პასუხი სტატიაზე: "გიორგი მაზნიაშვილი - ზეკაცი, რომელიც სტალინმა დახვრიტა"

ინტერნეტში ხშირად ვრცელდება დილეტანტების მიერ გავრცელებული და შეცდომებით სავსე სტატიები, რაც საინფორმაციო ქაოსს ქმნის და ობიექტური სურათს ამახინჯებს, რადგან შეუძლებელია ტყუილ-მართალის გარჩევა.
ამჯერად განვიხილოთ: "გიორგი მაზნიაშვილი - ზეკაცი, რომელიც სტალინმა დახვრიტა", რომელიც სავსეა შეუსაბამოებებით და ტყუილებით (სათაური მშვენიერი და სწორი აქვს). ციტატები მოყვანილია სტატიიდან და ქვემოთ გაცემულია პასუხი.

"არცერთი ბრძოლა არ წაუგია" 
მაზნიაშვილისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მან ვერ შეძლო სერვერ ბეგის აჯანყების ჩახშობა 1919 წლის აპრილში, ფრონტი ჩამოიშალა და დამარცხებულებს აწყურამდე მოუწიათ უკან დახევა. მაზნიაშვილი გადააყენეს, საქმე სამხედრო სასამართლოს გადაეცა და 1920 წლის ოქტომბრამდე, როდესაც გენერალი გაამართლეს, ჩამოშორებული იყო შეიარაღებულ ძალებს (17 თვით!!).

"1914-18 წლებში რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემტევი გენერალი გახლდათ პირველ მსოფლიო ომში"
მაზნიაშვილმა დასავლეთის ფრონტი დატოვა 1917 წლის შემოდგომით პოლკოვნიკის ჩინით (მეთაურობდა ციმბირის პირველ პოლკს). მას არ ჰქონდა დამთავრებული გენერალური შტაბის აკადემია და გენერალი 1918 წელს, უკვე საქართველოს არმიის რიგებში გახდა.

"საკუთარი სახსრებითა და კავშირების გამოყენებით ახალი ქართული დივიზია ჩამოყალიბა"
ინფორმაცია მოგონილია. მაზნიაშვილი 1917 წლის სექტემბერში დაინიშნა რუსეთის არმიის ქართული კორპუსის თბილისის II ქვეითი დივიზიის ბრიგადის მეთაურად და არც საკუთარი ფულით დაუარსებია ეს დივიზია.
პოლკოვნიკი მაზნიაშვილი სავარაუდოდ 1917 წ.

"გენერალმა მაზნიაშვილმა უწინამძღვრა ქართველ მუსლიმთა საკავალერიო პოლკს, მოიშველია ჯავშანმატარებელი, დაამარცხა და განდევნა ბოლშევიკები"
ინფორმაცია მოგონილია.

"გენერალი გიორგი სათავეში ჩაუდგა გურია-აჭარის სახალხო ლაშქარს, შეიერთა პროფესიული სამხედრო რაზმები და 6 აპრილს მდინარე ჩოლოქთან გაანადგურა თურქეთის საოკუპაციო არმია"
1918 წლის აპრილში აჭარლების უმეტესობა საქართველოს მხარეს არ იბრძოდა. "პროფესიული სამხედრო რაზმები" აბსურდულია, რადგან პროფესიული სეგმენტი ფიზიკურად არ არსებობდა 1918 წელს. მდინარე ჩოლოქთან გორის სახალხო გვარდიის, თბილისის საგანგებო რაზმის და ჯავშანმატარებლის გმირობის შედეგად მოხერხდა ფრონტის მარჯვენა ფრთაზე გამარჯვების მოპოვება, მაგრამ მარცხენა ფრთაზე არმიის IV პოლკმა მიატოვა პოზიციები და მტერმა ოზურგეთი დაიკავა.

"1918 წელს აფხაზეთში შემოიჭრა დენიკინის არმია, გენერალ მოისეევის მეთაურობით, 18 ივნისს აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გენერალი მაზნიაშვილი. მან ქართული ჯარით, რომელშიც 300 აფხაზი მხედარიც ირიცხებოდა, სძლია მოისეევის რუსულ საოკუპაციო არმიას და ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლა გაგრა, სოჭი და ტუაფსე"
არანაირი დენიკის არმია არ შემოჭრილა. ადგილობრივმა აფსუა კომუნისტებმა კიარაზიდან და გაბოლშევიკებული ჯარისკაცების ბრბოებმა დაიკავეს აფხაზეთის ნაწილი. 18 ივნისს მაზნიაშვილი ინიშნება აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვის ჯარების უფროსად კომუნისტების ამ დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად, 
 მას ეხმარებოდნენ თეთრგვარდიელი რუსი კაზაკები. არცერთი შეტაკება მაზნიაშვილს არ მოსვლია დენიკნის ჯართან, ისინი მოკავშირეები იყვნენ კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

"1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს თავს დაესხა სომხეთი. 17 დეკემბერს ფრონტის სარდლად დაინიშნა გენერალი მაზნიაშვილი"
მაზნიაშვილი დაინიშნა შულავერი-სადახლოს ძირითადი ოპერატიული მიმართულების მეთაურად სრული უფლებებით და არა ფრონტის სარდლად. სხვა მიმართულებებს გენერლები სტეფანე ახმეტელაშვილი (ბოლნისი) და აბელ მაყაშვილი (ახალქალაქი) მეთაურობდნენ.

1919 წლის იანვარი. სომხეთ-საქართველოს ომის დასრულების აღლუმი
4). გ. მაზნიაშვილი 3). მთავარსარდალი ალექსანდრე გედევანიშვილი 11). საველე შტაბის უფროსი იმნაძე 6). გენერალური შტაბის უფროსი ზაქარიაძე

"გენერალ მაზნიაშვილის შენაერთები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ერევნამდე ჩავიდნენ."
ალბათ დროა ამ ჩასვლის ვიდეოც ვნახოთ: ერევნამდე ჩასვლის ვიდეო
ვისაც გაინტერესებთ სად შეჩერდა ომი 1918 წლის 31 დეკემბერს საქართველო-სომხეთის დღევანდელი საზღვარი ნახეთ, ზუსტად იმეორებს ფრონტის ხაზს.
"ერევნის აღების" სადღეგრძელო მოდის კვინიტაძის მოგონებებიდან, სადაც ის აღნიშნავს, რომ თუ ლორეს ხეობაში გამოკეტავდნენ და დაატყევევბდნენ სომხეთის არმიას, ერევნისკენ გზა იხსნებოდა. ერევნის აღებას არავინ აპირებდა, მან ხატოვნად აღწერა პოტენციური შესაძლებლობა, რაც მეზღაპრეების ხელში უცებ იქცა რეალობად :))

"1921 წლის 16 თებერვალს, საქართველოში შემოიჭრა რუსეთის მე-11 არმია"
"ამხელა ნაშრომის" დამწერმა ის მაინც ხომ უნდა იცოდეს 1921 წლის ომი როდის დაიწყო? 12 თებერვალს, ღამით დაგვარტყეს შაგალის ხიდთან ბამბაკის ხეობაში.

"გიორგი მაზნიაშვილი ტაბახმელას ფრონტის სარდლად დაინიშნა"
გენერალი ანდრონიკაშვილი რას სარდლობდა აბა? :)))
თბილისის ფრონტი დაიყო სამ მონაკვეთად: კოჯორი-ტაბახმელა (ანდრონიკაშვილი), შავნაბადა-ფონიჭალა (მაზნიაშვილი), ლილო (ჯიჯიხია). ფრონტის სარდალი იყო გენერალი გიორგი კვინიტაძე.

"ჟორდანიამ არ გამოაცხადა მობილიზაცია. ამიტომ მაზნიაშვილს მოუწია სახელდახელოდ შეეკრიბა ლაშქარი და ასეთი რაზმებითაც კი ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა მტერზე"
1918-1921 წლების ერთერთი ძირითადი პრობლემა ჯარების გამუდმებული მობილიზაცია იყო. 1920 წლის შემოდგომაზე არმია აჯანყების პირას მივიდა, სწორედ მაგ მობილიზაციის გამო.
მაზნიაშვილმა ფონიჭალის ბრძოლა ჩაატარა 4 ბატალიონით: თბილისის სადარაჯო ათასეული, ქართლის სახალხო გვარდიის 2 ბატალიონი (გორის და ხაშურის ოლქები), მე-9 ბატალიონის ნაწილი. არცერთი არ იყო სახელდახელოდ შეკრებილი, სადარაჯო და მე-9 იყო რეგულარული, ხოლო სახალხო გვარდიის ბატალიონები სწორედ მობილიზაციის შედეგად აღმოჩდნენ ფონიჭალაში.
ნოე ჟორდანიას მიმართვა 1920 წლის აპრილ-მაისის კრიზისის დროს

"კონტრშეტევისთვისაც კი დაიწყო მზადება, მაგრამ 1921 წლის 24 თებერვალს, ღამის თერთმეტ საათზე მიიღო ნოე ჟორდანიას ბრძანება, უბრძოლველად მოეხსნა ფრონტი და თბილისი დაეტოვებინა"
კონტრშეტევისთვის არავინ ემზადებოდა. არ იყო საკმარისი ძალა.
ნოე ჟორდანიას არ გაუცია უკან დახევის ბრძანება, ის საერთოდ არ ერეოდა სამხედროების საქმიანობაში. უკანდახევის ბრძანება ერთპიროვნულად გასცა გიორგი კვინიტაძემ დაახლ. 17:00-ზე, ჯარებს გადაეცათ 21:00-ზე და ასრულება დაიწყო 00:00 -ზე.

"16 მარტს ინგლისი გაურიგდა რუსეთს და ხელი აიღო საქართველოს დახმარებაზე"
ინგლისმა საქართველო დატოვა 1920 წლის ზაფხულში და 1921 წლის ომში არანაირად არ გარეულან, ანუ დახმარებაზე ხელი 1920 წელს აიღეს.

"ამავე დროს რუსეთმა აჭარა-მესხეთი თურქებს დაუთმო"
16 მარტის მოსკოვის შეთანხმებით დაუთმო შავშეთის ჩრდილოეთი (ოლთისი-არდაგანი-ფოცხოვი) და არა აჭარა-მესხეთი.
ხელშეკრეულების ტექსტი: Договор между Россией и Турцией 1921

"18 მარტს საქართველოს მენშევიკური მთავრობა საზღვარგარეთ სამარცხვინოდ გაიქცა"
მთავრობის დიდი ნაწილი და 130-დან 108 პარლამენტარი საქართველოში დარჩა (არადა აჯობებდა წასულიყვნენ, ნახევარზე მეტი კომუნისტებმა მოკლეს). წავიდნენ მხოლოდ ისინი ვისი წასვლაც დაადგინა პარლამენტმა და ვისაც წითლების ხელში სიკვდილი ელოდა. 65 იუნკერიც სამარცხვინოდ გაიქცა ჟორდანიასთან ერთად? :) 1921 წელს არავის ეგონა მსოფლიოში რომ უტოპისტი კომუნისტები დიდხანს გაძლებდნენ სათავეში.


"გენერალმა მაზინიაშვილმა ყველასგან მოულოდნელად გარს შემოიკრიბა ქართველი მებრძოლები"
მაზნიაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრების რეკომენდაციით აჭარის რევკომმა (კომუნისტებმა) დანიშნეს ბათუმში მყოფი ოსმალების გასადევნად, რადგან მოკავშირეებს შორის (წითელი არმია და ოსმალოების გარნიზონი) შეტაკებას მოერიდნენ, ხოლო ქართულ არმიას ვალდებულება არ ჰქონდა.

წითელი არმიის და ოსმალო მეთაურების მეგობრული ფოტო ბათუმში 1921 წ. მარტი

"დაუმარცხებელი ზეკაცი შეტევაზე გადავიდა სძლია თურქებს ბათუმში  ... ქალაქ ტრაპიზონამდე სდია გაქცეულ თურქებს"
ბარემ სტამბული დაეწერა ავტორს ... ინტერნეტი და განსხვავებული იტანს, პრობლემა არაა :))

სტატიის პირველწყარო: გიორგი მაზნიაშვილი - ზეკაცი, რომელიც სტალინმა დახვრიტა
გიორგი მაზნიაშვილის ბიოგრაფია: გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილის ბიოგრაფია