ქვეითი მებრძოლის შენიღბვა | საბაზისო მომზადება

 
შენიღბვა მოიცავს ყველა იმ მეთოდის ერთობლიობას, რომელიც უჩინარს გვხდის ბრძოლის ველზე. მოწინააღმდეგე განუწყვეტლივ გვაკვირდება, ცდილობს ჩვენს აღმოჩენას, ამიტომ უნდა შევერწყათ გარემოს და მაქსიმალურად გავუჩინარდეთ! ჩვენც გამუდმებით ვაკვირდებით გარემოს, ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ რანაირად, როდის და სად შეიძლება მტრის შემჩნევა. ამ მოდულში მოკლედ განვიხილავთ ქვეითი მებრძოლის პირად შენიღბვას.

შენიღბვა ბუნებაში

ბევრი ცხოველის, მწერის, ფრინველის და თევზის გადარჩენა დამოკიდებულია მათი შენიღბვის უნარზე. ევოლუციამ შენიღბა როგორც მსხვერპლი, ასევე ჩასაფრებაში მყოფი მტაცებელი. შენიღბვის ნამდვილი ოსტატები შეგიძლიათ იხილოთ ამ ფოტოებზე, ამათ გვერდზე ისე ჩავუვლით, ვერც დავინახავთ:
 
მესამე ფოტოზე მოგეხმარებით, წითელი ღამურაა :)
 
საგნის შემჩნევის 6 ძირითადი მიზეზი

ქვეითს ორი ძირითადი ამოცანა აქვს: დროულად შეამჩნიოს მოწინააღმდეგე და ეცადოს რომ მოწინააღმდეგემ ვერ შამჩნიოს. ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა ვიცოდეთ ყველა ის ძირითადი მიზეზი, თუ რის გამო ვამჩნევთ საგნებს. ესენია: ფორმა, სილუეტი, ტექსტურა, ფერი, ჩრდილი და მოძრაობა.

ფ ო რ მ ა

ბუნებაში თითქმის არ გვხვდება მრგვალი და სწორხაზოვანი ფორმები, ბუნება თვალისთვის აჭრილი და ირეგულარულია, მისი ფონი გამუდმებით იცვლება და შემთხვევითია, მაგრამ სამხედრო მოწყობილობებს, იარაღს, აღჭურვილობას, რეგულარული და ხშირ შემთხვავში გამოკვეთილი კუთხეების მქონე უცვლელი ფორმები აქვს, რომელიც ჩვენს გონებას ჩამახსოვრებული აქვს და ბუნებაში, სადაც ეს ფორმები არ გვხვდება, ყურადღებას სწრაფად იქცევს.
აღმოჩენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხელოვნურად შევცვალოთ რეგულარული ფორმები და ავჭრათ ისინი, ანუ შენიღბვის მეშვეობით დავუკარგოთ საგნებს ჩვეული სილუეტი და შედეგად გავხადოთ მათი შემჩნევა რთული.

 
თავის მრგვალი ფორმის დაკარგვა ბალახის გამოყენებით
 
დაიმახსოვრეთ: გამოიყენეთ მიწაზე არსებული საფარი და არა ხის ტოტები, რომლებიც დემასკირებას უფრო იწვევენ. ხის ტოტები ბუჩქისებურად არ ამოდიან, ხოლო თქვენ მიწაზე ხართ გართხმული ბალახში! შენიღბვა მათემატიკა არაა, გამზადებული ფორმულები არა აქვს და იმპროვიზაციას ეყრდნობა, ამიტომ სანამ რამეს იზამთ, შეხედეთ მოწინააღმდეგის თვალით (რას დაინახავს ის) და შესაბამისად იაზროვნეთ! თუ გარშემო ბევრი ტოტი ყრია, ამ ძირნაყარი ტოტებით შეინიღბეთ.

კამუფლირებული ბადე აკარგვინებს თავს და მხრებს ფორმას, მისი გამოყენებით შესაძლებელია სახის დაფარვა და კოღოებისგანაც კი გვიცავს, ხოლო სიცივის შემთხვევაში კარგი დამათბუნებელია. ყველა ლაშქრობის დროს ბადე თან დამაქვს და ქვეითისთვის აუცილებელი ნივთია, რადგან ბევრი გამოყენება აქვს, ადგილს თითქმის არ იკავებს და არც დიდი წონა აქვს.

სპეცდანის მებრძოლები. დააკვირდით კამუფლირებულ იარაღს, დაცულ სახეს და ხელებს, სწორად შერჩეულ უნიფორმას და პატარა "ფერდების" მქონე პანამას, რომელიც მსუბუქი ქვეითისთვის იდეალურია ტყით დაფარულ მთაგორიან რელიეფზე (კეპის და ერთფერიანი ბენდენას გამოყენებას არ გირჩევთ - უკვე თავადაც მიხვდებოდით რატომ).

შენიღბული მსუბუქი იარაღის შემჩნევა ძალიან ძნელია, სამაგიეროდ შავი ფერის იარაღი იოლად ხვდება თვალში და ყურადღებას იქცევს.

თავბალახას და სახის კამოს გამოყენებით, თავი (რა ქუდიც არ უნდა გეხუროთ), სახე და ჩაფხუტი სრულად კარგავენ ფორმას. თავბალახას დამზადება თავად შეგიძლიათ ბადით და ძველი სამხედრო ფორმის, ან შესაბამის ფერის ნაჭრების ზოლებად დაჭრით. დაიმახსოვრეთ: რაც მიწაზეა, იმას უნდა მიამსგავსოთ თავბალახაც. ამიტომ დამზადებული დატესტეთ სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა მანძილიდან.

ებრაელი ქვეითები ქვაღორღიანი ნიადაგის გამო ჩაფხუტის შესანიღბად შესაბამის "ქვა-კლდის მაგვარ" საშუალებას (მიცნეფეტი) იყენებენ

პირველი მსოფლიო ომის დროს გემებზე გამოიყენებოდა ე.წ. "დამაბრმავებელი შენიღბვა", რომელმაც ძალიან გაართულა თვალით და მარტივი ოპტიკური ხელსაწყოებით დამიზნება, რადგან მანძილის, მიმართულების, კურსის და სიჩქარის გამოთვლა გაძნელდა.
 
წარმოიდგინეთ რომ მიუახლოვდით მტრის პოზიციას და ხედავთ ამას. კონკრეტულად რას ხედავთ? ვერაფერს, რადგან შენიღბვის გამო საგნის ფორმა არ ჩანს. ეს შეიძლება იყოს ტანკი, ჯავშანმანქანა, ან ტოტებით აწყობილი სატყუარა. დაიბენით? სწორედ ეგ იყო ჩაფიქრებული.

ს ი ლ უ ე ტ ი

ძალიან გავრცელებული შეცდომაა სილუეტის კონტრასტულ ფონზე გამოჩენა. ადამიანები არ ითვალისწინებენ მარტივ რაღაცას: მებრძოლი რომელიც მისგან მკვეთრად განსხვავებული და ერთგვაროვანი ფონის წინ, ან თავად ფონზე იმყოფება, იოლი შესამჩნევია მისი განსხვავებული სილუეტის გამო. ამიტომ სანამ პოზიციას დაიკავებთ, უკანაც მიიხედეთ რა ფონზე ხართ. ამიტომ როცა გარემოს აკვირდებით, მიაქციეთ ყურადღება ისეთ ადგილებს სადაც მოწინააღმდეგე შეიძლება იოლად დაინახოთ, მაგალითად: გორაკის თხემი, ფანჯარა, სახურავი, ან გამჭოლი ნანგრევი, კედელი.
გადაადგილების დროს ღია არეები, მაგალითად: მინდორი, მდინარე, ცის ფონი, ქუჩა, ღია ფერის კედელი და მისთანები ძალიან სახიფათოა.
პრობლემის გადაწყვეტა: მოვერიდოთ ღია არეებს, არ ვიმოძრაოთ თხემზე, საფრად გამოვიყენოთ აჭრილი ფონი, როგორიცაა ბუჩქნარი, ხეები, ან დასერილი რელიეფი. დაბრკოლებას უნდა შემოვუაროთ და უმჯობესია არ უნდა გადავახტეთ ზემოდან.
 
 
საცეცხლე პოზიციების დაკავება ხეებში ჯობდა. ასევე დარღვეულია ინტერვალი, ბუნებაში ასეთი სიმეტრია არ არსებობს და თვალი იოლად ამჩნევს, ამიტომ მებრძოლებს შორის დაშორებაც აჭრილი უნდა იყოს. 
ეს ფოტოები ამოღებულია ვიდეოდან, ყველა ეს ერაყელი მებრძოლი მოკლეს:
 
გამჭოლად ჩანს სილუეტი. ფონის შესაქმნელად ბადე კი არა მკვრივი ფარდა უნდა ჩამოეფარებინათ.

მებრძოლი უხეშად არღვევს სილუეტის დისციპლინას და ცის ფონზე პირდაპირ "ანათებს"

ცნობისმოყვარეობა ბრძოლის დროს? კიბატონო, ოღონდ შენიღბვის ყველა წესის დაცვით!

მოერიდეთ ფანჯრიდან ყურებას (ეს დაუშვებელია), აივანზე, ან სახურავზე ბოდიალს
 
ყველა ფორმირებას აქვს მისთვის დამახასიათებელი გარეგნული იერი, ამ დროს მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანაც შეიძლება და სილუეტს არ ვმალავთ. მაგ.: სადაზვერვო, ან წინწაწეული ჯგუფი იყენებს რუსულ იარაღს და აცვია რუსულთან მიმგვანებული კამო. 2008 წელს ოსური ბანდები ატარებდნენ თეთრ სამკლაურს, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მათთან მიმგვანებაც არ იყო რთული.   

ტ ე ქ ს ტ უ რ ა
 
ტექსტურა არის სიპრიალის ("ნათების") და ზედაპირის კომბინაცია. შეუნიღბავმა სახემ, არეკვლის უნარის მქონე საგნების (მაგ.: დანა, სარკე, მინა), ან თეთრი ქაღალდის "ნათება"-მ შეიძლება გასცეს პოზიცია, რადგან ზედაპირთან შექმნის მკვეთრ კონტრასტს და მოწინააღმდეგეს თვალში მოხვდება. ამავე მიზეზის გამო არ ანთებენ კოცონს მტრის ზურგში და წინა ხაზზე, სადაც ღამით სიგარეტის მოწევაც ძალიან სახიფათოა.
პრობლემის გადაწყვეტა: დაზვერვაში, ან წინა ხაზზე ყოფნის დროს შევნიღბოთ კანი (სახე, ყელი, კისერი, ხელები), გონივრულად გამოვიყენოთ არეკვლის უნარის მქონე საგნები და დავიცვათ ცეცხლის-შუქის დისციპლინა.
 
თუ სახის კამო გაქვთ, წაისვით როგორც ამ ფოტოზეა ნაჩვენები. შავი ფერი ისმევა ამობრუცულ ადგილებზე. თუ კამო არ გაქვთ, სახის სწრაფად "აჭრა" ტალახით, ან მაგალითად მაყვლით შეიძლება.

ხელი დაფარულია კამოთი, მაგრამ საათი უწყინარი სულაც არაა
 
არეკვლის უნარის არმქონე სამხედრო დანა
 
ფ ე რ ი
 
დიდი მნიშვნელობა აქვს ფერების შერჩევას. არ შეიძლება თოვლში ვიმოძრაოთ ზაფხულის ტყის კამუფლირებით და პირიქით. უნიფორმა ზუსტად უნდა იყოს შერჩეული და შეესაბამებოდეს იმ გარემოს, სადაც ტარდება ოპერაცია. ამასთან, რაც უფრო შორს არის ობიექტი, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს ფერს.
პრობლემის გადაწყვეტა: სწორად შევარჩიოთ ადგილმდებარეობისთვის დამახასიათებელი კამუფლაჟი და არ შევქმნათ ხელოვნური კონტრასტი გარემოსთან.
უნივერსალურად ითვლება MultiCam (ოფიციალური გვერდი) -ის ნახატი, რომელიც თავისი არალიცენზირებული ვარიანტებით ბევრი არმიის (მათ შორის ჩვენი) საველე უნიფორმის ძირითად ნახატს წარმოადგენს. კარგად მუშაობს უდაბნოში, მთაგორიან რელიეფზე, ქალაქში და ტყეში. ასეთივე უნივერსლურია ბრიტანული MTP.
 
მულტიკამი (აშშ). დეტალურად
 
მტპ (ბრიტანეთი) დეტალურად
 
 სპეცდანის მებრძოლები კონკამოს უნიფორმაში. დეტალურად
 
თოვლის კამო პენკოტი. დეტალურად
 
კარგად შენიღბული ინდივიდუალური სანგარი. მიწაყრილიც შენიღბულია და უზრუნველყოფს სრულ შეხემებას გარემოსთან
 
ჩ რ დ ი ლ ი
 
თვალთვალისგან დაფარვის საუკეთესო ვარიანტი ჩრდილში ყოფნაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენც გვაქვს ჩრდილი, რომელიც შეიძლება შეამჩნიონ. თუ პოზიციას დიდი ხნით დავიკავებთ, უნდა გავითვალსწინოთ მზის მოძრაობა, რომელიც ჩრდილების გადაადგილებას იწვევს და შეიძლება ბუნებრივი შენიღბვის გარეშე დავრჩეთ.
ობიექტის ჩრდილი მისი შორიდან შემჩნევის საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ჩვენსავით მთაგორიან ქვეყანაში. გარდა ამისა, ქალაქში ბრძოლისას შენობის კუთხესთან მისული ქვეითის ჩრდილმა (თუ მზე შესაბამისი კუთხიდან ანათებს) შეიძლება გასცეს მისი მდებარეობა.
პრობლემის გადაწყვეტა: შეძლებისდაგვარად ვიმოძრაოთ და გავჩერდეთ ჩრდილში (განსაკუთრებით ღამით. ღამის ჩრდილი სრულად მალავს ადამიანს).
 
ამ მებრძოლის ჩრდილის შემჩნევა შეიძლება მიმდებარე გორაკიდან
 
მოახლოებული მოწინააღმდეგის ჩრდილი

პოზიცია უნდა დაიკაოთ ოთახის სიღრმეში და ტყის პირას ჩრდილში
 
მ ო ძ რ ა ო ბ ა
 
ადამიანის თვალი მიჩვეულია მოძრაობის შემჩნევას, მათ შორის გვერდითა ხედვით. თვალი განსაკუთრებით რეაგირებს მოულოდნელ და სწრაფ მოძრაობაზე.
პრობლემის გადაწყვეტა: მიწინააღმდეგის მიმართულებით სიარულისას ჩვენი მოძრაობა არ უნდა იყოს მკვეთრი და სწრაფი. მომზადებულ პოზიციაზე მოძრაობა მაქსიმალურად იზღუდება, რადგან მტერი ისედაც გვაკვირდება.
 
შენიღბული ადამიანის დემასკირება-აღმოჩენას ასევე ახდენს ნაკვალევი, ხმაური და სუნი (სიგარეტის, ან კოცონის) მაგრამ ეს უკვე გადაადგილება-განლაგების ტექნიკაში შედის.
 
დამატებითი ვიდეო მასალა


სტატია ეფუძნება ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ სასწავლო მასალებს და ქართველი მოხალისეების გამოცდილებას.