"ნებისმიერი თანამდებობა ან პოზიცია ჩემთვის საქმის კეთების საშუალებაა" ინტერვიუ : პაატა გიგაური


ინტერვიუ აღებულია 2020 წლის 1 მაისს 
მშვიდობის უზრუნველყოფა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგებას ნიშნავს. რა სტრატეგია და რეფორმები გვჭირდება იმისთვის, რომ დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო იყოს ამ მთავარ ბრძოლაში გამარჯვებული? აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო მოძრაობის წევრი და "მომავლის არმიის" ხედვის ავტორი, პაატა გიგაური გვესაუბრება.
 
– მოგესალმებით, პაატა. იყო თუ არა თქვენთვის საინტერესო სამხედრო სფერო ბავშვობიდან, თუ მოგვიანებით, გააზრებულ ასაკში დაინტერესდით?

– ბავშვობიდან დავინტერესდი. ჩვენს სახლთან ახლოს, საბურთალოზე, იყო ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმი, რომლის ეზოში დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა იდგა. ერთ დღესაც შემთხვევით შევამჩნიე და მას შემდეგ მუზეუმის ხშირი სტუმარი ვიყავი. ამას დაემთხვა ეროვნული მოძრაობის დაწყება და ეთნიკური დაპირისპირება პირველად ქვემო ქართლში და შემდეგ – სხვა რეგიონებში 80–იანი წლების ბოლოს, მართალია, მაშინ 12-13 წლის ვიყავი, მაგრამ ამ მოვლენებს განვიცდიდი, რადგან მშობლები პატრიოტულად მზრდიდნენ. აფხაზეთის ომის დროს დამაინტერესა, არსებობდა თუ არა წვევამდელი ასაკის ახალგაზრდების მომზადების საშუალება. რა პასუხსაც მივიღებდი, ძნელი გამოსაცნობი არაა, – დამცინეს, ქვეყანა ქაოსში იყო გახვეული. უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიარე უმცროს ოფიცერთა კურსი და მაქსიმალურად ვეცნობოდი სამხედრო ლიტერატურას.
პროფესიულ სამხედრო კარიერაზე ოჯახური პირობების გამო უარის თქმა მომიწია, მაგრამ 2007 წელს, როცა აღმოვაჩინე, რომ მსგავსი მომზადება ისევ არ იყო ქვეყანაში და ჰაერში კვლავ ომის სუნი დადგა, სამხედრო საქმეში დიდი გამოცდილების მქონე თანამოაზრეებთან ერთად დავაარსე მოხალისეთა ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული მომზადებით დაკავდა და ათასობით ახალგაზრდის მომზადებაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემი ბავშვობის ოცნება სხვებს ავუსრულე და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.

 სამოქალაქო მოძრაობის გამოფენა ეროვნ. სამხედრო მუზეუმის დაარსების მოთხოვნით
ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმი

– უფრო ვრცლად მოგვიყევით ახალგაზრდული ლეგიონის შესახებ.
–  გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი არის წვევამდელი ასაკის ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ადგილი. ვატარებთ 2,5–თვიან საბაზისო კურსებს, ცალკეულ სწავლებებს და სემინარებს.
ყველა ჩვენი აქტივობა უფასოა და არც ხელფასს ვიღებთ, წლებია, ენთუზიაზმის დონეზე კეთდება და ასეულობით ახალგაზრდა მონაწილეობს ყოველ წელს.
2016 წლის მაისში გავაფორმეთ მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან, მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის (პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე) დიდი მხარდაჭერით, თანამშრომლობა განსაკუთრებით გაღრმავდა 2020 წელს და წინ ბევრი საინტერესო სიახლე გველის. სამწუხაროდ, პანდემიამ დაგვამუხრუჭა და ამ ეტაპზე ონლაინ სწავლებით შემოვიფარგლებით, მაგრამ ამ სირთულესაც დავძლევთ. იოლად მოპოვებულს მადლი არც აქვს.


ლეგიონში აკრძალულია პოლიტკაზე საუბარიც კი, ორგანიზაცია არის მკვეთრად აპოლიტიკური და მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე მუშაობს თავის სეგმენტში. ჩვენ არ ვანსხვავებთ ადამიანებს პოლიტიკური, რელიგიური, გენდერული და რომელიმე სხვა ნიშნით. თუ ახალგაზრდას სამხედრო-სალაშქრო ცოდნის მიღება უნდა და კანონმორჩილია, ჩვენი ორგანიზაციის კარი და გული მისთვის ღიაა.


– ხომ არ იყო კონკრეტული პიროვნება სამხედრო სფეროში, ვინც გავლენა იქონია თქვენს არჩევანზე?
– არა. ჩემ გარშემო სამხედრო პირები არ იყვნენ. პატრიოტული მუხტიდან და სამხედრო მუზეუმიდან წამოვიდა სამხედრო საქმით დაინტერესება.

– ვინ არის თქვენთვის ყველაზე ძლიერი მხედართმთავარი?
– მეთაური, რომელიც დასახულ ამოცანას მაქსიმალურად მცირე დანაკარგით ასრულებს, უფრთხილდება და ზრუნავს ჯარისკაცზე. ამ და სხვა მიზეზის გამო გიორგი მაზნიაშვილს დავასახელებდი მისაბაძ  მეთაურად. პირადი უზომო გამბედაობა შერწყმული იყო გონიერებასთან და ზომიერ რისკთან ჯარების მართვის დროს. გენერალი თამამად და აქტიურად იყენებდა მოხალისეებს. ყველა ოპერაციში, რომელსაც მაზნიაშვილი მეთაურობდა, პირადი შემადგენლობის მინიმუმ ნახევარი მოხალისე იყო, რაც ჩემთვის უმნიშვნელო ფაქტორი არაა.

– რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი და გამართული ჯარი სახელმწიფოს სტაბილურობისთვის?
– უსაფრთხოება ცალკე აღებული ადამიანის ცხოვრებაშიც ნომერ პირველი პრიორიტეტია, თუ ფიზიკურ არსებობას რეალური საფრთხე მოელის, წინსვლა შეუძლებელია. იგივე ეხება ერსაც, ჯარი არის კონსტიტუციური წესრიგის გარანტი და საგარეო საფრთხისგან დამცველი. დააკვირდით, ძლიერი ჯარი პირდაპირ უკავშირდება ქვეყნების გავლენას და ადგილს მსოფლიოში. მსოფლიოს გავლენიან ქვეყნებს ან ძალიან ძლიერი ჯარები ჰყავთ ან 100%–ით უსაფრთხოდ არიან სამხედრო ბლოკის გამო. შვეციარიაც კი, რომელსაც საფრთხე არსაიდან არ მოელის, ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა. საქართველოს შემთხვევაში, თუკი რაიმე სახის სიმეტრიული და ასიმეტრიული საფრთხე არსებობს, პირდაპირ დამიზნებულია ჩვენზე და ამ პირობებში ასეთი აგდებული და დამამცირებელი დამოკიდებულება ჯართან პოლიტიკოსების მხრიდან, დანაშაულია.
ჩვენი ამოცნაა, ისეთი ჯარი შევქმნათ, რომელიც გადააფიქრებინებს პოტენციურ მოწინააღმდეგეს, ძალა გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ისეთ საშინელ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს, ასეულობით ჩვენს მოქალაქეს იტაცებენ, ასეულობით ჰექტარს იზომავენ და საკუთარი მოქალაქეების და მიწების ელემენტარულ დაცვასაც არ/ვერ ვახერხებთ. რომელი ნორმალური ინვესტორი ჩადებს ფულს ასეთი უსაფრთხოების გარემოს მქონე ქვეყანაში? რა ბიზნესის განვითარებაზეა საუბარი? ანდაც სამხედრო ფლოტის გარეშე ფრონტისპირა ანაკლიაში საერთაშორისო პორტის ამოქმედება როგორ წარმოგიდგენიათ? აფსუებს მეტი მცურავი საშუალება აქვთ, ვიდრე ჩვენ, როცა მოუნდებათ, მაშინ უნდა შევრცხვეთ? არადა, მონდომების შემთხვევაში საკმაოდ ძლიერი ფლოტის შექმნა შეიძლება, მადლობა ღმერთს, კონკრეტული ხედვაც არსებობს და გამკეთებლებიც გვყავს ქვეყანაში. მხოლოდ პოლიტიკური ნება აკლია ამ და კიდევ ბევრი თემის დაძვრას.

– სამხედრო სამსახური უნდა იყოს სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი?
– ჩვენს ხედვაში აქცენტს ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურზე ვაკეთებთ, მაგრამ დამუშავებული გვაქვს სავალდებულო სამსახურის ორი მოკლევადიანი ვარიანტიც: 2,5 და 6–თვიანი. ისრაელში, ფინეთში, ესტონეთში, შვეციარიაში, სამხრეთ კორეაში, ავსტრიაში და ა.შ. არც განათლების მიღებაში, არც კარიერულ წინსვლაში და არც პირად თავისუფლებაში ჯარი ხელს არ უშლის ახალგაზრდას. თუ სავალდებულოზე შევთანხმდებით პოლიტსპექტრში, უნდა იყო ინტენსიური (დროის 60% საველე სწავლებაზე უნდა მოდიოდეს) და მოკლევადიანი, მომზადების ციკლის და სასწავლო პროგრამის გადაწყობის შემთხვევაში, ამ დროში შესაძლებელია ქვეითის გაწვრთნა და მომდევნო 3 წლით პირველი რიგის ტერიტორიული რეზერვის ბატალიონში ჩარიცხვა. 3 წლის შემდეგ დაახლ. 25,000 გაწვრთნილი და ომისთვის მომზადებული რეზერვისტი გვეყოლება (ეს ციფრი აღარ შემცირდება), რომლებსაც, ძირითადად, უმეთაურებენ თადარიგის ოფიცრები და სერჟანტები, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებად გადამზადებას გაივლიან.
ჯარი სოციალური მოვლენაა და კარგად მოწყობილი ახალგაზრდას სძენს საინტერესო გამოცდილებას, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაშიც გამოადგება, ხოლო მოკლევადიანი და კონკრეტული ბენეფიტების მქონე – ხელს საერთოდ არ შეუშლის პირად ცხოვრებაში.

– ალეკო ელისაშვილის გუნდს წარმოადგენთ. რამ განაპირობა პოლიტიკი თქვენი დაინტერესება და რატომ სამოქალაქო მოძრაობა?
პოლიტიკამ ეროვნული მოძრაობის გამოღვიძების დროს მიიქცია ჩემი ყურადღება, მაშინ მივხვდი, რამხელა გავლენა აქვს ერის და ცალკე აღებული ადამიანის ცხოვრებაზე პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ ამ სფეროში ჩაბმის სურვილი არ მქონია, რითაც ჩემი ერის წინაშე მოვიხდიდი მოვალეობას, იმ თემით დავკავდი. არასოდეს არ ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, ან აქტიური მხარდამჭერი.
სამოხალისეო აქტივობის დაწყების დროს გადავიკვეთეთ, ალეკო მაშინ  „ტფილისის ჰამქარს“
ხელმძღვანელობდა და თბილისს იკვლევდა, მე სამხედრო ისტორიას ვუღრმავდებოდი, ძველი თბილისის ფოტოებმა და იუნკრებმა დაგვაახლოვეს, ერთ ტალღაზე მყოფმა ორმა ადამიანმა ბუნებრივად მონახა ერთმანეთი. მაშინ პოლიტიკაზე საერთოდ არ ვფიქრობდით და ვინმეს რომ ეთქვა, წლების მერე ერთ პარტიაში იქნებითო, გულიანად ვიცინებდი.
ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტულ მოძრაობაში 12 წლის მანძილზე ნანახმა ღრმად დამარწმუნა, რომ საქართველოს ერთ–ერთი ძირითადი პრობლემა მენტალურად მონა, საბჭოთა მიდგომების მქონე არაპატრიოტი პოლიტელიტაა. სხვა ქვეყნებში ასეთ ახალგაზრდულ მოძრაობებს ხელის გულზე ატარებენ, ჩვენთან გარკვეულ დონეზე ადიოდა საშუალო რგოლის დახმარებით, მაგრამ „უხილავი ძალა“ განვითარების საშუალებას არ აძლევდა, ასე შევეჯახე პოლიტიკური ნების ძალას, საკუთარ თავზე გამოცდილი მაინც სხვაა. ვნახე, როგორ „მუშაობდა“ სისტემა, მივხვდი, რომ სულ ასე იქნებოდა საქართველოში და ამდენი ნაწვალები შეიძლება, წყალში ჩაყრილიყო, რადგან თევზი თავიდან აგვიყროლდა.
ამ დროს დაიწყო ალეკომ პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა და როცა სამოქალაქო მოძრაობა დააარსა და თანამოაზრეებს საჯაროდ მიმართა, ერთის მხრივ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, გვერდში დავდგომოდი, რადგან ვიცოდი მისი მოტივაცია, მენტალობა, პრინციპულობა, ხედვა და მეორე მხრივ, თვალნათლივ ვხედავდი, რომ არსებული პოლიტელიტა შესავიწროებელი იყო ახალი, ანტისაბჭოთა მენტალობის, საკუთარი სამშობლოსა და ხალხის გულით მოყვარული ადამიანების მიერ.
კარგად მესმის, რა დონის უთანასწორო ბრძოლაში შევედით, რამხელა სიბინძურის დაძვრა გვინდა და ეს რა რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სხვა გზა არაა. თავის დროზე ნორმალური ცხოვრების უფლება წაართვეს ჩემს თაობას და იგივეს უპირებენ ჩვენს შვილებს, ამას კი აღარ დავუშვებთ!
აღსაღნიშნავია, რომ ალეკოს ორივე ბიჭი და ჩემი შვილიც თბილისის ლეგიონის ახალწვეულების გაზაფხულის კურსზე არიან. 2007 წელს ამაზე ვერც ვიოცნებებდი.

 მიხეილ გიგაური. ლეგიონის ახალწვეული

– გაგვაცანით თქვენი ხედვა „მომავლის არმიის“ შესახებ
–  რამდენიმე ათეულ გამოცდილ და თავისი საქმის მოყვარულ სამხედროსთან კონსულტაციების გავლის შემდეგ 2019 წლის მარტში გავამზადეთ სამოქალაქო მოძრაობის დარგობრივი ხედვა „მომავლის არმია“, რომელიც 20 თავის და დაახლ. 200 პუნქტისგან შედგება. მისი ნახვა ამ ბმულზე შეიძლება.

გამოვყოფ ოთხ საკითხს:
1) ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააფორმონ „თავდაცვის აქტი“, ანუ პარტიებს შორის შეთანხმებული ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება თავდაცვის ძალების განვითარების დაახლ. 8–წლიანი ხედვა (ორი საარჩევნო ვადით) და რომელსაც ვერც ერთი პარტია ან მინისტრი ვეღარ შეცვლის თვითნებურად. ამ შეთანხმებაზე დაშენდება ყველაფერი დანარჩენი.
2) თავდაცვის დაფინანსება არის მიზერული, შეუძლებელია ბრძოლისუნარიანი ჯარის შექმნა ამ ბიუჯეტით. აიცულებელია მისი გაზრდა, რომელიც რა თქმა უნდა, გაწერილი და დასაბუთებული უნდა იყოს.
3) საჭიროა მაღალკვალიფიციურ, პასუხისმგებლობის მქონე და ინიციატივიან ოფიცერთა და სერჟანტთა კლასის ფორმირება, რადგან მათ უნდა შეასხან ხორცი ხედვას და მისგან გამომდინარე გეგმებს. ეს მოითხოვს სამხედრო საქმის პრესტიჟის გაზრდას, ფილტრაციას და სასწავლო პროცესის გარკვეულ შეცვლას.
4) სამოქალაქოთა ჩართულობა არის თითქმის ნულოვანი. ჯარი თავისთვისაა და ხალხი – თავისთვის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ახალგარდული ლეგიონის გაშლა მთელი საქართველოს მასშტაბით და ნებაყოფლობითი თავდაცვის ლიგის დაარსება, სადაც სამოქალაქო პირები ჩაეწერებიან და მიიღებენ შესაბამის ცოდნას, რომელიც ჯარს შეეშველება ომის, ან კრიზისის დროს, გამოათავისუფლებს პირადი შემადგენლობის ნაწილს.
სხვათა შორის, ახალი მინისტრის (ი. ღარიბაშვილი) დანიშვნის შემდეგ ჩვენი ხედვის რამდენიმე პუნქტის რეალიზება უკვე დაიწყო, რასაც მივესალმებით.

– სწორი მენეჯმენტის პირობებში რა დროა საჭირო სრულფასოვანი სამხედრო რეფორმის გატარებისთვის?
– სწორი მართვის და საკმარისი დაფინანსების შემთხვევაში 3-4 წელი საკმარისი იქნება პირველი ხელშესახები შედეგის მისაღებად. ოპტიმალური კი 8 წელი მგონია.

– პრორუსული ძალები ცდილობენ სამხედრო მიუმხრობლობის პოპულარიზაციას, არის თუ არა საქართველოს პირობებში შესაძლებელი ნეიტრალიტეტის გამოცხადება? და რა შედეგებს მოგვიტანს?
– იგივე შედეგს მოგვიტანს, რაც 1921 წელს მოგვიტანა, მაშინ არავინ გვედგა გვერდში 1920 წლის გაზაფხულიდან,  ამიტომ საკუთარი დე–იურე და დე–ფაქტო აღიარება (1920 წლის 7 მაისის) და გამოცხადებული ნეიტრალიტეტი გადაგვახიეს თავზე რუსებმა. პრორუსებმა იციან ეს და მაგიტომ უჭერენ მხარს ნეიტრალიტეტს, რათა საგარეო დახმარების შანსი დაგვეკარგოს და გარანტირებულად შემოვიდეს რუსეთი საქართველოში, შედეგად ეს ვაჟბატონები მოგვევლინონ ახალ მთავრობად განუსაზღვრელი ვადით და ძალაუფლებით. გავლილი გვაქვს ეგ სიმღერა თავის დროზე, ასე რომ, მაგ საკენკით თანამედროვე ბოლშევიკები თუ იკვებებიან.
ნეიტრალიტეტს არც ერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია ხეირი. ზოგადად ნეიტრალიტეტი არსებობს ორი სახის: პრესტიჟული, როცა საფრთხე არავისგან არ გემუქრება (მაგ.: შვეციარია, ავსტრია), ან იძულებითი, როცა საფრთხე რეალურია, მაგრამ დახმარებას არავისგან არ ელი (მაგ. ბალტიისპირეთი 1930–იან წლებში). მოკავშირე ქვეყანა არასოდეს არ მოითხოვს მეგობრისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, როგორც წესი, ეგ არის მტრის მოთხოვნა!
ნორვეგიამ 1814 წელს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, 1940 წლამდე არავის აინტერესებდა მათი დაპყრობა და ცხოვრობდნენ მშვიდად, პირველივე დაინტერესებულმა ქვეყანამ ანუ გერმანიამ, 1940 წელს უცებ გამოუყვანა წირვა. იგივე ისტორია აქვს ჰოლანდიას, რომელმაც 1839 წელს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და დაიპყრეს 1940 წელს. შეაჩერა აგრესორი ნეიტრალიტეტმა? არა. ისწავლეს ჭკუა? დიახ. ორივე NATO-ს წევრია.

– აქვე მინდა, გკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს ქართული ჯარის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას?
საერთაშორისო მისიები არის NATO-ს ჯარებთან კონტაქტების გაღრმავების, წვრთნის, საბრძოლო სიტუაციაში გამოცდილების მიღების და სამწუხაროდ, ნორმალური ანაზღაურების მხოლოდ საზღვარგარეთ მიღების საშუალება.
საჭიროა ჩართულობის სხვა მიმართულებითაც გაღრმავება. მაგალითისთვის მოვიყვან ორ ამონარიდს „მომავლის არმიის“ ხედვიდან:
11.9 აუცილებელია უცხოეთის მისიებში ვიწრო სპეციალობის სამხედრო მოსამსახურეების (მაგ.: ინჟინრები) მივლინება გამოცდილების მისაღებად და გასაზიარებლად.
15.2 მომზადების მაღალი დონის შესანაჩუნებლად და გამოცდილების დასაგროვებლად როტაციის საფუძველზე (შენიშვნა: სპეციალური ოპერაციების ძალები) რეგულარულად უნდა მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნების მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში, ერთობლივ წვრთნებში მინიმუმ ოცეულის ზომის დანაყოფით და საერთაშორისო შეჯიბრებებში.
ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როგორ ჩაიშალა ქართული მხარის პასიურობით აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან ძალიან სერიოზული თანამშრობლობის შესაძლებლობა ერთ–ერთ სფეროში მაშინ როცა ამერიკული მხარე მზად იყო. არსებული სისტემისგან მიღებული ერთ-ერთი პირადი შოკი ამ შესაძლებლობის ჩაშლა იყო.

– თქვენი აზრით, კორონა ვირუსით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იმოქმედებს თუ არა ძალთა გადაბალანსებაზე მსოფლიოში და როგორია თქვენი პროგნოზი?
– რა თქმა უნდა, მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება როგორიც აქამდე იყო.  პრიორიტეტები ახლებურად გადანაწილდება და ყველა ქვეყანა პირველ რიგში საკუთარ თავზე იზრუნებს და შემდეგ უკვე – თავის მოკავშირეზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თვითმკმარობა და ძლიერი მეგობრების ყოლა, რომლებმაც უკვე გამოყვეს 3,5 მლრდ. დოლარი ჩვენს დასახმარებლად, ხოლო „ერთმორწმუნე“ ქართული მიწების მიტაცებითა და ადამიანების გატაცებითაა დაკავებული მსოფლიო პანდემიის დროსაც კი! წარმოუდგენელი ბოროტებაა! ამ დროს ტერორისტებმაც კი შეწყვიტეს ტერაქტები! ასე რომ, ჩვენს შემთხვევაში სიახლეს არ ველოდები, ყველაფერი ისედაც ნათელია. ასეთ დროს ძალიან კარგად ჩანს, ვინ ვინაა როგორც პიროვნულ, ასევე ორგანიზაციების და ქვეყნების დონეზეც კი.
როგორც ჩანს SARS-ის ვირუსი ბოლომდე გაშიფრული არაა, მისგან რას უნდა ველოდოთ მომავალში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ამიტომ გლობალური პროგნოზისგან თავს შევიკავებ.

– თქვენ რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყოთ …
ნებისმიერი თანამდებობა ან პოზიცია ჩემთვის საქმის კეთების საშუალებაა. რახან შეკითხვა მინისტრობას ეხება, ცოტა წავიფანტაზიოროთ … თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის და პარტიებს შორის „თავდაცვის აქტის“ ხელმოწერის გარეშე ამ თანამდებობას არ დავთანხმდებოდი, რადგან ხედვის რეალიზაციის და თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ამაღლების საშუალება არ მექნებოდა. „თავდაცვის აქტის“ გარეშე არც იმის გარანტია მექნებოდა, რომ ჩემი მომდევნო მინისტრი არ აურევ-დაურევდა დაწყებულ საქმეს. ჩვენთან როგორ ხდება? ახალი მინისტრი ან ჩინოსანი მისი პირადი ხუშტურებიდან გამომდინარე იწყებს რეფორმებს, სიახლეების დანერგვას და ა.შ. თუ გინდათ, ჯარი ბრძოლისუნარიანი არ იყოს, გამუდმებით უნდა უტაროთ რეფორმები. მოკლედ: კაბინეტში ჯდომა, შავი ჯიპით და დაცვით სიარული, ზეიმებზე ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვა – არ მხიბლავს. მუშაობის იმიტაციისთვის და ბოლის გასაშვებად (ეს ისედაც არ გვაკლია ბოლო 28 წელიწადია) ნამდვილად არ მოვდივართ პოლიტიკაში.
ჩემთვის საქმის კეთების ინსტრუმენტია პოლიტიკაც, რომელსაც არც გავეკარებოდი, რომ არა არსებული არანორმალური სიტუაცია ქვეყანაში. ათ წელზე მეტია, ველოდებოდი სასიკეთო ცვლილებას და როცა იმედი გადამეწურა, მედესანტეების ცნობილ დევიზამდე მივედი: „ვინ, თუ არა ჩვენ?!“

ასეა: ინტერვიუს პირველწყარო