მოკავშირეთა როლი გერმანიის დამარცხებაში


საბჭოთა პერიოდში გაზრდილ ხალხის ნაწილში ისევ გავრცელებულია შემდეგი შეხედულება: აშშ-ინგლისი სსრკ-ს დაეხმარა მხოლოდ მას მერე, რაც დარწმუნდნენ რომ სსრკ ომს იგებდა და 1944 წლის 6 ივნისს გახსნა მეორე ფრონტი ნორმანდიაში შეჭრით, ომი კი სტალინმა მოიგო და არავის დახმარება არ სჭირდებოდა. ამ ზღაპრის დღესაც სჯერა ბოლშევიკების პროპაგანდის ქვეშ მყოფი ხალხის ნაწილს, არადა 2020 წელია და არქივები გახსნილია, ეხლა რასაც დავწერ, ყველას შეუძლია თავად შეამოწმოს, მისთვის სანდო წყაროს მეშვეობით. სსრკ-ში არ ვცხოვრობთ, ისევ ტყუილების რომ გვჯეროდეს ბრმად. მხოლოდ ფაქტებს მოვიყვან და თავად განსაჯეთ.

ევროპის გადანაწილება და მოკავშირეთა სამხედრო დახმარება სსრკ-ს

1939 წლის 3 სექტემბერს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადა გერმანიას. რატომ? 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია ომის გამოუცხადებლად შეიჭრა პოლონეთში და დაარღვია არსებული მსოფლიო წესრიგი. ვისი იმედი ჰქონდა ჰიტლერს ამხელა რისკზე როცა წავიდა? სტალინის. 17 სექტემბერს სსრკ აღმოსავლეთიდან შეიჭრა პოლონეთში, რამაც პოლონეთის ჯარის მდგომარეობა უიმედო გახადა.

 გერმანელი და საბჭოთა მოკავშირეების საერთო აღლუმი ბრესტში 22.09.1939 წ

ყველაფერი დაგეგმილი იყო. 1939 წლის 23 აგვისტოს ხელი მოეწერა ჰიტლერის და სტალინის პაქტს, რამაც გამოიწვია ომების სერია აღმოსავლეთ (პოლონეთი, ბელარუსის და უკრაინის დასავლეთ ნაწილები, რუმინეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტუანია), დასავლეთ (დანია, ჰოლანდია, ბელგია, საფრანგეთი) და ჩრდილოეთ ევროპაში (ფინეთი, ნორვეგია). გერმანია და სსრკ ცდილობდნენ "თავისი კუთვნილი" მიწების წაგლეჯას ძირითადად ნეიტრალური ქვეყნებისთვის და ეკონომიურადაც ეხმარებოდნენ ერთმანეთს. 20.000 პოლონელი ოფიცრის და განათლებული სამოქალაქო პირის ვერაგულად დახოცვა (და მერე ნეცისტებისთვის დაბრალება) დაგეგმილი არ ყოფილა (პირადი ნივთები თან ჰქონდათ და არ ჩამოურთმევიათ), როგორც ჩანს სტალინის პირადი შურისძიება იყო პოლონეთის ელიტაზე, რომელმაც 1920 წლის ომში დაამარცხა წითელი არმია.

კმაყოფილი სტალინი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რიბენტროპი
გამარჯვებული მოკავშირეები პოლონეთის გაყოფის შემდეგ. მესამე ფოტოზე შუაში გენერალი ჰ. გუდერიანია

გერმანიამ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა, სსრკ კი ფინეთთან ომში წაფორხილდა და "კუთვნილი" ვერ მიიღო პატარა ფინელი ერის გმირული წინააღმდეგობის გამო.

1939-1940 წლების დაგეგმილი და დეფაქტო ტერიტორიული ცვლილებები აღმ. ევროპაში

როცა სტალინი ჰიტლერთან ერთად უსამართლო ომების სერიით იყოფდა ევროპას, ხოლო გერმანიაში საკვებით და ნავთობპროდუქტებით დატვირთული ეშელონები მიემართებოდა რუსეთიდან, დასავლეთში ჰიტლერის წინააღმდეგ მოკავშირეების ფრონტი გაიხსნა. 1940 წლის ივნისის ბოლოს საფრანგეთი დამარცხდა, მაისის ბოლოს ბრიტანეთის საექსპედიციო ძალები უკუიქცნენ მატერიკიდან, მაგრამ გერმანიამ მხოლოდ მოკლულების და მძიმედ დაჭრილების სახით დაკარგა 60,000 ზე მეტი მაღალ დონეზე მომზადებული სამხედრო, 800 ტანკი, 1.200 თვითმფრინავი (დაიღუპა 1.129 საჰაერო ძალების პერსონალი).

ბრიტანელების ევაკუაცია ქ. დუნკერკში. 1940 წ. 26 მაისიდან 4 ივნისამდე 338.000 სამხედრო გაიყვანეს

ტემპის დაუგდებლად ჰიტლერი თავს დაესხა ბრიტანეთს და 1940 წლის 10 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა "საჰაერო ბრძოლა ინგლისისთვის". ნაქები ლუფტვაფე დამარცხდა და ჰიტლერმა ხელი აიღო ინგლისში შეჭრაზე. გერმანიამ დაკარგა 1.977 თვითმფრინავი და 2.585 საჰაერო ძალების პერსონალი.
საფრანგეთთან და ინგლისთან ბრძოლაში ლუფტვაფეს დანაკარგმა შეადგინა 3.200 ერთეული! დაახლოებით იმდენივე, რამდენიც შეიჭრება სსრკ-ს ტერიტორიაზე 1941 წლის 22 ივნისს (სახელდება სხვადასხვა ციფრები: 2.800-დან 4.600 -მდე)!

 ლუფტვაფეს დანაკარგები ბრიტანეთში. წყარო BBC

1939 წლის 3 სექტემბერს დაიწყო "ატლანტიკის საზღვაო ბრძოლა", სადაც ამერიკელებთან და ბრიტანელებთან შეტაკებებში გერმანიამ ჯამში დაკარგა 783 წყალქვეშა ნავი, 47 საშუალო და დიდი მოცულობის სამხედრო გემი და 30,000 -ზე მეტი მეზღვაური. შემოაბრუნეთ ეს კოლოსალური ძალა სსრკ-ს წინააღმდეგ და საბჭოთა ფლოტისგან არაფერი არ დარჩება! წყალქვეშა ნავებზე დახარჯული რესურსი ცალკე დააკლდა სახმელეთო ძალებს ტანკების და არტილერიის სახით.

1940 წლის 10 ივნისს დაიწყო "ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია" სადაც ინგლისელებმა და ამერიკელებმა გერმანიას და იტალიას კოლოსალური დანაკარგი მიაყენეს. ეს ძალები ასევე დააკლდათ აღმოსავლეთის ფრონტზე, განსაკუთრებით 1942/43 წლებში როცა ომის ბედი წყდებოდა: 475.000 ოფიცერი და ჯარისკაცი დაიღუპა, დაიკარგა, ან ტყვედ ჩავარდა (აქედან: 202.000 გერმანელი), ანუ 1,43 ჯერ მეტი ვიდრე სტალინგრადთან მოყვა ალყაში. აღმოსავლეთის ფრონტს დააკლდა: 2.550 ტანკი, 6.200 ქვემეხი, 8.000 თვითმფრინავი, 70,000 სატვირთო და ა.შ.

გერმანელი ტყვეები ტუნისში 1943 წ.

1941 წლის 26 ივლისს აშშ-მ დაუწესა სრული ემბარგო იაპონიას და დატოვა ნავთობის გარეშე, მკაცრად სთხოვდნენ ომის შეწყვეტას ჩინეთში. იაპონიის ნავთობის მოხმარება 80% ამერიკული, დანარჩენი კი აზიური იყო. იაპონია იძულებული გახდა დაიწყო საომარი კამპანია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში (რომელიც ბრიტანეთის, ჰოლანდიის და აშშ-ს პროტექტორატის ქვეშ იყო) და შეევსო ნავთობის მარაგი. აშშ-სთან ომი გარდაუვლად ჩათვალეს, ამიტომ 1941 წლის 7 დეკემბერს შეუტიეს პერლ ჰარბორს და აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტს მძიმე დანაკარგი მიაყენეს, რამაც ხელფეხი გაუხსნათ სამხრეთისაკენ. ზუსტად ამ დროს დაიწყო ბრძოლა მოსკოვისთვის, სტალინმა მოხსნა  ძლიერი ციმბირული დივიზიები იაპონიის საზღვრიდან და გადაისროლა მოსკოვში! ეს მომენტიც აშშ-ს აქტივშია.
რომ არა აშშ-სთან ომი, არავინ იცის რას იზამდა იაპონია სსრკ-სთან მიმართებაში, იაპონიის თავდასხმას ძალიან დიდი ალბათობით მოყვებოდა გერმანიის ტრადიციული პარტნიორის თურქეთის შემოჭრა კავკასიაში და 1942 წელს წითელი არმია ამხელა ზეწოლას ვეღარ გაუძლებდა, ისედაც ძალების კოლოსალური დაძაბვით და არაადამიანური ძალისხმევის ხარჯზე უხდებოდა მოწინააღმდეგის შეკავება დასავლეთის ფრონტზე.

1943 წლის 10 ივლისს აშშ-ბრიტანეთი და მოკავშირეები გადასხდნენ იტალიაში, რამაც გერმანია აიძულა დიდი ძალები გადაესროლა იტალიის დასახმარებლად. 620.000 ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი და მათი მოკავშირე დაიძრა გერმანიისკენ. 1944 წელს 365.000 გერმანელი იმყოფებოდა იტალიაში (შედარებისთვის: 1945 წლის მაისში ბერლინს იცავდა 770,000). ეს ძალებიც დააკლდათ აღმოსავლეთის ფრონტზე! მაგალითად: მხოლოდ 1943 წელს ლუფტვაფემ იტალიაში დაკარგა 722 თვითმფრინავი, ჯამში 4.500-ზე ცოტა მეტი (ორჯერ ნაკლები იცავდა ბერლინს).

მოკავშირეთა სტრატეგიული საჰაერო დარტყმების სერია გერმანიის პორტებზე, ქარხნებზე და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ჯერ კიდევ 1940 წელს დაიწყო და 1942 წელს მასირებული გახდა. მაგალითად "ოპერაცია მილენიუმის" დროს 1942 წლის 30 მაისს ქალაქ კიოლნში განდგურდა 36 ქარხანა, 270 დაზიანდა, ჯამში დაიწვა 3.300 შენობა. მოკავშირეებმა დაკარგეს 40 ბომბდამშენი. ნაცისტების სამხედრო მრეწველობა დიდ დანაკარგებს განიცდიდა, ლუფტვაფე გერმანიის თავზევე შებოჭეს და მოუსპეს აღმოსავლეთში გადასროლის საშუალება! პარალელურად საბჭოთა ინდუსტრიამ ამოისუნთქა და ამერიკულიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა ფრონტისთვის.   

აშშ-ს მე-8 შენაერთის B-17 ბომბავს ფოკე-ვულფის საავიაციო ქარხანას 09.10.1943
დაზიანდა ქარხნის 23 შენობა. ჩამოაგდეს 2 B-17

როგორც ხედავთ D-day არც მიხსენებია. ჰოდა ამ ფაქტების გაცნობის შემდეგ რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის რომ 1944 წლამდე აშშ-ინგლისი სამხედრო ძალით არ დახმარებია სსრკ-ს? არ ყოფილა მეორე ფრონტი და ომი სტალინმა მოიგო? სიმართლე ესაა და საბჭოთა პროპაგანდისგან ძალიან განსხვავდება 😁 არავინ აკნინებს სსრკ-ში შემავალი 15 ქვეყნის ხალხების ძალისხმევას ომის მოსაგებად, მაგრამ ერთი-ერთზე სსრკ განწირული იყო გერმანიასთან ომში.


ეკონომიური დახმარება სსრკ-ს და ლენდ-ლიზი

მოგეხსენებათ ომს ამოძრავებს ეკონომიკა. შეუძლებელია ომის წარმოება ლითონის, საწვავის, რეზინის, საკვების და სხვა უამრავი რესურსის გარეშე.
1942 წლის იანვრისთვის სსრკ-მ დაკარგა საწარმოო სიმძლავრეების 50%, სახნავ-სათესი სავარგულების დიდი ნაწილი, ელექტრო ენერგიის სიმძლავრეები, რომელთა გარეშე შეუძლებელი იყო საჭირო მოცულობის ინდუსტრიული წარმოება. ალუმინის 3 ქარხნიდან დარჩა ერთი და ისიც ყველაზე პატარა. ომის განმავლობაში სსრკ-მ აწარმოა 264 ათასი ტონა ალუმინი, მაშინ როცა მოკავშირეებმა მიაწოდეს 328 ათასი ტონა, ანუ საბჭოთა თვითმფრინავების ნახევარი ამერიკული ალუმინით დაამზადეს. კოლოსალური იყო ჯავშანტექნიკის, არტილერიის, ავტომობილების და ავიაციის დანაკარგი 1941 წელს. ამ ყველაფერს შევსება უნდოდა, თითოეულ დღეს ჰქონდა მნიშვნელობა. ამიტომ სსრკ სასწრაფოდ ჩართეს ლენდ ლიზის პროგრამაში და წინასწარი ანაზღაურების გარეშე დაიწყეს შეიარაღების და რესურსების მიწოდება როგორც აშშ-მ და კანადამ, ასევე ინგლისმაც. ლენდ ლიზს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1942-1943 წლებში, როდესაც საბჭოთა ინდუსტრია გამოდიოდა შოკიდან, ხოლო გერმანული ნადგურდებოდა მოკავშირეების ავიაციის გამუდმებული დარტყმების ქვეშ.

ჯამში აშშ-მ სსრკ-ს მიაწოდა $11,3 მლრდ ღირებულების საქონელი, რაც ეხლანდელი ფასებით დაახლ. $150 მილიარდია. აქედან მხოლოდ 7% არის გადახდილი, ხოლო დაუზიანებელი ნაწილი ომის შემდეგ დააბრუნეს უკან. საბჭოთა დროს აკრძალული იყო დასავლური ტიპის ტექნიკის ჩვენება, მედია მკაცრ ცენზურას გადიოდა. მხოლოდ "სტუდაბეკერს" ვერ უვლიდნენ გვერდს, რომელიც წითელი არმიის ძირითადი სატვირთო გახდა და ყველგან ეჩხირებოდათ თვალში.   




გადავხედოთ ზოგიერთ ციფრს. სსრკმ-ს ლენდ-ლიზით 1941-1945 წლებში მიიღო: 

➜ ჯავშანტექნიკა (ტანკები, ჯტრ): 18.500 (საბჭოთა წარმოების 12%)
➜ ავიაცია: 18.400 (საბჭოთ წარმოების 18%)
➜ ავტოტექნიკა: 433.000 (საბჭოთა წარმოებაზე 1,6 ჯერ მეტი)
➜ მსხვილი კალიბრის საზენიტო ქვემეხები: 7.944
➜ ლოკომოტივი: 1981 (საბჭოთა წარმოებაზე 2.4 ჯერ მეტი)
➜ მოტოციკლეტები: 37.600 (საბჭოთა წარმოებაზე 1.4 ჯერ მეტი)
➜ რელსები: 622 ათასი ტონა (საბჭოთა წარმოებაზე 10%-ით მეტი)
 ➜ სარკინიგზო ვაგონი: 11.075 (საბჭოთა წარმოებაზე 10 ჯერ მეტი)
➜ საავიაციო საწვავი და დანამტები: 2.5 მლნ ტონა (საბჭოთა ავიაციის მოხმარების 60%)

➜ რადიოლოკატორი: 2074

➜ საბრძოლო გემები: 105
➜ სატორპედო კატარღა: 202
➜ სატვირთო გემი: 90
➜ წყალქვეშა ნავი: 4
➜ ძრავები გემებისთვის: 7.784

➜ დენთი და ასაფეთქებელი მასალა: 345.000 ტონა (საბჭოთა წარმოების 53%)
➜ დეტონატორი: 903.000

➜ ავტომობილის საბურავი: 3.606.000 წყვილი (საბჭოთა წარმოების 45% და გაცილებით ხარისხიანი)
➜ ნატურალური კაუჩუკი: 103,5 ათასი ტონა
➜ სამხედრო ფეხსაცმელი: 15,5 მლნ წყვილი
➜ ღილი: 257.000.000 ცალი
➜ ტელეფონის აპარატი: 2.500.000 ცალი
➜ მაღალი ხარისხის ლითონის მჭრელი ჩარხები: 44.600 ერთეული
➜ ტრაქტორი: 8.071

➜ ფოლადი: 2.800.000 ტონა
➜ ფერადი ლითონი: 802.000 ტონა
➜ ბამბა: 106.893 ტონა
➜ ტყავი: 49.860 ტონა

➜ შაქარი: 658.000 ტონა (საბჭოთა წარმოების 66%)
➜ კონსერვები: 2.077 ათასი ტონა (საბჭოთა წარმოებაზე 4.8 ჯერ მეტი)

აშშ -დან (იხ. საარქივო მასლა სტატიის ქვემოთ):

➜ კარაქი: 77.000 ტონა
➜ საკვები ზეთი 50.000 ტონა
➜ რძის ფხვნილი და დანამატი: 83.000 ტონა
➜ ყველი: 34.000 ტონა
➜ მშრალი ხილი: 40.000 ტონა
➜ რაციონი (K): 1.832 ტონა
➜ სათესლე მასალა: 80.000 ტონა

ლენდ ლიზით მოწოდებული საკვები ძირითადად მიეწოდებოდა ჯარებს, გასამხედროებულ სტრუქტურებს და სამხედრო მრეწველობის ობიექტებს.


ნიკიტა ხრუშოვი ასე იხსენებს სტალინთან საუბრებს ლენდ-ლიზთან დაკავშირებით:
"Во-первых, хочу сказать о некоторых замечаниях, сделанных Сталиным и неоднократно повторённых им во время «непринуждённых» разговоров между нами. Он прямо сказал, что если бы США нам не помогли, мы бы войну не выиграли. Если бы нам пришлось сражаться с нацистской Германией один на один, то такого давления мы бы не выдержали и войну проиграли бы. Никто никогда эту тему официально не обсуждал, и я не думаю, что Сталин когда-либо письменно излагал своё мнение по данному вопросу, но я все же утверждаю, что в нескольких разговорах со мной он отмечал, что дело обстояло именно так"

აღსაღნიშნავია რომ სხვადასხვა წყაროებში ციფრები მცირედით განსხვავდება, თუმცა საერთოდ სურათი უცვლელია.

იური ვერემეევის დიდი მოცულობის ნაშრომი სავსებით სანდოა ციფრების მხრივ, თუმცა ავტორი მხოლოდ აშშ-ს მიერ მოწოდებულ მასალებს ჩამოთვლის:

 ავიაცია

 ავტომობილები

 ვაზნები, ბომბები

 მსუბუქი იარაღი და საზენიტო საშუალებები

 საინდენდანტო ქონება

საკვები

 ჯავშანტექნიკა

დამატებითი ლიტერატურა: Ленд-лиз — оружие победы
საარქივო მასალა: Lend Lease, August 1944 (მეოთხე პროტოკოლი. ივლისი 1944. 1941 წლის დეკემბერიდან 1944 წლის ივლისამდე საკვების მიწოდების სია). შენიშვნა: "მოკლე ტონა" მეტრიკულზე გადმოიყვანეთ. 1 მეტრიკული ტონა = 907 მოკლე ტონას