ქვეითი მებრძოლის აღჭურვილობა | საბაზისო მომზადება


გთავაზობთ აუცილებელი ნივთების იმ ჩამონათვალს, რომლებიც თან უნდა გვქონდეს საბრძოლო მოქმედებების დროს ტყიან მასივში თბილი კლიმატისას, იმ დათქმით რომ ღამით: +7-8C ზე დაბლა არ ჩამოვა ტემპერატურა. ურბანულ ზონაში, საკუთარი ქალაქის დაცვის შემთხვევაში ეს სია გარკვეულწილად შეიცვლება, თუმცა ნივთების შერჩევის ლოგიკა იგივე დარჩება: გარემოს შესაბამისი და პრაქტიკული. ყველა საგანი უნდა იყოს კამუფლირებული, ან დამცავი ფერის (მომწვანო, ყავისფერი, შავი და ა.შ.).
დაკომპლექტება რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, მაგრამ გამოცდილების საფუძველზე (საუბარია მსუბუქ ქვეითზე ტყიან მასივში) ამ სიის მაგვარს შეადგენს სხვაც.

ფორმა
 
კამუფლირებული პანამა
- სასურველია ბრიტანული, ან აშშ-ს არმიის. თუ ასეთი არ გაქვთ, სხვანაირი, ან კამუფლირებული კეპიც გამოდგება - სულ არაფერს ჯობია, საჭიროებისას სათადარიგო მაისურით, ან ბადით "აჭრით".
თხელი ქუდი, ბალაკლავა, ან ბენდენა - ქუდი Quick Dry Cap -ის სტილში, თხელი მატერიის, რომელიც მაგ.: გამოიყენება ძილის დროს ცივ ამინდში, იცავს რა თავს და ყურებს. იგივეს აკეთებს თხელი ბალაკლავა, რომელიც სახესაც იცავს და თან ნიღბავს. ამავე მიზნით გამოიყენება ბენდენა, რომელსაც ბევრი გამოყენება აქვს. ბენდენა (2 ერთეული) და თხელი ქუდი სავსებით საკმარისია.

პიჯაკი და შარვალი - სასურველია რომელიმე არმიის 2 ერთეული. მეორადებში შესაძლებელია თითქმის ახალი კომპლექსტის (აშშ, ინგლისი, გერმანია) შეძენა. თუ ზურგჩანთა მოცულობითი გაქვთ, სპორტული შარვლის წაღებაც შეიძლება.

T-ს მაგვარი მაისური - 3 ცალი

ქურთუკი - 1 ცალი. აქ მოყვანილი ქარგაუმტარი ბრიტანული სმოკი იდეალურია, მაგრამ მისი შეცვლა რომელიმე ანალოგითაც შეიძლება.

საწვიმარი ლაბადა - 1 ცალი. შეიძლება მოვაწყოთ თავშესაფარი და ა.შ.

ხელთათმანი - 1 ცალი. იცავს ხელს ნაკაწრებისგან, სიცივისგან და ნიღბავს. თუმცა ზოგს არ მოსწონს (უჭირს იარაღთან მოპყრობა) და არც იყენებს. გამუდმებით არ უნდა გეცვათ, მხოლოდ საჭიროებისას. "გადაჭრილის" გამოყენება რეკომენდირებული არცაა.

ფეხსაცმელი
 
მაღალყელიანი - სამხედრო ბათინკი. სასურველია მთლიანად ტყავის, ან ბრენდირებული.
დაბალყელიანი, ან ბოტასი - სათადარიგო ფეხსაცმელი აუცილებელია. ბოტასი უნდა იყოს სქელძირიანი.

თეთრეული
 
მაისური და ტრუსი - ორივე 3-4 ერთეული
წინდა - ე.წ. პირსახოცის ნაჭრის 8-10 ცალი
წინდა თბილი - 1 ცალი
 
საძილე ინვენტარი
 
საძილე ტომარა - კომფორტის ტემპერატურით დაახლ. 0 / -5 C. თუ საძილე არ გაქვთ, ან ძალიან დიდ ადგილს იკავებს ზურგჩანთაში, მას ტყეში შეცვლის საწვიმარი, ქურთუკი და სათადარიგო ტანსაცმელი. შესაძლებელია მსუბუქი, პატარა და იაფი ტურისტული საძილეს შეძენაც, ან Woobie-პლედის ყიდვა.

ძირსსაგები - სტანდარტული სალაშქრო. სასურველია დასაკეცის შეძენა, ნაკლებ ადგილს იკავებს და მოძრაობაც უფრო მარტივია.

აღჭურვილობა
 
ზურგჩანთა - ქვეითისთვის იდეალურია ბრიტანული საექსპედიციო ზურგჩანთა "ბერგენი" (120 ლიტრი ტევადობით), რომელიც მორგებულია ქვეითზე, ძალიან გამძლეა, მოდულარულია და იშლება საჭიროებისას (გვერდითა ჯიბეები გადაეწყობა 30 ლიტრიან საიერიშო ზურგჩანთად). ასევე კარგია ამერიკული ილბე.
ზოგადად ზურგჩანთა უნდა იყოს დაახლ. 65 ლიტრი (ე.წ. საპატრულო, 3-4 დღიანი ავტონომიური ლაშქრობისთვის) ტევადობის. არაა აუცილებელი სამხედრო, შესაბამისი ფერის ტურისტულიც გამოდგება.

საბრძოლო ქამარი - ტყეში საბრძოლო ქამარი მოსახერხებელია, რადგან გულმკერდის არე თავისუფალია და ხოხვას არ უშლის ხელს. ხანგრძლივი მარშის დროს მასზე შეიძლება ჩამოვდოთ ზუგჩანთა, რაც ამცირებს დაწოლას მხრებზე და აიოლებს მოძრაობას.
დამცავი სათვალე
- იცავს თვალებს ნამსხვრევების, მტვრის და დაზიანებისგან
 
ფარანი - ჯიბის, ან თავზე დასამაგრებელი

წყლის მათარა - ლაშქრობებში არ დამაქვს, პლასტმასის ბოთლებით გავდივარ იოლად. 0.5ლ წყლის ბოთლი ყოველთვის მიდევს ჯიბეში, მაგრამ ვისთვის როგორ.

წყლის ფილტრი - თუ გამოიწერთ Lifestraw-ის ფილტრს, წყლის პრობლემა მოგეხსნებათ. გუბიდანაც დალევთ წყალს და ამისთვის დროსაც კი არ დაკარგავთ.

კომბინირებული კარდალა (ქვაბუნა) - წყლის ასადუღებლად და საკვების მისაღებად
 
თავბალახა
- სახლშიც შეგიძლიათ დაამზადოთ ბადის და ზოლებად დაჭრილი მატერიისგან.
 
ნაგვის პარკები - გამოდგება როგორც პირდაპირი დანიშნულებით, ასევე შესაფუთად და სიცივისგან დასაცავადაც.
სამხედრო დანა -
კოვზი და ჩანგალი
კამუფლირებული სკოჩი - თუ ასეთი არ გაქვთ, ჩვეულებრივი, ოღონდ ხარისხიანი
წვრილი მავრთული - დაზიანებული არკაზმულობის შეკეთებისთვის
ნემსი და ძაფი - გახეული უნიფორმის გასაკერად
ბლოკნოტი და პასტა -
 
პარაკორდის თოკი
- ერთი შეკვრა წვრილი თოკი თავშესაფრის მოსაწყობად, სათადარიგო ზონარისთვის და ა.შ.
 
ასანთი და სანთებელა

დასაკეცი ხელის ხერხი - ტოტების უხმაუროდ მოსაჭრელად. შიძლება ვინმეს ზედმეტად მოეჩვენოს და მართალიც იყოს :) სამოქალაქო ლაშქრობაში უფრო გამოდგება.

მაჯის საათი

რუკა - თუ სამოქმედო ადგილი უცნობია და შესწავლილი არ გაქვთ, სასურველია 1:50.000 ან 1:100.000 იანი რუკის თან წაღება.

კომპასი - სტანდარტული, ან მინი. სასურველია ბრენდირებული.

პირადი ჰიგიენის საგნები
 
პირსახოცი - 1 ცალი
საკვნეტელა, ან მაკრატელი - ფრჩხილების დასაჭრელად 
კბილის პასტა და ჯაგრისი - 1 ცალი
საპონი ხელის - 1-2 ცალი
საპარსი საშუალება - რასაც იყენებთ ის
ანტისეპტიკური ხელსახოცი - 1 შეკვრა
სველი ხელსახოცი - 2-3 შეკვრა
ტუალეტის რულონი - 2-3 ცალი

საკვები და წყალი
 
პირველი 3-4 დღის განმავლობაში, სანამ მომარაგება აეწყობა შეგიძლიათ წაიღოთ ეს მზა საკვები (ან თავად დააკომპლექტოთ ამდაგვარი მენიუ თქვენი გემოვნებით):

ხორცის კონსერვი "კულა" - 2-3 ცალი
ND -ს მზა საკვები - 2-3 ცალი
MRE - თუ გაქვთ: 1-2 ცალი გახსენით, შიგთავსი ამოყარეთ და აუცილებელი წაიღეთ
პური და კრეკერი
ჩურჩხელა -
ჩაის და ყავის პაკეტები - რამდენიმე 
წყალი - 2 ლიტრი პლასტმასის ბოთლებში

სამედიცინო პაკეტი
 
სტერილური და ელასტიური ბინტები -
ბამბა -
სტერილური საფენი -
ლეიკოპლასტირი - ფიქსაციისთვის
ლახტი - 1 ცალი
იოდი და ზეჟანგი -
ტკივილგამაყუჩებელი აბები - თქვენზე რომელიც მოქმედებს ისინი
სანტავიკი - 4-5 შეკვრა
ფლუცინარის მალამო - ეფექტურია კანის გაღიზიანების და "დაწვის" დროს
მწვანე მალამო - მწერების ნაკბენებზე წასასმელად
სიცხის დამწევი აბები
მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალება - მაგ. რეჰიდრონი
აქტიური ნახშირი - 50 აბი
წამლები რომლებსაც იყენებთ პირადად თქვენ - თვალის წვეთები და ა.შ.

რა უნდა გვქონდეს ტანზე

მოულოდნელად წარმოქმნილი სიტუაციის გამო შეიძლება მოგვიწიოს ზურგჩანთის მიტოვება, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა გვექნება ტანზე (უნიფორმის ჯიბეებში და საბრძოლო ქამარზე). მაგ.: წყლის ფილტრი, საწვიმარი, სანთებელა, წამლები და პატარა მოცულობის მსგავსი აუცილებელი ნივთები უნიფორმის ჯიბეებში, ან ქამარზე უნდა იყონ.

რეკომენდაციები

🔼 აქ მოყვანილი სია მხოლოდ რეკომენდაციაა. შეგიძლიათ მოაკლოთ, ან დაამატოთ თქვენთვის საჭირო ნივთები. თუ რომელიმეს ვერ იშოვით, მისი მსგავსი გამოიყენეთ.
🔼 როცა ყველაფერს ჩაალაგებთ და მოირგებთ, შეამოწმეთ აღჭურვილობა ხმის გამოცემაზე, იხტუნავეთ და გაირბინეთ.
🔼 ყველა ის ნივთი რომელიც შეიძლება დასველდეს და გაშრობა დასჭირდეს, დამატებით იფუთება პარკში და ისე იდება ზურგჩანთაში.
🔼 ყველაზე აუცილებელი ნივთები უნდა იყოს ჯიბეებში, ტაქტიკურ ქამარზე, ან განტვირთის ჟილეტზე.
🔼 გახსოვდეთ რომ ბევრ ნივთს რამდენიმე გამოყენება შეიძლება მოეძებნოს და წასაღებად ასეთები შეარჩიეთ.
🔼 სასურველია თუ თან იქონიებთ მინ. 50 ლარს.

დამატებითი ვიდეო მასალა