Showing posts with label პროპაგანდა. Show all posts
Showing posts with label პროპაგანდა. Show all posts

რატომ არ იბრძოდა 1921 წლის ომში 700,000 ქართველი? პასუხი გავრცელებულ შეცდომაზე


"სხვის ომში მაგრები ვართ ქართველები, 1921 წელს არ იომეს და 20 წლის შემდეგ 700.000 წავიდა!" - წლიდან წლამდე გაისმის ეს არგუმენტი, რელიგიური მანტრასავით იმეორებენ, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. სინამდვილეში როგორ იყო საქმე?

სიტუაცია, დრო და სამობილიზაციო რესურსი

ჩვენი რესპუბლიკა დაიბადა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, სრული ეკონომიური და სამხედრო ჩამოშლის დროს, როცა ინგრეოდა ძველი და უნდა აშენებულიყო ახალი და თან ამ ახლის შენების გამოცდილება არავის არ ჰქონდა. 3 წლის განუწყვეტელი საომარი მოქმედებების, უკიდურესი სიღარიბის, პანდემიის და საერთაშორისო დახმარების არქონის ფონზე 1921 წლის 12 თებერვალს მაინც ვაკონტროლებდით: აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ლორეს მთლიანად, შავშეთს (არდაგანი-ოლთისი) და გარეჯიდან ფოილოს ხიდამდე 40 კმ იან ზონას, ანუ რესპუბლიკა თავგანწირვით და წარმატებულად იბრძოდა!

1941 წლის 22 ივნისისთვის სსრკ წამოადგენდა საომრად შემართულ მონსტრს, რომელიც 20 წელი ისვენებდა და ძალას იკრეფდა ევროპის დასაპყრობად. ამიტომ რესპუბლიკის და რუსეთის იმპერიის შედარება არაკორექტულია. 20 წელი რომ გვქონოდა დრო, ჩვენც დაახლ. ფინეთის დონეზე დავხვდებოდით "ჩრდილოეთის ურდოს"!

1921 წლის ომში დაახლ. 40.000 -მა საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, ქვეყანაში მაშინ დაახლ. 2,4 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. 1941 წლის იანვარში სსრკ-ს მოსახლეობამ აღწერის მიხედვით შეადგინა 198.712.000 ადამიანი (ორიგინალი წყარო), ანუ სსრკ-ს 82-ჯერ მეტი სამობილიზაციო რესურსი ჰქონდა. 1921 წლის ომი გაგრძელდა 1 თვე, ევროპის საბრძოლო მოქმედებების თეატრში სსრკ მონაწილეობდა 68 თვის (09.1939 - 05.1945) მანძილზე. შეადარეთ 1 და 68 თვე! რა თქმა უნდა რამდენიმე მობილიზაციის შედეგად, 68 თვეში 700.000 გაწვეული დაგროვდა 3.695.000 იანი საქართველოდან. ეს 700.000 ადამიანი 1 თვეში არ გაუწვევიათ. თვეში საშუალოდ 10.300 ადამიანს იწვევდნენ (700.000 გავყოთ ომის 68 თვეზე) საბჭოთა საქართველოდან, რომელიც 1.5 ჯერ აღემატებოდა მოსახლეობით რესპუბლიკას.

გადავიდეთ იარაღის, საკვების და მეტერიალური საშუალებების შედარებაზე. რა მდგომარეობაში იყო საქართველო და რა მდგომარეობაში სსრკ. როცა ეკიპირება, იარაღი და საკვები არ გაქვს, ჯარისკაცებს ფიზიკურად ვერ გამოიყვან ბრძოლის ველზე.

იარაღი და მატერიალური საშუალებები

ჯერ კიდევ 1918 წელს შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა საქართველოში არსებულ სამხედრო საწყობებში, რადგან ისინი თითქმის დაცალეს და ტრაპზონ-სარაყამიშის მიმართულებით გადაიტანეს 1917 წელს. გაზეთი "საქართველო" 1918 წლის 22 მარტის ნომერში წერდა:


ამუნიციის და მარაგის არქონაზე ჩივის ვ. გოგუაძე რომელიც ასე იხსენებს 1918 წლის გაზაფხულს:


საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოიტანა გოგუაძემ სარაყამიშიდან 24 ვაგონი ვაზნები და საარტილერიო ჭურვები. სანაცვლოდ სომხებს გადავეცით 60 ტყვიამფრქვევი.

შეგიძლიათ თვალნათლივ დარწმუნდეთ რა მდგომარეობა იყო 1918 წელს საწყობებში (აღწერას გრიფი "საიდუმულო" ედო) და ზოგადად რა სიტუაცია იყო სასაზღვრო ჯარში 1920 წლის ბოლოს, ომის დაწყებამდე 1.5 თვით ადრე:

თბილისის არსენალის საწყობის აღწერა. 21.07. 1918 წ.

3 წლის მანძილზე რესპუბლიკის მთავრობა განუწყვეტლივ ითხოვდა სამხედრო დახმარებას. სამწუხაროდ ეს დახმარება ძალიან მწირი იყო. 1920 წელს დაგვრჩა ე.წ. "სომხეთის ტრანზიტის" (40.000 კაცის ამუნიცია და ეკიპირება) 27%, რამაც ცოტათი გამოასწორა მდგომარეობა (ტაბახმელას სანგრის არქეოლოგიური გათხრების დროს ვაზნების დაახლ. 50% ინგლისური აღმოჩნდა და სავარაუდოდ ამ ტრანზიტიდან გვერგო. დანამდვილებით ცნობილია რომ მე-7 ბატალიონში მობილიზებული 250 მოხალისე-მოსწავლე ინგლისური "ლი ენფილდის" შაშხანებით შეაიარაღეს). საფრანგეთის ახალი მთავრობის გადაწყვეტილება სრულმასშტაბიან დახმარებაზე დაგვიანებული აღმოჩნდა. საარქივო მასალებით, მაშინდელი მედიის და თვითმხილველების (ცენზურის გარეშე რაც გამოქვეყნდა) მოგონებებით დასტურდება რომ ჯარს და სახალხო გვარდიას აკლდა ტანსაცმელი, იარაღი, ვაზნები, საკვები და ბევრი სხვა აუცილებელი ნივთი! და ეს იმ პირობებში როცა თავდაცვაზე იხარჯებოდა ბიუჯეტის 36%! რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და 2020 წლის ბიუჯეტს რომ შევადაროთ დაახლ. 4.9 მლრდ ლარის ექვივალენტია. რესპუბლიკის მთავრობის დადანაშაულება თითქოს ჯარზე არ ზრუნავდნენ არის დიდი ტყუილი! გაღატაკებულ და უმოკავშირეო ქვეყანას მეტი ფიზიკურად არ შეეძლო!

რა მდგომარეობაში იყო სსრკ? 20 წელიწადის (1921 - 1941) მანძილზე რუსეთი დიდ ომს არ აწარმოებდა და შეძლო საკუთარი სამხედრო მრეწველობის გამართვა და მარაგების შექმნა. ხოლო უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მიიღო კოლოსალური დახმარება აშშ-ინგლის-კანადიდან. ამ დახმარების შესახებ დეტალურად წერია აქ: მოკავშირეთა როლი გერმანიის დამარცხებაში. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან რამდენიმე ციფრს. სსრკმ-ს ლენდ-ლიზით 1941-1945 წლებში ფაქტიურად უფასოდ მიიღო:

➜ ავტოტექნიკა: 433.000 (საბჭოთა წარმოებაზე 1,6 ჯერ მეტი)
➜ ლოკომოტივი: 1981 (საბჭოთა წარმოებაზე 2.4 ჯერ მეტი)
➜ მოტოციკლეტები: 37.600 (საბჭოთა წარმოებაზე 1.4 ჯერ მეტი)
➜ სარკინიგზო ვაგონი: 11.075 (საბჭოთა წარმოებაზე 10 ჯერ მეტი)
➜ საავიაციო საწვავი და დანამტები: 2.5 მლნ ტონა (საბჭოთა ავიაციის მოხმარების 60%)
➜ დენთი და ასაფეთქებელი მასალა: 345.000 ტონა (საბჭოთა წარმოების 53%)
➜ ავტომობილის საბურავი: 3.606.000 წყვილი (საბჭოთა წარმოების 45% და გაცილებით ხარისხიანი)
➜ სამხედრო ფეხსაცმელი: 15,5 მლნ წყვილი
➜ შაქარი: 658.000 ტონა (საბჭოთა წარმოების 66%)
➜ სათესლე მასალა: 80.000 ტონა
➜ კონსერვები: 2.077 ათასი ტონა (საბჭოთა წარმოებაზე 4.8 ჯერ მეტი) და ა.შ.

რომ არა ეს დახმარება სტალინი მობილიზირებული ჯარის მხოლოდ 40%-ის გამოკვებას და შეიარაღებას შეძლებდა. მაგალითად: ომის განმავლობაში სსრკ-მ აწარმოა 264 ათასი ტონა ალუმინი, მაშინ როცა მოკავშირეებმა მიაწოდეს 328 ათასი ტონა, ანუ საბჭოთა თვითმფრინავების ნახევარი ამერიკული ალუმინით დაამზადეს. ხოლო საბჭოთა ავიაციის 18% ამერიკული და ინგლისური იყო, ჯამში: 18.400 ცალი!

1918-1921 წლებში მსგავსი დახმარება რომ გაეწიათ ჩვენც თავისუფლად შეგვეძლო მაგალითად: 240.000 ოფიცრის და ჯარისკაცის მობილიზება, ანუ მოსახლეობის 10% -ს ომში უშუალოდ ჩართვა, რაც ტოტალური მობილიზაციის ნორმაა.

ვფიქრობ რომ, შეკითხვაზე: თუ რატომ იცავდა საქართველოს 1921 წელს 40.000 კაცი და რატომ გაიწვიეს წითელ არმიაში 700.000 კაცი 1939-1945 წლებში პასუხგაცემულია. მეტი ადამიანის შენახვის და შეიარაღების საშუალება ფიზიკურად არ იყო.

რუსული იმპერიალიზმის სიმბოლო


პოსტკომუნისტურმა რუსულმა იმპერიამ ე.წ. "გეორგიევსკაია ლენტოჩკა" მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების და "რუსული სამყაროს" ამოსაცნობ ნიშნად აქცია. რუსეთს გარეთ ამ ლენტოჩკის გამოყენებას ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, უკრაინაში კანონით დასჯადია მისი გამოყენება, ბელარუსიაში და ყაზახეთშიც კი არაფორმალურად აკრძალულია. არცერთ ჭკუათმყოფელ ქართველს აზრადაც კი არ მოუვა ამ "ლენტოჩკის" ტარება და ფრიალი .. რატომ?


რუსეთის იმპერიის ოფიციალური დროშა 1858-1896 წლებში სამფეროვანი იყო: შავი, მოყვითალო და თეთრი ფერის ზოლებით. ხალხში "იმპერკას" ეძახდნენ და მისი შავი და მოყვითალო ფერი დაკავშირებული იყო იმპერიის გერბთან და სამხედრო ჯილდოებთან.


1769 წელს სამხედროებისთვის დამტკიცა წმ. გიორგის ორდენი (ხალხში: "გიორგის ჯვარი") ოთხი ხარისხით, როგორც უმაღლესი სამხედრო ჯილდო. შავი და მოყვითალო ფერი საუკუნეების მანძილზე იყო იმპერიის სამხედრო ძლიერების და დაპყრობითი ომების სიმბოლო.
გენერალი მ. კუტუზოვი

ყველა სამხედრო ორდენისა და მედლისთვის არსებობს ლენტი, რომელსაც განსაზღვრული ფერი და ნახატი გააჩნია. გიორგის ჯვრის ლენტი ზუსტად იმეორებს (1913 წელს მოყვითალო შეიცვალა ფორთოხლისფერად) თანამედროვე "გეორგიევსკაია ლენტოჩკას"-ს ფერებს და დიზაინს. ხოლო წმ. გიორგის ორდენი რუსეთში აღდგა 1992 წლიდან.


1917 წლის რევოლუციის შემდეგ კომუნისტურ რუსეთში აიკრძალა ამ ფერების გამოყენება და მხოლოდ თეთრგვარდიულ, ფაშისტურ და ნეონაცისტურ ორგანიზაციებს შემორჩათ, როგორც დროშებში, ასევე ორდენებსა და ემბლემებში.


1943 წლიდან სსრკ-მ შეცვალა სამხედრო ფორმა, სამხრეები და ორდენების დიზაინი, დაუახლოვა ისინი რუსულ იმპერიულს. "დიდების" და "ნახიმოვის" ორდენებმა იმპერიული ლენტის ფერები გაიმეორეს. სამხედრო საზღვაო ძალების გვარდიული ნაწილები ასევე იყენებდნენ ამ ფერებს 1942 წლიდან.


2005 წელს "გიორგიევსკაია ლენტოჩკა" პირველად გამოჩნდა რუსეთში 9 მაისთან დავაკშირებულ აქციაზე და მას მერე სახელმწიფო პიარის დამსახურებით მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. აღსაღნიშნავია რომ კომუნისტების მიერ სსრკ-ს დროს ჩატარებულ აღლუმებზე წითელი ფერი და სოციალისტური სიმბოლიკა გამოიყენებოდა: 1981 წლის აღლუმი შეადარეთ 2018 წლის აღლუმს სადაც იმპერიული ფერები გამოიყენება.

რუსი თეთრგვარდიელები, ვერმახტის რუსული კორპუსის მებრძოლები რომ წამოაყენო და აყურებინო 9 მაისის თანმედროვე აღლუმები ვერც მიხვდებიან ომში ვინ მოიგო ... 😁 ან ეს რუსი ტერორისტი მოტოროლა ვის მხარესაა (земля тебе стекловатой), მონარქისტია თუ კომუნისტი ...

პასუხი სტატიაზე: "გიორგი მაზნიაშვილი - ზეკაცი, რომელიც სტალინმა დახვრიტა"

ინტერნეტში ხშირად ვრცელდება დილეტანტების მიერ გავრცელებული და შეცდომებით სავსე სტატიები, რაც საინფორმაციო ქაოსს ქმნის და ობიექტური სურათს ამახინჯებს, რადგან შეუძლებელია ტყუილ-მართალის გარჩევა.
ამჯერად განვიხილოთ: "გიორგი მაზნიაშვილი - ზეკაცი, რომელიც სტალინმა დახვრიტა", რომელიც სავსეა შეუსაბამოებებით და ტყუილებით (სათაური მშვენიერი და სწორი აქვს). ციტატები მოყვანილია სტატიიდან და ქვემოთ გაცემულია პასუხი.

"არცერთი ბრძოლა არ წაუგია" 
მაზნიაშვილისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მან ვერ შეძლო სერვერ ბეგის აჯანყების ჩახშობა 1919 წლის აპრილში, ფრონტი ჩამოიშალა და დამარცხებულებს აწყურამდე მოუწიათ უკან დახევა. მაზნიაშვილი გადააყენეს, საქმე სამხედრო სასამართლოს გადაეცა და 1920 წლის ოქტომბრამდე, როდესაც გენერალი გაამართლეს, ჩამოშორებული იყო შეიარაღებულ ძალებს (17 თვით!!).

"1914-18 წლებში რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემტევი გენერალი გახლდათ პირველ მსოფლიო ომში"
მაზნიაშვილმა დასავლეთის ფრონტი დატოვა 1917 წლის შემოდგომით პოლკოვნიკის ჩინით (მეთაურობდა ციმბირის პირველ პოლკს). მას არ ჰქონდა დამთავრებული გენერალური შტაბის აკადემია და გენერალი 1918 წელს, უკვე საქართველოს არმიის რიგებში გახდა.

"საკუთარი სახსრებითა და კავშირების გამოყენებით ახალი ქართული დივიზია ჩამოყალიბა"
ინფორმაცია მოგონილია. მაზნიაშვილი 1917 წლის სექტემბერში დაინიშნა რუსეთის არმიის ქართული კორპუსის თბილისის II ქვეითი დივიზიის ბრიგადის მეთაურად და არც საკუთარი ფულით დაუარსებია ეს დივიზია.
პოლკოვნიკი მაზნიაშვილი სავარაუდოდ 1917 წ.

"გენერალმა მაზნიაშვილმა უწინამძღვრა ქართველ მუსლიმთა საკავალერიო პოლკს, მოიშველია ჯავშანმატარებელი, დაამარცხა და განდევნა ბოლშევიკები"
ინფორმაცია მოგონილია.

"გენერალი გიორგი სათავეში ჩაუდგა გურია-აჭარის სახალხო ლაშქარს, შეიერთა პროფესიული სამხედრო რაზმები და 6 აპრილს მდინარე ჩოლოქთან გაანადგურა თურქეთის საოკუპაციო არმია"
1918 წლის აპრილში აჭარლების უმეტესობა საქართველოს მხარეს არ იბრძოდა. "პროფესიული სამხედრო რაზმები" აბსურდულია, რადგან პროფესიული სეგმენტი ფიზიკურად არ არსებობდა 1918 წელს. მდინარე ჩოლოქთან გორის სახალხო გვარდიის, თბილისის საგანგებო რაზმის და ჯავშანმატარებლის გმირობის შედეგად მოხერხდა ფრონტის მარჯვენა ფრთაზე გამარჯვების მოპოვება, მაგრამ მარცხენა ფრთაზე არმიის IV პოლკმა მიატოვა პოზიციები და მტერმა ოზურგეთი დაიკავა.

"1918 წელს აფხაზეთში შემოიჭრა დენიკინის არმია, გენერალ მოისეევის მეთაურობით, 18 ივნისს აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გენერალი მაზნიაშვილი. მან ქართული ჯარით, რომელშიც 300 აფხაზი მხედარიც ირიცხებოდა, სძლია მოისეევის რუსულ საოკუპაციო არმიას და ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლა გაგრა, სოჭი და ტუაფსე"
არანაირი დენიკის არმია არ შემოჭრილა. ადგილობრივმა აფსუა კომუნისტებმა კიარაზიდან და გაბოლშევიკებული ჯარისკაცების ბრბოებმა დაიკავეს აფხაზეთის ნაწილი. 18 ივნისს მაზნიაშვილი ინიშნება აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვის ჯარების უფროსად კომუნისტების ამ დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად, 
 მას ეხმარებოდნენ თეთრგვარდიელი რუსი კაზაკები. არცერთი შეტაკება მაზნიაშვილს არ მოსვლია დენიკნის ჯართან, ისინი მოკავშირეები იყვნენ კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

"1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს თავს დაესხა სომხეთი. 17 დეკემბერს ფრონტის სარდლად დაინიშნა გენერალი მაზნიაშვილი"
მაზნიაშვილი დაინიშნა შულავერი-სადახლოს ძირითადი ოპერატიული მიმართულების მეთაურად სრული უფლებებით და არა ფრონტის სარდლად. სხვა მიმართულებებს გენერლები სტეფანე ახმეტელაშვილი (ბოლნისი) და აბელ მაყაშვილი (ახალქალაქი) მეთაურობდნენ.

1919 წლის იანვარი. სომხეთ-საქართველოს ომის დასრულების აღლუმი
4). გ. მაზნიაშვილი 3). მთავარსარდალი ალექსანდრე გედევანიშვილი 11). საველე შტაბის უფროსი იმნაძე 6). გენერალური შტაბის უფროსი ზაქარიაძე

"გენერალ მაზნიაშვილის შენაერთები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ერევნამდე ჩავიდნენ."
ალბათ დროა ამ ჩასვლის ვიდეოც ვნახოთ: ერევნამდე ჩასვლის ვიდეო
ვისაც გაინტერესებთ სად შეჩერდა ომი 1918 წლის 31 დეკემბერს საქართველო-სომხეთის დღევანდელი საზღვარი ნახეთ, ზუსტად იმეორებს ფრონტის ხაზს.
"ერევნის აღების" სადღეგრძელო მოდის კვინიტაძის მოგონებებიდან, სადაც ის აღნიშნავს, რომ თუ ლორეს ხეობაში გამოკეტავდნენ და დაატყევევბდნენ სომხეთის არმიას, ერევნისკენ გზა იხსნებოდა. ერევნის აღებას არავინ აპირებდა, მან ხატოვნად აღწერა პოტენციური შესაძლებლობა, რაც მეზღაპრეების ხელში უცებ იქცა რეალობად :))

"1921 წლის 16 თებერვალს, საქართველოში შემოიჭრა რუსეთის მე-11 არმია"
"ამხელა ნაშრომის" დამწერმა ის მაინც ხომ უნდა იცოდეს 1921 წლის ომი როდის დაიწყო? 12 თებერვალს, ღამით დაგვარტყეს შაგალის ხიდთან ბამბაკის ხეობაში.

"გიორგი მაზნიაშვილი ტაბახმელას ფრონტის სარდლად დაინიშნა"
გენერალი ანდრონიკაშვილი რას სარდლობდა აბა? :)))
თბილისის ფრონტი დაიყო სამ მონაკვეთად: კოჯორი-ტაბახმელა (ანდრონიკაშვილი), შავნაბადა-ფონიჭალა (მაზნიაშვილი), ლილო (ჯიჯიხია). ფრონტის სარდალი იყო გენერალი გიორგი კვინიტაძე.

"ჟორდანიამ არ გამოაცხადა მობილიზაცია. ამიტომ მაზნიაშვილს მოუწია სახელდახელოდ შეეკრიბა ლაშქარი და ასეთი რაზმებითაც კი ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა მტერზე"
1918-1921 წლების ერთერთი ძირითადი პრობლემა ჯარების გამუდმებული მობილიზაცია იყო. 1920 წლის შემოდგომაზე არმია აჯანყების პირას მივიდა, სწორედ მაგ მობილიზაციის გამო.
მაზნიაშვილმა ფონიჭალის ბრძოლა ჩაატარა 4 ბატალიონით: თბილისის სადარაჯო ათასეული, ქართლის სახალხო გვარდიის 2 ბატალიონი (გორის და ხაშურის ოლქები), მე-9 ბატალიონის ნაწილი. არცერთი არ იყო სახელდახელოდ შეკრებილი, სადარაჯო და მე-9 იყო რეგულარული, ხოლო სახალხო გვარდიის ბატალიონები სწორედ მობილიზაციის შედეგად აღმოჩდნენ ფონიჭალაში.
ნოე ჟორდანიას მიმართვა 1920 წლის აპრილ-მაისის კრიზისის დროს

"კონტრშეტევისთვისაც კი დაიწყო მზადება, მაგრამ 1921 წლის 24 თებერვალს, ღამის თერთმეტ საათზე მიიღო ნოე ჟორდანიას ბრძანება, უბრძოლველად მოეხსნა ფრონტი და თბილისი დაეტოვებინა"
კონტრშეტევისთვის არავინ ემზადებოდა. არ იყო საკმარისი ძალა.
ნოე ჟორდანიას არ გაუცია უკან დახევის ბრძანება, ის საერთოდ არ ერეოდა სამხედროების საქმიანობაში. უკანდახევის ბრძანება ერთპიროვნულად გასცა გიორგი კვინიტაძემ დაახლ. 17:00-ზე, ჯარებს გადაეცათ 21:00-ზე და ასრულება დაიწყო 00:00 -ზე.

"16 მარტს ინგლისი გაურიგდა რუსეთს და ხელი აიღო საქართველოს დახმარებაზე"
ინგლისმა საქართველო დატოვა 1920 წლის ზაფხულში და 1921 წლის ომში არანაირად არ გარეულან, ანუ დახმარებაზე ხელი 1920 წელს აიღეს.

"ამავე დროს რუსეთმა აჭარა-მესხეთი თურქებს დაუთმო"
16 მარტის მოსკოვის შეთანხმებით დაუთმო შავშეთის ჩრდილოეთი (ოლთისი-არდაგანი-ფოცხოვი) და არა აჭარა-მესხეთი.
ხელშეკრეულების ტექსტი: Договор между Россией и Турцией 1921

"18 მარტს საქართველოს მენშევიკური მთავრობა საზღვარგარეთ სამარცხვინოდ გაიქცა"
მთავრობის დიდი ნაწილი და 130-დან 108 პარლამენტარი საქართველოში დარჩა (არადა აჯობებდა წასულიყვნენ, ნახევარზე მეტი კომუნისტებმა მოკლეს). წავიდნენ მხოლოდ ისინი ვისი წასვლაც დაადგინა პარლამენტმა და ვისაც წითლების ხელში სიკვდილი ელოდა. 65 იუნკერიც სამარცხვინოდ გაიქცა ჟორდანიასთან ერთად? :) 1921 წელს არავის ეგონა მსოფლიოში რომ უტოპისტი კომუნისტები დიდხანს გაძლებდნენ სათავეში.


"გენერალმა მაზინიაშვილმა ყველასგან მოულოდნელად გარს შემოიკრიბა ქართველი მებრძოლები"
მაზნიაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრების რეკომენდაციით აჭარის რევკომმა (კომუნისტებმა) დანიშნეს ბათუმში მყოფი ოსმალების გასადევნად, რადგან მოკავშირეებს შორის (წითელი არმია და ოსმალოების გარნიზონი) შეტაკებას მოერიდნენ, ხოლო ქართულ არმიას ვალდებულება არ ჰქონდა.

წითელი არმიის და ოსმალო მეთაურების მეგობრული ფოტო ბათუმში 1921 წ. მარტი

"დაუმარცხებელი ზეკაცი შეტევაზე გადავიდა სძლია თურქებს ბათუმში  ... ქალაქ ტრაპიზონამდე სდია გაქცეულ თურქებს"
ბარემ სტამბული დაეწერა ავტორს ... ინტერნეტი და განსხვავებული იტანს, პრობლემა არაა :))

სტატიის პირველწყარო: გიორგი მაზნიაშვილი - ზეკაცი, რომელიც სტალინმა დახვრიტა
გიორგი მაზნიაშვილის ბიოგრაფია: გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილის ბიოგრაფია