გაინტერესებს სამხედრო საქმე? ომის პრინციპები


წარმატებული ომის საწარმოებლად ქვეყანამ აუცილებლად უნდა დაიცვას გარკვეული  პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფენ პოლიტიკური მიზნის მიღწევას ბრძოლის ველზე. აქ ჩამოთვლილი პრინციპები ეფუძნება ისრაელის სამხედრო სისტემას, რომელიც თავისი არსით დასავლურია. ვფიქრობ, სამხედრო საქმით დაინტერესებულებისთვის საინტერესო იქნება მათი გაცნობა და თანამედროვე კონტექსტში გააზრება. ჩამოვთვლი პრინციპებს და მოკლედ ავხსნი მათ:

ომის მიზანი

თავდაპირველად ისაზღვრება ქვეყანის ომში ჩართვის მიზეზი, რა მიზანი ამოძრავებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და რა შედეგი უნდა მიიღოს ომის გზით? სულერთია იწყებს შეტევით ოპერაციას მეზობელ ქვეყანაზე (აგრესორი და ოკუპანტია), თუ თავს იცავს აგრესიისგან - მიზანი მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, ჯარისკაცებამდე და მოქალაქეებამდე გასაგებად დაყვანილი. ყველა ამოცანა, მოქმედება, გაჭირვების ატანა, მსხვერპლის გაღება კონკრეტულ მიზანს უნდა შეესაბამებოდეს და მის ასრულებას ემსახურებოდეს. თუ ომის მიზანი გასაგებად არაა ფორმულირებული, ომში მონაწილეთა მოტივაცია და ხალხის ზოგადი მედეგობა, წინააღმდეგობის უნარი სუსტდება.

მაგ.: უკრაინის სამხედრო მიზანი მიმდინარე ომში არის 1991 წლის საზღვრებამდე გასვლა და ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა. ეს იცის ყველამ და შეკითხვები არავის უჩნდება. ჯარის ორგანიზაცია, ამოცანები და ხალხის სამობილიზაციო შესაძლებლობები ამ მიზნის ასრულებას ემსახურება. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის მიზანი იყო საქართველოს სრული ოკუპაცია და გასაბჭოება. ხოლო საქართველოს მიზანი წითელი არმიის მოგერიება და დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
თქვენთვის უპასუხეთ ამ თეორიულ შეკითხვას: რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს საქართველოს? რა მიზნის გარშემო უნდა შეიკრას როგორც ჯარი, ასევე საზოგადოება? რისთვის ღირს მსხვერპლის გაღება?

საბრძოლო სულისკვეთება

ომის დროს შეიარაღებულ ძალების წევრებს ეძლევათ კანონიერი უფლება მოკლან სხვა ადამიანები და თავადაც მზად უნდა იყონ სიკვდილისთვის. ამ დროს გასაგები პასუხი უნდა არსებობდეს მარტივ შეკითხვაზე: რატომ ვრისკავ სიცოცხლეს და რატომ უნდა მოვკლა სხვა ადამიანი? თუ ჯარისკაცი მზად არაა მოწინააღმდეგის მოსაკლავად, მას სერიოზული პრობლემა აქვს, რადგან სიკვდილი ომის ხელოვნების განუყოფელი და ორგანული ნაწილია. იაპონური გაგებით: "ვინც ფორმა ჩაიცვა უკვე მოკვდა". მტრის მოკვლის და საკუთარი სიკვდილისთვის მზაობა ჯარისკაცის მომზადების საფუძველია, რადგან ჯარისკაცი სახელმწიფოს მიერ მომზადებული "ლიცენზირებული მკვლელია". საბრძოლო სულისკვეთება სამი შემადგენელით ყალიბდება:

ა). შინაგანი მოტივაცია: მოწინააღმდეგის მოკვლის და საკუთარი სიკვდილისთვის მზაობა
ბ). სამხედრო საქმის ცოდნა 
გ). ფიზიკური მომზადება 

ამ სამიდან რომელიმეს გამოკლებით მებრძოლი უსარგებლო ხდება. თუ მოტივირებული ხარ იომო და კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფები, მაგრამ სამხედრო ცოდნა არ გაგაჩნია, შეტაკების დროს სულისკვეთება შეიძლება 0 -მდე დაგივარდეს. თუ კარგად იცი სამხედრო საქმე, 4 წელია მსახურობ, ფიზკურადაც კარგად ხარ მომზადებული, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო თუ არ ესვრი მოწინააღმდეგის ჯარისკაცებს, შენი საბრძოლო სულისკვეთება და ეფექტურობა ასევე 0-ზეა.

მაგ.: უკრაინის ომში ერთერთი ყველაზე მოტივირებული რუსული დანაყოფი კსკ "ვაგნერი" აღმოჩნდა, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეებითაა დაკომპლექტებული და მათი საბრძოლო სულისკვეთება ამოცანის წარმატების ასრულების შემთხვევაში დანაშაულის გამოსყიდვას, ნასამართლეობის მოხსნას და სახლში გაშვებას ეფუძნება. ეს ადამიანები  საკუთარი პირადი თავისუფლებისთვის კლავენ სხვას და არ აინტერესებთ ომის პოლიტიკური  მიზანი. 
უკრაინის ჯარის საბრძოლო სულისკვეთება მარტივ მოცემულობას ეფუძნება: დამარცხების შემთხვევაში "უკრაინა" - როგორც მოვლენა შეწყვეტს არსებობას, როგორც სახელმწიფო, ასევე ხალხი. რუსეთმა ღიად განაცხადა ამ ომის მიზანი: დემილიტარიზაცია (უკრაინის სახელმწიფოს მოსპობა) და დენაციფიკაცია (უკრაინელი ერის მოსპობა). რუსებს  მიაჩნიათ რომ "უკრაინელი" ეთნიკურად იგივე რუსია, რომელსაც "უკრაინელი" დასავლეთმა უწოდა და დაგეშა საკუთარი სამშობოლოს, ანუ რუსეთის წინააღმდეგ. ამ მოცემულობაში უკრაინელების  გადარჩენის ერთადერთი შანსი სასტიკი ბრძოლაა ყველა შესაძლო საშუალებით.
ჩვენს შემთხვევაში რას უნდა ეფუძნებოდეს მოწინააღმდეგის მოკვლის და საკუთარი სიცოცხლის გაწირვის მოტივაცია? რა არის დასაცავი იარაღით?

ინიციატივა და აგრესიულობა

ომში უპირატესობა აქვს შემტევ მხარეს, რადგან თავად ირჩევს რას, როდის, როგორ და სად შეუტიოს. დაცვაში მყოფი ცდილობს გადაეწყოს შეტევის მოგერიებაზე და პროცესში  აუცილებლად უნდა გადავიდეს კონტრშეტევაზე ინიციატივის საკუთარ ხელში ასაღებად, თუ ამას ვერ მოახერხებს, განუწყვეტელ თავდაცვაში მყოფი გარანტირებულად დამარცხდება. ეს დაგვემართა 1921 წელს, როცა საკმარისი იარაღის და მატერიალური საშუალებების არქონის გამო მუდმივად თავდაცვაში ვიყავით და მოწინააღმდეგე სრულად ფლობდა ინიციატივას ბრძოლის ველზე (იგივე შეემთხვათ სომხებს 2020 წელს, ყარაბაღის მეორე  ომში). კვინიტაძემ სპეციალურად დახია უკან ფრონტი მუხათგვერდისკენ, რათა ეხლანდელი დიდი დიღმის და ავჭალის ღია მონაკვეთზე გადასულიყო კონტრშეტევაზე, გაენადგურებინა მტერი და უკან შეჭრილიყო თბილისში, ანუ ინიციატივის აღებას ფრონტის მკვეთრად დამოკლებით (ლილო-ფონიჭალა-კოჯორი იცვლებოდა დიღომი-ავჭალაზე), ძალების კონცენტრაციით, მოდუნებული მტრის გამოტყუებით და ძლიერი კონტრშეტევით აპირებდა. თუ კონტრდარტყმა წარმატებული აღმოჩნდებოდა, ინიციატივა ჩვენს ხელში გადმოვიდოდა და ბრძოლის ველზე პირობების კარნახს უკვე ქართული სარდლობა დაიწყებდა და ამჯერად რუსებს მოუწევდათ გადაწყობა. საინტერესოა აღინიშნოს რომ ჯარმა ვერ გაიგო (არ იყო დაყვანილი პირად შემადგენლობამდე) მთავარსარდლის ჩანაფიქრი, ომის მიზანი დაიკარგა და თბილისის მოულოდნელი  მიტოვების გამო ხალხი დემორალიზდა, აღარ ემორჩილებოდა ბრძანებებს და მოსაწესრიგებელი გახდა სწრაფი უკანდახევით.
კვინიტაძემ იგივე ოპერაციის ჩატარება სცადა ოსიაურთან, სადაც ჯარი დალაგდა, მაგრამ კონტრშტევა წარუმატებლი აღმოჩნდა და ომის ბედიც ხაშურის მისადგომებთან გადაწყდა. შეტევაზე გადასული ჯარის ნაწილს აღარ სჯეროდა გამარჯვების და ბრძოლიდან თვითნებურად გავიდა. ომის მიზანი დაკარგული იყო და პირადი შემადგენლობის აგრესიის დონე დაბალი. მართვის შესანარჩუნებლად ათეულობით ჯარისკაცი დაიხვრიტა რიკოთის უღელტეხილზე.
2022 წლის ომის პირველ ფაზაში რუსეთი ფლობდა ინიციატივას, წარმატებით უტევდა და მანევრირებდა, თუმცა უკრაინელებმა ჯერ ფრონტის დასტაბილურება შეძლეს, შემდეგ ინიციატივა გამოგლიჯეს რუსებს და თავად გადავიდნენ წარმატებულ და ძალიან აგრესიულ  კონტრშეტევაზე, რათა აესრულებინათ ომის მიზანი: 1991 წლის საზღვრებთან გასვლა. რუსეთი ცდილობს ახალ რეალობაზე გადაეწყოს და ეცდება 2023 წლის პირველ ნახევარში ისევ აიღოს ინიციატივა თავის ხელში დიდი შეტევის დაწყებით.

როგორ უნდა დაეუფლოს ინიციატივას საქართველო რუსეთთან ომში? 

ა). ქვეყანა უნდა გადაეწყოს ტოტალურ წინააღმდეგობასა და ძალების (ადამიანური, ეკონომიური) სრულ მობილიზაციაზე.
ბ). რეორგანიზბულ ჯარს უნდა შეეძლოს დაუყოვნებელი ადექვატური წინააღმდეგობის გაწევა საოკუპაციო ხაზიდან მოყოლებული და ომის დროს მინ. 100.000 მებრძოლზე უნდა ავიდეს.
გ). სიმეტრიული და ასიმეტრიული (დივერსიული მოქმედება) მეთოდების გამოყენებით, შეტევის შეფერხების  პირობებში კონტრშეტევისთვის საჭირო ძალები მზად უნდა იყონ და საჭირო დროს ჩაერთონ. ჩემი აზრით დიდი შეცდომა იქნება მხოლოდ თავდაცვითი  ოპერაციებისთვის მომზადება და "სხვის ხელებში ყურება", რადგან დამარცხებით  დასრულდება. ჩვენი მიზანი არა ომის გაწელვა ("ეგებ ამასობაში ვინმე დაგვეხმაროს" - ამ დროს მსხვერპლი გაიზრდება და შედეგი იქნება დამარცხება), არამედ ამ ომში გამარჯვება უნდა იყოს, ანუ მტერს უნდა ჩავუშლოთ პოლიტიკური მიზნების მიღწევა, რაც მონდომების შემთხვევაში სავსებით შეგვიძლია. თუ მთელი ერი არ დაირაზმება სამშობლოს დასაცავად დახმარებასაც არავინ გაგვიწევს. უკრაინელებს რომ არ ეომათ ვინმე დაეხმარებოდა და აიტკიებდა აუტკივარ თავს? ოპერატიულ სივრცეზე (ანუ ტერიტორიის ფართობზე) ქვემოთ ვისაუბრებ.

იმპულსის შენარჩუნება

როცა შეტევა მოგერიებულია და ჯარი კონტრშეტევაზე გადადის, წარმატების განვითარება დამოკიდებულია საკმარისი რეზერვზე. მაგ.: 1918 წლის 19 დეკემბერს კატარინენფელდის ბრძოლის დროს სახალხო გვარდიამ ჯერ შეაჩერა მტრის შეტევა უშუალოდ დასახლებაში, შემდეგ კონტრშეტევაზე გადავიდა და როდესაც მტერმა მიატოვა მანამდე აღებული არტილერიის პოზიციები, გენერალმა ს. ახმეტელაშვილმა ბრძოლაში ჩართო ქ. ჩოლოყაშვილის ცხენოსანი რაზმი, რითაც  შეინარჩუნა იმპულსი, მოწინააღმდეგე შორს განდევნა, დაატყვევეს სომხების ბატალიონის მეთაური და ფრონტის ამ მონაკვეთზე ინიციატივას სრულად დავეუფლეთ.
2022 წელს მარიუპოლის დაცვის დროს აზოვის პოლკი რამდენჯერმე გადავიდა ლოკალურ  კონტრშეტევაზე და უკუაგდო მტერი, მაგრამ სარეზერვო ძალის არქონის გამო იმპულსის შენარჩუნება გამორიცხული იყო და საწყის პოზიციებზე ბრუნდებოდნენ.
1921 წლის ომისას კვინიტაძის განკარგულებაში 10-12.000 მებრძოლი იყო, რომლებიც პოზიციებზე გაანაწილეს. რეზერვში მხოლოდ 800 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ამ ძალებით, წარმატებული ლოკალური კონტრშეტევების ფონზეც (მაგ.: კოჯორის მასივის აღება, რეიდი ვაშლოვანზე, ფონიჭალის ბრძოლა) კი იმპულსის შენარჩუნება და წარმატების განვითარება შეუძლებელი იყო, კვინიტაძეს დამატებით 5-6.000 ჯარისკაცი რომ ყოლოდა ინიციატივას გამოგლეჯდა ბოლშევიკებს და თბილისის ოპერაცია სხვანაირი შედეგით დასრულდებოდა. 
ჯარის როდენობას ყოველთვის ჰქონდა და აქვს აზრი. "მცირე და მობილური" ჯარით საპოლიციო ოპერაციებს თუ ჩატარდება. წარმატებული სიმეტრიული ომის წარმოება შეუძლებელია, თუ მოწინააღმდეგეც "მცირე და მობილური" არაა და ასეთი ჩვენს გარშემო არავინაა.

შეცდომაში შეყვანა

ომი მოტყუების ხელოვნებაა და აქედან გამომდინარე მტრის შეცდომაში შეყვანა წარმატების წინაპირობაა. ეს უნდა მოხდეს როგორ სტრატეგიულ დონეზე, ასევე აისახოს ტაქტიკურ რგოლშიც. რაც უფრო მეტ მოულოდნელობას წააწყდება მტერი, მით უფრო  გაიოლდება მოქმედება. ეს მეთოდი კარგად იცოდა აღმაშენებელმა, ჯერ ტყიან მასივში შეიტყუა აღმატებული მოწინააღმდეგე, შემდეგ 200 მებრძოლის მოულოდნელი გამოყენებით ისე არია მტრის ძალა, დაწყობა აღარ დააცალა და აგრესიული კონტრშეტევით დაამარცხა.
მაგ.: რუსებმა ვერ გათვალეს უკრაინელების მედეგობის დონე, კიევის აღებას და ომის ძირითადი ფაზის დასრულებას 1 კვირაში ვარაუდობდნენ, ამიტომ მობილიზაციის გარეშე, ხელთ არსებული ძალებით დაიწყეს თავისი არსით საპოლიციო ოპერაცია, უკრაინის ჯარის სწრაფი დანებების შემდეგ შემსრულებელი ძირითადი ძალა შსს-ს როსგვარდია და ფსბ (უშიშროება) უნდა ყოფილიყო წინააღმდეგობის ცალკეული კერების და პარტიზანების სადევნად. დიდი ალბათობით, ამ აზრის ჩამოყალიბებას ხელს უწყობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რუსების გასაგონად იგივეს იმეორებდნენ დასავლელი ანალიტიკოსებიც. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა, რამაც ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა რუსეთის ხელმძღვანელობას, ისინი ჩათრეულები აღმოჩდნენ სულ სხვა ტიპის სამხედრო კონფლიქტში, რისთვისაც მზად არ იყვნენ (არც დასავლეთის ქვეყნები იყვნენ მზად). თუ რუსები თავიდანვე ფართომასშტაბიან ომს დაიწყებდნენ, სიტუაცია სხვანაირად განვითარდებოდა.

ლოჯისტიკის ორგანიზება 

ომის დროს ყველაფერი ეფუძნება მატერიალური რესურსების საჭირო რაოდენობას, დროული მომარაგების და საბრძოლო უზრუნველყოფის სწორად დაორგანიზებას. როგორც ერთმა ოფიცერმა თქვა: "მოყვარულები ტაქტიკით ინტერესდებიან და პროფესიონალები ლოჯისტიკით". ლოჯისტიკა განსაზღვრავს შესაძლებლობებს და შედეგებს. თუ დანაყოფებს არ ექნებათ: საწვავი, ამუნიცია, საჭირო ხარისხიანი ეკიპირება, საკვები და სამედიცინო უზრუნველყოფა, პირადი შემადგენლობის მორალური მდგომარეობა და საბრძოლო სულისკვეთება სწრაფად გაუარესდება. თუ უხარისხო ფეხსაცმლის გამო ფეხები მოგეყინება, ან ხუთი დღე მშიერი იქნები, ან ვაზნები/ჭურვები აღარ გექნება, როგორ უნდა იბრძოლო?
მაგ.: 1921 წლის ომში ქართული ჯარის დაახლ. 120 ქვემეხიდან მოქმედებდა ნახევარი, რადგან დანარჩენებისთვის ჭურვები არ იყო. 2022 წლის ბოლოს რუსეთის არმია თითქმის აღარ იყენებს 122 მმ კალიბრის არტილერიას, რადგან ჭურვების მარაგი მინიმუმზე დავიდა. სამედიცინო უზრუნველყოფაც ძალიან დაბალ დონეზე იყო (ერთი წლის თავზე ცოტათი გამოკეთდა სიტუაცია), რის გამოც ბევრი დაჭრილი კვდებოდა და ა.შ.
ცენტრალიზებული მართვის გამო რუსული საწყობები არასწორად იყო განთავსებული და  განუწყვეტლივ ხვდებოდნენ დაბომბის ქვეშ. ეს ფაქტორები დიდ გავლენას ახდენენ ჯარისკაცების მორალურ მდგომარეობაზე, ამიტომ ნორმალურ სამხედრო სისტემებში ლოჯისტიკა მთავარი თემა და ზრუნვის უპირველესი საგანია.

ზურგის დაცვა 

ომის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომარაგების გზების და საწყობების საიმედო დაცვას. მაგ.: ქალაქ სუმს რუსებმა შემოუარეს, მაგრამ მომარაგების გზები დაუგრძელდათ, ადგილობრივმა უკრაინულმა ტერიტორიულმა დაცვამ (ტერდაცვა) მოახერხა მათი მომარაგების მოშლა, რამაც რუსების წინსვლა ჯერ შეაჩერა და ბოლოს უკანდახევაც გამოიწვია, რათა ახლოს მისულიყვნენ მომარაგებასთან და ჯავშანტექნიკის მიტოვება არ დაჭირვებოდათ როგორც ეს იზუმში მოხდა.
უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს საწყობების გაშლას, ანუ არ შეიძლება დიდი რაოდენობით მარაგების თავმოყრა 2-3 ლოკაციაზე და ჰაერსაწინააღმდეგო ეშელონირებულ დაცვას. მაგ.: ომის პირველ დღეს ქ. ხერსონთან უკრაინელების მომარაგების კოლონას დაბალი სიმაღლიდან დაუსჯელად ანადგურებდა რუსული Mi-24 ტრასაზე, რადგან ხელის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი არავის არ ჰქონდა. კოლონა დაცული არ იყო.

დიდ საწყობებს სარაკეტო დარტყმებით გამოიყვანენ მწყობრიდან, საშუალო და მცირე საწყობების განადგურება გაცილებით რთული ამოცანაა. გარდა ამისა, დაშორების გამო მატერიალის მოქმედ ჯარამდე მიტანაც რთული იქნება. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბრძოლის ინტენსიობა ჩვენთან გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე უკრაინაშია. ამიტომ ყველა სამხედრო რაიონს თავისი საწყობები უნდა ჰქონდეს და ხიდების ჩანგრევაც უნდა იყოს გათვალისწინებული მათი განთავსებისას. მოკლედ: დაუშვებელია მსხვილი საწყობების მოწყობა, თბილისის მომარაგება თელავიდან, ან ქუთაისის ხაშურიდან და პირიქით. ყველა სამხედრო რაიონი ავტონომიური უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში.

საკუთარი ძალების სწორი რეალიზაცია

აქ პირდაპირ მაგალითზე შეიძლება გადავიდეთ, ყველაზე მოტივირებული მოიერიშე  რუსული ძალა, ანუ ვაგნერი თვეებია უტევს 4-5 კილომეტრიან ქალაქ ბახმუტს და დიდი დანაკარგების ფასად ძალიან ნელა მიდის წინ. სადესანტო ჯარების ყველაზე მომზადებული ნაწილები კიევზე შეტევის დროს განადგურდნენ. ესაა ძალების სტრატეგიულ დონეზე არასწორი რეალიზაციის ნიმუში.
რაც შეეხება ტაქტიკურ დონეს, მაგ.: მსუბუქად შეჯავშნული მანქანებით შესაძლებელია სწრაფი შეჭრის და რეიდების მოწყობა, შეცდომა იქნებოდა სანგარში მათი განთავსება და საცეცხლე წერტად გამოყენება. უკრაინელები ძალიან კარგად იყენებენ HIMARS -ის სარაკეტო დანადგარებს და უშენენ საწყობებს, შტაბებს, ხიდებს, ყაზარმებს. ამ რაკეტების გახარჯვა წინა ხაზზე მყოფ გაფანტულ ქვეითებზე ძალის არასწორი რეალიზაცია იქნებოდა.
რუსები ძალიან დიდი როდენობით იყენებდნენ საარტილერიო ჭურვებს, ხანდახან დღეში 50.000 ერთეულს ისროდნენ, რამაც მათი მარაგების სწრაფი დაცლა გამოიწვია და ამ ეტაპზე რუსული მრეწველობა არაა მზად შეავსოს დიდი დანაკარგი. სწორი რეალიზაციის შემთხვევაში ეს პრობლემა არ დადგებოდა.
მეთაური უშუალოდ ბრძოლის ველზეც სწორად უნდა იყენებდეს ხელთ არსებულ საშუალებებს. 1921 წლის 24 თებერვალს ეხლანდელ თბილისის აეროპორტთან რუსებმა შეტევაში ჩართეს 3 ტანკი Mk-IV რომლებმაც გაარღვიეს ქვეითების ხაზი და ორხევისკენ დაიძრნენ. სექტორის მეთაური არტემ ჯიჯიხია არ დაიბნა, რეზერვში მყოფი რამდენიმე 76 მმ ჰაუბიცა შეაგება ტანკებს და მათი ცეცხლის ქვეშ აიძულა უკანდახევა, რა დროსაც ერთი ტანკი ხევში გადავარდა და გარღვევა ლიკვიდირებული იქნა.

ძალისხმევის (ძალის) კონცენტრაცია

მეთაურებს უნდა შეეძლოთ არსებული საშუალებების სწორად კონცენტრაცია და "მუშტის ეფექტის" შექმნა. საუბარია პირველ რიგში საცეცხლე ძალის თავმოყრაზე. 1943 წელს საბჭოთა არტილერიის 70% კურსკის რკალზე იმყოფებოდა, ეს დაჯგუფება ფრონტის სხვა უბნების დასუსტების ხარჯზე გაძლიერდა, რადგან მტრის სტრატეგიული სატანკო იერიში კურსკის რკალზე იყო მოსალოდნელი. ამ არტილერიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანელების შეკავებასა და უკუგდებაში.
1920 წლის ცხინვალის შტურმის დროს კვინიტაძეს სთხოვეს 1 ბატალიონის გადასროლა საჩხერის მიმართულებით, რადგან იქ ჩვენი ძალები ცოტა იყო. გენერალმა უპასუხა რომ ცხინვალის ორი მიმართულებიდან გარემოცვით ოსები ქალაქიდანაც გაიქცეოდნენ და საჩხერე რომც აეღოთ ვერ შეინარჩუნებდნენ, ამიტომ ძალის კონცენტრაცია მხოლოდ  ცხინვალზე მოხდებოდა და შემტევ დაჯგუფებას არ დაასუსტებდა. მისი ვარაუდი სრულად გამართლდა, მოწინააღმდეგე ალყის საფრთხის გამო ქალაქიდან გაიქცა და სულაც გადაიხვეწა რუსეთში. საჩხერისკენ არც გაუხედიათ.

სიმარტივე, მეთაურების მოქნილობა და ამოცანით მართვა

ომი არის ხელოვნება და არა ზუსტი მეცნიერება. ბრძოლის ველზე სიტუაცია ძალიან ხშირად იცვლება, მოვლენების პროგნოზირება შეუძლებელია, ხანდახან მეთაურმა გადაწყვეტილება წამებში უნდა მიიღოს და ქაოსის დროს ამოცანა უნდა შეასრულოს. ამ დროს ბრძანება უნდა იყოს გასაგები, მკაფიო და მოკლე.
მაგ.: საცეცხლე ბარათების სწორად შევსება, დეტალური ბიუროკრატიული პროცედურები ხელს უშლის დანაყოფის სიტუაციურ მართვას. ბიუროკრატია მორგებული უნდა იყოს ბრძოლის ველს და მეთაურს არ უნდა აფერხებდეს. ასევე დაუშვებელია ისედაც სტრესში მყოფი რიგითი შემადგენლობის შეწუხება და გაღიზიანება უაზრო შეზღუდვებით და წესებით: წვერის გაპარსვის მოთხოვნით საველე პირობებში, ფორმის ტარების წესების დაცვის მოთხოვნით და ა.შ.

მეთაური უნდა იყოს მოქნილი და თუ ამოცანას ვერ ასრულებს ბრძოლის ველზე, რეალობიდან გამომდინარე უნდა ეცადოს სხვანაირად შესრულებას, დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება და ინიციატივის გამოჩენა. ამოცანის ფარგლებში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩარჩო უნდა იყოს ფართო.
საბჭოთა სისტემა მკაცრ ვერტიკალზეა აგებული, ბრძანება ზემოდან ქვემოთ ჩამოდის (დანაყოფი ცენტრალიზებულად იმართება) და უცვლელად უნდა შესრულდეს. მაგ.: დასახლება N რუსებმა უნდა აიღონ შტურმით, გენერლის მიერ რუკაზე შესაბამისი წითელი ხაზია დატანილი. ბრძანების ასასრულებლად საარტილერიო დარტყმის შემდეგ ტანკები და ქვეითები იწყებენ იერიშს წითელი ხაზის მიმართულებით და ეს შეტევები შეიძლება გაგრძელდეს ... თვეობით! ბახმუტზე შეტევა რუსებმა დაიწყეს 2022 წლის 1 გვისტოს (5 თვის წინ) და 150 დღეა ერთსა და იმავეს აკეთებენ. ხანდახან ასეთ დაჟინებას შედეგი მოაქვს და შეიძლება ბახმუტი აიღონ კიდეც, მაგრამ რის ფასად? უამრავი მოტივრებული მოიერიშე კვდება, ტექნიკა ნადგურდება და ა.შ. ხოლო ბახმუტის შემდეგ მასზე გაცილებით დიდი ქალაქი კრამატორსკია რუკაზე. ამოუწურავი რესურსების პირობებში ეს ტაქტიკა შეიძლება სწორიცაა, მაგრამ რუსეთის რესურსები ამოუწურავი არაა.

გენერალი ვერ ხედავს რა ხდება წინა ხაზზე, იქ მოქმედებენ ბატალიონის, ასეულის და  ოცეულის მეთაურები და ჯარისკაცები. მათ უნდა შეეძლოთ რეალობიდან გამომდინარე ამოცანის სხვანაირად, დამოუკიდებლად შესრულება. თუ ამოცანაა მაგალითად: სიმაღლის აღება, მოიერიშე ჯგუფის მეთაური თავად უნდა წყვეტდეს როგორ და რა ძალებით შეუტევს. ასეთ დელეგირებას "ამოცანით მართვა" ეწოდება და ცენტრალიზებული, დეტალური მართვის საწინააღმდეგო მიდგომაა. ამოცანით მართვის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც მეთაურები იჩენენ ინიციატივას, მზად არიან პასუხისმგებლობის ასაღებად, ენდობიან ერთმანეთის და დაქვემდებარებული ჯარისკაცების კომპეტენციას და მორალს. სამხედრო საქმის ცოდნის და ერთმანეთის ნდობის გარეშე "ამოცანით მართვა" შეუძლებელია.

ტერიტორიის სიღრმე და რეზერვი 

ტერიტორიის მოცულობას და რელიეფს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დროს. უკრაინა დიდი ქვეყანაა, საკმარისი სიღრმე აქვს ბევრი მდინარით, შეუძლებელია ერთ კვირაში წელში გატეხო ამხელა ქვეყანა. რუსეთი კიდევ უფრო დიდი ქვეყანაა და წყნარად შეუძლია მოამზადოს რეზერვები ურალში, მაშინ როცა უკრაინის სასწავლო ცენტრები საცეცხლე ზემოქმედების ქვეშ არიან.
ისრაელი მოცულობით პატარა ქვეყანაა (კახეთზე ორჯერ დიდი) რომელსაც ბუნებრივი დაბრკოლებები (მთები, დიდი მდინარეები) არ გააჩნია, ამიტომ მათი დოქტრინა საფრთხის შემთხვევაში სწრაფ მობილიზაციას და ომის მტრის ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ  გადატანას უშვებს, რათა მოიგონ სივრცე.

საქართველოს ასეთი დარტყმის შესაძლებლობა არა აქვს, ჩვენ რადიკალურად სხვა გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ვართ, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ საზღვარზე და საოკუპაციო ხაზთან დაუყოვნებელი წინააღმდეგობისთვის, ძირითადად ტერიტორიული დაცვის (Local Defence Unit) სამოხალისეო დანაყოფებით, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლებით იქნებიან დაკომპლექტებულები და უმეთაურებენ ლოკალური  ამოცანების შესაბამისად სპეციალურად მომზადებული მეთაურები. LDU -ს რაზმებით მთელი საქართველო უნდა დაიფაროს, ეს ფორმაცია არ არის "საარმიო რეზერვი"  მისი  კლასიკური გაგებით (რეგულარულ ჯართან თავსებადი და დანაკარგის შემავსებელი), ამ დანაყოფებს ცალკე ამოცანები უნდა ჰქონდეთ ერთიანი ჩანაფიქრის და გეგმის ფარგლებში. 

არმიის რეზერვი (ცოცხალი ძალის, ტექნიკის, არტილერიის) არის წარმატების გასაღები. სტრატეგიულ დონეზე კონტრშეტევაზე გადადიან სწორედ რეზერვში მყოფი დანაყოფები. თუ რეზერვი არასაკმარისია და მშვიდობის დროს არსებული რეგულარული ჯარის დანაკარგებს ძლივს ავსებს, ომი წაგებულია. ამასთან, აუცილებელია წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცების პერიოდული შეცვლა (როტაცია) და დასვენება. უხეშად რომ ვთქვათ: ბატალიონის ორი ასეული თუ წინა ხაზზეა, მესამე ზურგშია განლაგებული და ცვლიან ერთმანეთს. მაგ.: უკრაინის 93-ე მექნიზირებული ბრიგადა იცავდა ქ. სოლედარს, დეკემბერში ბრიგადა სრულად გაიყვანეს დასასვენებლად. მათი პოზიციები 128-ე ბრიგადამ დაიკავა. როტაციის და შვებულებაში ხალხის გაშვების გარეშე შეუძლებელია სიმეტრიული ომის ხანგრძლივად წარმოება.

ლეგიტიმაცია და ჯარის მოქმედების თავისუფლება

გაეროს წესებით დაუშვებელია შესაბამისი უფლების გარეშე სხვა ქვეყანაში ჯარით შეჭრა და მისი ოკუპაცია. თუ ქვეყანა თავს იცავს სხვა ქვეყნის ჯარის არალეგიტიმური შემოჭრისგან, მისი ომი სამართლიანია. საქართველო არ აპირებს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას და ოკუპანტ სახელმწიფოდ ქცევას. ჩვენ სრული უფლება გვაქვს დავიცვათ საკუთარი მიწა და ტერიტორიული მთლიანობა, ამიტომ ჩვენი ომი სამართლიანია!

ომის დროს, "ტოტალური წინააღმდეგობის" კონცეპციის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლება უნდა დაემორჩილოს სამხედრო მმართველობას და ჯარს სრული კარტ ბლანში უნდა მიეცეს "მოკლას მოწინააღმდეგე". მაგ.: 1918 წელს ბორჩალოს მაზრის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა გენერალი გ. წულუკიძე, ხოლო შავი ზღვისპირეთის რაიონის გენერალი გ. მაზნიაშვილი გახდა, მათ დაექვემდებარა როგორც სამოქალაქო, ასევე ძალოვანი სტრუქტურები, რამაც ოკუპაციისგან იხსნა ეს ტერიტორიები.

სტატია მომზადდა ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცრის იიგალ ლევინის ვიდეოს საფუძველზე, რომელიც ეყრდნობა ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური ჟურნალ "მაარაჰოტ"-ის სტატიას "ომის პრინციპები"