რატომ არ იბრძოდა 1921 წლის ომში 700,000 ქართველი? პასუხი გავრცელებულ შეცდომაზე


"სხვის ომში მაგრები ვართ ქართველები, 1921 წელს არ იომეს და 20 წლის შემდეგ 700.000 წავიდა!" - წლიდან წლამდე გაისმის ეს არგუმენტი, რელიგიური მანტრასავით იმეორებენ, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. სინამდვილეში როგორ იყო საქმე?

სიტუაცია, დრო და სამობილიზაციო რესურსი

ჩვენი რესპუბლიკა დაიბადა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, სრული ეკონომიური და სამხედრო ჩამოშლის დროს, როცა ინგრეოდა ძველი და უნდა აშენებულიყო ახალი და თან ამ ახლის შენების გამოცდილება არავის არ ჰქონდა. 3 წლის განუწყვეტელი საომარი მოქმედებების, უკიდურესი სიღარიბის, პანდემიის და საერთაშორისო დახმარების არქონის ფონზე 1921 წლის 12 თებერვალს მაინც ვაკონტროლებდით: აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ლორეს მთლიანად, შავშეთს (არდაგანი-ოლთისი) და გარეჯიდან ფოილოს ხიდამდე 40 კმ იან ზონას, ანუ რესპუბლიკა თავგანწირვით და წარმატებულად იბრძოდა!

1941 წლის 22 ივნისისთვის სსრკ წამოადგენდა საომრად შემართულ მონსტრს, რომელიც 20 წელი ისვენებდა და ძალას იკრეფდა ევროპის დასაპყრობად. ამიტომ რესპუბლიკის და რუსეთის იმპერიის შედარება არაკორექტულია. 20 წელი რომ გვქონოდა დრო, ჩვენც დაახლ. ფინეთის დონეზე დავხვდებოდით "ჩრდილოეთის ურდოს"!

1921 წლის ომში დაახლ. 40.000 -მა საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, ქვეყანაში მაშინ დაახლ. 2,4 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. 1941 წლის იანვარში სსრკ-ს მოსახლეობამ აღწერის მიხედვით შეადგინა 198.712.000 ადამიანი (ორიგინალი წყარო), ანუ სსრკ-ს 82-ჯერ მეტი სამობილიზაციო რესურსი ჰქონდა. 1921 წლის ომი გაგრძელდა 1 თვე, ევროპის საბრძოლო მოქმედებების თეატრში სსრკ მონაწილეობდა 68 თვის (09.1939 - 05.1945) მანძილზე. შეადარეთ 1 და 68 თვე! რა თქმა უნდა რამდენიმე მობილიზაციის შედეგად, 68 თვეში 700.000 გაწვეული დაგროვდა 3.695.000 იანი საქართველოდან. ეს 700.000 ადამიანი 1 თვეში არ გაუწვევიათ. თვეში საშუალოდ 10.300 ადამიანს იწვევდნენ (700.000 გავყოთ ომის 68 თვეზე) საბჭოთა საქართველოდან, რომელიც 1.5 ჯერ აღემატებოდა მოსახლეობით რესპუბლიკას.

გადავიდეთ იარაღის, საკვების და მეტერიალური საშუალებების შედარებაზე. რა მდგომარეობაში იყო საქართველო და რა მდგომარეობაში სსრკ. როცა ეკიპირება, იარაღი და საკვები არ გაქვს, ჯარისკაცებს ფიზიკურად ვერ გამოიყვან ბრძოლის ველზე.

იარაღი და მატერიალური საშუალებები

ჯერ კიდევ 1918 წელს შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა საქართველოში არსებულ სამხედრო საწყობებში, რადგან ისინი თითქმის დაცალეს და ტრაპზონ-სარაყამიშის მიმართულებით გადაიტანეს 1917 წელს. გაზეთი "საქართველო" 1918 წლის 22 მარტის ნომერში წერდა:


ამუნიციის და მარაგის არქონაზე ჩივის ვ. გოგუაძე რომელიც ასე იხსენებს 1918 წლის გაზაფხულს:


საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოიტანა გოგუაძემ სარაყამიშიდან 24 ვაგონი ვაზნები და საარტილერიო ჭურვები. სანაცვლოდ სომხებს გადავეცით 60 ტყვიამფრქვევი.

შეგიძლიათ თვალნათლივ დარწმუნდეთ რა მდგომარეობა იყო 1918 წელს საწყობებში (აღწერას გრიფი "საიდუმულო" ედო) და ზოგადად რა სიტუაცია იყო სასაზღვრო ჯარში 1920 წლის ბოლოს, ომის დაწყებამდე 1.5 თვით ადრე:

თბილისის არსენალის საწყობის აღწერა. 21.07. 1918 წ.

3 წლის მანძილზე რესპუბლიკის მთავრობა განუწყვეტლივ ითხოვდა სამხედრო დახმარებას. სამწუხაროდ ეს დახმარება ძალიან მწირი იყო. 1920 წელს დაგვრჩა ე.წ. "სომხეთის ტრანზიტის" (40.000 კაცის ამუნიცია და ეკიპირება) 27%, რამაც ცოტათი გამოასწორა მდგომარეობა (ტაბახმელას სანგრის არქეოლოგიური გათხრების დროს ვაზნების დაახლ. 50% ინგლისური აღმოჩნდა და სავარაუდოდ ამ ტრანზიტიდან გვერგო. დანამდვილებით ცნობილია რომ მე-7 ბატალიონში მობილიზებული 250 მოხალისე-მოსწავლე ინგლისური "ლი ენფილდის" შაშხანებით შეაიარაღეს). საფრანგეთის ახალი მთავრობის გადაწყვეტილება სრულმასშტაბიან დახმარებაზე დაგვიანებული აღმოჩნდა. საარქივო მასალებით, მაშინდელი მედიის და თვითმხილველების (ცენზურის გარეშე რაც გამოქვეყნდა) მოგონებებით დასტურდება რომ ჯარს და სახალხო გვარდიას აკლდა ტანსაცმელი, იარაღი, ვაზნები, საკვები და ბევრი სხვა აუცილებელი ნივთი! და ეს იმ პირობებში როცა თავდაცვაზე იხარჯებოდა ბიუჯეტის 36%! რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და 2020 წლის ბიუჯეტს რომ შევადაროთ დაახლ. 4.9 მლრდ ლარის ექვივალენტია. რესპუბლიკის მთავრობის დადანაშაულება თითქოს ჯარზე არ ზრუნავდნენ არის დიდი ტყუილი! გაღატაკებულ და უმოკავშირეო ქვეყანას მეტი ფიზიკურად არ შეეძლო!

რა მდგომარეობაში იყო სსრკ? 20 წელიწადის (1921 - 1941) მანძილზე რუსეთი დიდ ომს არ აწარმოებდა და შეძლო საკუთარი სამხედრო მრეწველობის გამართვა და მარაგების შექმნა. ხოლო უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მიიღო კოლოსალური დახმარება აშშ-ინგლის-კანადიდან. ამ დახმარების შესახებ დეტალურად წერია აქ: მოკავშირეთა როლი გერმანიის დამარცხებაში. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან რამდენიმე ციფრს. სსრკმ-ს ლენდ-ლიზით 1941-1945 წლებში ფაქტიურად უფასოდ მიიღო:

➜ ავტოტექნიკა: 433.000 (საბჭოთა წარმოებაზე 1,6 ჯერ მეტი)
➜ ლოკომოტივი: 1981 (საბჭოთა წარმოებაზე 2.4 ჯერ მეტი)
➜ მოტოციკლეტები: 37.600 (საბჭოთა წარმოებაზე 1.4 ჯერ მეტი)
➜ სარკინიგზო ვაგონი: 11.075 (საბჭოთა წარმოებაზე 10 ჯერ მეტი)
➜ საავიაციო საწვავი და დანამტები: 2.5 მლნ ტონა (საბჭოთა ავიაციის მოხმარების 60%)
➜ დენთი და ასაფეთქებელი მასალა: 345.000 ტონა (საბჭოთა წარმოების 53%)
➜ ავტომობილის საბურავი: 3.606.000 წყვილი (საბჭოთა წარმოების 45% და გაცილებით ხარისხიანი)
➜ სამხედრო ფეხსაცმელი: 15,5 მლნ წყვილი
➜ შაქარი: 658.000 ტონა (საბჭოთა წარმოების 66%)
➜ სათესლე მასალა: 80.000 ტონა
➜ კონსერვები: 2.077 ათასი ტონა (საბჭოთა წარმოებაზე 4.8 ჯერ მეტი) და ა.შ.

რომ არა ეს დახმარება სტალინი მობილიზირებული ჯარის მხოლოდ 40%-ის გამოკვებას და შეიარაღებას შეძლებდა. მაგალითად: ომის განმავლობაში სსრკ-მ აწარმოა 264 ათასი ტონა ალუმინი, მაშინ როცა მოკავშირეებმა მიაწოდეს 328 ათასი ტონა, ანუ საბჭოთა თვითმფრინავების ნახევარი ამერიკული ალუმინით დაამზადეს. ხოლო საბჭოთა ავიაციის 18% ამერიკული და ინგლისური იყო, ჯამში: 18.400 ცალი!

1918-1921 წლებში მსგავსი დახმარება რომ გაეწიათ ჩვენც თავისუფლად შეგვეძლო მაგალითად: 240.000 ოფიცრის და ჯარისკაცის მობილიზება, ანუ მოსახლეობის 10% -ს ომში უშუალოდ ჩართვა, რაც ტოტალური მობილიზაციის ნორმაა.

ვფიქრობ რომ, შეკითხვაზე: თუ რატომ იცავდა საქართველოს 1921 წელს 40.000 კაცი და რატომ გაიწვიეს წითელ არმიაში 700.000 კაცი 1939-1945 წლებში პასუხგაცემულია. მეტი ადამიანის შენახვის და შეიარაღების საშუალება ფიზიკურად არ იყო.