1918 წელს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ შექმნა მოხალისეთა რაზმი რომელსაც "ბათუმის პარტიზანული პოლკი" ეწოდა სახელად და სახალხო გვარდიის შტაბს დაექვემდებარა. პოლკის მეთაურად იოსებ გედევანიშვილი დაინიშნა. სტატიაში "სამეგრელო" აღწერილია რაზმის მიერ ომის საჭიროებისთვის ცხენების რეკვიზიცია. სტატია სრულდება საინტერესო ეპიზოდით, სადაც ჩანს რიგითი ადამიანის სამოქალაქო თავდადება და შეგნება, ამონარიდს გთავაზობთ სრულად.
"ახლა კარგს მოქალაქეზე ვილაპარაკოთ. ეს არის ჰასან მამედოვი, ტომით ლეკი, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს ცოლშვილით. ეს ჰასანი ჯერ კიდევ სენაკში გავიცანი, მას ძალიან მოსწონდა ჩვენი რაზმი და მისი უფროსი გენერალი იოსებ გედევანიშვილი. არა ერთხელ უთქვამს, მინდა რაიმე კარგი სამახსოვრო მივართვა გენერალ გედევანიშვილსო და კი არ ვიცი რა მივართვა ისეთიო.
აი ეს ჰასანი ერთ დღეს უცებ შემოდის შტაბში (ზუგდიდში) და გედევანიშვილს მიმართავს: "თქვენო აღმატებულებავ! მე მინდა ჩვენებურად პატივი გცეთ თქვენ და თქვენს რაზმს და ნუ გამიწყრებით. მე გადავიწყიტე შემოგწიროთ ის, რაც ჩემთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასია. ეს არის ჩემი ერთადერთი შვილი ჰუსეინი. იყოლიეთ რაზმში და იმსახურეთ. თქვენ უბრძანეთ, მორჩილებას თვითონ მოახერხებს. იგი ქუთაისში რეალურ სასწავლებეში სწავლობს, მაგრამ არ მინდა იმ დროს ისწავლოს, როცა ქართველი მოწაფენი სკოლის ნაცვლად ბრძოლის ველზე იმყოფებიან"
ამის შემდეგ შემოჰყავს ჰასან მამედოვს თავისი შვილი ჰუსეინი, 16-17 წლის ყმაწვილი, ჯმუხი აგებულების და ცოცხალი გამომეტყველების.
ჰასანს ეკითხებიან: თქვენ ერთი შვილი გყავთ, ამიტომ ცოდო ხართ, რომ ან შვილი ავად გახდეს, ან მოგიკლან ბრძოლაშიო.
- თუ კაცს სიკვდილი უწერია - მოჭრით ამბობს ჰასანი, ყველგან მოკვდება. მე საქართველოში ვცხოვრობ და საქართველოს პურსა ვჭამ. საქართველოშივე უნდა იცხოვრობს ჩემმა შვილმა და თუ მაგას დავაჟკაცება არ უწერია და ნაადრევი სიკვდილია მაგის ბედი, დაე მოკვდეს იგი იქ, სადაც საქართველოს საუკეთესო შვილები დაიხოცებიან.
ასეთია მტკიცე და შეუტყეველი გადაწყვეტილება ჰასანისა. ამიტომ მისი შვილი ჰუსეინი სიხარულით შემოდის რაზმში და რეალისტის ტანისამოსს ჯარისკაცის ტანისამოსში ცვლის. მანდ ერთნაირად კარგად იცის ქართულ-მეგრული და რუსული ენა. იცის თავისი მშობლიური ენაც"
ასეთი აზროვნება ახასიათებთ იმ ადამიანებს ვისაც უანგაროდ უყვართ სამშობლო, თანამოქალაქეები, არიან სამართლიანები და სწორედ ამიტომ უჩნდებათ ქვეყნის და ერის წინაშე მოვალეობის შეგრძნება, რაც გამოიხატება ქცევაში.
შეიძლება ამ ფოტოზე ჰუისეინიც არის
წყარო: "სახალხო საქმე" (1918 წ. N408); ეროვნული ბიბლიოთეკა.
ფოტოები: "რესპუბლიკის ჯარი" (1918 წ.). მოპოვება: საბა მჭედლიშვილი (გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი; სამხედრო ისტორიის სექცია)