როგორ აირიდა ომი თავიდან შვეიცარიამ 1940 წელს


1920 წელს გამოქვეყნდა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის პროგრამა, რომლის პირველი მუხლი ასე იყო ჩამოყალიბებული: "ჩვენ ვითხოვთ ყველა გერმანელის გაერთიანებას დიდი გერმანიის ფარგლებში, რაც ეფუძნება ერების თვითგამორკვევის უფლებას". შვეიცარიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი გერმანული წარმოშობისაა და ეს მოთხოვნა პირდაპირ ეხებოდა მათ, ავსტრიელებს, ელზასელებს (საფრანგეთი) და სუდეტებში (ჩეხეთი) მცხოვრებ გერმანელებს.

1933 წლის მარტში ნაცისტებმა ხმების 44% აიღეს არჩევნებზე და ჰიტლერი გახდა კანცლერი. წინადახედულმა შვეიცარელებმა თადარიგი დაიჭირეს: 12 მაისს აკრძალეს "ჰიტლერული" პროპაგანდა და რაც მთავარია 10 ოქტომბერს მკვეთრად გაზარდეს თავდაცვის ბიუჯეტი: 15 მილიონი ფრანკიდან 100 (30 მლნ აშშ დოლარი) მილიონამდე (მაშინდელი დოლარი გაცილებით მყარი იყო ეხლანდელზე და ეს ციფრი პატარა არაა).

14 ოქტომბერს გერმანია გავიდა ერთა ლიგიდან და განიარაღების კონფერენციიდან. შვეიცარელებმა 18 ოქტომბერს უპასუხეს ქვეითი ნაწილების გადაიარაღების, არტილერიის და ავიაციის გაძლიერების სპეცპროგრამით, რისთვისაც $39 მლნ აშშ დოლარი გამოყვეს. შეაირაღებულ ძალების მოწყობას და სამობილიზაციო გეგმას ბევრი მუშაობა არ დაჭირდა, რადგან ისედაც ტოტალური თავდაცვისთვის იყვნენ მზად.

1936 წლის თებერვალში აიკრძალა ყველა პროგერმანული და ნაცისტური ორგანიზაცია.
1937 წლის მარტში დასრულდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამა, შემოიღეს ახალი კანონები, მაგ.: შენიღბვის, 2 თვის საკვების ინდივიდუალური მარაგის, მასირებული დაბომბვის შედეგების ლიკვიდაციის შესახებ. ამავე წელს ბიუჯეტში გაჩნდა დანართი: "ომის ეკონომიკის" შესახებ.

1939 წლის 30 აგვისტოს შვეიცარია "ომის კანონზე" გადავიდა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად პარლამენტმა აირჩია თადარიგში გასული 61 წლის გენერალი ანრი გიზანი. 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მსოფლიო ომი.

 გენერალი ანრი გიზანი 1940 წ.

1933 წლიდან მოყოლებული შვეცარიელებს არ გამოპარვიათ გერმანიის არცერთი ნაბიჯი და ყოველთვის ზუტს და ხშირად წინმსწრებ გადაწყვეტილებას იღებდნენ.

შვეციარიის თავდაცვის გეგმა

1939 წელს შვეიცარიაში დაიწყო მობილიზაცია. შეივსო ტერიტორიულ პრინციპზე მოწყობილი 3 საარმიო კორპუსი, რეზერვი განთავსდა ცენტრში და სამხრეთით. ქვეყანა დაიყო თავდაცვის ავტონომიურ რაიონებად, კონკრეტული ამოცანებით და უკანდახევის გეგმით მეორე და მესამე ზოლისაკენ, თუ ვერ მოხერხდებოდა ვერმახტის შეკავება საზღვარზე.

შვეიცარიის არმიის დისლოკაციის პირველი გეგმა

430.000 ოფიცერი და ჯარისკაცი, 150.000 მოხალისე და 10,000 ქალი სამედიცინო კორპუსიდან მზად იყო ქვეყნის დასაცავად. გენერალ გიზანს ერთელ გაეხუმრნენ: "500.000 კაცის მეტი არ გყავს არმიაში და 1 მილიონი გერმანელი რომ წამოვიდეს რას იზამო?" პასუხი დამახასიათებელი იყო: "სავარაუდოდ თითოეულ ჩემს ბიჭს 2 ჯერ მოუწევს სროლაო". შვეიცარია დანებებას არ აპირებდა.


შვეიცარიის არმიის მობილიზაცია

მობილიზაციისთვის საჭირო იყო მხოლოდ 3 დღე, ხოლო ტოტალური მობილიზაციის შემთხვევაში 4.2 მილიონიან შვეიცარიას შეეძლო 850.000 მომზადებული მოქალაქის გამოყვანა! 7 წლიან ინტენსიურ მომზადებას ფუჭად არ ჩაუვლია.
გენშტაბმა გაზარდა ჯარში წამსვლელთა ასაკი 48-დან 60 წლამდე და დაკომპლექტდა ლანდსშტურმი, 100,000 იანი კორპუსი, რომლის დანაყოფებს ზურგის კომუნიკაციების და წესრიგის დაცვა დაევალა საკუთარ საცხოვრებელ რაიონში.


მთელი ქვეყანა დაიქსელა გამაგრებული რაიონებით, თავდაცვითი ნაგებობებით და შეიქმნა შეიარაღების, საკვების და სხვა საჭირო მატერიალის ავტონომიური მარაგები.

ტურისტებისთვის გახსნილი ბუნკერების თანამედროვე სქემა

გამაგრებული რაიონის ბუნკერი


შვეიცარიაში გერმანიის და იტალიის შეჭრის გეგმა

საფრანგეთის დაცემის შემდეგ, 1940 წლის 25 ივნისს გაიცა ბრძანება შვეიცარიის დაპყრობის ოპერაციის შემუშავების შესახებ, რომელსაც სახელად: "გრუნი" (მწვანე), მოგვიანებით კი "ტანენბაუმი" (ნაძვი) ეწოდა.
აღსაღნიშნავია რომ გერმანიამ 197-ჯერ დაარღვია შვეიცარიის საჰაერო სივრცე საფრანგეთთან ომის დროს. შვეიცარელებმა გერმანული წარმოების "მუსერშმიტებით" ჩამოაგდეს ლუფტვაფეს 11 თვითმფრინავი. გერმანელებმა ორჯერ (5 და 19 ივნისს) დაგმეს შვეიცარელების მოქმედება და დივერსანტები შეგზავნეს თვითმფრინავების მწყობრიდან გამოსაყვანად, მაგრამ ყველა ჯგუფი ტყვედ აიყვანეს.

შვეიცარიის Messerschmitt Bf 109

საინტერესოა აღინიშნოს, რომ 1940 წლის 19-20 ივნისს შვეიცარიამ თავშესაფარი მისცა 12.000 ფრანგ და 16.000 პოლონელ ჯარისკაცს, რომლებიც საფრანგეთიდან გადმოვიდნენ

ფრანგი და პოლონელი სამხედროების შესვლა შვეიცარიაში

გეგმის მიხედვით შეტევაზე უნდა გადასულიყო ვ. ლეების საჯარისო ჯგუფი "C", რომელსაც გენერალი ვ. ლისტი უმეთაურებდა და ძირითადი ძალა XII არმია იქნებოდა. სამხრეთიდან შეტევაზე გადავიდოდა იტალიის არმია და დაიკავებდა იტალიურ ენაზე მოლაპარაკეთა რაიონებს. ლეები პირადად მონაწილეობდა რეკოგნოსცირებაში. გეგმა გადაიდო და შეტევის ბრძანება არ გაცემულა.

1941 წელს ჰიტლერმა ასე შეაფასა შვეიცარელები იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას: "შვეიცარიაში ყველაზე საზიზღარი და შესაბრალისი ხალხი და პოლიტიკური სისტემაა. შვეიცარელები იყვნენ ახალი გერმანიის სასიკვდილო მტრები". ძალიან ჰგავს სტალინის მიერ ფინელების შეფასებას წითელი არმიის შეჩერების შემდეგ: "პატარა მაგრამ ბოროტი ხალხი!"

 შვეიცარიელი არტილერისტები ალპებში

რატომ არ შეიჭრა გერმანია შვეიცარიაში?

ზუსტი მიზეზი არავინ იცის, მაგრამ ფაქტებზე დაყრდნობით ვარაუდს არავინ გვიშლის:

1). ავსტრიის მიერთების მაგვარი უსისხლო სცენარი გამორიცხული იყო. დაიპყრობდა გერმანია და იტალია შვეიცარიას? ძალიან დიდი ალბათობით კი, მაგრამ რის ფასად? 1940 წლის ზაფხულში სერიოზულად განიხილებოდა ბრიტანეთში შეჭრა და პარალელურად 500,000 შვეიცარელის წინააღმდეგ 15-18 დივიზიის გამოყვანა და ახალი ომი შუაგულ ევროპაში საღ აზრს ეწინააღმდეგებოდა.

2). 1940 წელს შვეიცარია დეფაქტო გარშემორტყმული იყო გერმანიის და იტალიის მიერ. ხოლო მოსახლეობის 60% გერმანული წარმოშობის იყო. როდესაც ომი დასასრულისკენ წავიდოდა, დიდი ალბათობით ჰიტლერი ავსტრიის მოდელს, ან მის მაგვარს შესთავაზებდა შვეიცარიას. რახან საომრად შეიმართნენ, ომის ბოლოსთვის გადაიდო მათი საკითხი.

ნეიტრალიტეტი და ბანკები? ნეიტრალიტეტისთვის ანგარიში არავის არ გაუწევია. რაც შეეხება ბანკებს, შვეიცარიამ დაამტკიცა რომ ანაბრები საიმედო ხელში იყო, ბოლომდე დაიცავდა და "ყაჩაღმა" ჰიტლერმაც კი ვერ გაბედა შემოჭრა.

ცნობილი რომაული გამოთქმა Si vis pacem, para bellum (მშვიდობა ვისაც უნდა, მოემზადოს ომისთვის) შვეიცარიის მთავრობამ და ჯარმა 100% აასრულა. მოწინააღმდეგემ გადაიფიქრა შემოჭრა, მოსალოდნელი დიდი დანაკარგების გამო. ომისთვის მზაობამ შეანარჩუნებინათ მშვიდობა, თორემ უკრავდნენ იმ 400,000 შვეიცარელს თავს ვერმახტში და ამოხოცავდნენ სხვადასხვა ფრონტებზე. ზოგადად ომის/ძალადობის მსხვერპლი სუსტი ხდება და არა ძლიერი. ძლიერთან მოლაპარაკებას არჩევენ.

ჰოდა რაღა დარჩენოდა გერმანელ ჯარისკაცს? იდგა გადაულახავი შვეიცარია-გერმანიის საზღვართან და იკრიჭებოდა კამერის წინ შვეიცარელ მესაზღვრესთან ერთად ...