სამხედრო რაიონი, სავალდებულო სამსახური, რეზერვი და თავდაცვის ლიგა


წარმოგიდგენთ ერთერთ ვარიანტს, თუ როგორ შეიძლება საქართველოს თავდაცვის ძალების მოწყობა ისე, რომ ადექვატურად და სწრაფად უპასუხოს როგორც სიმეტრიულ, ასევე ასიმეტრიულ საფრთხეებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ამ ვარიანტს პირობითად დავარქვი "ქსელი", ხოლო სტატია მიზნად ისახავს ამ თემაზე საუბრის წახალისებას მილიტარისტებში და მოსახლეობის ინფორმირებას. ეს არ არის "მომავლის არმიის ხედვა", ანუ საპროგრამო დოკუმენტი, არც ჭეშმარიტებაზე მაქვს პრეტენზია.
მოყვანილი სახელები და ციფრები პირობითია, ანუ 2.5 თვეს ალბათ 4 თვე ჯობიაო მაგაზე დროს ნუ დავხარჯავთ, საინფორმაციო სტატიის კომპეტენციას ძალიან შორდება. ასევე შევეცადე გასაგები ენით გადმომეცა საკითხის არსი. თუ დაინტერესდებით თემის უკეთ შესწავლით, გაგიჩნდებათ შეკითხვები, ან კონტრარგუმენტები ე.ი. სტატიამ თავისი ამოცანა შეასრულა! მაშ ასე:

სამხედრო რაიონები

დარაიონება, ანუ გეოგრიფიულ არეალზე მორგებული ახალი სამხედრო-ტერიტორიული მოწყობა საშუალებას მოგვცემს სწრაფად და კონცენტრირებულად შევძლოთ წარმოქმნილ ლოკალურ საფრთხეზე რეაგირება. ამ მიზნით უნდა დაარსდეს სამხედრო რაიონები შტაბით, ბატალიონებით და ცალკეული რაზმებით. სრული ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყანა წინააღმდეგობის ქსელით დაიფარება და ძალიან გაურთულებს მტერს როგორც წინსვლას, ასევე ზურგში მოქმედებას.
დარაიონება სიახლე არაა, მაგალითად შვედეთში რაიონები 1833 წელს ამოქმედდა და ყველა ქვეყანა, სადაც სამხედრო საქმე საშუალო დონეზე მაინცაა, დარაიონებულია. ეს მომენტი არც ქართული სამხედრო აზრისთვის იყო უცხო, ტერიტორიული სადროშოები გაერთიანებული საქართველოს ჯარისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 1918-1921 წლებში ისევ აღორძინდა "ტერიტორიული მიდგომა" ქართულ არმიაში, მაგრამ ოკუპაციის შემდეგ მოიშალა და გაქრა. მაქსიმუმ აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად იყოფა საქართველო და ამით შემოიფარგლება.

რაიონი უნდა იყოს ავტონომიური, ომის დროს ნაკლებად დამოკიდებული ცენტრზე (რაც ნიშნავს ინიციატვის საკუთარ თავზე აღების გამომუშავების უნარებს ოფიცრებსა და სერჟანტებში) და უნდა იმოქმედოს წინასწარ მომზადებული გეგმების მიხედვით. ზოგი რაიონი დიდი იქნება (მაგ. თბილისის განსაკუთრებული რაიონი) და ზოგი პატარა (მაგ. დუშეთის). ყველა რაიონს ექნება საკუთარი სასწავლო-სამოქმედო გეგმა, მაგრამ ერთიანი ხედვის ფარგლებში.

დანაყოფების კონკრეტულ რელიეფზე მიბმით, რაიონებისთვის ზუსტი გეგმების განსაზღვრით სექტორების მიხედვით, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო და სარაკეტო შეიარაღებით შეძლო ლიბანის ჰეზბოლამ 2006 წელს ისრაელის ჯარის მასირებული შეტევის შეფერხება და 1 თვის მერე მოლაპარაკებების დაწყებაზე იძულება, მიუხედავად ამ უკანასკნელის კოლოსალური უპირატესობისა ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში.

ჰეზბოლას სამხედრო რაიონები და სექტორები 2006 წელს

მშვიდობის დროს დანაყოფები (რეგულარული და რეზერვის) პირველ რიგში მოემზადებიან საკუთარი რაიონის ამოცანებიდან გამომდინარე და იმ რელიეფზე, სადაც მოუწევთ ომი (მაგ.: თბილისელი პირველ რიგში დაიცავს თბილისს, ხოლო თელავის სამხედრო რაიონის წევრი კახეთს), რაც დიდ უპირატესობას მისცემს მტერთან შედარებით. დანაყოფებს ექნებათ "შესაბამისი პროფილი", მაგალითად: უშუალოდ თბილისში ვინც უნდა იბრძოლოს "ქალაქში ბრძოლა" იქნება ბატალიონის სასწავლო პროგრამის ბირთვი, დაფუძნებული თანამედროვე "ურბანული ოპერაციების" გამოცდილებაზე და საშტატო შეიარაღებაც შესაბამის უნდა ჰქონდეთ, ანუ საუბარია "მძიმე ქვეითებზე". თუ ბატალიონის ძირითადი სამოქმედო არეალი მთაგორიანი სექტორია, შეიარაღება, ეკიპირება და მომზადებაც კონკრეტულ რელიეფზე უნდა იყოს მორგებული, ანუ უკვე "მსუბუქ ქვეითზე" ვსაუბრობთ.
ტერიტორიული დანაყოფების გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
სამხედრო რაიონებში უნდა მოეწყოს ახალი ლოჯისტიკურ-სასწავლო ცენტრები, შენობებში რამდენიმე ასეული კაცის ერთდროულად განთავსების საშუალებით და სადაც დასაწყობდება სარეზერვო დანაყოფების გასაშლელად საკმარისი მატერიალური საშუალებები, ტექნიკა, იარაღი, საკვები და საბრძოლო მარაგი.
რაიონების დაარსება ხელს შეუწყობს ოფიცრების და სერჟანტების კარიერულ ზრდას, რადგან არსებული მცირერიცხოვანი დანაყოფები საშუალებას არ იძლევიან დროულად მოხდეს სამსახურეობრივი როტაცია და გადაადგილება.
რაიონის მეთაურობას კიდევ რამდენიმე ამოცანა ექნება, ფორმატის გამო მათ არ ავღწერ, თუმცა ქვემოთ ნახსენები იქნება ზოგიერთი.

ჯარის კომპონენტები (დაკომპლექტების მიხედვით)

ჯარი ომის დროს უნდა ივსებოდეს რამდენიმე სეგმენტედან და თავდაცვის ხედვაში ჩართული უნდა იყოს დამხმარე ორგანიზაციებიც:

1). პროფესიული სამხედრო სამსახური ძალიან მაღალ დონეზე მომზადებული და აღჭურვილი დანაყოფები, რომელთა ძირითადი ამოცანა ომის დროს მოწინააღმდეგის შეკავება და სარეზერვო დანაყოფების მობილიზაციისთვის საჭირო დროის მოგება უნდა იყოს.

2). სავადებულო სამხედრო სამსახური უნდა გახდეს დაახლ. 3 თვიანი, მაქსიმალური საველე მომზადებით და მსუბუქი-ქვეითის პრაქტიკული პროგრამით. 2.5 თვე საბაზისო მომზადება, ხოლო დარჩენილი 2-3 კვირა დახელოვნება რომელიმე სფეროში (მაგ.: მეტყვიამფრქვევე, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, რადისტი, ჩუბინი და ა.შ.). სსს გავლა მოხდება: რეგულარულ ბრიგადებში და სამხედრო რაიონების სასწავლო ცენტრებში (დაახლ. 10 უნდა იყოს ასეთი). საუბარია 10-12.000 ახალწვეულის მიღებაზე წელიწადში, რაც შეუსრულებელი მისია არაა, 100 წლის წინ ვახერხებდით ურმით რომ გადაადგილდებოდა ხალხი და თან საშინელ ეკონომიურ-ეპიდემიოლოგიურ პირობებში.

ვისაც არ ენდომება საბრძოლო ნაწილში სამსახური (სულერთია რა მიზეზით, რელიგიის თუ უბრალოდ პაციფიზმის გამო), მათ უნდა გაიარონ „არაძალადობრივი გასამხედროებული სამსახური“ სახელმწიფო უწყებების საყარაულო, ან დამხმარე დანაყოფებში (სამედიცინო, ლოჯისტიკის, სამუშაო და ა.შ.) 6 თვის ვადით. იხილეთ: ფინეთის ჯარის არაძალადობრივი სამსახური

სსს საბაზისო საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ მოქალაქეს შეეძლება:

ა). გააფორმოს პროფესიული კონტრაქტი 4 წლით რეგულარულ დანაყოფში
ბ). საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სავალდებულო წესით, 3 წლით ჩაირიცხოს აქტიური რეზერვის ტერიტორიულ ნაწილში, წელიწადში 21 დღით თავის დანაყოფში შეკრებაზე ყოფნის ვალდებულებით.
აქტიურ რეზერვში სამსახური უნდა ანაზღაურდებოდეს (მაგ.: რიგითისთვის თვეში ₾130, ანუ წელიწადში: ₾1.560). გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა შეღავათები და ბუნუსებიც. ეს დამოკიდებულია ეკონომიკის სიძლიერეზე, მარტო სურვილი არ კმარა როცა ფული არაა.
ეროვნული გვარდია ქვეითის საბაზისო მომზადებაზე (თან ზოგი ყოფილი საკონტრაქტოა, ზოგმა საერთოდ არაფერი იცის და ერთად კი სწავლობენ) ხარჯავს ორ წელიწადს, ჯამში 90 დღეს, რაც დროში ძალიან გაწელილია, ხოლო წელიწადში 45 დღის შეთავსება ძალიან ჭირს სამოქალაქო სამსახურთან. ჩემი აზრით 90 დღიანი რეგულარული მომზადება (განახლებული პროგრამით) უფრო ხარისხიანი, ეფექტური და იაფი იქნება. ხოლო მომდევნო პერიოდი გატარებული "21 დღიან რეზერვში" შეძენილი უნარების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ხოლო თუ ამ სისტემის ფუნდამენტში ახალგაზრდული ლეგიონი ჩაიდება, კიდევ უფრო ამაღლდება ხარისხი.
პირველი სავალდებულო კონტრაქტის, ანუ 3 წლის დასრულების შემდეგ მოქალაქეს უფლება ექნება ნებაყოფლობით, 1-2 წლით გაიხანგრძლიოს აქტიურ რეზერვში ყოფნა, ან გადავიდეს თადარიგში.
აქტიურ რეზერვისტს შეეძლება მეთაურის კურსის გავლა და დაწინაურება ოცმეთაურად, ათმეთაურად, ან ოცეულის სერჟანტად. ნებისმიერი კურსის წარმატებით გავლა შესაბამისად უნდა ანაზღაურდებოდეს.

3 წლის შემდეგ, წელიწადში 10-12.000 ახალგაზრდაზე დათვლით, აქტიურ რეზერვში სამ გაწვევაზე დაგროვდება დაახლ. 30.000 მებრძოლი და ეს რიცხვი დიდად აღარც შეიცვლება. 10.000 თადარიგში გადასულს დაემატება 10.000 ახალგაწვეული.
რეალურად სსს გამოდის 3 წლიანი, ჯამში 132 დღიანი მომზადებით.

3). სამობილიზაციო რეზერვი (თადარიგი) უნდა იყოს 10 წლიანი. თადარიგში ჩაირიცხებიან ყოფილი სამხედრო პირები რეგულარული და აქტიური რეზერვიდან, რომლებმაც აღარ გააფორმეს კონტრაქტი. ეს კატეგორია სავალდებულო წესით შეიძლება გამოიძახონ მხოლოდ სრული მობილიზაციისას, ან საშუალება იქნებათ მოხალისედ დაბრუნდნენ აქტიური რეზერვის შემადგენლობაში ნაწილობრივი მობილიზაციის დროს.

4). საქართველოს თავდაცვის ლიგა გააერთიანებს სამოქალაქო პირების მიერ შექმნილ "გასამხედროებული ტიპის" ორგანიზაციებს და მოაქცევს მათ ერთიან ხედვასა და გეგმაში. ეს თემა ძალიან დიდია, თვალსაჩინოებისთვის ჩამოვწერ ლიგის სავარაუდო შემადგენლობას, რათა გასაგები გახდეს რაზეა საუბარი:

ა). დაცვის რაზმები. ტერიტორიული რეზერვის სამოხალისეო სახეობა, რომლის ძირითადი ამოცანა სამხედრო რაიონში ადგილობრივ ადმინისტრაციასთან და შსს-სთან ერთად მოქმედება იქნება: ინფრასტრუქტურის და წესრიგის დაცვა, ტვირთების კონვოირება, მოსახლეობის ევაკუაცია და ა.შ. საუბარია ყველა შესაძლო ამოცანაზე, რაზეც არ უნდა მოწყდეს ჯანღონით სავსე ახალგაზრდა მებრძოლი, ანუ რეგულარული ნაწილები და აქტიური რეზერვი.

ინგლისის "დაცვის რაზმები" 1942 წელს

დაცვის რაზმებში გაწევრიანებას შეძლებს ყველა ის მოქალაქე, რომელიც რაიმე მიზეზის გამო (მაგ.: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი) ვერ მოხვდება "ძირითად" კონტრაქტზე, ან დაასრულებს მას და გავა თადარიგში. რა თქმა უნდა დაცვის რაზმის წევრიც გააფორმებს 2-3 წლიან კონტრაქტს და ვალდებული იქნება 14, ან 21 დღე გაატაროს თავისი რაზმის სწავლებებზე.

კალიფორნიის შტატის "აქტიური რეზერვი" წვრთნის ადგილობრივ "დაცვის რაზმს"

ალასკის შტატის "დაცვის რაზმი" მეორე მსოლფიო ომის დროს

ალასკის შტატის "დაცვის რაზმი" ჩვენს დროს

ბ). მსროლელთა კლუბი, სადაც ნებისმიერ კანონმორჩილ მოაქალაქეს შეეძლება მსუბუქი იარაღის (რაც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში) და სროლის შესწავლა შეღავათიან ფასად. კლუბი ისარგებლებს სამხედრო რაიონის ლიცენზირებული ღია სასროლეთებით და გახდება იარაღის კულტურის ამაღლების ძირითადი კერა.

30 წელიწადია ომში ვართ, ურთულეს, იარაღით გადატენილ აგრესიულ რეგიონში გვიწევს ცხოვრება და ერთი ღია სასროლეთიც კი არ გვაქვს! ასეთი ქვეყანა დედამიწაზე სულ რამდენიმეა ალბათ. ხალხი დემილიტარიზებულია, ხოლო სამხედრო საქმის და სროლის მოყვარულები უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან. არადა სამხედრო საქმის კარგად ცოდნამ, ორგანულად შერწყმულმა შრომასთან მოგვიყვანა აქამდე! ერთის გამოცლაც სცადეს ჩვენთვის რუსებმა და მეორისაც ... შედეგად მივიღეთ ლუარსაბ თათქარიძის ტიპაჟი, რომელიც გორაობს ტახტზე და ოცნებობს, ანუ საქმის კეთების გარდა ყველაფერს აკეთებს, ანუ არაფერს

სპეცრაზმელი არაა, ჩვეულებრივი მოქალაქეა ჩვეულებრივ თავისუფალ ქვეყანაში!
ეს ტიპი არც კანონს დაარღვევს (სროლის პრივილეგიას დაკარგავს) და არც მთვრალი ატეხავს სროლას აივნიდან!

ეს შვეიცარიის (!) ღია სასროლეთია. ბოლომდე უყურეთ სადაა მოწყობილი :))
2.000.000 ერთეული იარაღი ისვრის შვეიცარიაში ასეულობით სასროლეთზე

გ). გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი, რომლის ამოცანა იქნება: თავდაცვის ძალებისა და შსს-სთვის მოტივირებული კადრების მოძიება, ახალგაზრდების დაინტერესება და წინასწარი გაწვრთნა სწავლისგან თავისუფალ დროს. ორგანიზაციაში გაივლიან ინდივიდუალურ, ჯგუფურ და ლიდერის მომზადებას. ასაკი: 12-18 წელი

გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი

ლიგაში შეიძლება გაერთიანდნენ: სალაშქრო, საინფორმაციო ომის, სამედიცინო, სამოყვარულო სპორტის, კავშირგაბმულობის, დრონების, სამხედრო ისტორიის და სამხედრო საქმესთან მეტნაკლებად ახლოს მდგომი პროექტები და ორგანიზაციები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კონკრეტულ ხედვაში მოექცევიან. ერთის მხრივ ენთუზიასტები მიიღებენ მნიშვნელოვან ხელშეწყობას და მეორეს მხრივ გააძლიერებენ თავდაცვისუანარიანობას. გარდა ამისა, დაახლოვდება ჯარი და ხალხი, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ჯარი სახალხო არაა, აბა ვის ინტერესებს ემსახურება ის?

პროექტი "მოლაშქრე" | იხილეთ სხვა ვიდეოები

ეს მიდგომა წააგავს შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს წყობას, სადაც მოქალაქეთა დაცვის და საგანგებო სიტუაციების კოორდინაცია და სპორტული აქტიობები თავდაცვის ნაწილია.

ლიტუანია უფრო ახლოსაა ამ ვარიანტთან, რეგულარული ჯარის პარალელურად მოქმედებენ "ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალები" (National Defence Volunteer Forces), როგორც ჯართან თავსებადი აქტიური რეზერვი (5.000 კაცი) და "მსროლელთა კავშირი" (Riflemen's Union) 12.000 წევრით, რომელიც სტატიაში წარმოდგენილი თავდაცვის ლიგის მაგვარი ორგანიზაციაა.

 ლიტუანიის აქტიური რეზერვი

ლიტუანიის "თავდაცვის ლიგის" აქტიობები

ფინანსები

ბიუჯეტის გაორმაგება საშუალებას მოგვცემს ამ სისტემის პირველი ეტაპი ამუშავდეს, რადგან დიდი მოცულობის წინასწარი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი (ძირითადად იურიდიული საკითხების მოგვარება, ინფრასტრუქტურის, სასწავლო მასალების და სამეთაურო კადრების ფილტრაცია და მომზადება) და ეს არაა "ერთი წლის ამბავი". თუ ამ წყობაზე გადავალთ, 3-4 წელიწადში ხელშესახები შედეგი გვექნება.

ყველა მამაკაცს, რომელსაც არ უმსახურია საბრძოლო დანაყოფში, 35 წლის შესრულებამდე ავტომატურად უნდა ჩამოეჭრას შემოსავლის 1% თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ (პირველ რიგში თავდაცვის ლიგის საჭიროებისთვის). ვფიქრობ ეს მიდგომა სამართლიანია და მძიმე ტვირთადაც არ დააწვება მოქალაქეს (თუ ₾1.000 ექნება შემოსავალი, მხოლოდ ₾10 მოეჭრება, ანუ 1 შაურმას შეელევა როგორმე).

ფინანსებს არ ეხება, მაგრამ ძალიან სასურველია თუ ეს კატეგორია ვერ დაიკავებს მაღალ თანამდებობებს სახელმწიფო სტრუქტურებში (პარლამენტში და ძალოვნებში მაინც).


- - - - - - -

როგორიც არ უნდა იყოს ჯარის მოწყობა (რამდენიმე ვარიანტის შეთავაზებაა შესაძლებელი თავის პლიუს-მინუსებით), მისი სიძლიერე და ბრძოლისუნარიანობა დამოკიდებულია მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე, საიდანაც გენერირდება შეკვეთა, დაფინანსება და ყველაფერი სხვა! სამხედრო საქმე პოლიტიკის ორგანული ნაწილია და მისდამი დამოკიდებულება ძალიან ნათლად ანახებს ცაკე აღებული პოლიტიკოსის, მთავრობის და ხალხის დამოკიდებულებას საკუთარი სამშობლოს მიმართ! ანუ დღემდე არასერიოზულად, ან არასწორად აღიქვამს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ თემას. ძლიერი ჯარის N1 ამოცანაა გადააფიქრებინოს მტერს თავდასხმა მოსალოდნელი დიდი ფასის გამო! როსტოვის აღება არაა ქართული ჯარის მიზანი, მაგრამ ჩვენზე იარაღით წამოსვლის სურვილის გაღვივებას ჩვენივე სისუსტე უწყობს ხელს. რატომ უნდა ელაპარაკო სუსტს, როცა შეგიძლია იოლად წაართვა? სანამ ვინმე თავს დაგვესხმება ასჯერ უნდა დაფიქრდეს "ემანდ კისერი არ წავიტეხოო" და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია! ომს ჩმორობა (მაგ.: ნეიტრალიტეტის ქადაგება) კი არა, პირიქით, ძლიერი ჯარი და საიმედო "საგარეო ფარი" თუ აგვარიდებს!

"სახელმწიფოს მაშინ შეუძლია არსებობა, როცა აქვს უნარი თავი დაიცვას სხვა ხალხების თავდასხმისგან. ქვეყნის თავდაცვის საძირკველია შეიარაღებული ძალა და სამშობლოს სიყვარული" (გ. კვინიტაძე)