Showing posts with label ინტერვიუ. Show all posts
Showing posts with label ინტერვიუ. Show all posts

"ნებისმიერი თანამდებობა ან პოზიცია ჩემთვის საქმის კეთების საშუალებაა" ინტერვიუ : პაატა გიგაური


ინტერვიუ აღებულია 2020 წლის 1 მაისს 
მშვიდობის უზრუნველყოფა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგებას ნიშნავს. რა სტრატეგია და რეფორმები გვჭირდება იმისთვის, რომ დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო იყოს ამ მთავარ ბრძოლაში გამარჯვებული? აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო მოძრაობის წევრი და "მომავლის არმიის" ხედვის ავტორი, პაატა გიგაური გვესაუბრება.
 
– მოგესალმებით, პაატა. იყო თუ არა თქვენთვის საინტერესო სამხედრო სფერო ბავშვობიდან, თუ მოგვიანებით, გააზრებულ ასაკში დაინტერესდით?

– ბავშვობიდან დავინტერესდი. ჩვენს სახლთან ახლოს, საბურთალოზე, იყო ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმი, რომლის ეზოში დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა იდგა. ერთ დღესაც შემთხვევით შევამჩნიე და მას შემდეგ მუზეუმის ხშირი სტუმარი ვიყავი. ამას დაემთხვა ეროვნული მოძრაობის დაწყება და ეთნიკური დაპირისპირება პირველად ქვემო ქართლში და შემდეგ – სხვა რეგიონებში 80–იანი წლების ბოლოს, მართალია, მაშინ 12-13 წლის ვიყავი, მაგრამ ამ მოვლენებს განვიცდიდი, რადგან მშობლები პატრიოტულად მზრდიდნენ. აფხაზეთის ომის დროს დამაინტერესა, არსებობდა თუ არა წვევამდელი ასაკის ახალგაზრდების მომზადების საშუალება. რა პასუხსაც მივიღებდი, ძნელი გამოსაცნობი არაა, – დამცინეს, ქვეყანა ქაოსში იყო გახვეული. უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიარე უმცროს ოფიცერთა კურსი და მაქსიმალურად ვეცნობოდი სამხედრო ლიტერატურას.
პროფესიულ სამხედრო კარიერაზე ოჯახური პირობების გამო უარის თქმა მომიწია, მაგრამ 2007 წელს, როცა აღმოვაჩინე, რომ მსგავსი მომზადება ისევ არ იყო ქვეყანაში და ჰაერში კვლავ ომის სუნი დადგა, სამხედრო საქმეში დიდი გამოცდილების მქონე თანამოაზრეებთან ერთად დავაარსე მოხალისეთა ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული მომზადებით დაკავდა და ათასობით ახალგაზრდის მომზადებაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემი ბავშვობის ოცნება სხვებს ავუსრულე და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.

 სამოქალაქო მოძრაობის გამოფენა ეროვნ. სამხედრო მუზეუმის დაარსების მოთხოვნით
ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმი

– უფრო ვრცლად მოგვიყევით ახალგაზრდული ლეგიონის შესახებ.
–  გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი არის წვევამდელი ასაკის ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ადგილი. ვატარებთ 2,5–თვიან საბაზისო კურსებს, ცალკეულ სწავლებებს და სემინარებს.
ყველა ჩვენი აქტივობა უფასოა და არც ხელფასს ვიღებთ, წლებია, ენთუზიაზმის დონეზე კეთდება და ასეულობით ახალგაზრდა მონაწილეობს ყოველ წელს.
2016 წლის მაისში გავაფორმეთ მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან, მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის (პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე) დიდი მხარდაჭერით, თანამშრომლობა განსაკუთრებით გაღრმავდა 2020 წელს და წინ ბევრი საინტერესო სიახლე გველის. სამწუხაროდ, პანდემიამ დაგვამუხრუჭა და ამ ეტაპზე ონლაინ სწავლებით შემოვიფარგლებით, მაგრამ ამ სირთულესაც დავძლევთ. იოლად მოპოვებულს მადლი არც აქვს.


ლეგიონში აკრძალულია პოლიტკაზე საუბარიც კი, ორგანიზაცია არის მკვეთრად აპოლიტიკური და მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე მუშაობს თავის სეგმენტში. ჩვენ არ ვანსხვავებთ ადამიანებს პოლიტიკური, რელიგიური, გენდერული და რომელიმე სხვა ნიშნით. თუ ახალგაზრდას სამხედრო-სალაშქრო ცოდნის მიღება უნდა და კანონმორჩილია, ჩვენი ორგანიზაციის კარი და გული მისთვის ღიაა.


– ხომ არ იყო კონკრეტული პიროვნება სამხედრო სფეროში, ვინც გავლენა იქონია თქვენს არჩევანზე?
– არა. ჩემ გარშემო სამხედრო პირები არ იყვნენ. პატრიოტული მუხტიდან და სამხედრო მუზეუმიდან წამოვიდა სამხედრო საქმით დაინტერესება.

– ვინ არის თქვენთვის ყველაზე ძლიერი მხედართმთავარი?
– მეთაური, რომელიც დასახულ ამოცანას მაქსიმალურად მცირე დანაკარგით ასრულებს, უფრთხილდება და ზრუნავს ჯარისკაცზე. ამ და სხვა მიზეზის გამო გიორგი მაზნიაშვილს დავასახელებდი მისაბაძ  მეთაურად. პირადი უზომო გამბედაობა შერწყმული იყო გონიერებასთან და ზომიერ რისკთან ჯარების მართვის დროს. გენერალი თამამად და აქტიურად იყენებდა მოხალისეებს. ყველა ოპერაციში, რომელსაც მაზნიაშვილი მეთაურობდა, პირადი შემადგენლობის მინიმუმ ნახევარი მოხალისე იყო, რაც ჩემთვის უმნიშვნელო ფაქტორი არაა.

– რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი და გამართული ჯარი სახელმწიფოს სტაბილურობისთვის?
– უსაფრთხოება ცალკე აღებული ადამიანის ცხოვრებაშიც ნომერ პირველი პრიორიტეტია, თუ ფიზიკურ არსებობას რეალური საფრთხე მოელის, წინსვლა შეუძლებელია. იგივე ეხება ერსაც, ჯარი არის კონსტიტუციური წესრიგის გარანტი და საგარეო საფრთხისგან დამცველი. დააკვირდით, ძლიერი ჯარი პირდაპირ უკავშირდება ქვეყნების გავლენას და ადგილს მსოფლიოში. მსოფლიოს გავლენიან ქვეყნებს ან ძალიან ძლიერი ჯარები ჰყავთ ან 100%–ით უსაფრთხოდ არიან სამხედრო ბლოკის გამო. შვეციარიაც კი, რომელსაც საფრთხე არსაიდან არ მოელის, ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა. საქართველოს შემთხვევაში, თუკი რაიმე სახის სიმეტრიული და ასიმეტრიული საფრთხე არსებობს, პირდაპირ დამიზნებულია ჩვენზე და ამ პირობებში ასეთი აგდებული და დამამცირებელი დამოკიდებულება ჯართან პოლიტიკოსების მხრიდან, დანაშაულია.
ჩვენი ამოცნაა, ისეთი ჯარი შევქმნათ, რომელიც გადააფიქრებინებს პოტენციურ მოწინააღმდეგეს, ძალა გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ისეთ საშინელ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს, ასეულობით ჩვენს მოქალაქეს იტაცებენ, ასეულობით ჰექტარს იზომავენ და საკუთარი მოქალაქეების და მიწების ელემენტარულ დაცვასაც არ/ვერ ვახერხებთ. რომელი ნორმალური ინვესტორი ჩადებს ფულს ასეთი უსაფრთხოების გარემოს მქონე ქვეყანაში? რა ბიზნესის განვითარებაზეა საუბარი? ანდაც სამხედრო ფლოტის გარეშე ფრონტისპირა ანაკლიაში საერთაშორისო პორტის ამოქმედება როგორ წარმოგიდგენიათ? აფსუებს მეტი მცურავი საშუალება აქვთ, ვიდრე ჩვენ, როცა მოუნდებათ, მაშინ უნდა შევრცხვეთ? არადა, მონდომების შემთხვევაში საკმაოდ ძლიერი ფლოტის შექმნა შეიძლება, მადლობა ღმერთს, კონკრეტული ხედვაც არსებობს და გამკეთებლებიც გვყავს ქვეყანაში. მხოლოდ პოლიტიკური ნება აკლია ამ და კიდევ ბევრი თემის დაძვრას.

– სამხედრო სამსახური უნდა იყოს სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი?
– ჩვენს ხედვაში აქცენტს ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურზე ვაკეთებთ, მაგრამ დამუშავებული გვაქვს სავალდებულო სამსახურის ორი მოკლევადიანი ვარიანტიც: 2,5 და 6–თვიანი. ისრაელში, ფინეთში, ესტონეთში, შვეციარიაში, სამხრეთ კორეაში, ავსტრიაში და ა.შ. არც განათლების მიღებაში, არც კარიერულ წინსვლაში და არც პირად თავისუფლებაში ჯარი ხელს არ უშლის ახალგაზრდას. თუ სავალდებულოზე შევთანხმდებით პოლიტსპექტრში, უნდა იყო ინტენსიური (დროის 60% საველე სწავლებაზე უნდა მოდიოდეს) და მოკლევადიანი, მომზადების ციკლის და სასწავლო პროგრამის გადაწყობის შემთხვევაში, ამ დროში შესაძლებელია ქვეითის გაწვრთნა და მომდევნო 3 წლით პირველი რიგის ტერიტორიული რეზერვის ბატალიონში ჩარიცხვა. 3 წლის შემდეგ დაახლ. 25,000 გაწვრთნილი და ომისთვის მომზადებული რეზერვისტი გვეყოლება (ეს ციფრი აღარ შემცირდება), რომლებსაც, ძირითადად, უმეთაურებენ თადარიგის ოფიცრები და სერჟანტები, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებად გადამზადებას გაივლიან.
ჯარი სოციალური მოვლენაა და კარგად მოწყობილი ახალგაზრდას სძენს საინტერესო გამოცდილებას, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაშიც გამოადგება, ხოლო მოკლევადიანი და კონკრეტული ბენეფიტების მქონე – ხელს საერთოდ არ შეუშლის პირად ცხოვრებაში.

– ალეკო ელისაშვილის გუნდს წარმოადგენთ. რამ განაპირობა პოლიტიკით თქვენი დაინტერესება და რატომ სამოქალაქო მოძრაობა?
პოლიტიკამ ეროვნული მოძრაობის გამოღვიძების დროს მიიქცია ჩემი ყურადღება, მაშინ მივხვდი, რამხელა გავლენა აქვს ერის და ცალკე აღებული ადამიანის ცხოვრებაზე პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ ამ სფეროში ჩაბმის სურვილი არ მქონია, რითაც ჩემი ერის წინაშე მოვიხდიდი მოვალეობას, იმ თემით დავკავდი. არასოდეს არ ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, ან აქტიური მხარდამჭერი.
სამოხალისეო აქტივობის დაწყების დროს გადავიკვეთეთ, ალეკო მაშინ  „ტფილისის ჰამქარს“
ხელმძღვანელობდა და თბილისს იკვლევდა, მე სამხედრო ისტორიას ვუღრმავდებოდი, ძველი თბილისის ფოტოებმა და იუნკრებმა დაგვაახლოვეს, ერთ ტალღაზე მყოფმა ორმა ადამიანმა ბუნებრივად მონახა ერთმანეთი. მაშინ პოლიტიკაზე საერთოდ არ ვფიქრობდით და ვინმეს რომ ეთქვა, წლების მერე ერთ პარტიაში იქნებითო, გულიანად ვიცინებდი.
ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტულ მოძრაობაში 12 წლის მანძილზე ნანახმა ღრმად დამარწმუნა, რომ საქართველოს ერთ–ერთი ძირითადი პრობლემა მენტალურად მონა, საბჭოთა მიდგომების მქონე არაპატრიოტი პოლიტელიტაა. სხვა ქვეყნებში ასეთ ახალგაზრდულ მოძრაობებს ხელის გულზე ატარებენ, ჩვენთან გარკვეულ დონეზე ადიოდა საშუალო რგოლის დახმარებით, მაგრამ „უხილავი ძალა“ განვითარების საშუალებას არ აძლევდა, ასე შევეჯახე პოლიტიკური ნების ძალას, საკუთარ თავზე გამოცდილი მაინც სხვაა. ვნახე, როგორ „მუშაობდა“ სისტემა, მივხვდი, რომ სულ ასე იქნებოდა საქართველოში და ამდენი ნაწვალები შეიძლება, წყალში ჩაყრილიყო, რადგან თევზი თავიდან აგვიყროლდა.
ამ დროს დაიწყო ალეკომ პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა და როცა სამოქალაქო მოძრაობა დააარსა და თანამოაზრეებს საჯაროდ მიმართა, ერთის მხრივ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, გვერდში დავდგომოდი, რადგან ვიცოდი მისი მოტივაცია, მენტალობა, პრინციპულობა, ხედვა და მეორე მხრივ, თვალნათლივ ვხედავდი, რომ არსებული პოლიტელიტა შესავიწროებელი იყო ახალი, ანტისაბჭოთა მენტალობის, საკუთარი სამშობლოსა და ხალხის გულით მოყვარული ადამიანების მიერ.
კარგად მესმის, რა დონის უთანასწორო ბრძოლაში შევედით, რამხელა სიბინძურის დაძვრა გვინდა და ეს რა რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სხვა გზა არაა. თავის დროზე ნორმალური ცხოვრების უფლება წაართვეს ჩემს თაობას და იგივეს უპირებენ ჩვენს შვილებს, ამას კი აღარ დავუშვებთ!
აღსაღნიშნავია, რომ ალეკოს ორივე ბიჭი და ჩემი შვილიც თბილისის ლეგიონის ახალწვეულების გაზაფხულის კურსზე არიან. 2007 წელს ამაზე ვერც ვიოცნებებდი.

 მიხეილ გიგაური. ლეგიონის ახალწვეული

– გაგვაცანით თქვენი ხედვა „მომავლის არმიის“ შესახებ
–  რამდენიმე ათეულ გამოცდილ და თავისი საქმის მოყვარულ სამხედროსთან კონსულტაციების გავლის შემდეგ 2019 წლის მარტში გავამზადეთ სამოქალაქო მოძრაობის დარგობრივი ხედვა „მომავლის არმია“, რომელიც 20 თავის და დაახლ. 200 პუნქტისგან შედგება. მისი ნახვა ამ ბმულზე შეიძლება.

გამოვყოფ ოთხ საკითხს:
1) ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააფორმონ „თავდაცვის აქტი“, ანუ პარტიებს შორის შეთანხმებული ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება თავდაცვის ძალების განვითარების დაახლ. 8–წლიანი ხედვა (ორი საარჩევნო ვადით) და რომელსაც ვერც ერთი პარტია ან მინისტრი ვეღარ შეცვლის თვითნებურად. ამ შეთანხმებაზე დაშენდება ყველაფერი დანარჩენი.
2) თავდაცვის დაფინანსება არის მიზერული, შეუძლებელია ბრძოლისუნარიანი ჯარის შექმნა ამ ბიუჯეტით. აიცულებელია მისი გაზრდა, რომელიც რა თქმა უნდა, გაწერილი და დასაბუთებული უნდა იყოს.
3) საჭიროა მაღალკვალიფიციურ, პასუხისმგებლობის მქონე და ინიციატივიან ოფიცერთა და სერჟანტთა კლასის ფორმირება, რადგან მათ უნდა შეასხან ხორცი ხედვას და მისგან გამომდინარე გეგმებს. ეს მოითხოვს სამხედრო საქმის პრესტიჟის გაზრდას, ფილტრაციას და სასწავლო პროცესის გარკვეულ შეცვლას.
4) სამოქალაქოთა ჩართულობა არის თითქმის ნულოვანი. ჯარი თავისთვისაა და ხალხი – თავისთვის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ახალგარდული ლეგიონის გაშლა მთელი საქართველოს მასშტაბით და ნებაყოფლობითი თავდაცვის ლიგის დაარსება, სადაც სამოქალაქო პირები ჩაეწერებიან და მიიღებენ შესაბამის ცოდნას, რომელიც ჯარს შეეშველება ომის, ან კრიზისის დროს, გამოათავისუფლებს პირადი შემადგენლობის ნაწილს.
სხვათა შორის, ახალი მინისტრის (ი. ღარიბაშვილი) დანიშვნის შემდეგ ჩვენი ხედვის რამდენიმე პუნქტის რეალიზება უკვე დაიწყო, რასაც მივესალმებით.

– სწორი მენეჯმენტის პირობებში რა დროა საჭირო სრულფასოვანი სამხედრო რეფორმის გატარებისთვის?
– სწორი მართვის და საკმარისი დაფინანსების შემთხვევაში 3-4 წელი საკმარისი იქნება პირველი ხელშესახები შედეგის მისაღებად. ოპტიმალური კი 8 წელი მგონია.

– პრორუსული ძალები ცდილობენ სამხედრო მიუმხრობლობის პოპულარიზაციას, არის თუ არა საქართველოს პირობებში შესაძლებელი ნეიტრალიტეტის გამოცხადება? და რა შედეგებს მოგვიტანს?
– იგივე შედეგს მოგვიტანს, რაც 1921 წელს მოგვიტანა, მაშინ არავინ გვედგა გვერდში 1920 წლის გაზაფხულიდან,  ამიტომ საკუთარი დე–იურე და დე–ფაქტო აღიარება (1920 წლის 7 მაისის) და გამოცხადებული ნეიტრალიტეტი გადაგვახიეს თავზე რუსებმა. პრორუსებმა იციან ეს და მაგიტომ უჭერენ მხარს ნეიტრალიტეტს, რათა საგარეო დახმარების შანსი დაგვეკარგოს და გარანტირებულად შემოვიდეს რუსეთი საქართველოში, შედეგად ეს ვაჟბატონები მოგვევლინონ ახალ მთავრობად განუსაზღვრელი ვადით და ძალაუფლებით. გავლილი გვაქვს ეგ სიმღერა თავის დროზე, ასე რომ, მაგ საკენკით თანამედროვე ბოლშევიკები თუ იკვებებიან.
ნეიტრალიტეტს არც ერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია ხეირი. ზოგადად ნეიტრალიტეტი არსებობს ორი სახის: პრესტიჟული, როცა საფრთხე არავისგან არ გემუქრება (მაგ.: შვეციარია, ავსტრია), ან იძულებითი, როცა საფრთხე რეალურია, მაგრამ დახმარებას არავისგან არ ელი (მაგ. ბალტიისპირეთი 1930–იან წლებში). მოკავშირე ქვეყანა არასოდეს არ მოითხოვს მეგობრისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, როგორც წესი, ეგ არის მტრის მოთხოვნა!
ნორვეგიამ 1814 წელს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, 1940 წლამდე არავის აინტერესებდა მათი დაპყრობა და ცხოვრობდნენ მშვიდად, პირველივე დაინტერესებულმა ქვეყანამ ანუ გერმანიამ, 1940 წელს უცებ გამოუყვანა წირვა. იგივე ისტორია აქვს ჰოლანდიას, რომელმაც 1839 წელს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და დაიპყრეს 1940 წელს. შეაჩერა აგრესორი ნეიტრალიტეტმა? არა. ისწავლეს ჭკუა? დიახ. ორივე NATO-ს წევრია.

– აქვე მინდა, გკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს ქართული ჯარის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას?
საერთაშორისო მისიები არის NATO-ს ჯარებთან კონტაქტების გაღრმავების, წვრთნის, საბრძოლო სიტუაციაში გამოცდილების მიღების და სამწუხაროდ, ნორმალური ანაზღაურების მხოლოდ საზღვარგარეთ მიღების საშუალება.
საჭიროა ჩართულობის სხვა მიმართულებითაც გაღრმავება. მაგალითისთვის მოვიყვან ორ ამონარიდს „მომავლის არმიის“ ხედვიდან:
11.9 აუცილებელია უცხოეთის მისიებში ვიწრო სპეციალობის სამხედრო მოსამსახურეების (მაგ.: ინჟინრები) მივლინება გამოცდილების მისაღებად და გასაზიარებლად.
15.2 მომზადების მაღალი დონის შესანაჩუნებლად და გამოცდილების დასაგროვებლად როტაციის საფუძველზე (შენიშვნა: სპეციალური ოპერაციების ძალები) რეგულარულად უნდა მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნების მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში, ერთობლივ წვრთნებში მინიმუმ ოცეულის ზომის დანაყოფით და საერთაშორისო შეჯიბრებებში.
ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როგორ ჩაიშალა ქართული მხარის პასიურობით აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან ძალიან სერიოზული თანამშრობლობის შესაძლებლობა ერთ–ერთ სფეროში მაშინ როცა ამერიკული მხარე მზად იყო. არსებული სისტემისგან მიღებული ერთ-ერთი პირადი შოკი ამ შესაძლებლობის ჩაშლა იყო.

– თქვენი აზრით, კორონა ვირუსით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იმოქმედებს თუ არა ძალთა გადაბალანსებაზე მსოფლიოში და როგორია თქვენი პროგნოზი?
– რა თქმა უნდა, მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება როგორიც აქამდე იყო.  პრიორიტეტები ახლებურად გადანაწილდება და ყველა ქვეყანა პირველ რიგში საკუთარ თავზე იზრუნებს და შემდეგ უკვე – თავის მოკავშირეზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თვითმკმარობა და ძლიერი მეგობრების ყოლა, რომლებმაც უკვე გამოყვეს 3,5 მლრდ. დოლარი ჩვენს დასახმარებლად, ხოლო „ერთმორწმუნე“ ქართული მიწების მიტაცებითა და ადამიანების გატაცებითაა დაკავებული მსოფლიო პანდემიის დროსაც კი! წარმოუდგენელი ბოროტებაა! ამ დროს ტერორისტებმაც კი შეწყვიტეს ტერაქტები! ასე რომ, ჩვენს შემთხვევაში სიახლეს არ ველოდები, ყველაფერი ისედაც ნათელია. ასეთ დროს ძალიან კარგად ჩანს, ვინ ვინაა როგორც პიროვნულ, ასევე ორგანიზაციების და ქვეყნების დონეზეც კი.
როგორც ჩანს SARS-ის ვირუსი ბოლომდე გაშიფრული არაა, მისგან რას უნდა ველოდოთ მომავალში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ამიტომ გლობალური პროგნოზისგან თავს შევიკავებ.

– თქვენ რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყოთ …
ნებისმიერი თანამდებობა ან პოზიცია ჩემთვის საქმის კეთების საშუალებაა. რახან შეკითხვა მინისტრობას ეხება, ცოტა წავიფანტაზიოროთ … თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის და პარტიებს შორის „თავდაცვის აქტის“ ხელმოწერის გარეშე ამ თანამდებობას არ დავთანხმდებოდი, რადგან ხედვის რეალიზაციის და თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ამაღლების საშუალება არ მექნებოდა. „თავდაცვის აქტის“ გარეშე არც იმის გარანტია მექნებოდა, რომ ჩემი მომდევნო მინისტრი არ აურევ-დაურევდა დაწყებულ საქმეს. ჩვენთან როგორ ხდება? ახალი მინისტრი ან ჩინოსანი მისი პირადი ხუშტურებიდან გამომდინარე იწყებს რეფორმებს, სიახლეების დანერგვას და ა.შ. თუ გინდათ, ჯარი ბრძოლისუნარიანი არ იყოს, გამუდმებით უნდა უტაროთ რეფორმები. მოკლედ: კაბინეტში ჯდომა, შავი ჯიპით და დაცვით სიარული, ზეიმებზე ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვა – არ მხიბლავს. მუშაობის იმიტაციისთვის და ბოლის გასაშვებად (ეს ისედაც არ გვაკლია ბოლო 28 წელიწადია) ნამდვილად არ მოვდივართ პოლიტიკაში.
ჩემთვის საქმის კეთების ინსტრუმენტია პოლიტიკაც, რომელსაც არც გავეკარებოდი, რომ არა არსებული არანორმალური სიტუაცია ქვეყანაში. ათ წელზე მეტია, ველოდებოდი სასიკეთო ცვლილებას და როცა იმედი გადამეწურა, მედესანტეების ცნობილ დევიზამდე მივედი: „ვინ, თუ არა ჩვენ?!“

ასეა: ინტერვიუს პირველწყარო

გიორგი მაზნიაშვილის გახსენება : ინტერვიუ გენერლის ნათლულთან


გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" 1990 წლის 23 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ინტერვიუ ბატონ ელიზბარ მაისურაძესთან, რომელიც პირადად იცნობდა გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილს. ინტერვიუ ქვეყნდება მცირე შემოკლებით.

- ბატონო ელიზბარ თქვენთან საუბრის ძირითადი მიზანი ისაა, რომ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირადად იცნობდით გიორგი მაზნიაშვილს
- დიახ, ჩემი ნათლია გახლდათ. ამასთან, კარის მეზობელიც სოფელ სასირეთში. ეს სოფელი, მოგეხსენებათ,  კასპის მახლობლადაა, მდინარე თეძმის პირას, გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრების ბოლო წლებმა ჩემს თვალწინ გაიარა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაჰყვა გიორგი მაზნიაშვილი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ემიგრაციაში. ნუთუ არ იცოდა, აქ რა მოელოდა?
- ძალიან კარგად რომ იცოდა, რაც მოელოდა, სწორედ ესაა მისი დიდი მამულიშვილობის გამომხატველი, გაქცევა არც უფიქრია, დარჩა იმიტომ, რომ სამშობლოს უჭირდა. მიტაცებული მიწა გამოხსნას მოითხოვდა... მერე გვიანღა იქნებოდა თითზე კბენანი.

- ამ ოცდაათი წლის წინათ ჟურნალ „მნათობის“ ფურცლებზე გამოქვეყნებული ერთი წერილი, რომლის ავტორიც, სერგო ქავთარაძე, წერდა: გენერალ მაზნიაშვილს ცოლ-შვილი გახიზნული ჰყავდა ზღვისპირეთში და საზღვარგარეთ გასაქცევად ემზადებოდაო... მე ვიხმე და შევთავაზე, თავი მოეყარა დაშლილი ქართული ლაშქრისათვის და აჭარა გამოეხსნაო. მან უარი მითხრა, ვერ შევძლებო. მაშინ მე მკაცრად ვუბრძანე, კიდევ ეფიქრა და დილისათვის მოეხსენებინა პასუხი. მეორე დღეს იგი დამთანხმდა, არ ვიცი, შეეშინდა თუ, უბრალოდ, ჩემმა თხოვნამ გაჭრაო...
- ეგ წერილი რომ გამოქვეყნდა, მეორე თუ მესამე დღეს მაზნიაშვილის ქალიშვილი, ანეტა, აღშფოთებული მოვიდა ჩემთან და მითხრა: ნახე, რას წერენ, თითქოს ჩვენ გახიზნულები ვიყავით ზღვისპირეთში და დღედღეზე ველოდით საზღვარგარეთ გაქცევას... სინამდვილეში ფეხი არ მოგვიცვლია თბილისიდან, რადგან მამაჩემს ასეთი რამ არც უფიქრიაო. ანეტა რომ ცამდე იყო, ამის დასტურად ერთ ფაქტსაც გავიხსენებ: იმხანად მაზნიაშვილის სახლ-კარი სოფლად, მთელი მისი მამული და ქონება დედაჩემს ჰქონდა ჩაბარებული. უკან დახევისას მაზნიაშვილს ჯავშნიანი მატარებელი გაეჩერებინა გრაკლის სადგურზე, ორი ჩვენებური გლეხი მოენახა და დაებარებინა: ვარას (ანუ დედაჩემს) უთხარით, არსად გამქცევი არა ვარ, სახლს მიმიხედოს მალე დავბრუნდებიო.
ის გლეხები სულმოკლენი აღმოჩნდნენ. დედაჩემს ამბავი მოუტანეს: მაზნიაშვილი ვნახეთ, გარბოდა და შემოგვითვალა, საზღვარგარეთ მივდივარ სამუდამოდ და ჩემი ქონება უბანმა გაიყოს, ქვევრებში რომ ღვინო მისხია, ის კი სოფელმა დალიოსო.
დედაჩემმა არ დაანება გასაღებები, მაგრად დაუდგა ამ სულმოკლე გლეხებს და გენერალს სახლ-კარი ხელუხლებლად დაახვედრა.
დავუბუნდეთ კვლავ სერგო ქავთარაძის წერილს. გასაგებია, რისთვისაც დასჭირდა მას სინამდვილის გადასხვაფერება: რათა გიორგი მაზნიაშვილის ეს დიდი დამსახურება მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც თავისთვის მიეწერა.
რაც შეეხება შიშს, უბრალოდ სასაცილოა, გიორგი მაზნიაშვილს ასეთი რამ დასწამო. მის მამაცობასა და ვაჟკაცობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ, მათ შორის, ჩვენი სახელოვანი მწერლებიც - გერონტი ქიქოძე, პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდია... გერონტი ქიქოძეს ჩემთვის უამბნია, გაცხარებული სროლისას, როცა ყველა სანგრებში იყო ჩაწოლილი, გიორგი მაზნიაშვილი სანგრის პირას დაიარებოდა და ბრძოლას ასე ხელმძღვანელობდაო...

- თქვენ ახსენეთ რამდენიმე მწერალი, რომელთაც პირადი ურთიერთობა ჰქონდათ გენერალ მაზნიაშვილთან. ცნობილია ისიც, რომ გენერალი მეგობრობდა მიხეილ ჯავახიშვილთან. ეს, ალბათ, არც უნდა იყოს შემთხვევითი, რადგანაც „მოგონებათა“ წაკითხვა გვარწმუნებს, რომ მათი ავტორი არამარტო მხედართმთავარი ყოფილა, არამედ მწერლური უნარით დაჯილდოებული პიროვნებაც.
-დიახ, ზემოხსენებულ მწერალთა გარდა იგი ახლოს იცნობდა პაოლო იაშვილსაც, ტიციან ტაბიძესაც, ნიკოლო მიწიშვილსაც... „მოგონებებიდან“ გეხსომებათ, თბილისში მეთერთმეტე არმიის შემოსვლა რომ არის მოსალოდნელი და ქალაქი იცლება, გიორგი მაზნიაშვილმა მოუწოდა პაოლოსა და ტიციანს, ყველა რომ საზღვარგარეთ გაიქცეს, აქ ვინღა უნდა დარჩეს, თქვენი წასვლა არაფრით არ შეიძლება, აქ უნდა იყოთ და ყველაფერი იღონოთ იმისათვის, რომ თბილისი დარბევას გადაურჩესო.
მაზნიაშვილის ოჯახის ხშირი სტუმარი იყო, აგრეთვე, ოვანეს თუმანიანი, რომელიც მის მეუღლეს დეიდაშვილად ერგებოდა. მაგრამ მწერლებიდან ყველაზე უფრო მაინც მიხეილ ჯავახიშვილთან მეგობრობდა. ამიტომაც იყო, რომ თავისი ნათლული, სრულიად ახალგაზრდა მწერალი გიორგი შატბერაშვილი მიხეილს წარუდგინა და სთხოვა, მის ნაწერებს გასცნობოდა...

- ახლა კიდევ ერთი შეკითხვა: როგორი გარეგნობის კაცი იყო გენერალი და როგორ შთაბეჭდილებას ახდენდა პირადი ურთიერთობისას?

- მაზნიაშვილი იყო საშუალოზე ცოტა უფრო დაბალი, ჯმუხი, შავგვრემანი, შავთვალწარბა, მოხდენილი სახისა, ძლიერი, ვაჟკაცური გამოხედვა ჰქონდა. ურთიერთობისას ძალიან თბილი იყო, უშუალო ... ადამიანი იოლად დაუახლოვდებოდა. როგორც მოგახსენეთ, რუსეთ-იაპონიის ომში გახლდათ დაჭრილი და მარცხენა ხელი გაფუჭებული ჰქონდა, იდაყვში ვერ ხრიდა, თითებს ვერ ამოძრავებდა, გაფშეკილი ეჭირა. ეტყობა, ფეხშიც იყო დაჭრილი, მუდმივად ჯოხით დადიოდა... მეტად გამჭრიახი გონება ჰქონდა, ნაკითხი იყო, კარგი მოქართულე. ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი აღთქმა. საუბრისას ხშირად იმოწმებდა საღვთო წიგნებს. ხშირად მომისმენია მისგან: კომუნისტური პარტიის პროგრამა და წესდება ქრისტეს მოძღვრებიდან არის გადმოღებულიო. მაშინ ასეთი რამის თქმა სახიფათო იყო, მაგრამ იგი თავისუფლად მოაზროვნე კაცი გახლდათ და ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა.

- თქვენი სიტყვებიდან ჩანს, რომ ღრმად მორწმუნე ყოფილა.
- დიახ, ღრმად მორწმუნე გახლდათ. ჩვენს სოფელში, იმხანად, წმინდა გიორგის ეკლესია დანგრეული იყო. ხალხი მის ნანგრევებზე ანთებდა სანთლებს და ლოცულობდა. მაზნიაშვილმა ნანგრევებზე მშვენიერი ახალი ეკლესია ააგო, თბილისიდან მხატვრები ჩამოიყვანა და უნიკალური ფრესკებით მოახატვინა. ჯვარს მეზობელი სოფლებიდანაც აქ იწერდნენ. მისი მეუღლისაგან მსმენია: იაპონიის ომში, ბრძოლის წინ, წმინდა გიორგი გამოცხადებია და ეკლესია მისი შთაგონებით ააშენაო. კარგად მახსოვს 23 აპრილს (ძველის სტილით, ახლით: 6 მაისს), მაზნიაშვილი საღვთოს ჰკლავდა, დიდ ქეიფს იხდიდა ღამისთევით და მთელ სოფელს პატიჟებდა.

-შეუძლებელია, ასეთ კაცს სხვა ქველმოქმედებანიც არ გამოეჩინოს.
-გარდა ეკლესიისა, მართლაც არაერთი კარგი რამ გაუკეთა სოფელს. იმხანად კასპის რაიონში ოთხ-ხუთ სოფელს თუ ექნებოდა დაწყებითი ოთხკლასიანი სკოლა. მაზნიაშვილმა გადაწყვიტა, სასირეთში აეშენებინა სკოლა. მოუყარა თავი გლეხობას და მიმართა: თეძმის რიყეზე სამშენებლო ქვა ბევრია, ურმები ყველას გაქვთ, ნაკვეთს მე გამოვნახავ, თქვენ ქვა მომიზიდეთ და აშენება ჩემზე იყოსო.
ამ სიტყვებს ხალხი სიხარულით შეხვედრია, მაგრამ ზოგიერთებს, ვისაც სრულიად არ ესმოდათ სწავლა-განათლების ფასი, არ ეჭაშნიკათ. ერთი ლანძღვასაც არ მორიდებია. მიუტანეს ეს ამბავი გენერალს: რას ეწვალები, რომ ეწვალები, ვინ დაგიფასებს, დახე, ესა და ეს კაცი შენზე რას ამბობსო. „უარესის ღირსები ვართო“ მიუგია გენერალს, „ეგ სკოლა უფრო ადრე რომ აგვეშენებინა და მაგისთვისაც გვესწავლებინა, ასეთ რამეს ხომ აღარ იტყოდაო“. მაზნიაშვილის აშენებულ სკოლაში ხუთი სოფლის ახალგაზრდობა სწავლობდა: სასირეთის, ბარნაბიანთკარის, ზემო ხანდაკის, გრაკლისა და ყარაღაჯის.
მაზნიაშვილის დამსახურებაა, დღეს ჩვენს უბანში წყარო რომ გვაქვს. წყარო კი იყო, მაგრამ ძალიან მოშორებით და ხალხი ვერ იყენებდა. მაზნიაშვილმა საიდანღაც ჩამოიტანა რკინის მილები, რაც მაშინ არ იშოვებოდა და წყარო შუა უბანში ამოიყვანა.
ერთი დიდი პრობლემაც მოუგვარა სოფელს. მტკვარი ჩვენი სოფლის მინდვრებს შუა ჰყოფს და ხალხს ფონით უხდებოდა გაღმა გასვლა-გამოსვლა, რაც საფრთხილო იყო, განსაკუთრებით გაზაფხულობით და შემოდგომობით, წყალი რომ მოდიდდებოდა ხოლმე. საჭირო იყო ბორნის გაკეთება. მაზნიაშვილმა ეს საქმეც ითავა. ბორნის ჯაჭვი იშოვნა და ხალხს დიდი ხნის ოცნება შეუსრულა. ერთი სიტყვით, გიორგი მაზნიაშვილი გაჭირვების ტალკვესი გახლდათ. თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, ყველა მას მიმართავდა. არ შემიძლია, ესეც არ გავიხსენო: გორიდან ებრაელები რომ ჩამოვიდოდნენ სავაჭროდ და ბოღჩას გააფარჩავებდნენ, მთელი ჩვენი უბნის გასათხოვარი გოგოები გარშემო შემოეხვეოდნენ ხოლმე. მაზნიაშვილი თუ იქ შეესწრებოდა, დიდ გულმოწყალებას იჩენდა: ყველას რაღაცით დაასაჩუქრებდა. არც ბავშვებს გვივიწყებდა. ერთხელ ებრაელებმა საბავშვო დოლები ჩამოიტანეს. ვინც კი შეესწრო, ყველას სათითაოდ გვიყიდა და ჩამოგვირიგა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და მთელი უბანი დოლის ბრახუნით ავიკელით.

-ამისთანა კაცი, წესით სოფელს ძალიან უნდა ჰყვარებოდა.
-უყვარდათ კიდეც. მისთვის ყველა სახლის კარი ღია იყო. ერთხანს ცხოვრება გაუჭირდა და იძულებული გახდა სახლ-კარი და მამული დაეგირავებინა. სოფელმა რომ ეს ამბავი შეიტყო, ძალიან შეწუხდნენ, შემოეხვივნენ გენერალს და უთხრეს: რატომ დააგირავე ადგილ-მამული, გეთქვა ჩვენთვის და მხარში ამოგიდგებოდით, ამხელა ამაგი მიგიძღვის ჩვენზე და ნუთუ ერთ კაცს ვეღარ შეგინახავდითო.
მაზნიაშვილმა უარი თქვა დახმარებაზე, მეტად თავმოყვარე კაცი იყო, ლუკმას არ ჩაიდებდა პირში, თუ ის ლუკმა თავისი ალალი შრომით არ ექნებოდა მონაგარი. ჩემს ნათქვამს ადასტურებს ერთი ფაქტიც მისი მემუარებიდან: სამშობლოდან გაძევებული, უფლებააყრილი და უსახსროდ დარჩენილი გენერალი სპარსეთში გაემგზავრა მრეწველ ხოშტარიასთან, რათა მასთან ნავთობის სარეწებზე მოწყობილიყო და როგორმე გაეთრია მისჯილი ხუთი წელი. მაგრამ იმედი არ გაუმართლდა. სპარსეთში გაფიცვები მძვინვარებდა და ნავთობის სარეწებზე ყოველგვარი მუშაობა შეჩერებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ხოშტარიამ სთხოვა დარჩენა, გენერალმა იუკადრისა სხვის კმაყოფაზე ცხოვრება და პარიზში გაემგზავრა.

- როგორ მოექცნენ და საერთოდ, რას საქმიანობდა იძულებითი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ?

- ემიგრაციიდან დაბრუნების მერე დააპატიმრეს და ორი წელი ჩეკას სატუსაღოში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ აღარსად უმუშავია. პენსია ჰქონდა დანიშნული. ზამთრობით თბილისში ცხოვრობდა, ზაფხულობით - სოფლად. თბილისში სამოთახიანი ბინა ჰქონდა მერკვილაძის ქუჩაზე, წინ დიდი აივანი ერტყა. მისი დაპატიმრებისას ცოლ-შვილი ერთ ოთახში შეყარეს, ორი ოთახი ჩამოართვეს და სხვა შეასახლეს. სოფლად უკეთესი სახლი ედგა, ისეთი, გენერალს რომ შეეფერებოდა. ცხადია, თავისი აშენებული. სახლს გვერდით დიდი ბაღი ერტყა, იქ ყველანაირი ჯიშის ხეხილი ხარობდა. ვენახი კი მოშორებით ჰქონდა... მახსოვს, მთელი ჩვენი უბანი ეხმარებოდა ხოლმე ყურძნის მოკრეფაში.
გენერალს ძლიერ უყვარდა თავისი მამული და კარგადაც უვლიდა. ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ძირითადად სოფელი ფუსფუსებდა. უყვარდა გლეხებთან ტრიალი, საუბარი, მათთან პურისჭამა. დილით ერთი-ორი ჭიქა არაყი მაინც უნდა გადაეკრა ბიძაჩემ დათასთან ერთად. დროდადრო ღვინის დალევაც სიამოვნებდა, მაგრამ მთვრალი არასოდეს მინახავს.

- თავის ყოფილ თანამებრძოლებთან თუ ჰქონდა ურთიერთობა?
- მისი ხშირი სტუმარი იყო ელიზბარ შერვაშიძე, მაზნიაშვილის არმიის მამაცი ოფიცერი, სომხეთ-საქართველოს ომის მონაწილე: აგერ, ახლა მომახსენეს, რომ ელიზბარ შერვაშიძის ათასეულმა შულავერის მაღლობი დაიკავაო.- წერს გენერალი თავის მოგონებებში.
ელიზბარ შერვაშიძეც სასირეთიდან იყო, წარმოშობით თავადი, იშვიათი ღირსების პიროვნება, გარეგნობითაც წარმოსადეგი გახლდათ, ახოვანი, მიმზიდველი. მათი სასახლე და კოშკი დღესაც დგას სასირეთში, მაგრამ, სამწუხაროდ, შერვაშიძეებს აღარ ეკუთვნით.
ელიზბარი და გიორგი საათობით ისხდნენ ხოლმე ღია აივანზე და საუბარში გართულნი დინჯად შეექცეოდნენ ყავას ან ჩაის. ალბათ, გარდასულ ბრძოლებს იგონებდნენ, სომხეთის ფრონტს, ტაბახმელასა თუ კოჯრის სისხლიან ტრაგედიას, საქართველოს მწარე ბედზე ჩაფიქრებულნი ერთმანეთს უქარვებდნენ ნაღველს.

- რა ბედი ეწია ელიზბარ შერვაშიძეს?

- იგივე რაც გიორგი მაზნიაშვილს.

- გიორგი მაზნიაშვილი 37-ში დახვრიტეს, არა?

- დიახ. მაშინ 67 წლისა იქნებოდა.

- სოფლიდან წაიყვანეს თუ ქალაქიდან?

- სოფლიდან. მთელი ზაფხული სოფლიდან ფეხი არ მოუცვლია, გაზეთებსაც აღარ კითხულობდა, რათა არ მოესმინა ის შემზარავი ამბები, რაც ქვეყნად მძვინვარებდა. მაგრამ 37 რისი 37 იქნებოდა, მაზნიაშვილი სათვალავიდან გამორჩენოდათ?
სექტემბერი იდგა, შაბათი დღე (რიცხვი არ მახსოვს). თბილისიდან სოფელში მივემგზავრებოდი გორის მატარებლით. როგორც კი ჩვენი ვაგონი გრაკლის სადგურს გაუსწორდა, ბაქანზე უეცრად თვალი მოვკარი გენერალ მაზნიაშვილს, თავი დაბლა ჩაეკიდა და მწარედ ჩაფიქრებული მძიმედ მოდიოდა. იქვე ახლოს ორი ჩეკისტი ტრიალებდა. მაშინვე მივხვდი, რაც მომხდარიყო. მატარებლის გაჩერებას აღარ დაველოდე, კიბიდან ჩამოვხტი და გულაძგერებული მასთან მივიჭერი. 
- ნათლი, ეს რა ამბავია თქვენს თავს, ნათლი?- შევძახე ხმის კანკალით.
- დამიჭირეს შვილო!
კიდევ რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ამ დროს ისეთი ძალით მომხვდა უკნიდან წიხლი, რომ კინაღამ ასფალტზე წავიქეცი. ეს ჩეკისტის წიხლი იყო "აუსვი ახლა აქედან, თორემ მაგ შენს ნათლიას თან მიგაყოლებ!" დამჩხავლა თვალების ბრიალით.
განზე დავდექი, ხალხს ამოვეფარე და იქედან დავიწყე მზერა. იგი კვლავ ჩვეული სიდინჯით სცემდა ბოლთას ბაქანზე.
რატომღაც მეგონა, სახალხო მატარებლით წაიყვანდნენ, მაგრამ ერთი საათის მერე საბარგო მატარებელში აიყვანეს და გაუყენეს იმ გზას, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.
შინ რომ ავედი, მთელი ჩვენი უბანი აფორიაქებული დამხვდა, დედა ნამტირალევი იყო, ბიძაჩემს დანა პირს არ უხსნიდა.

- რა ბედი ეწია მის ოჯახს გენერლის დახვრეტის მერე?

- გიორგი მაზნიაშვილს სამი შვილი ჰყავდა, ერთი ქალი და ორი ვაჟი: ანეტა, ივანე და ბორისი. გენერლის დაჭერის შემდეგ მალე ვანოც დააპატიმრეს. როგორც მოგვიანებიტ შევიტყვე ბორისისაგან, საღამოს რომ წაუყვანიათ სახლიდან, ალიონზე უკვე დახვრეტილი იყო. ბორისს შინ რაღა გააჩერებდა, ბაქოში გადაიხვეწა, იქაური სომხის ქალი შეირთო და იქ დაემკვიდრა.
1980 წელს ბორისმა მწერალთა კავშირში მომაკითხა. თბილად შევხვდით. მითხრა: შემძულდა სამშობლოს გარეთ იძულებით ცხოვრება, ცოლს გავეყარე და თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, იქნებ დამეხმარო მამისეული სახლის აღდგენაში, ჩამორთმეული ოთახები როგორმე დავიბრუნოო. მე მაშინვე იოსებ ნონეშვილთან შევიყვანე და მისი გულისხმიერი დახმარებით ერთ თვეში გენერალ მაზნიაშვილის ძველი ბინა მის მემკვიდრეებს დაუბრუნდათ.

- ეს ძალიან კარგი, მაგრამ ისიც საჭიროა, რომ სასირეთში, გენერლის ყოფილ სახლში, მუზეუმი გაიხსნას... და საერთოდ, მის სასახელო საქმეთა პირუთვნელი შეფასებით და საქართველოს ისტორიაში მისი ღირსეული ადგილის განსაზღვრით შესაფერისი პატივი მივაგოთ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას...

- და მის თავგანწირულ მოღვაწეობას საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ეროვნული მეობის გადასარჩენად, რისთვისაც დღეს ასე იბრძვის ქართველობა.

წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ტექსტი გააციფრულა გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონის წევრმა ალექს რუსაძემ 

გენერლის ერთერთი ბოლო ფოტო

მაზნიაშვილი შვილებთან ერთად