სომხეთის დამარცხების მიზეზები | 2020 წლის ომი



მოკლედ ჩამოვწერე იმ მიზეზების უმეტესობა, რის გამოც - ჩემი სუბიექტური აზრით, დამარცხდა სომხეთი ყარაბაღის მეორე ომში.

მიზეზი N1: რუსეთზე სრული მინდობა და დაიმედება
 
როდესაც პატარა ქვეყანა სრულად და ბრმად ენდობა თავის დიდ მოკავშირეს, ხშირად ეს ნდობა ცუდად შემოუტრიალდება ხოლმე, რადგან ცვლად გარემოში და დინამიურ პოლიტიკური პროცესში "დიდ ბიჭებს" შორის, ხურდაში ყვება "პატარა ბიჭის" ინტერესი, რომელიც მისთვისაა მნიშვნელოვანი, ხოლო "დიდი ბიჭებისთვის" - დიდი თამაშის კონტექსტში, უმნიშვნელოა. ყარაბაღის ომი წინა აზიაში რუსეთ-თურქეთის დიდი თამაშის (ეს ქვეყნები ასეთ დიდ თამაშებს სხვა დიდ ქვეყნებთანაც აწარმოებენ) ერთი სეგმენტია, საჭადრაკო დაფის მხოლოდ ერთი უჯრედი, რომელზეც რაღაცეები შეგიძლია "გაწიო-გამოწიო". მერე რა რომ სომხების და აზერბაიჯანელებისთვის ყარაბაღის თემა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ეს დიდი თამაშის ლოგიკას არ ცვლის და რომელი პატარა ქვეყანაც ზუსტად აუღებს ალღოს "დიდი ბიჭების" თამაშის ცვლად წესებს და კარგად აყვება ტალღას, ის გამოვა გამარჯვებული. აზერბაიჯანმა მოახერხა, სომხეთმა ვერა. რაც შეეხება სამხედრო შემადგენელს:
რუსეთის ხელმძღვანელობამ განზრახ ჩამოაყალიბა სომხეთში ისეთი სამხედრო სისტემა, რომელიც რუსეთის პირდაპირი ჩართულობის გარეშე ვერ იმუშავებდა. სომხებს ეს მომენტი გამოეპარათ და 90-იანი წლების გამარჯვების ეიფორიაში იყვნენ 2020 წლის ოქტომბრამდე (ამაზე ქვემოთ) და სამხედრო აზროვნებაც 90-იან წლებში ჩაურჩათ!
არის მეორე, მცდარი აზრიც, რომ რახან ფაშინიანი "სოროსის ლეკვია" (ეს საიდან მოიტანეს არ ვიცი, უფრო სწორედ ვიცი, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოა, აქ გაშლა არ ღირს), ამიტომ დაისაჯა და არ დაეხმარა რუსეთი.
ძირითადი მიზეზი დასახელებულია და ქვემოთ მოყვანილი ყველა დანარჩენი დეტალი მისგან გამომდინარეობს.
 
მიზეზი N2: ჩარჩენა 90-იან წლებში
 
სომხები არ უშვებდნენ ყარაბაღის დაკარგვის ალბათობას, ეს საკითხი მოგვარებული და გადაწყვეტილი ეგონათ, მათ უკან ხომ უძლეველი რუსეთი იდგა? ითვლებოდა რომ აზერბაიჯანის არმია ვერ შეძლებდა სომხეთის დამარცხებას. მაგ.: იმდენად დაუჯერებელი იყო ქ. შუშის აღება, რომ სომხები სამხედრო-პატრიოტულ პორტალზე მეკამათებოდნენ, ქალაქის დაცემის შემდეგაც მიაჩნდათ რომ Fake News გავრცელდა და მხოლოდ ოფიციალური კაპიტულაციის შემდეგ შეწყვიტეს კამათი. სომხები წარსულ წარმატებულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ საკუთარი ილოზორული წარმოსახვის ტყეობაში აღმოჩდნენ, რომელიც ცუდი მრჩეველია.
 
აზერბაიჯანმა რამდენჯერმე დატესტა სომხეთის ჯარი ბრძოლის ველზე 2014, 2016 და 2018 წლებში და საკმაოდ ბევრი მასალა დააგროვა სწორი ანალიზისთვის. სომხებმა ეს ოპერაციები თავისთვის წარმატებულად ჩათვალეს და როგორც აღმოჩნდა არაფერი არ გაითვალისწინეს. 2020 წლის 12 ივლისს სომხები გააქტიურდნენ მოვსეს-ტავუშის და აგდამ-თავუზის რაიონში, რასაც სექტემბრის შუიდან აზერბაიჯანის ფარული მობილიზაცია და 27 -ში ყარაბაღის მეორე ომის დაწყება მოჰყვა, რომლისთვისაც აზერბაიჯანი დაახლ. 2005 წლიდან ინტენსიურად ემზადებოდა.
 
ა). ჯავშანტექნიკა, არტილერია, ავიაცია და ჰსთ. აზერბაიჯანმა სომხეთს შესთავაზა ერთი თაობით მაღლა მდგომი, კომბინირებული, დისტანციური და მაღალტექნოლოგიური ომი, რისთვისაც სომხეთი მზად არ აღმოჩნდა, მართალია გამართულ მდგომარეობაში მყოფი ტექნიკა დიდი რაოდენობით ჰქონდათ (მაგ. 200-ზე მეტი მარტო ტანკის აფეთქება ჩანს ვიდეოებზე, ათეულობით ნადავლის სახით დარჩათ და სომხებს კიდევ ჰქონდათ ტანკების საკმარისი რაოდენობა), მაგრამ მოდერნიზაციის გარეშე და ძველი. მაშინ როცა აზერბაიჯანი ყიდულობდა ახალს, თანამედროვეს და მოდერნიზაციას უტარებდა ძველს. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან ახალი ტექნიკის რამდენიმე მაგალითს: 100 T-90C, 100 BMP-3, 1000-ზე მეტი ჯავშანმანქანა, ასეულობით თვითმავალი საარტილერიო საშუალება და ა.შ. სომხეთი დღეში მინ. 20-25 ერთეულ ტექნიკას კარგავდა, რაც აისახებოდა ჯარების მობილურობაზე, მებრძოლების მოტივაციაზე, მომარაგებაზე და ართულებდა ოპერაციების ჩატარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტანკების და არტილერიის განადგურება, რომლებსაც სტანდარტული შენიღბვის მეთოდები ვერ შველიდა. სომხური არტილერია ძირითადად ბუქსირებადი იყო და ხშირად წინასწარ მომზადებული პოზიციებიდან მუშაობდა, რაც მანევრირებას ართულებდა და შედარებით იოლ სამიზნედ აქცევდა ქვემეხს.
 
ტსკ. სომხებს არასაკმარისი რაოდენობით ჰქონდათ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები რომლებსაც შეუძლიათ მინ. 5 კმ-ზე მუშაობა. აზერბაიჯანელებს ამ კომპონენტში როგორც ხარისხობრივი (25 კმ სიშორე), ასევე რაოდენობრივი უპირატესობა ჰქონდათ. სომხური ტექნიკის განადგურება ტსკ Spike
 

შენიღბვა. სომხებმა დიდი რაოდენობით არ დაამზადეს ტექნიკის მაკეტები, რათა შეცდომაში შეეყვანათ უპილოტოების ოპერატორები და დაზვერვა. 28 წელი ჰქონდათ დრო, მაგრამ მნიშვნელოვანი პოზიციები არ იყო დაცული საჰაერო თვალთვალისგან, რის გამოც პოზიციაზე თავმოყრილ მებრძოლებს წერტილოვანი დარტყმებით ანადგურებდნენ. აღსაღნიშნავია, რომ პოზიციების აბსოლუტური უმეტესობა არ იყო მიწაში "ღრმად ჩასული".

ნაღმები. არც ძირითადი და არც შემოვლითი გრუნტის გზები და მნიშვნელოვანი ბილიკები დანაღმული არ იყო (უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა).

ჰსთ და რებ. ორივე მხარე გაძეძგილი იყო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, რის გამოც თვითმფრინავები და ვერტმფრენები თითქმის არ გამოიყენებოდა, მაგრამ სომხური ჰ.ს.თ. უძლური აღმოჩნდა უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, მართალია ომის ბოლოსკენ რუსებმა რ.ე.ბ. (რადიო ელექტრონული ბრძოლის) -ის თანამედროვე საშუალებები მიაწოდეს, რამაც რამდენიმე დღით შეაფერხა აზერბაიჯანი, მაგრამ საკმაოდ სწრაფად მოახერხეს რუსული რ.ე.ბ-ის დაძლევა და გაგრძელდა სომხური ტექნიკის მასირებული განადგურება. აღსაღნიშნავია, რომ სომხური ჰ.ს.თ.-ს სრულად ჩახშობის შემდეგ, ომის ბოლოსკენ აზერბაიჯანმა გამოიყენა კორექტირებადი საავიაციო ბომბები, რომლითაც შედარებით უსაფრთხო მანძილიდან შეიძლება ზუსტი დარტყმის მიყენება.
ძალიან ეფექტურად მუშაობდა თურქული დამრტყმელი უპილოტო "ბაირახტარი", რომელიც ავიაციის მიწაზე დარჩენის პირობებში გაბატონდა ჰაერში, მასობრივად გამოიყენებოდა ისრაელის წარმოების ბარაჟირებადი ჭურვები (თვითმკვლელი დრონები) რომლებსაც აზერბაიჯანი თავად აწარმოებს. სომხები მხოლოდ სადაზვერვო დრონებს იყენებდნენ და არც ისინი ჰქონდათ საკმარისი რაოდენობით.
 

ბალისტიკური რაკეტებით აზერბაიჯანული ქალაქების დაბომბვას არანაირი სამხედრო შედეგი არ მოჰქონდა და საერთაშორისო საზოგადოების აზრს განაწყობდა სომხეთის წინააღმდეგ.
 
ბ). მებრძოლების რაოდენობა და ტაქტიკა. სომხეთის მოსახლეობა: 3 მლნ, აზერბაიჯანი: 10 მლნ, ამასთან ახალგაზრდების წილი აზერბაიჯანელებში გაცილებით მაღალია, რადგან დემოგრაფიული ზრდა ბოლო პერიოდში მოხდა. უხეშად რომ ვთქვათ 100.000 პოტენციურ სომეხ მებრძოლზე აზერბაიჯანს შეეძლო გამოეყვანა 500.000.
რაში მდგომარეობდა ამ კონფლიქტის სპეციფიურობა? სომხეთს დიდი რაოდენობით ჯარისკაცები უნდა ყოლოდა სომხეთ-აზერბაიჯანის შეხების მთელ ზოლზე, რომელიც ფაქტიურად ფრონტის ხაზია, ამიტომ სომხეთი ვერ გადაისვრიდა ყველა დანაყოფს ყარაბაღში. რელიეფის გათვალისწინების გარეშე დაახლ. 700 კმ-ზეა საუბარი! აქედან ყარაბაღზე დაახლ. 250 კმ მოდიოდა. თბილისსა და ქუთაისს შორის უწყვეტ თავდაცვით ზოლზეა საუბარი, სადაც ჯარისკაცები დგანან 24/7 რეჟიმში და რომელიმე უბნიდან ჯარის გადასროლა სხვა უბანზე, მის გარღვევას გამოიწვევს! აზერბაიჯანელებმა შეტევა დაიწყეს ყველა უბანზე ერთდროულად, რითაც რეზერვებით მანევრირების საშუალება არ მისცეს სომხებს, შედეგად სამხრეთით (სადაც სომხები მთებში არ იყვნენ გამაგრებულები) ერთ მონაკვეთში გაარღვიეს თავდაცვის ხაზი, შეუშვეს რეზერვები და 4 ოქტომბერს აიღეს ქ. ჯებრაილი, ანუ გავიდნენ ისეთ სივრცეში, სადაც სომხებს წინასწარ მომზადებული პოზიციები აღარ ჰქონდათ. ასე დაგეგმილი თავდაცვას შეცდომა აღმოჩნდა, რადგან თავდაცვის რაიონს მეორე და მესამე ეშელონები არ ჰქონდა. ერთიც საკმარისად ჩათვალეს, რომელიც კარგად კი იყო მომზადებული, მაგრამ რამდენიმე დღიანი შტურმის შედეგად გაირღვა.
 
ამ სიტუაციაში ველოდით სომხების კონტრშეტევას ჰადრუთის რაიონიდან გარღვევის ფუძეში. ასეც მოხდა, სომხებმა დაიწყეს მოძრაობა, მაგრამ აზერბაიჯანელებიც ელოდნენ: დრონებმა და არტილერიამ მარშზე მყოფი კოლონები გაანადგურა და დაფანტა, კონტრშეტევა ჩაიშალა და შედეგად 14-15 ოქტომბერს ჰადრუთიც დაეცა. მეორე კონტრშეტევა იმავე მიმართულებაზე ამჯერად ქვეითებით სცადეს სომხებმა, მაგრამ დიდი დანაკარგებით დაიხიეს უკან (დრონებმა და არტილერიამ დისტანციაზე იმუშავეს და ახლოს არ მოუშვეს შეტევაზე მყოფები. აღსაღნიშნავია, რომ ამ ომის დროს PRG-7 ების გამოყენება თითქმის არ მომხდარა!), რასაც აზერბაიჯანელების მიერ მდ. არაქსის რაიონის მთლიანი განთავისუფლება და უშუალოდ ლაჩინის დერეფანთან გასვლა მოჰყვა. აზერბაიჯანელების სრული საჰაერო და საარტილერიო უპირატესობის პირობებში კონტრშეტევები კატასტროფული შედეგებით დასრულდა, რამაც მორალური მდგომარეობა შეარყია.
 
17.10.2020 სამხრეთის ფრონტის ჩამოშლა
 
16-17 ოქტომბერს მომარაგების გზის გადაჭერის საფრთხის გამო სომხებმა უომრად დატოვეს ქ. ფიზული. ზუსტად იგივე მიზეზით დატოვეს ჰადრუთი და 7-8 ნოემბერს ქ. შუშა. როგორც კი აზერბაჯანელებმა ჩაჭრეს ლაჩინის დერეფანი, აიღეს ს. შოში (6 ნოემბ.), შუშა ფაქტიურად უბრძოლველად მიატოვეს (იგივე სირიასთან და ერაყთან შედარებით, სადაც ქუჩა-ქუჩა მიდიოდა გააფთრებული ბრძოლები და ნანგრევებად იქცნენ კვარტლები და ქალაქებიც კი. შუშაში ფანჯრების უმეტესობაც კი მთელი იყო) და გავიდნენ.

არცერთ ურბანულ ზონაში ბრძოლა არ ყოფილა, აზერბაიჯანელები მომარაგების გზებს ჭრიდნენ, რაც სომხური გარნიზონების დემორალიზებას და უკუქცევას იწვევდა.
 
როგორც მოხვდნენ აზერბაიჯანელები ლაჩინის დერეფანში ცალკე საუბრის თემაა. სომხებს არ ეყოთ ცოცხალი ძალა გადაეკეტათ გრუნტის გზა, მათი ძალები შებოჭეს წითელი ბაზრის, მარტუნის და ჩარტარის რაიონში და ზოგადად არც ელოდნენ აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების ასეთ თავხედურ შეჟონვას 30 კმ-ზე. აღსაღნიშნავია რომ სომხეთის სპეციალური დანიშნულების ძალები საჯარო საინფორმაციო სივრცეში არც გამოჩენილან, ანუ მოწინააღმდეგის ზურგში მნიშვნელოვანი ოპერაცია არც ჩაუტარებიათ.
 
ამ თემაზე შეგიძლიათ ნახოთ ეს ორი ვიდეო:

რას წარმოადგენდა სომხების სამობილიზაციო რეზერვი? მოწოდებებს მობილიზაციის შესახებ დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია, დანაკარგებსაც ვერ ავსებდნენ. სახელდახელოდ იქმნებოდა იძულებით მობილიზირებულების და მოხალისეთა ქვეითი დანაყოფები, რომლებსაც აიარაღებდნენ ავტომატებით, ტყვიამფრქვევებით და მცირე რაოდენობით ყუმბარმტყორცნებით.
ეს ჯგუფები არ იყვნენ ჩამოყალიბებული დანაყოფად (შემადგენლობა ჭრელი იყო), ანუ არ ჰქონდათ გავლილი წინასწარი ერთობლივი წვრთნა. ჰოდა რაც იცოდნენ ის გამოუვიდათ: მობილიზაციის შედეგად 2020 წელს მიიღეს 90 იანი წლების "სავოკების აპალჩენიე", რომლის 50% სიაში იყო და სახეზე არა, არაფორმალური მეთაურებით, ჭრელი შემადგენლობით და კონკრეტული გეგმის გარეშე: "აბა დავაი თქვენ იქით, თქვენ აქეთ ... ესენი ვინ  არიან, აქ რა გინდათ" და ა.შ. როგორც ჩანს ამ დონეზე "იგეგემებოდა" მათი მოქმედება.
ასეთ 50-60 კაციან რაზმებს აყენებდნენ სოფლებში და პოზიციებზე, სადაც მეტნაკლები წარმატებით ებრძოდნენ აზერბაიჯანის სადაზვერვო და მეწინავე რაზმებს. დასავლურ ქვეყნებში მოხალისეთა ორგანიზება რადიკალურად სხვანაირად ხდება, სომხებმა მათი გამოცდილება საერთოდ არ გაიზიარეს და 90 იანი წლების საბჭოთა გამოცდილებით და ადგილობრივი ჯიგრობებით იმუშავეს. აქედან რაც გამოვიდა ყველამ ვნახეთ. მოხალისეებს ან იყენებ სწორად, ან ჯობია საერთოდ არ გამოიყენო!
 
სამხედრო ხარჯები და ინდუსტრია

აზერბაიჯანი სომხეთზე გაცილებით მდიდარი ქვეყანაა, მისი სამხედრო ბიუჯეტი ($2.2 მლრდ) 3-3.5 ჯერ აღემატება სომხეთისას ($640 მლნ) ბოლო წლების მანძილზე და რაც მთავარია, სწორად იხარჯება.
რაც შეეხება სამხედრო ინდუსტრიას, აზერბაიჯანში სამხედრო მრეწველობის სამინისტრო ცალკე არსებობს, რომლის ბიუჯეტი დაახლ. $200 მლნ აშშ დოლარია და 1.200 დასახლების სამხედრო პროდუქციას უშვებს. აზერბაიჯანი თითქმის მთლიანად უზრუნველყოფილია საკუთარი წარმოების ტანკების, ქვემეხების, ჰაუბიცების და ნაღმმტყორცნის ჭურვებით, ასევე საავიაციო ბომბებით, მათ შორის ლაზერული დამიზნების კორექტირებადი ბომბებით, თვითმკვლელი დრონებით, მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით და ა.შ. სომხეთის სამხედრო წარმოება საკმაოდ ჩამოუვარდება აზერბაიჯანისას.

 
შევაჯამოთ
 
არასწორად იყო დაგეგმილი თავდაცვის ხაზი, სამხრეთში აკლდა სიღრმე
აკლდათ ჯარისკაცები, რის გამოც ვერ იცავდნენ შემოვლით გზებს 
გამოეპარათ აზერბაიჯანის სპეცების შეჟონვა ლაჩინის დერეფანში
არ გააჩნდათ საბრძოლო დრონები 
ვერაფერი დაუპირისპირეს მოწინააღმდეგის დრონებს
კონტრშეტევაზე გადავიდნენ საჰაერო და საარტილერიო მხარდაჭერის გარეშე
არ იყენებდნენ ნაღმებს 
ტსკ-ების მცირე რაოდენობა
ალყის საფრთხისთანავე უკუქცევა
მოხალისეების არასწორი ორგანიზება და ცუდი გამოყენება 
ბრძოლის ველზე შედეგი არ დაუდიათ სპეცებს
 
დამატებითი წყაროები
 
"ყარაბაღის ომის კვალდაკვალ" ინტერვიუ პაატა გიგაურთან (19.11.2020)