უკრაინა-რუსეთის ომი. 8 მარტის მდგომარეობა


ომის მეცამეტეს დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ ფლობენ სტრატეგიულ ინიციატივას (ანუ თვითონ ირჩევენ დარტყმის მიმართულებას, დროს და ძალებს), მოქმედებენ გეგმაზომიერად და ცდილობენ რამდენიმე ამოაცანის გადაჭრას, მოკლედ განვიხილოთ ყველა მიმართულება.


კიევი - ჩერნიგოვი

კიევის დასავლეთით ჰოსტომელის, ბუჩას და ირპენის მისადგომებთან ოკუპანტები რამდენჯერმე მწარედ დამარცხდნენ და გადაჯგუფება დაიწყეს. კიევში შეჭრას ეცდებიან 27-ე სპეცჯგუფი "კუზბასი", სპეციალური დანიშნულების ცენტრი "ვიტიაზი", რ. კადიროვის სახელობის როსგვარდიის პოლკი და კერძო სამხედრო კომპანია "ლიგა" (ყოფილი "ვაგნერი"), ასევე სადესანტო და მოტომსროლელი  ქვედანაყოფები. ეს დაჯგუფება მომარაგების მხრივ მყარადაა, რადგან ბელარუსისკენ მიმავალი გზებს სრულად აკონტროლებენ. მათ ზურგში და დასავლეთით განლაგებულია 29-ე, 35-ე და 36-ე არმიის დანაყოფები.
აღმოსავლეთიდან კიევს მოახლოებულ რუსული ჯარის დანაყოფები ფაქტიურად H07 ტრასას აკონტროლებენ და მათი მომარაგება თეორიულად მოწყვლადია. ეს დაჯგუფება 15 კილომეტრითაა დაშორებული კიევის გარეუბან ბროვარს. ჩერნიგოვიდან წამოსული კოლონა კი ქ. კოზელცთან გააჩერეს. მათ დაჭირდებათ გარკვეული დრო რათა გაიმაგრონ პოზიციები და დაიცვან მომარაგების გზები.
მაკარივის მიმართულებიდან 36-ე არმიის ორი ბტჯ (ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი) ცდილობს გაიჭრას სამხრეთის მიმართულებით, რათა მყარად ჩაიკეტოს ჟიტომირ-კიევის დამაკავშირებელი ტრასა M06. მიმდინარეობს ბრძოლა.
კიევის ჩრდილოეთით რაკოვკას მიმართულებაზე 98-ე სადესანტო დივიზიის დანაყოფებმა და 155-ე საზღვაო ქვეითების ბრიგადის ბტჯ-მ გადალახეს მდინარე ირპენი, მაგრამ სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდნენ და შეჩერდნენ.

ჩერნიგოვის მიმართულებაზე მოქმედებენ მე-2-ე და 41-ე არმიები, ასევე 90-ე სატანკო დივიზია, რომლებიც ცდილობენ ქალაქის ბლოკირებას და ქ. სუმის გარემოცვას ჩრდილო-დასავლეთიდან. ოკუპანტები რამდენჯერმე, მძიმე დანაკარგებით უკუაგდეს ქალაქის პერიმეტრიდან.


ხარკოვის სამხრეთით, სლობოჟანის მიმართულებით უტევს 1-ლი სატანკო არმია (12 ბტჯ), მე-20-ე არმია (8 ბტჯ), მე-6-ე არმიის 2 ბტჯ და მე-14 კორპუსის ორი ბტჯ. მათი ამოცანაა ხარკოვის გარემოცვაა სამხრეთიდან. ქალაქზე რამდენიმე შეტევა უკრაინელებმა წარმეტებით მოიგერიეს. ამ მიმართულებაზე მოკლეს 41-ე არმიის სარდლის მოადგილე გენერალ-მაიორი ვ. გერასიმოვი და შტაბის რამდენიმე ოფიცერი.

ლუგანსკის ჩრდილოეთით, ოკუპანტების მე-20 არმიის 144-ე დივიზია წარუმატებლად ცდილობს ქ. სევეროდონეცკის აღებას. ოკუპანტები დამარცხდნენ ქ. იზიუმთან და შეჩერდნენ.

ქ. სუმის აღება რუსებმა ვერ შეძლეს და ამ მიმართულებით მიმდინარეობს გადაჯგუფება. 


მარიუპოლის მიმართულებაზე 1 და 2 კორპუსების 7 ბტჯ, ასევე მე-8-ე არმიის 150-ე დივიზია თითქმის გავიდნენ ადმინისტრაციულ საზღვართან. მათ გვერდი აუქციეს ქ. ვოლნოვახას, რომელის აღება ვერ შეძლეს, თუმცა ცალკეული რაზმებით მაინც ცდილობენ შეჭრას. მათთან შემხვედრი მიმართულებით უტევს ტოკმაკიდან წამოსული ყირმის დაჯგუფება და თუ შეერთებას მოახერხებენ (დაახლ. 50 კმ იანი დერეფანი რჩებათ უკრაინელებს), მარიუპულის დაჯგუფების გარე რკალი დაიკეტება.
მოგერიებულია 58-ე არმიის მე-19-ე დივიზიის 3 ბტჯ-ს რამდენიმე შეტევა მარიუპოლზე, მაგრამ ქალაქის დამცველების მდგომარეობა რთულია, ისინი ორმაგი ალყის საფრთხის წინაშე არიან.


ქ. ნიკოლაევთან მოქმედებენ 22-ე არმიის და 20-ე კორპუსის ძალები,  შავი ზღვის ფლოტის 2 ბტჯ, ქ. ვოზნესენსკთან 49-ე არმიის 3 ბტჯ., ზაპოროჟიეს მიმართულებაზე 42-ე დივიზიის და 58-ე არმიის 136-ე ბრიგადის ძალები. მიმდინარეობს გადაჯგუფება შეტევაზე გადასვლის მიზნით.

მოსახლეობის განწყობა და იარაღის მიწოდება

ოკუპირებულ მიწებზე მოსახლეობა ან ნეიტრალურად, ან მტრულადაა განწყობილი ოკუპანტების მიმართ და 2014-15 წლებისგან განსხვავებით არც ადმინისტრაციული შენობების შტურმი მომხდარა პრორუსული ჯგუფების მიერ და არც პუტინის მხარდამჭერი მიტინგები იმართება. პირიქით, მრავალრიცხოვან საპროტესტო მიტინგებზე ხალხი მოითხოვს ოკუპანტების მიერ უკრაინის მიწის დატოვებას და უკრაინის დროშები ფრიალებენ! ეს ყველაფერი ე.წ. "ნოვოროსიაში" ხდება, სადაც ეთნიკურად რუსი მოსახლეობა ჭარბობს. ხალხის განწყობა აშკრად შეცვლილია და არავის აღარ უნდა "ლუგანდონიის" მსგავს "რესპუბლიკაში" ცხოვრება. მოსახლეობის მედეგობას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს და აქ უკრაინას დიდი უპირატესობა აქვს!

ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს არის "ჩვეულებრივი" ომი, რუსეთი უკრაინის სახელმწიფოს განადგურებას (დესუვერენიზაცია და დემილიტარიზაცია) და უკრაინული იდენტობის მოსპობას (დენაციფიკაცია) აპირებს. ამ მიზეზების გამო მოსახლეობში მედეგობის მაღალი დონე გამოვლინდა და ძალიან ბევრს სურს უკრაინის ჯარში და მოხალისეთაგან დაკომპლექტებულ ტერიტოროული დაცვის რაზმებში ჩაწერა. თავდაპირველმა ელდამ და შოკმა გადაიარა, მოსახლეობა მზადაა ვერაგ მტერთან რუტინულად საომრად!

დასავლეთის ქვეყნები ეხმარებიან უკრაინის იმ ტიპის იარაღით, რის ათვისებასაც სწრაფად შეძლებენ, ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების, სახარჯი მასალების  მასობრ მიწოდებას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო ჯაველინები და NLAW-ები ძალიან ეფექტური აღმოჩნდა რუსული ტექნიკის წინააღმდეგ, რაც მოიერიშე რუსების დემორალიზებას იწვევს. სულ მალე ბრძოლის ველზე გამოჩნდება ათასობით გემანული (Panzerfaust 3), ესპანური (Instalaza C90) და თანამედროვე ფრანგული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო საშუალებები, რაც კიდევ უფრო გაურთულებს რუსებს შეტევას.
უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალები ეფექტურად მოქმედებენ და დაახლ. 70-80 საფრენი აპარატის ჩამოაგდეს! 

თუ უკრაინას არ მოაკლდება შეიარაღება - რესურსი და ხალხის მედეგობა მაღალ დონეზე შენარჩუნდება, მიუხედავად ამჟამინდელი რთული მდგომარეობისა, უკრაინას აქვს შანსი გაიმეოროს "სასწაული ვისლაზე", როდესაც 1920 წელს ვარშავასთან მისული წითელი არმია მოულოდნელად დამარცხდა.

რუსებმა თავისი სვლა გააკეთეს, ეხლა უკრაინის და ცივილიზებული სამყაროს ჯერია!

რუსები ანადგურებენ უკრაინულ ეკლესიებს

ოკუპანტების MTLB და სატვირთო მანქანები

განადგურებული რუსული არტილერია ხარკოვთან 

რუსული BMP-3 მარიუპოლთან

განადგურებული რუსული ტანკი მარიუპოლში

რუსული BMP-3 -ის ნარჩენები