯილდოო ნაწილი: 5
2). საპენსიო ნაწილი: 4

სულ: 10 პირი (6 ოფიცერი და მოხელე, 4 ზედმეტმსახური ან დაქირავებული)

V ტოპოგრაფიული განყოფილება

1). მმართველობა და კანცელარია: 35
2). ლითოგრაფია: 19
3). ფოტოგრაფია: 5

სულ: 59 პირი (33 ოფიცერი და მოხელე, 26 ზედმეტმსახური ან დაქირავებული)

 - - - - - - - - - - - - - - - -

ამგვარად სამხედრო სამინისტროსა და გენერალურ შტაბში შტატით დაშვებული და დასაქმებული იყო 493 პირი. რომლებიც წარმატებით უძღვებოდნენ გაწვევას, მობილიზაციას და დაახლ. 40.000 ოფიცრის და ჯარისკაცის მართვას



სამხედრო მინისტრები ნ. რამიშვილი (1919) გ. ლორთქიფანიძე (1920) და ნ. ჭიჭინაძე (20-21)

სამხედრო მინისტრის მოადგილე ი. ოდიშელიძე (1920)

მინისტრის მოადგილე, სამხედრო საბჭოს წევრი ა. გედევანიშვილი (1919-1921)

გენერალური შტაბის უფროსი და სამხედრო საბჭოს წევრი ალექს. ზაქარიაძე (1919-1921)

კანცელარიის უფროსი გიორგი ქავთარაძე (1919-1921)

საარტილერიო სექციის და არსენალის უფროსები ა. კობიაშვილი (1918) და კ. ქუთათელაძე (1920-21)

ტოპოგრაფიული განყოფილების უფროსი ანდრია ბენაშვილი (1918)

კულტურულ განმანათლებელი სექციის უფროსი დავით ართმელაძე (1919-1920)

სამხედრო საისტორიო არქივის უფროსი სიმონ ესაძე (1919-1921) 

სამნეო განყოფილების ერთერთი სექციის უფროსი ზაქარია ყიფშიძე

სააღრიცხვო განყოფილების უფროსი ვასილ ლიონიძე
წყრო: სამხედრო ფიცის ერთგულნი (მ. გოგიტიძე გ. ბეჟიტაშვილი)

სასანიტარო სექციის უფროსი დავით მგელაძე (1918-1921)

დაზვერვის სექციის უფროსი მაიორი როსტომ მუსხელიშვილი (1920)

დიპლომატიურ მისიებთან ურთიერთობოს განყ. უფროსი ივანე ჯაფარიძე

სარემონეტო სექციის უფროსი სპირიდონ ჭავჭავაძე

წყარო: დიმიტრი სილაქაძის ნაშრომები; ეროვნული ბიბლიოთეკა; "სამხედრო ფიცის ერთგულნი" (გ. გოგოტიძე).