ადამიანის სხეულის დაახლ. 60-80% მოდის წყალზე. სწორად ფუნქციონირებისთვის და გაუწყლოების ("წყალი-მარილი" ბალანსის დარღვევა) თავიდან ასაცილებლად ადამიანს ესაჭიროება 2-8 ლიტრი წყალი დღეში, რაც დამოკიდებულია მის აღნაგობაზე, აქტიობაზე, გარემოს ტემპერატურაზე, ნესტიანობაზე და ა.შ.
წყალი სხეულიდან გამოდის რამდენიმე ფორმით: შარდი, ოფლი, სუნთქვა და ა.შ. რაც მისი მარაგის რეგულარულად შევსებას ითხოვს. ჯანმრთელ ადამიანს თბილ ამინდში წყლის გარეშე მეტნაკლებად ადექვატურად მოქმედება შეუძლია დაახლ. 3 დღის განმავლობაში,
მაგრამ შრომისუნარიანობის და ზოგადი მდგომარეობის გაუარესების ფონზე.
ხანგრძლივ ლაშქრობაში წასვლის წინ ზუსტად უნდა ვიცოდეთ არის თუ არა
გასავლელ მარშრუტზე სასმელად ვარგისი წყალი (რუკა, მარშრუტის აღწერის
წაკითხვა, იქ ნამყოფის პირადი გამოკითხვა და ა.შ.).
მეთაური
ვალდებულია ზუსტად იცოდეს მისი დანაყოფის მოქმედების ზონაში სადაა
სასმელად ვარგისი წყალი. არ იქონიოთ მომარაგების იმედი, ჩათვალეთ რომ წყალს
არავინ მოგიტანთ და ისე დაგეგმეთ ყველაფერი!
ქვეითი დანაყოფების სწრაფი მომარაგებისთვის იყენებენ სატვირთო პიკაპებს
გაუწყლოების ნიშნები
არსებობს გაუწყლოების სამი დონე. ამ სიმპტომების ცოდნა აუცილებელია თავის დროულად დასაცავად:
მსუბუქი: 1-2 ლ დანაკლისი. წყურვილის შეგრძნება, ენის სიმშრალე, შარდის გამუქება
საშუალო: 4-5 ლ დანაკლისი. ძლიერი წყურვილი, შარდის გამოყოფის მკვეთრი შემცირება ან შეწყვეტა, კანის და ენის სიმშრალე, ნერწყვის გამოყოფის მკვეთრი შემცირება, კანის გაფერმკრთალება, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი და თავბრუხვევა, აზროვნების შენელება და კონცენტრაციის კარგვა, ცრემლის გამოყოფის შეწყვეტა, სისხლის სიბლანტის ზრდა, შედეგად: გახშირებული სუნთქვა და გულისცემა, შეიძლება მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, ხელის თითის ფრჩილის წინკიდურზე მსუბუქი დაწოლისას ფერი ნელა ბრუნდება, ანუ 2 წამზე მეტს უნდება.
მძიმე: 7-8 ლიტრის დანაკლისი. წნევის მკვეთრი ვარდნა და პულსის მომატება, გონების დაკარგვა და შოკური მდგომარეობა.
მსუბუქი ყველას გამოგვიცდია, საშუალოს დროული მიხედვა უნდა, ხოლო მძიმე ექიმების ჩარევას ითხოვს.
ტენის შენარჩუნება წყლის დეფიციტისას
👉 მარშისას ვსვავთ მცირე დასვენების დროს (მეთაური გეგმავს გადაადგილების რეჟიმს) და ყოველ ჯერზე მცირე ოდენობით. ჯობია ცოტ-ცოტა სვათ, ვიდრე ბევრი და ერთბაშად
👉 ვსვავთ პირში ჩაგუბებით
და მცირე ყლუპებით. სწრაფი დალევის შემთხვევაში წყლის ნაწილი პირდაპირ შარდის ბუშტში ხვდება და ორგანიზმი ვერ ასწრებს შეთვისებას
👉 ვერიდებით მზიან ადგილს (ისედაც დემასკირებას იწვევს) და ვიმყოფებით ჩრდილში
👉 არ ვეწევით სიგარეტს, რომელიც აძლიერებს წყურვილს
👉 ვერიდებით ჭამას, განსაკუთრებით ხორციან და მლაშე საკვებს. სასურველია წყლის შემცველი ბოსტნეულის და ხილის მიღება
👉 საშუალო გაუწყლოებისას დაგეხმარებათ კენკრის და ტყის ხილის ჭამა, მძიმე სიტუაციაში მცირეოდენი წყალიც კი საკმარისია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მითუმეტეს რომ შაქრებს შეიცავენ
👉 წყურვილის გრძნობის ჩასაკლავად გამოიყენება მცენარეების ღეროები (ბედუინები კენჭებს იყენებენ), რომელთა "წაღეჭვისას" გამოიყოფა ნერწყვი და კლებულობს წყურვილის შეგრძნება. ამით წყლის რაოდენობა სხეულში არ მატულობს, მაგრამ კლებულობს შემაწუხებელი გრძნობა
👉 მარილი სხეულს უნარჩუნებს წყალს, ამიტომ შეიძლება წყლის ხელოვნული წამლაშება (0.5 - 1 გრ. 1 ლიტრ წყალზე). თუმცა ზედმეტ "პროფესორობას" არ გირჩევთ, რადგან შეიძლება გულზე იმოქმედოს ცუდად
👉 სხეულს აგრილებს და ატენიანებს ნამზე ხელის მოვლება. დასაშვებია არასასმელი წყლით კიდურების, კისრის
და სახის მობანა. გადაადგილებისას სხეულს აგრილებს ოფლიანი უნიფორმა, რომელიც აორთქლებასაც ანელებს
👉 გაუწყლოებულზე დაუშვებელია დიდი რაოდენობით წყლის ერთბაშად მიღება,
რადგან იწვევს ღებინებას
👉 ალკოჰოლი იწვევს წყურვილს, პირის სიმშრალეს, ადუნებს რეაქციას, ამიტომ მისი გამოყენება აკრძალულიაწყლის ფილტრი
წყალთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას აგაცილებით წყლის ფილტრის (Lifestraw) გამოყენება, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში შეუცვლელია, რადგან სწრაფად ფილტრავს წყალს (ქიმიურად დაბინძურებულის გარდა).
წყლის გაწმენდა საველე პირობებში
არ შეიძლება წყლის დალევა შეუმოწმებელი წყაროდან, დაგუბებული წყლის, ან დასახლებულ პუნქტ გამოვლილი ჩამდინარი წყლის. პირველ რიგში ვაკვირდებით წყლის ფერს და სუნს. თუ საქონელი არ ეკარება წყალს, მისი დალევა არ შეიძლება.
ხევშიც კი, სადაც ადამიანთა აქტიობა არაა, გამავალი წყლის დალევა მაინც სახიფათოა, რადგან შეიძლება ცხოველის გვამი აგდია ზემოთ, ან სხვა რამითაა დაბინძურებული და თვალით ვერ ვამჩნევთ. რამდენიმე მეთოდის ცოდნა დაგვეხმარება წყლის გაწმენდაში:
ადუღება - ყველაზე საიმედო მეთოდია! ადუღეთ წყაროდან, მდინარიდან, ან ტბიდან მოტანილი წყალი 5-10 წუთის მანძილზე (ადუღებამდე უხეშად გაფილტრეთ, მაგ. ბენდენით), რაც საკმარისია მის გასაწმენდად, მაგრამ წყალს თუ სპეციფიური გემო აქვს (მაგ. მინერალების გამო), ადუღება არ უშველის და მოგიწევთ ასე დალევა. ადუღებისას იღუპებიან ბაქტერიები და ცოცხალი ორგანიზმები, მინერალები, ნაწილაკები, ჟანგი და ა.შ. რჩებიან ჭურჭელში.
თუ წყალი საეჭვო, ან ძალიან დაბინძურებულია, მოერიდეთ მის გამოყენებას და თუნდაც ადუღებას
იოდი - 5% იანი იოდის 2-3 წვეთი გაუშვით 1 ლიტრ წყალში, კარგად შეანჯღრიეთ და ერთი საათი დააცადეთ. გემო სასიამოვნო არ ექნება, მაგრამ დალევა შეიძლება
შრეებიანი ფილტრი - დასალევად ვარგისი წყლის გაფილტვრის მარტივი მეთოდი ნაჩვენებია გრაფიკაზე. ერთმანეთს მოუნაცვლეთ შრეები: კენჭები, ქვიშა, ნახშირი და ნაჭერი
ტბის და ჭაობის ნაპირი - ნაპირიდან 1 მეტრში ამოთხარეთ ორმო, რომელიც ნელნელა შეივსება ნიადაგში გაფილტრული წყლით, რომელიც მაინც უნდა აადუღოთ, ან იოდის გამოყენებით გაწმინდოთ.
წვიმის წყალი - ყველაზე იოლი წვიმის წყლის შეგროვებაა (მაგ.: გაშლილი საწვიმრით), მაგრამ თუ მხოლოდ ნაჭერი და ჭურჭელი გაქვთ, სურათზე ნაჩვენები მეთოდი გამოიყენეთ.
ნამის მოგროვება - გაუწყლოებას წვალება და ცოტა წყალი ჯობია, ამიტომ მოატარეთ სუფთა ნაჭერი ნამიან მცენარეულ საფარზე (საქონელი არ უნდა მოძრაობდეს არემარეში) და ჩაიწურეთ პირში. საღამოს შეფუთეთ პარკით ხშირი ფოთლოვანი ტოტი და დილით ცოტა წყალი დაგხვდებათ.
წყლის გამწმენდი აბები - Aquatabs -ის აბების გამოყენების წესი და ინსტრუქცია იხილეთ მწარმოებლის ოფიციალურ გვერდზე.
ამ ძირითადი მეთოდების ცოდნა ჩვენთვის სრულიად საკმარისია. ტაიგაში და ალასკაზე არ ვცხოვრობთ :)
👀 საბაზისო მომზადების სერიის სხვა მოდულების ნახვა შეგიძლიათ თეგ: "საბაზისო მომზადებაზე" დაჭერით!