რომელ ცივილიზებულ ქვეყნებშია სავალდებულო სამხედრო სამსახური? ფინეთი, ისრაელი, შვეციარია, ესტონეთი, ავსტრია, ლიეტუვა, საბერძნეთი, შვედეთი, ტაივანი და ა.შ. ეშლებათ ხელი განათლების მიღებასა და საქმიანობაში ახალგაზრდებს ამ ქვეყნებში? თუ დემოკრატია არაა იქ და "საბჭოთა მონების" საზოგადოებაა? არა ხომ? ე.ი. სავალდებულო სამხედრო სამსახური არაფერ შუაში არაა, მისი მოუწყობლობაა ჩვენი პრობლემა.
ამასთან ოთხივე ჩვენი მეზობლის ჯარში მოქმედებს გაწვევა და ქმედითი სამობილიზაციო რეზერვის შექმნით მზად არიან დიდი ომისთვის. სომხეთს და აზერბაიჯანს ასეულობით კილომეტრზე გადაჭიმული აქვთ გამაგრებული ფრონტის ხაზი, ასეულობით ათას მოქალაქეს აქვს გამოვლილი 90 იანი წლებიდან მოყოლებული რეალური საომარი სიტუაცია, უმსახურიათ ფრონტის ხაზზე, სადაც განუწყვეტელი დაძაბულობაა და ეს მომენტი დამატებით უპარატესობას ანიჭებთ პრაქტიკული გამოცდილების კუთხით.
აღსაღნიშნავია,
რომ სსრკ-ს დაშლამდე NATO-ს ბლოკის თითქმის ყველა ქვეყანაში ჯარი
გაწვეულებით ივსებოდა, პირდაპირი საფრთხის მოხსნამ ჯარის მკვეთრად დასუსტების და ნებაყოფლობითობის იდეას გაამარჯვებინა ევროპაში, ზოგ ქვეყანას ჯარი ფორმალურად ყავს და ამერიკელების იმედზეა. უნდა ვიცოდეთ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური
უბრალოდ შეჩერებულია (აშშ-სა და ბრიტანეთშიც კი, სადაც პროფესიული ჯარია)
და ნებისმიერ მომენტში შეიძლება აღადგინონ, მათი უსაფრთხოების გარემო იტანს ასეთ დაშვებას, რადგან საკმარისი დრო ექნებათ აგრესიაზე საპასუხოდ (მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთმა ჯერ ყველა პროფესიონალს და მოხალისეს უხმო და როცა საკმარისი არ იყო, გაწვევაზე გადავიდნენ), რასაც ვერ ვიტყვით ჩვენზე, პირველ 3-4 დღის განმავლობაში ვინც დადგება იარაღის ქვეშ (იგულისხმება მშვიდობიან დროს დაორგანიზებული და გაწვრთნილი მოქალაქე) ის იქნება ჩვენი საომარი ძალა ომის დროს. მოწინააღდეგე დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგას და ახალწვეულების გაწვრთნის დრო ფიზიკურად არ გვექნება, ამიტომ მშვიდობის დროს მომზადებულ აქტიურ რეზერვს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. "მცირე და მობილური" პროფესიული ჯარი სწრაფად დამარცხდება, რადგან ვერ დაფარავს ყველა მიმართულებას და ვერ შეავსებს დანაკარგს, ამასთან დაქირავებულების ნაწილისთვის სულერთია წინ წავა თუ უკან, მთავარია ხელფასი დროზე აიღოს და დახარჯოს (ასეთებს "ბანკომატჩიკებს" ეძახიან). საკმარისად მრავალრიცხოვანი პროფესიული ჯარის შექმნა კი ფიზიკურად შეუძლებელია სიღარიბის გამო, თუმცა ამ სეგმენტისთვის დამასახიათებელი მინუსები არსად გაქრება, თვასაჩინო მაგალითია საუდის არაბეთის ჯარი რომელსაც 80 მლრდ დოლარიანი ბიუჯეტი, თანამედროვე შეიარაღება და მრავალრიცხოვანი პირადი შემადგენლობა ყავს, მაგრამ იემენელი მოხალისეების წინააღმდეგაც კი უჭირს ბრძოლა და ხშირად მარცხდება. ფული მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არა გადამწყვეტი.
თბილისი ბოლოს აიღეს ორჯერ, 1795 და 1921 წლებში, ორივეჯერ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა ფლანგიდან ჩატარებულმა მანევრმა, ფიზიკურად არ გვეყო ხალხი ყველა მიმართულების დასაფარად. ეხლა უარეს დღეში ვართ. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, დედაქალაქს საკუთარი გარნიზონიც კი არ ყავს.
მოკლედ: 1.2 მილიონიანი დედაქალაქი (ქართველების გრავიტაციის ცენტრი) ვინ უნდა დაიცვას? ქალაქგარეთ (ვაზიანში) მყოფმა ოთხიდან ერთმა ბრიგადამ (დაახლ. 3-3.300 კაცი) და ცალკეულმა მცირერიცხოვანმა დანაყოფებმა? 5.000 მებრძოლი თბილისს ვერ დაიცავს (კიბორგებად რომ იქცნენ მაინც), გაცილებით მეტია საჭირო. მთელ ჯარს თბილისში თუ მოვუყრით თავს, სხვა ქალაქებმა და რაიონებმა რა დააშავეს? მტერს ვუტოვებთ საჯიჯგნად? ჰოდა ეხლა უფრო ცუდ დღეში ვართ ვიდრე საუკუნეების წინ ვიყავით და ეს არავის ადარდებს. აიღეთ საქართველოს რუკა, გაანაწილეთ 20.000 სამხედრო (ამდენ პროფესიონალს როგორღაც ინახავს ჩვენი ეკონომიკა. მარტო ამათ ხელფასებში და დაზღვევაზე მიდის ₾300.000.000 -ზე მეტი) ყველა სახიფათო მიმართულებაზე (თან რეზერვის გარეშე) და უამრავ დაუცველ ზონას აღმოაჩენთ. ჰოდა რა აზრი აქვს ასეთ, დამარცხებისთვის განწირულ სისტემას? ნოე ჟორდანიას დროს - ურმებით რომ დადიოდა ხალხი, პანდემიის, შიმშილის, გაუთავებელი ომების, უიარაღობის, საგარეო დახმარების არქონის პირობებში 2.4 მილიონიან ქვეყანაში ახერხებდნენ 10-15.000 ახალგაზრდის გაწვევას და ერთის გარდა ყველა ომი მოიგეს! ეხლა რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ ნორმალური სამხედრო სავალდებულო სამსახურის შექმნა? გაცილებით უკეთეს პირობებში ვართ და 1.3 მილიონით მეტია მაცხოვრებელი! ვხვდები რატომაც არ აკეთებენ, მაგრამ ეგ სულ სხვა საუბრის თემაა.
ამ ბლოგში წარმოდგენილ ვარიანტში ჯარის რიგითი შემადგენლობა კომპლექტდება სამი მოდულის გამოყენებით:
1). პროფესიული კონტრაქტი - არსებული 4 ბრიგადა და ცალკეული დანაყოფები, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყონ მომზადებულნი და აღჭურვილნი. არსებული დაახლ. 17-18.000 მებრძოლი საკმარისია პროფესიული სეგმენტისთვის. ცნობისთვის, დაახლ. ამდენივე მსახურობდა რეგულარულ ჯარში მშვიდობის დროის შტატით 1918-1921 წლებში, რიგითები გაწვეულები იყვნენ 1.4 წლის ვადით.
2). სავალდებულო სამხედრო სამსახური - მოკლევადიანი, მკაცრად სამხედრო ამოცანების მქონე სამსახური, სადაც საველე მომზადებაზე მოვა დროის დაახლ. 60%. ამ სტატიაში საუბარი არაა არსებულ მახინჯ სისტემაზე. გაწვევა შეეხება მხოლოდ თავდაცვის ძალებს, სხვა უწყებებში გაწვევა გაუქმდება. დასრულების შემდეგ მოქალაქე ხდება რეზერვისტი და 3 წლით ჩაირიცხება არმიის კადრირებულ ბატალიონში, ან ცალკეულ ასეულში. 3 წლის მანძილზე სავსებით შესაძლებელია დაახლ. 30.000 იანი (წელიწადში 10.000 კაცზე გათვლით. დაახლ. 20-25.000 მამაკაცს უსრულდება 18 წელი ყოველწლიურად) კარგად გაწვრთნილი კადრირებული (ოფიცრების და სერჟანტების ნაწილი სრული დროით, იარაღით და ტექნიკით 100% შევსებული, ხოლო რიგითი შემადგენლობა მოდის ომის დროს, ან მოკლევადიან საველე შეკრებაზე) რეზერვის დაგროვება, ეს ციფრი დიდად აღარ შეიცვლება და დასტაბილურდება. რაც დაახლ. 45 ბატალიონს შემატებს თავდაცვის ძალებს, რომლებიც გაიშლებიან ომის დროს და გახდებიან ძირითადი საომარი ძალა. 3 წლის გავლის შემდეგ რეზერვისტები გაგარძელებენ ბატალიონში სამსახურს შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე, ან პირობითად: 10 წლით ჩაირიცხებიან თადარიგში, ე.წ. "არა აქტიურ ბატალიონებში", სამარშო ასეულებში (დანაკარგის შესავსებად ფორმირებული რაზმები) და მათი გაშლაც შეიძლება სრული მობილიზაციის დროს. ეს ცალკე სტატიის თემაა და აქ დროს არ დავკარგავ.
3). მოხალისე - ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც სურს დაიცვას სამშობლო ომის დროს საშუალება უნდა ჰქონდეს გაწევრიანდეს შესაბამის პარამილიტარულ ორგანიზაციაში და მშვიდობიან პერიოდში გარკვეული დრო დაუთმოს სამხედრო საქმის ღრმად შესწავლას. ეს დანაყოფები ასევე გამოყენებულნი იქნებიან ომის დროს როგორც სამანევროდ, ასევე სამოქალაქო დაცვის ამოცანებისთვის.
"განათლების მიღებაში და ოჯახის რჩენაში მიშლის ხელს"
როგორ გავაკეთოთ ისე რომ არ შეეშალოთ ხელი? რამდენიმე ვარიანტია.
I ვარიანტი: 6 თვიანი. ახალგაზრდა მისაღებ გამოცდებს ასრულებს თებერვალ-მარტში, მომდევნო 6 თვის განმავლობაში მსახურობს ჯარში და სექტემბრის ბოლოს მიდის უნივერსიტეტში. უშლის განათლების მიღებაში ხელს ასეთი სავალდებულო? არა
დასრულების შემდეგ 3 წლით ავტომატურად ჩაირიცხება რეგულარული არმიის
სარეზერვო ტერიტორიულ დანაყოფში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც შეიძლება გამოიძახონ (შეიძლება არც გამოიძახონ, გააჩნია სიტუაციას) წელიწადში
მაქს. 14 დღით საველე შეკრებაზე, ან თავისი სურვილით ირჩევს პარამილიტარულ ორგანიზაციას , სადაც ჩარიცხვის შემთხვევაში (დამოკიდებულია ორგანიზაციის სტაფის თანხმობაზე) აფორმებს 3 წლიან კონტრაქტს და გამოძახებული იქნება დანაყოფში წელიწადში 21 დღით.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ანაზღაურება თვეში: ₾50
არმიის რეზერვი არ ანაზღაურდება, ხოლო მოხალისეთა რეზერვის სამანევრო დანაყოფში სამსახური ნაწილობრივ (თვეში ხელზე დარიცხული: ₾150, წელიწადში: ₾1,800.
II ვარიანტი: 3 თვიანი + 42 დღე. პრინციპი იგივეა. განსხვავება მხოლოდ ვადებშია. 3 თვიანი საბაზისო მომზადების დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ჩაირიცხება შესაბამის ტერიტორიულ სარეზერვო დანაყოფში 2 წლით, წელიწადში 21 დღე საველე შეკრებაზე ყოფნის ვალდებულებით. ამგვარად, სავალდებულო სამხედრო სამსახური 132 დღიანი გამოვა, 90 დღე (გადაბმულად) საბაზისო მომზადება და 42 დღე (განაწილებული ორი წელიწადზე) ტერიტორიულ დანაყოფში.
ასე მოწყობილი არმიის რეზერვი უფრო ეფექტური და გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე ეროვნული გვარდიის მიმდინარე საპილოტე პროგრამაა სადაც ყოველ თვე ერიცხებათ ანაზღაურება, ორი წელი უნდებიან საბაზისო 90 დღიან მომზადებას, არეულია ასაკები და გამოცდილება. უცოდინარი და პირობითად 12 წლიანი სამხედრო გამოცდილების მოქალაქეები ერთად სწავლობენ ავტომატის დაშლას, რაც ძალიან აძნელებს წვრთნის ოპტიმიზაციის პროცესს და ა.შ.
მეთაურის კურსი სტუდენტებისთვის
თუ სტუდენტს სამხედრო
სამსახური მოეწონება და შესაბამისი სამეთაურო უნარი აღმოაჩნდება, სანამ
უმაღლესში სწავლობს, შეეძლება რეზერვის ოფიცრის, სერჟანტის, ან ინსტრუქტორის კურსის
გავლა. ეს კურსი უნდა იყოს ანაზღაურებადი, ანუ წარმატებით დასრულების შემდეგ რეზერვის ოფიცერს/სერჟანტს უნდა დაერიცხოს თანხა.
სწავლის დასრულების შემდეგ
ახალგაზრდა სურვილის მიხედვით დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე
რეგულარული არმიის სარეზერვო (ან მოხალისეთა) დანაყოფში 3 წლის ვადით
კონტრაქტის საფუძველზე. ეს სამსახური იქნება წელიწადში 21 დღიანი (ანუ ხელს არ შეუშლის სამოქალაქო პროფესიით დასაქმებაში) და
ნაწილობრივ ანაზღაურებადი (პროფესიული კონტრაქტის 10%).
თუ ახალგაზრდა ოჯახის ერთადერთი მარჩენალია
ქვეყანაში არსებულ უმძიმესი ეკონომიური მდგომარეობის გამო, შესაძლებელია ამ დაშვების გაკეთება: ოჯახის მარჩენალი ახალგაზრდა ამ ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში და მისი სურვილისამებრ შეიძლება განთავისუფლდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან იმ პერიოდით რა პერიოდითაც იქნება ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ამ ხნის მანძილზე ის ვალდებული იქნება თავისი შემოსავლის პირობითად 5% თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში ჩარიცხოს, ანუ თუ ექნება ₾1.000 შემოსავალი, მოეჭრება ₾50.
აქ მხოლოდ იდეას ვაჟღერებ, შესაბამისმა კანონმდებლობამ ზუსტად უნდა დაარეგულოროს ამ ტიპის შეთავაზება.
პრივილეგიები სამხედრო სავალდებულო სამსახურგავლილთათვის
თუ მოქალაქეს არ ექნება გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური, მან ვერ უნდა შეძლოს სამსახურის დაწყება მაგალითად პოლიციაში და ვერ უნდა დაიკავოს მაღალი თანამდებობები (რომელ პოზიციებზე ვერ დაიწყებს მუშაობას ცალკე უნდა განისაზღვროს) მინიმუმ ძალოვან უწყებებში. ეს მიდგომა სამართლიანია და ძალოვანი უწყებების პირადი შემადგენლობის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
თუ მოქალაქე პაციფისტია, ან არ შეუძლია ჯარში სამსახური
თუ მოქალაქე პაციფისტია, რელიგიური ან სხვა მოტივით უარს იძახის იარაღთან კონტაქტზე, ან უბრალოდ შეუთავსებელია საჯარისო სამსახურთან ჯანმრთელობის (ამ შემთხვევაში საუბარი არაა ინვალიდებზე, რომლებსაც შრომითი საქმიანობაც არ შეუძლიათ), ან რაიმე სხვა მიზეზით (მაგ.: წვრთნის დროს თავს იჩენს ფსიქოლოგიური პრობლემა), მათ ექნებათ საშუალება გაიარონ ალეტერნატიული სამსახური, ან გადაიხადონ გარკვეული % შემოსავლიდან და საერთოდ არ წავიდნენ ჯარში:
1). ალტერნატიული არაძალადობრივი სამხედრო სამსახური. მაგალითად სამსახური სამშენებლო, სარემონტო, საყარაულო, სამედიცინო, კავშირგაბმულობის, ან კიბერუსაფრთხოების განხრით ჩაითვლება იგივე სამხედრო სავალდებულო სამსახურად, ოღონდ ლეტალურ იარაღთან შეხების გარეშე. ალეტრნატიული სამსახურის ფორმა და პირობები განისაზღვრება ცალკე საკანონმდებლო აქტით. საუკეთესო შემთხვევაში მოქალაქე გაივლის შესაბამის მომზადებას, აითვისებს პროფესიას და ჩაირიცხება პასიურ რეზერვში, საიდანაც შეიძლება გამოიძახონ ომის დროს.
2). ფულადი გადასახადი უნდა მოიცავდეს შემოსავლიდან თავდაცვის სასარგებლოდ გარკვეული %-ის დარიცხვას კანონში მითითებულ ასაკამდე.
ამ ფილტრაციის საშუალებით საბრძოლო ნაწილებში მხოლოდ მოტივირებული და დაინტერესებული ახალწვეულები მოხვდებიან, რაც გაწვეული ჯარის მთავარ პრობლემას, უმოტივაციო მასის არსებობას ხსნის. მოკლევადიანი სამსახური კი გამორიცხავს "დედოვშინას" (ძველი ჯარისკაცების მიერ ახალწვეულების ჩაგვრას), რადგან სამსახურის ვადაზე დაფუძნებული იერარქია ჩამოყალიბებას ვერ ასწრებს, მითუმეტეს თუ დროის 60% საველე მომზადებაზე წავა.
---------
ახალი სავალდებული სამხედრო სამსახურის დადებითი მხარეები:
- არმია = ხალხს. ჯარი აღარ არსებობს "თავისთვის", ის ერის ნაწილი ხდება.
- გაწვეული კონტინგენტის შენახვა გაცილებით იაფია
- სწრაფად იქმნება მომზადებული რეზერვი და იფარება ყველა მიმართულება
- ახალგაზრდა იღებს უნიკალურ ცოდნას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას
- ხელი არ ეშლება განათლების მიღებას
- საბაზისო მომზადება ტარდება სწრაფად. 14 და 21 დღიანი რეზერვი ხელს საერთოდ არ უშლის დასაქმებულს, შეთავსებადი ხდება სამხედრო და სამოქალაქო ცხოვრება
ეს ყველაფერი უნდა მოექცეს ერთიან საკანონმდებლო პაკეტში, შესაბამისად გაიზარდოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, სისტემა უნდა მოემზადოს წვევამდელების მისაღებად, რადიკალურად შეიცვალოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პირობები, გახდეს ახალგაზრდისთვის საინტერესო და მიმზიდველი. ერთის მხრივ ახალგაზრდა მიიღებს საჭირო ცოდნას და უნიკალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას (თან ისე რომ ხელი არ შეეშლება სწავლაში და პროფესიის ათვისებაში), რომელიც გამოადგება ყოველდღიურობაში და მეორეს მხრივ თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობები მკვეთრად ამაღლდება, მათ შორის - ლოგიკური და სწორი სარეზერვო-სამობილიზაციო სისტემის შექმნით.