Showing posts with label მოხალისე. Show all posts
Showing posts with label მოხალისე. Show all posts

მოხალისეთა თავდაცვის ლიგის დაარსების ისტორიიდან


ჟურნალისტი ესაუბრება ესტონელ ვიცეპოლკოვნიკ ტიიტ ტამმელას (30.10.2014 წ.), რომელიც საბჭოთა არმიაში სამსახურის დროს ავღანეთში დაჯილდოებული იყო წითელი დროშის ორდენით. კიდევ ერთი ორდენი, ამჯერად დამოუკიდებლობის პერიოდში, ამერიკელებისგან მიიღო. რამდენიმე წელიწადი მუშაობდა "კაიტსელიტის" (მოხალისეთა ტერიტორიული თავდაცვის ლიგა) სარდლის მრჩევლად და დიდი ხნის მანძილზე მეთაურობდა პიარნუს მაზრის კაიტსელიტის ტერიტორიულ ფორმირებას.
„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კაიტსელიტი არ მოგვიგონებია - „ბურჟუაზიული ესტონეთის“ დროინდელი ორგანიზაცია აღვადგინეთ. 15 რაზმი 15-ვე მაზრაში“ - ყვება ტიიტი. - თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა იყო? - არა, ინიციატივა ცალსახად ქვევიდან წამოვიდა. თავიდან სახელმწიფომ და არმიამ პროცესისგან თავი შორს დაიჭირა - ხალხს რუსეთის ეშინოდა და იარაღის შეძენა გადაწყვიტეს? - ეს ფაქტორი მეორეხარისხოვანი არ იყო .. პირველ ადგილზე იდგა სურვილი თავი ესტონელად გვეგრძნო - ჩვენი პაპებივით ვაჟკაც ხალხად. ისინი იარაღთან გაშინაურებული ხალხი იყო, საკუთარი თავის ფასი კარგად იცოდნენ. იცით, აქ ინტუიციის დონეზე ძლივს შესამჩნევი მომენტია: ყოფილმა საბჭოთა ადამიანებმა იგრძნეს რომ კაიტსელიტში სამსახურით თავისუფალი სახელმწიფოს მოქალაქები უფრო მალე გახდებოდნენ. ეს უბრალოდ მაღალფარდოვანი სიტვები არაა: მეგობრებთან ერთად აგროვებ თანხას სამხედრო ფორმაზე, ბენზინზე, გაქვს რუმინული ან ჩინური წარმოების კალაშნიკოვი, რეგულარულად ხვდებით ერთმანეთს, იარაღს "აჟღარუნებთ", კარგი მილიტარისტული სულისკვეთებით იმსჭვალები: მაგარია! ნამდვილი, ცოცხალი პატრიოტიზმია, რომელიც ნამდვილ კაცებს სჭირდებათ. - აბა მაშინ სახელმწიფო მოხელეები და გენერლები რატომ გერიდებოდნენ? - საბჭოთა მემკვიდრეობის გამო: სამხედრო კუთხით თვითორგანიზებული ხალხის ეშინოდათ! მაგრამ თანდათანობით პარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს გასაგები ინსტრუქციები და კანონები, ხოლო სამხედროები მიხვდნენ, რომ მსგავსი ფორმირება ძალიან გაურთულებდა მოქმედებას ნებისმიერ, თუნდაც ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესაც. შეხედეთ, ვიღაცის დაზვერვამ იცის, რომ აქ, პიარნუსთან განლაგებულია ამდენი და ამდენი ყაზარმა, თითოში 110-130 კაცი. მაგრამ რამდენი ადამიანია მაზრაში, რომელიც სახლში ინახავს ავტომატს? როგორ ავღრიცხო და გავითვალისწინო ისინი? რამდენი „ზრდილობიანი ადამიანია“ (შენიშვნა: იგულისხმება რუსეთის ჯარის სპეცჯგუფები) საჭირო მათ წინააღმდეგ? ურთულესი საკითხია. - კაიტსელიტი ძველებურად კალაშნიკოვის ავტომატებითაა აღჭირვილი? - არა, მას შემდეგ რაც საზოგადოებამ გვცნო, სახელმწიფო დაგვეხმარა გადაიარაღებაში - შვედურ ავტომატებზე გადავედით: თანაც, ხელისუფლების შეგნებაში ასევე მოხდა სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები: ის არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად გახდა დემოკრატიული. არადემოკრატიული ხელისუფლება არასდროს მოითმენს თავის გვერდით შეიარაღებულ თავისუფალ ადამიანს .. ჩვენთან კი ასეთები ათასობით არიან. ეს ცივილიზებული საზოგადოების უტყუარი ნიშანია. - იარაღს როგორ ინახავთ? კი, ვითარდებით, მაგრამ არის ასევე კრიმინალური გარემო, ნარკომანები, უბრალოდ არაადეკვატური ხალხი - მრავალსართულიანი სახლები, საძილე ოთახები - საბრძოლო კომპლექტებისთვის საუკეთესო ადგილი არა. მითუმეტეს, რომ ბევრი რეგულარულად დადის ფინეთში სამუშაოდ და ბინები ცარიელია .. ზოგადად აქ ყველას აქვს არჩევანის უფლება: ან რისკავენ და თავის იარაღს შინ ინახავენ სპეციალურ რკინის ყუთში, ან ორგანიზაციის საწყობში აბარებენ და მაშინ იღებენ, როცა საჭიროდ ჩათვლიან. მაგრამ კაიტსელიტის მანქანები მძღოლებს ეზოში უყენიათ, საჭიროების შემთხვევაში ძალიან სწრაფი რეაგირებისთვის. სხვათაშორის, ტექნიკის პირადი მიზნებით გამოყენება ვერანაირად ვერ მოხდება, - ცუდი შედეგი მოყვება, მანქანებს შავი ნომრები აქვს, შეამჩნევენ და სადაც საჭიროა იქ მოახსენებენ. - სამხედრო ფორმები გაქვთ? - თავიდან მხოლოდ სპეციალური სამკლავურები გვეკეთა, დღეს ჩვეულებრივი საჯარისო სამოსია, მხოლოდ ფორმაზე დაკერებული ნიშნებია არმიისგან განსხვავებული. ადრე ყველაფერს თავად ვყიდულობდით, დღეს ცენტრალიზებული მომარაგება გვაქვს. - მეთაურებს თავად ირჩევთ? - არა, მათ ნიშნავენ. ოფიცერთა კადრების მომზადების ჩამოყალიბებული სისტემა გვაქვს. არმიის ბაზაზე სპეციალური კურსებია. სერჟანტებს თავად კაიტსელიტი ამზადებს. ცალკე წვრთნიან ნამსახურებ ხალხს, ცალკე პროგრამაა იმათთვის, ვისაც არ უმსახურია. განვმარტავ, რომ ესტონეთის არმიიდან ჩვენთან გადმოვიდა ასეულებით ჯარისკაცი, მათ შორის ავღანეთში ნამყოფები. ჩემგან განსხვავებით, ამ ბიჭებმა გაცილებით მეტი იციან და უსწავლიათ. ვვარჯიშობთ შაბათობით, ან კვრადღეს. შეკრებები ტარდება დასვენების დღეებშიც. სოფლად ზამთარში, ხოლო დანარჩენებისთვის ძირითადად გაზაფხულზე და ზაფხულში. ბიჭები თავისი მანქანებით მიდიან შეკრების ადგილზე, შემდეგ მიყავთ ტყეში და განათავსებენ საველე ბანაკებში. სროლა, თეორია, მარშები და ა.შ. კვირას 5 საათისკენ სახლებში ვიშლებით. - ღამით, კოცონთან სვავთ ხოლმე? - გამორიცხულია: იარაღთან ხომრობა არ შეიძლება. თუმცა თავად იცით, რომ „ერთი მახინჯი ყველა ოჯახშია“ .. მაგრამ სასჯელი უმკაცრესია, კაიტსელიტიდან გარიცხვამდე. ასეთ რაღაცას შედეგები მოჰყვება: დავუშვათ, რომ სამუშაოზე მოწყობა გინდათ, იქ კი ჩანაწერი-შეხსენებაა, კადრები ჩაეძიებიან, რატომ და რისთვის. დამეთანხმებით, რომ 10%-იანი უმუშევრობის პირობებში არც ისე სახარბიელო პერსპექტივაა. უმჯობესია შეკრების შემდეგ რომელიმე კაფეში დავსხდეთ. - საკუთარი დროის და ფულის ხარჯვა, რეპუტაციის შელახვის რისკი, მარშ-ნახტომებზე ოფლის ღვრა ... ეს რით ნაზღაურდება? - კაიფით. კოცონის კვამლით, რომლის გარშემოც შენიანები სხედან. ტყის სუფთა ჰაერით. ცოლებისგან დასვენებით. ნაგვის გატანის მოსაწყენი ვალდებულებისგან თავის დაძვრენით, თან ვხუმრობ და სიმართლესაც ვამბობ. თანამებრძოლის საიმედო მხრის და შენი საკუთარი ძალების შეგრძნება - ძლიერი რაღაცაა. 20 წლის მანძილზე ათასობით კაცი იყო ასეთ შეკრებებზე, საკუთარ ძმებზე უფრო დავახლოვდით, ოცეულებსა და ასეულებში უკვე ჩვენი შვილები მოდიან. სხვათაშორის აქ კიდევ ერთი ძლიერი მომენტია, კატსელიტში ყალიბდება განსაკუთრებული ურთიერთობა მამებსა და შვილებს შორის .. მოკლედ, უკინალური, მიმზიდველი ფსიქოლოგიაა კაცური ძმობის, პატრიოტიზმის, მოქალაქეობრიობის. - ეს მარტო "უბრალო ხალხს" მოსწონს? - არა რატომ. პატივს გვცემენ, ამიტომ „დიდებიც“ მოდიან. პირადად ვიცნობ ოთხ მილიონერს, რომელთაც ყელში აქვთ ამოსული გოლფი, იახტები და ასეთი რამეები, საქმე აწყობილი აქვთ, დრო ყოფნით. სახელმწიფო მოხელეებს კი უბრალოდ აწყობთ ჩვენთან ყოფნა კარიერისთვის: ბიოგრაფიაში კარგ ჩანაწერს იკეთებენ. - რამდენ ხანს გრძელდება მოხალისეობრივი მსახურება? - ჩვენთან სირთულის სამი ჯგუფია (შენიშვნა: საბრძოლო, არასაბრძოლო და მოზარდების აღზრდა), საქმე ყველასთვის მოიძებნება საკუთარი შესაძლებლობების ფაგლებში, ამიტომ შეგიძლია სიკვდილამდე იმსახურო - ბოლო გზაზე როგორ აცილებენ ასეთ ხალხს? - თუ ოფიცერია, - ოცეულის მეთაურით დაწყებული, სრული სამხედრო პატივით. დამეთანხმეთ, რომ ესეც კარგი კაცური სტიმულია - გულზე ხელი რომ დაიდოთ: არმიელი „ბებრების“ ოცეული და კაიტსელიტის ოცეული, რომელიც უკვე 10 წელიწადია ერთად არიან, რომელი აჯობებს? ვის ამჯობინებდით თქვენ? ავღანეთგამოვლილი კადრის პროფესიონალი ოფიცერი? - კატსელიტისას. ისინი უკეთ არიან გაწვრთნილები, მუდმივად ვარჯიშობენ ველზე, წლობით ინარჩუნებენ ფორმას. უფრო მოტივირებულებიც არიან, მოწიფული, შეგნებული ხალხია. მოკლედ, სამშობლოს დაცვისთვის უფრო არიან მზად. ინტერვიუს პირველწყარო История эстонского кайтселийта, добровольческого соединения территориальной обороны https://zbroya.info/ru/blog/4436_istoriia-estonskogo-kaitseliita-dobrovolcheskogo-soedineniia-territorialnoi-oborony/

კაიტსელიტის ისტორიული ფოტოგალერეა


ქვეითი მებრძოლის აღჭურვილობა | საბაზისო მომზადება


გთავაზობთ აუცილებელი ნივთების იმ ჩამონათვალს, რომლებიც თან უნდა გვქონდეს საბრძოლო მოქმედებების დროს ტყიან მასივში თბილი კლიმატისას, იმ დათქმით რომ ღამით: +7-8C ზე დაბლა არ ჩამოვა ტემპერატურა. ურბანულ ზონაში, საკუთარი ქალაქის დაცვის შემთხვევაში ეს სია გარკვეულწილად შეიცვლება, თუმცა ნივთების შერჩევის ლოგიკა იგივე დარჩება: გარემოს შესაბამისი და პრაქტიკული. ყველა საგანი უნდა იყოს კამუფლირებული, ან დამცავი ფერის (მომწვანო, ყავისფერი, შავი და ა.შ.).
დაკომპლექტება რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, მაგრამ გამოცდილების საფუძველზე (საუბარია მსუბუქ ქვეითზე ტყიან მასივში) ამ სიის მაგვარს შეადგენს სხვაც.

ფორმა
 
კამუფლირებული პანამა
- სასურველია ბრიტანული, ან აშშ-ს არმიის. თუ ასეთი არ გაქვთ, სხვანაირი, ან კამუფლირებული კეპიც გამოდგება - სულ არაფერს ჯობია, საჭიროებისას სათადარიგო მაისურით, ან ბადით "აჭრით".
თხელი ქუდი, ბალაკლავა, ან ბენდენა - ქუდი Quick Dry Cap -ის სტილში, თხელი მატერიის, რომელიც მაგ.: გამოიყენება ძილის დროს ცივ ამინდში, იცავს რა თავს და ყურებს. იგივეს აკეთებს თხელი ბალაკლავა, რომელიც სახესაც იცავს და თან ნიღბავს. ამავე მიზნით გამოიყენება ბენდენა, რომელსაც ბევრი გამოყენება აქვს. ბენდენა (2 ერთეული) და თხელი ქუდი სავსებით საკმარისია.

პიჯაკი და შარვალი - სასურველია რომელიმე არმიის 2 ერთეული. მეორადებში შესაძლებელია თითქმის ახალი კომპლექსტის (აშშ, ინგლისი, გერმანია) შეძენა. თუ ზურგჩანთა მოცულობითი გაქვთ, სპორტული შარვლის წაღებაც შეიძლება.

T-ს მაგვარი მაისური - 3 ცალი

ქურთუკი - 1 ცალი. აქ მოყვანილი ქარგაუმტარი ბრიტანული სმოკი იდეალურია, მაგრამ მისი შეცვლა რომელიმე ანალოგითაც შეიძლება.

საწვიმარი ლაბადა - 1 ცალი. შეიძლება მოვაწყოთ თავშესაფარი და ა.შ.

ხელთათმანი - 1 ცალი. იცავს ხელს ნაკაწრებისგან, სიცივისგან და ნიღბავს. თუმცა ზოგს არ მოსწონს (უჭირს იარაღთან მოპყრობა) და არც იყენებს. გამუდმებით არ უნდა გეცვათ, მხოლოდ საჭიროებისას. "გადაჭრილის" გამოყენება რეკომენდირებული არცაა.

ფეხსაცმელი
 
მაღალყელიანი - სამხედრო ბათინკი. სასურველია მთლიანად ტყავის, ან ბრენდირებული.
დაბალყელიანი, ან ბოტასი - სათადარიგო ფეხსაცმელი აუცილებელია. ბოტასი უნდა იყოს სქელძირიანი.

თეთრეული
 
მაისური და ტრუსი - ორივე 3-4 ერთეული
წინდა - ე.წ. პირსახოცის ნაჭრის 8-10 ცალი
წინდა თბილი - 1 ცალი
 
საძილე ინვენტარი
 
საძილე ტომარა - კომფორტის ტემპერატურით დაახლ. 0 / -5 C. თუ საძილე არ გაქვთ, ან ძალიან დიდ ადგილს იკავებს ზურგჩანთაში, მას ტყეში შეცვლის საწვიმარი, ქურთუკი და სათადარიგო ტანსაცმელი. შესაძლებელია მსუბუქი, პატარა და იაფი ტურისტული საძილეს შეძენაც, ან Woobie-პლედის ყიდვა.

ძირსსაგები - სტანდარტული სალაშქრო. სასურველია დასაკეცის შეძენა, ნაკლებ ადგილს იკავებს და მოძრაობაც უფრო მარტივია.

აღჭურვილობა
 
ზურგჩანთა - ქვეითისთვის იდეალურია ბრიტანული საექსპედიციო ზურგჩანთა "ბერგენი" (120 ლიტრი ტევადობით), რომელიც მორგებულია ქვეითზე, ძალიან გამძლეა, მოდულარულია და იშლება საჭიროებისას (გვერდითა ჯიბეები გადაეწყობა 30 ლიტრიან საიერიშო ზურგჩანთად). ასევე კარგია ამერიკული ილბე.
ზოგადად ზურგჩანთა უნდა იყოს დაახლ. 65 ლიტრი (ე.წ. საპატრულო, 3-4 დღიანი ავტონომიური ლაშქრობისთვის) ტევადობის. არაა აუცილებელი სამხედრო, შესაბამისი ფერის ტურისტულიც გამოდგება.

საბრძოლო ქამარი - ტყეში საბრძოლო ქამარი მოსახერხებელია, რადგან გულმკერდის არე თავისუფალია და ხოხვას არ უშლის ხელს. ხანგრძლივი მარშის დროს მასზე შეიძლება ჩამოვდოთ ზუგჩანთა, რაც ამცირებს დაწოლას მხრებზე და აიოლებს მოძრაობას.
დამცავი სათვალე
- იცავს თვალებს ნამსხვრევების, მტვრის და დაზიანებისგან
 
ფარანი - ჯიბის, ან თავზე დასამაგრებელი

წყლის მათარა - ლაშქრობებში არ დამაქვს, პლასტმასის ბოთლებით გავდივარ იოლად. 0.5ლ წყლის ბოთლი ყოველთვის მიდევს ჯიბეში, მაგრამ ვისთვის როგორ.

წყლის ფილტრი - თუ გამოიწერთ Lifestraw-ის ფილტრს, წყლის პრობლემა მოგეხსნებათ. გუბიდანაც დალევთ წყალს და ამისთვის დროსაც კი არ დაკარგავთ.

კომბინირებული კარდალა (ქვაბუნა) - წყლის ასადუღებლად და საკვების მისაღებად
 
თავბალახა
- სახლშიც შეგიძლიათ დაამზადოთ ბადის და ზოლებად დაჭრილი მატერიისგან.
 
ნაგვის პარკები - გამოდგება როგორც პირდაპირი დანიშნულებით, ასევე შესაფუთად და სიცივისგან დასაცავადაც.
სამხედრო დანა -
კოვზი და ჩანგალი - 
კამუფლირებული სკოჩი - თუ ასეთი არ გაქვთ, ჩვეულებრივი, ოღონდ ხარისხიანი
წვრილი მავრთული - დაზიანებული არკაზმულობის შეკეთებისთვის
ნემსი და ძაფი - გახეული უნიფორმის გასაკერად
ბლოკნოტი და პასტა -
 
პარაკორდის თოკი
- ერთი შეკვრა წვრილი თოკი თავშესაფრის მოსაწყობად, სათადარიგო ზონარისთვის და ა.შ.
 
ასანთი და სანთებელა - 

დასაკეცი ხელის ხერხი - ტოტების უხმაუროდ მოსაჭრელად. შიძლება ვინმეს ზედმეტად მოეჩვენოს და მართალიც იყოს :) სამოქალაქო ლაშქრობაში უფრო გამოდგება.

მაჯის საათი - 

რუკა - თუ სამოქმედო ადგილი უცნობია და შესწავლილი არ გაქვთ, სასურველია 1:50.000 ან 1:100.000 იანი რუკის თან წაღება.

კომპასი - სტანდარტული, ან მინი. სასურველია ბრენდირებული.

პირადი ჰიგიენის საგნები
 
პირსახოცი - 1 ცალი
საკვნეტელა, ან მაკრატელი - ფრჩხილების დასაჭრელად 
კბილის პასტა და ჯაგრისი - 1 ცალი
საპონი ხელის - 1-2 ცალი
საპარსი საშუალება - რასაც იყენებთ ის
ანტისეპტიკური ხელსახოცი - 1 შეკვრა
სველი ხელსახოცი - 2-3 შეკვრა
ტუალეტის რულონი - 2-3 ცალი

საკვები და წყალი
 
პირველი 3-4 დღის განმავლობაში, სანამ მომარაგება აეწყობა შეგიძლიათ წაიღოთ ეს მზა საკვები (ან თავად დააკომპლექტოთ ამდაგვარი მენიუ თქვენი გემოვნებით):

ხორცის კონსერვი "კულა" - 2-3 ცალი
ND -ს მზა საკვები - 2-3 ცალი
MRE - თუ გაქვთ: 1-2 ცალი გახსენით, შიგთავსი ამოყარეთ და აუცილებელი წაიღეთ
პური და კრეკერი - 
ჩურჩხელა -
ჩაის და ყავის პაკეტები - რამდენიმე 
წყალი - 2 ლიტრი პლასტმასის ბოთლებში

სამედიცინო პაკეტი
 
სტერილური და ელასტიური ბინტები -
ბამბა -
სტერილური საფენი -
ლეიკოპლასტირი - ფიქსაციისთვის
ლახტი - 1 ცალი
იოდი და ზეჟანგი -
ტკივილგამაყუჩებელი აბები - თქვენზე რომელიც მოქმედებს ისინი
სანტავიკი - 4-5 შეკვრა
ფლუცინარის მალამო - ეფექტურია კანის გაღიზიანების და "დაწვის" დროს
მწვანე მალამო - მწერების ნაკბენებზე წასასმელად
სიცხის დამწევი აბები - 
მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალება - მაგ. რეჰიდრონი
აქტიური ნახშირი - 50 აბი
წამლები რომლებსაც იყენებთ პირადად თქვენ - თვალის წვეთები და ა.შ.

რა უნდა გვქონდეს ტანზე

მოულოდნელად წარმოქმნილი სიტუაციის გამო შეიძლება მოგვიწიოს ზურგჩანთის მიტოვება, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა გვექნება ტანზე (უნიფორმის ჯიბეებში და საბრძოლო ქამარზე). მაგ.: წყლის ფილტრი, საწვიმარი, სანთებელა, წამლები და პატარა მოცულობის მსგავსი აუცილებელი ნივთები უნიფორმის ჯიბეებში, ან ქამარზე უნდა იყონ.

რეკომენდაციები

🔼 აქ მოყვანილი სია მხოლოდ რეკომენდაციაა. შეგიძლიათ მოაკლოთ, ან დაამატოთ თქვენთვის საჭირო ნივთები. თუ რომელიმეს ვერ იშოვით, მისი მსგავსი გამოიყენეთ.
🔼 როცა ყველაფერს ჩაალაგებთ და მოირგებთ, შეამოწმეთ აღჭურვილობა ხმის გამოცემაზე, იხტუნავეთ და გაირბინეთ.
🔼 ყველა ის ნივთი რომელიც შეიძლება დასველდეს და გაშრობა დასჭირდეს, დამატებით იფუთება პარკში და ისე იდება ზურგჩანთაში.
🔼 ყველაზე აუცილებელი ნივთები უნდა იყოს ჯიბეებში, ტაქტიკურ ქამარზე, ან განტვირთის ჟილეტზე.
🔼 გახსოვდეთ რომ ბევრ ნივთს რამდენიმე გამოყენება შეიძლება მოეძებნოს და წასაღებად ასეთები შეარჩიეთ.
🔼 სასურველია თუ თან იქონიებთ მინ. 50 ლარს.

დამატებითი ვიდეო მასალა

ქვეითი მებრძოლის შენიღბვა | საბაზისო მომზადება

 
შენიღბვა მოიცავს ყველა იმ მეთოდის ერთობლიობას, რომელიც უჩინარს გვხდის ბრძოლის ველზე. მოწინააღმდეგე განუწყვეტლივ გვაკვირდება, ცდილობს ჩვენს აღმოჩენას, ამიტომ უნდა შევერწყათ გარემოს და მაქსიმალურად გავუჩინარდეთ! ჩვენც გამუდმებით ვაკვირდებით გარემოს, ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ რანაირად, როდის და სად შეიძლება მტრის შემჩნევა. ამ მოდულში მოკლედ განვიხილავთ ქვეითი მებრძოლის პირად შენიღბვას.

შენიღბვა ბუნებაში

ბევრი ცხოველის, მწერის, ფრინველის და თევზის გადარჩენა დამოკიდებულია მათი შენიღბვის უნარზე. ევოლუციამ შენიღბა როგორც მსხვერპლი, ასევე ჩასაფრებაში მყოფი მტაცებელი. შენიღბვის ნამდვილი ოსტატები შეგიძლიათ იხილოთ ამ ფოტოებზე, ამათ გვერდზე ისე ჩავუვლით, ვერც დავინახავთ:
 
მესამე ფოტოზე მოგეხმარებით, წითელი ღამურაა :)
 
საგნის შემჩნევის 6 ძირითადი მიზეზი

ქვეითს ორი ძირითადი ამოცანა აქვს: დროულად შეამჩნიოს მოწინააღმდეგე და ეცადოს რომ მოწინააღმდეგემ ვერ შამჩნიოს. ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა ვიცოდეთ ყველა ის ძირითადი მიზეზი, თუ რის გამო ვამჩნევთ საგნებს. ესენია: ფორმა, სილუეტი, ტექსტურა, ფერი, ჩრდილი და მოძრაობა.

ფ ო რ მ ა

ბუნებაში თითქმის არ გვხვდება მრგვალი და სწორხაზოვანი ფორმები, ბუნება თვალისთვის აჭრილი და ირეგულარულია, მისი ფონი გამუდმებით იცვლება და შემთხვევითია, მაგრამ სამხედრო მოწყობილობებს, იარაღს, აღჭურვილობას, რეგულარული და ხშირ შემთხვავში გამოკვეთილი კუთხეების მქონე უცვლელი ფორმები აქვს, რომელიც ჩვენს გონებას ჩამახსოვრებული აქვს და ბუნებაში, სადაც ეს ფორმები არ გვხვდება, ყურადღებას სწრაფად იქცევს.
აღმოჩენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხელოვნურად შევცვალოთ რეგულარული ფორმები და ავჭრათ ისინი, ანუ შენიღბვის მეშვეობით დავუკარგოთ საგნებს ჩვეული სილუეტი და შედეგად გავხადოთ მათი შემჩნევა რთული.

 
თავის მრგვალი ფორმის დაკარგვა ბალახის გამოყენებით
 
დაიმახსოვრეთ: გამოიყენეთ მიწაზე არსებული საფარი და არა ხის ტოტები, რომლებიც დემასკირებას უფრო იწვევენ. ხის ტოტები ბუჩქისებურად არ ამოდიან, ხოლო თქვენ მიწაზე ხართ გართხმული ბალახში! შენიღბვა მათემატიკა არაა, გამზადებული ფორმულები არა აქვს და იმპროვიზაციას ეყრდნობა, ამიტომ სანამ რამეს იზამთ, შეხედეთ მოწინააღმდეგის თვალით (რას დაინახავს ის) და შესაბამისად იაზროვნეთ! თუ გარშემო ბევრი ტოტი ყრია, ამ ძირნაყარი ტოტებით შეინიღბეთ.

კამუფლირებული ბადე აკარგვინებს თავს და მხრებს ფორმას, მისი გამოყენებით შესაძლებელია სახის დაფარვა და კოღოებისგანაც კი გვიცავს, ხოლო სიცივის შემთხვევაში კარგი დამათბუნებელია. ყველა ლაშქრობის დროს ბადე თან დამაქვს და ქვეითისთვის აუცილებელი ნივთია, რადგან ბევრი გამოყენება აქვს, ადგილს თითქმის არ იკავებს და არც დიდი წონა აქვს.

სპეცდანის მებრძოლები. დააკვირდით კამუფლირებულ იარაღს, დაცულ სახეს და ხელებს, სწორად შერჩეულ უნიფორმას და პატარა "ფერდების" მქონე პანამას, რომელიც მსუბუქი ქვეითისთვის იდეალურია ტყით დაფარულ მთაგორიან რელიეფზე (კეპის და ერთფერიანი ბენდენას გამოყენებას არ გირჩევთ - უკვე თავადაც მიხვდებოდით რატომ).

შენიღბული მსუბუქი იარაღის შემჩნევა ძალიან ძნელია, სამაგიეროდ შავი ფერის იარაღი იოლად ხვდება თვალში და ყურადღებას იქცევს.

თავბალახას და სახის კამოს გამოყენებით, თავი (რა ქუდიც არ უნდა გეხუროთ), სახე და ჩაფხუტი სრულად კარგავენ ფორმას. თავბალახას დამზადება თავად შეგიძლიათ ბადით და ძველი სამხედრო ფორმის, ან შესაბამის ფერის ნაჭრების ზოლებად დაჭრით. დაიმახსოვრეთ: რაც მიწაზეა, იმას უნდა მიამსგავსოთ თავბალახაც. ამიტომ დამზადებული დატესტეთ სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა მანძილიდან.

ებრაელი ქვეითები ქვაღორღიანი ნიადაგის გამო ჩაფხუტის შესანიღბად შესაბამის "ქვა-კლდის მაგვარ" საშუალებას (მიცნეფეტი) იყენებენ

პირველი მსოფლიო ომის დროს გემებზე გამოიყენებოდა ე.წ. "დამაბრმავებელი შენიღბვა", რომელმაც ძალიან გაართულა თვალით და მარტივი ოპტიკური ხელსაწყოებით დამიზნება, რადგან მანძილის, მიმართულების, კურსის და სიჩქარის გამოთვლა გაძნელდა.
 
წარმოიდგინეთ რომ მიუახლოვდით მტრის პოზიციას და ხედავთ ამას. კონკრეტულად რას ხედავთ? ვერაფერს, რადგან შენიღბვის გამო საგნის ფორმა არ ჩანს. ეს შეიძლება იყოს ტანკი, ჯავშანმანქანა, ან ტოტებით აწყობილი სატყუარა. დაიბენით? სწორედ ეგ იყო ჩაფიქრებული.

ს ი ლ უ ე ტ ი

ძალიან გავრცელებული შეცდომაა სილუეტის კონტრასტულ ფონზე გამოჩენა. ადამიანები არ ითვალისწინებენ მარტივ რაღაცას: მებრძოლი რომელიც მისგან მკვეთრად განსხვავებული და ერთგვაროვანი ფონის წინ, ან თავად ფონზე იმყოფება, იოლი შესამჩნევია მისი განსხვავებული სილუეტის გამო. ამიტომ სანამ პოზიციას დაიკავებთ, უკანაც მიიხედეთ რა ფონზე ხართ. ამიტომ როცა გარემოს აკვირდებით, მიაქციეთ ყურადღება ისეთ ადგილებს სადაც მოწინააღმდეგე შეიძლება იოლად დაინახოთ, მაგალითად: გორაკის თხემი, ფანჯარა, სახურავი, ან გამჭოლი ნანგრევი, კედელი.
გადაადგილების დროს ღია არეები, მაგალითად: მინდორი, მდინარე, ცის ფონი, ქუჩა, ღია ფერის კედელი და მისთანები ძალიან სახიფათოა.
პრობლემის გადაწყვეტა: მოვერიდოთ ღია არეებს, არ ვიმოძრაოთ თხემზე, საფრად გამოვიყენოთ აჭრილი ფონი, როგორიცაა ბუჩქნარი, ხეები, ან დასერილი რელიეფი. დაბრკოლებას უნდა შემოვუაროთ და უმჯობესია არ უნდა გადავახტეთ ზემოდან.
 
 
საცეცხლე პოზიციების დაკავება ხეებში ჯობდა. ასევე დარღვეულია ინტერვალი, ბუნებაში ასეთი სიმეტრია არ არსებობს და თვალი იოლად ამჩნევს, ამიტომ მებრძოლებს შორის დაშორებაც აჭრილი უნდა იყოს. 
ეს ფოტოები ამოღებულია ვიდეოდან, ყველა ეს ერაყელი მებრძოლი მოკლეს:
 
გამჭოლად ჩანს სილუეტი. ფონის შესაქმნელად ბადე კი არა მკვრივი ფარდა უნდა ჩამოეფარებინათ.

მებრძოლი უხეშად არღვევს სილუეტის დისციპლინას და ცის ფონზე პირდაპირ "ანათებს"

ცნობისმოყვარეობა ბრძოლის დროს? კიბატონო, ოღონდ შენიღბვის ყველა წესის დაცვით!

მოერიდეთ ფანჯრიდან ყურებას (ეს დაუშვებელია), აივანზე, ან სახურავზე ბოდიალს
 
ყველა ფორმირებას აქვს მისთვის დამახასიათებელი გარეგნული იერი, ამ დროს მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანაც შეიძლება და სილუეტს არ ვმალავთ. მაგ.: სადაზვერვო, ან წინწაწეული ჯგუფი იყენებს რუსულ იარაღს და აცვია რუსულთან მიმგვანებული კამო. 2008 წელს ოსური ბანდები ატარებდნენ თეთრ სამკლაურს, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მათთან მიმგვანებაც არ იყო რთული.   

ტ ე ქ ს ტ უ რ ა
 
ტექსტურა არის სიპრიალის ("ნათების") და ზედაპირის კომბინაცია. შეუნიღბავმა სახემ, არეკვლის უნარის მქონე საგნების (მაგ.: დანა, სარკე, მინა), ან თეთრი ქაღალდის "ნათება"-მ შეიძლება გასცეს პოზიცია, რადგან ზედაპირთან შექმნის მკვეთრ კონტრასტს და მოწინააღმდეგეს თვალში მოხვდება. ამავე მიზეზის გამო არ ანთებენ კოცონს მტრის ზურგში და წინა ხაზზე, სადაც ღამით სიგარეტის მოწევაც ძალიან სახიფათოა.
პრობლემის გადაწყვეტა: დაზვერვაში, ან წინა ხაზზე ყოფნის დროს შევნიღბოთ კანი (სახე, ყელი, კისერი, ხელები), გონივრულად გამოვიყენოთ არეკვლის უნარის მქონე საგნები და დავიცვათ ცეცხლის-შუქის დისციპლინა.
 
თუ სახის კამო გაქვთ, წაისვით როგორც ამ ფოტოზეა ნაჩვენები. შავი ფერი ისმევა ამობრუცულ ადგილებზე. თუ კამო არ გაქვთ, სახის სწრაფად "აჭრა" ტალახით, ან მაგალითად მაყვლით შეიძლება.

ხელი დაფარულია კამოთი, მაგრამ საათი უწყინარი სულაც არაა
 
არეკვლის უნარის არმქონე სამხედრო დანა
 
ფ ე რ ი
 
დიდი მნიშვნელობა აქვს ფერების შერჩევას. არ შეიძლება თოვლში ვიმოძრაოთ ზაფხულის ტყის კამუფლირებით და პირიქით. უნიფორმა ზუსტად უნდა იყოს შერჩეული და შეესაბამებოდეს იმ გარემოს, სადაც ტარდება ოპერაცია. ამასთან, რაც უფრო შორს არის ობიექტი, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს ფერს.
პრობლემის გადაწყვეტა: სწორად შევარჩიოთ ადგილმდებარეობისთვის დამახასიათებელი კამუფლაჟი და არ შევქმნათ ხელოვნური კონტრასტი გარემოსთან.
უნივერსალურად ითვლება MultiCam (ოფიციალური გვერდი) -ის ნახატი, რომელიც თავისი არალიცენზირებული ვარიანტებით ბევრი არმიის (მათ შორის ჩვენი) საველე უნიფორმის ძირითად ნახატს წარმოადგენს. კარგად მუშაობს უდაბნოში, მთაგორიან რელიეფზე, ქალაქში და ტყეში. ასეთივე უნივერსლურია ბრიტანული MTP.
 
მულტიკამი (აშშ). დეტალურად
 
მტპ (ბრიტანეთი) დეტალურად
 
 სპეცდანის მებრძოლები კონკამოს უნიფორმაში. დეტალურად
 
თოვლის კამო პენკოტი. დეტალურად
 
კარგად შენიღბული ინდივიდუალური სანგარი. მიწაყრილიც შენიღბულია და უზრუნველყოფს სრულ შეხემებას გარემოსთან
 
ჩ რ დ ი ლ ი
 
თვალთვალისგან დაფარვის საუკეთესო ვარიანტი ჩრდილში ყოფნაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენც გვაქვს ჩრდილი, რომელიც შეიძლება შეამჩნიონ. თუ პოზიციას დიდი ხნით დავიკავებთ, უნდა გავითვალსწინოთ მზის მოძრაობა, რომელიც ჩრდილების გადაადგილებას იწვევს და შეიძლება ბუნებრივი შენიღბვის გარეშე დავრჩეთ.
ობიექტის ჩრდილი მისი შორიდან შემჩნევის საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ჩვენსავით მთაგორიან ქვეყანაში. გარდა ამისა, ქალაქში ბრძოლისას შენობის კუთხესთან მისული ქვეითის ჩრდილმა (თუ მზე შესაბამისი კუთხიდან ანათებს) შეიძლება გასცეს მისი მდებარეობა.
პრობლემის გადაწყვეტა: შეძლებისდაგვარად ვიმოძრაოთ და გავჩერდეთ ჩრდილში (განსაკუთრებით ღამით. ღამის ჩრდილი სრულად მალავს ადამიანს).
 
ამ მებრძოლის ჩრდილის შემჩნევა შეიძლება მიმდებარე გორაკიდან
 
მოახლოებული მოწინააღმდეგის ჩრდილი

პოზიცია უნდა დაიკაოთ ოთახის სიღრმეში და ტყის პირას ჩრდილში
 
მ ო ძ რ ა ო ბ ა
 
ადამიანის თვალი მიჩვეულია მოძრაობის შემჩნევას, მათ შორის გვერდითა ხედვით. თვალი განსაკუთრებით რეაგირებს მოულოდნელ და სწრაფ მოძრაობაზე.
პრობლემის გადაწყვეტა: მიწინააღმდეგის მიმართულებით სიარულისას ჩვენი მოძრაობა არ უნდა იყოს მკვეთრი და სწრაფი. მომზადებულ პოზიციაზე მოძრაობა მაქსიმალურად იზღუდება, რადგან მტერი ისედაც გვაკვირდება.
 
შენიღბული ადამიანის დემასკირება-აღმოჩენას ასევე ახდენს ნაკვალევი, ხმაური და სუნი (სიგარეტის, ან კოცონის) მაგრამ ეს უკვე გადაადგილება-განლაგების ტექნიკაში შედის.
 
დამატებითი ვიდეო მასალა


სტატია ეფუძნება ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ სასწავლო მასალებს და ქართველი მოხალისეების გამოცდილებას.