კონსერვატიზმი პოლიტიკური იდეოლოგიაა რომელიც წარმოიქმნა მე-18-ე საუკუნის დასაწყისში როგორც პასუხი საფრანგეთის რევოლუციის საშინელებებზე. ლათინური სიტყვა conservo ნიშნავს "შენახვას", ამ სიტყვიდანაც ჩანს რომ მსოფლმხედველობის მთავარი ამოსავალი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ერის განმსაზღვრელების (მაგ.: ენა, კულტურა), ტრადიციული ღირებულებების და წესრიგის შენარჩუნებაა. ნამდვილი კონსერვატორი საკითხების ევოლუციურად და ბუნებრივი გზით გადაჭრის მომხრეა, მისთვის უცხოა რადიკალიზმი და ექსტრემიზმი. ყველაფერს აკეთებს რომ ამაღლდეს ერის თავდაცვისუნარიანობა, ურჩევნია მოკლან ვიდრე ითანამშრომლოს თავისი ქვეყნის ოკუპანტთან და ასრულოს მტრის პოლიტიკური შეკვეთები.
ყველა ქვეყანას კონსერვატიზმის საკუთარი განვითარების გზა და კონტექსტი გააჩნია იემენელის კონსერვატიზმი არ გავს შვედისას, ან ირანელის კანადელისას (ეს მომენტი ძალიან განასხვავებს კონსერვატიზმს სოციალიზმის, ან ლიბერტარიანელისგან, რომელთა შეხედულებები უნივერსალურია). გარდა ამ ბუნებრივი განსხვავებისა ის იყოფა სხვადასხვა შიდა-მიმდინარეობად: ეროვნული, სოციალური, ლიბერალური, პატერნალური და ა.შ.
სურათის უკეთ აღსაქმელად, კონსერვატული ქვეყნებია მაგალითად: შვეიცარია, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი. ხოლო აშშ-ს რესპუბლიკური პარტია დასავლური სამყაროს ძირითადი პოლიტიკური ძალაა. თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური ფილოსოფიების ჩარჩოები მკაცრი არაა და მიდგომების ჰიბრიდს წარმოადგენს, ამიტომ მათ სიღმეში წასვლა წყლის ნაყვაა, ხოლო სხვა ქვეყნების კონსერვატიზმი ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა განსხვავებული კონტექსტების გამო, ამიტომ შევეცდები ავღწერო კლასიკური კონსერვატიზმის ზოგადი პრინციპები და ასევე ალაგ-ალაგ დავაფიქსირებ საკუთარ შეხედულებებს (სამოქალაქო პატრიოტიზმზე დაფუძნებულს, თუმცა ამაზე სხვა დროს). სტატია მიზნად ისახავს საკითხის გააზრებას და სადისკუსიო ველის შექმნას.
ცხოვრების აღქმა
კონსერვატორი სამართლიანია (მაგ.: შეუძლებელია გააყალბებინო არჩევნები, ან დაასჯევინო უდანაშაულო), რადგან კარგად იცის სამართლიანობის გარეშე მისთვის ასე მნიშვნელოვანი ერი და სახელმწიფო ჩამოიშლება, ხოლო პატრიოტიზმი ცარიელი სიტყვა გახდება. იმას არ ვამტკიცებ რომ სოციალისტი, ან ანარქისტი აპრიორი უსამართლოა, ჩემი მიზანი კონსერვატორის აღწერაა და რატომაა სამართლიანი იმას ვხსნი.
კონსერვატორისთვის ადამიანის პირადი თავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ თვისუფლების ორგანულ შემადგენლად პირადი პასუხისმგებლობა მიაჩნია. რამეს თუ აკეთებ, პასუხიც უნდა აგო! მაგრამ თუ ამ კეთებაში ერის ინტერესებს და სახელმწიფოს აზიანებ, კონსერვატორი წინააღმდეგობას გაგიწევს, რადგან მისთვის წმინდას შეეხე. ანუ ინდივიდუალურ თავისუფლებაზე მეტად კოლექტიურს აფასებს, მაგრამ ორმხრივ კომპრომისს დათანხმდება (უფრო ვრცლად იხილეთ ქვემოთ), თუ წითელი ხაზი გადალახული არაა.
მიდგომებში არის ზომიერი და დაბალანსებული. კონსერვატორი შეიძლება დახასიათდეს როგორც "35-45 წლის დაჭკვიანებული მოქალაქე", რომელიც ჯერ ფიქრობს, პასუხისმგებლობას იაზრებს და მხოლოდ ამის მერე მოქმედებს. ასაკი აღწერის გამო მოვიყვანე, შეიძლება 17 წლის მოზარდიც იყოს ასეთი. მოკლედ კონსერვატორი ვერ იქნება რადიკალი რომელიც პირზე დუჟმომდგარი რაღაც უტოპიას ამტკიცებს და 12 წლის მოზრდის მსგავსად საერთოდ არ ფიქრობს მოსალოდნელ შედეგზე. კონსერვატორისთვის მისაღებია ევოლუციური ცვლილება და არა დამანგრეველი რადიკალური გამოხტომები.
კონსერვატორი არ არღვევს საზოგადოებაში მიღებულ და ბუნებრივად დადგენილ წესებს. მაგ.: არ ჩაიხდის შარვალს და არ მიუშვერს უკანალს ვიღაცას პროტესტის გამო (ქართველი ანარქისტი ან "ლიბერო-ლევაკი" კი იზამს), რადგან "ეგეთი რამე ქართველებში მოსული არაა" და ჩამოყალიბებულ განწყობას ეწინააღმდეგება. თუმცა შოტლანდიელი კონსერვატორისთვის ასე მოქცევა ალბათ ნორმალურიცაა, რადგან ადგილობრივ ტრადიციაში ჯდება.
კონსერვატორისთვის მიუღებელია კრიმინალური სუბკულტურა და არ დაემორჩილება მის წესებს, რადგან რაც სახელმწიფოს და ერს აზარალებს კონსერვატორში პროტესტს იწვევს.
კონსერვატორს მიაჩნია რომ ზოგადად ადამიანი და საზოგადოება იდეალური არაა და რაც არ უნდა სცადო მაინც ავკარგიანი იქნება - განსხვავებით მემარცხენე რადიკალების, ანარქისტების და სოციალისტებისგან, რომელთა აზრითაც საკმარისია ადამიანებს თავისუფლება და თანასწორობა მისცე, პრობლემები მოგვარდება და ყველა ბედნიერად იცხოვრებს. ასეთი უტოპიური იდეალიზმი კონსერვატიზმს არ ახასიათებს. ის რეალურად აფასებს ცხოვრებას და ხედავს რომ ადამიანები მხოლოდ კანონის წინაშე თუ იქნებიან თანასწორები. ყველა სხვა შემთხვევაში ბიოლოგიური სხვაობა სახეზეა (მაგ.: ზოგი ნიჭიერია და ზოგი არა, ზოგი მშრომელია და ზოგი უქნარა) და ამას ვერავითარი "გათანაბერება" ვერ უშველის. დედამიწაზე სამოთხის მოწყობის მცდელობები საკონცენტრაციო ბანაკებით და მილიონობით მოკლულით სრულდება.
რ. რეიგანის 1975 წლის ცნობილი გამოსვლა: "თუ ფაშიზმი მოვა ამერიკაში, ის მოვა ლიბერალიზმის სახით"
მთავრობა, პრივილეგიები, ბიუროკრატია და თვითმმართველობა
კონსერვატორს კარგად ესმის რომ რაც უფრო დიდია მთავრობა და მრავალრიცხოვანია ბიუროკრატია, მით უფრო ცუდად კეთდება ეროვნული საქმე და მეტს ამოუღებენ ჯიბიდან, ამიტომ მხარს უჭერს "მცირე მთავრობის" იდეას, სადაც ბიუროკრატია მინიმუმზეა დაყვანილი. ჩვენს რეალობაში ბიუროკრატიის კაი დიდი ნაწილი მმართველი პარტიის აქტივის დასაქმების ადგილია, ბევრი სამსახურში არც კი დადის ისე ვუხდით საკუთარი ჯიბიდან (!) ფულს. კონსერვატორისთვის (და ზოგადად ყველა ნორმალური ადამიანისთვის) კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მოწყობა! შვეიცარიაში 8 სამინისტროა და ადგილობრივ მმართველობებში კადრების დეფიციტია, რადგან პოლიტიკა დასაქმების საშუალებად არ აღიქმება და პრივილეგიის წყაროც არაა.
ჩვენთან 150 პარლამენტარი ზედმეტია და 100 -ც ეყოფა, ანუ ერთი კანონმდებელი 37.000 მოქალაქეზე. 30% ით შემცირდება ხარჯი და გამონთავსუფლებული თანხით ბევრი პატრიოტული პროექტის დაფინანსებაა შესაძლებელი. შვეიცარია ვახსენე და იქ 1 კანონმდებელზე 35.000 მოქალაქე მოდის.
გაუგებარია რა საჭიროა ე.წ. "გუბერნიები", რომელთა მარგი ქმედების
კოეფიციენტი მინუსებშია გადასული, სინამდვილეში მმართველის პარტიის
ადგილობრივი აქტივია და ზედმეტ ტვირთად აწევს ხალხის ფულს (ანუ ბიუჯეტს). კონსერვატორი მხარს უჭერს ფართო თვითმმართველობას და არჩევითობას, რადგან მიაჩნია რომ ყველა თემმა უკეთ იცის რა სჭირდება და თვითონ უნდა ირჩევდეს საკუთარ მმართველობას.
რაც შეეხება პრივილეგიებს, მაქსიმალურად უნდა მოიხსნას ყველა ზედმეტი პრივილეგია. მაგალითად პერსონალური მანქანით მომსახურება გასაუქმებელია (იშვიათი გამონაკლისების გარდა) და საკუთარი, ან საზოგადო ტრანსპორტით უნდა იარონ მაღალჩინოსნებმა, პარლამენტარებმა და ა.შ.
კონსერვატორულ საზოგადოებაში მთავრობა და ბიუროკრატია არის მცირე, ხოლო რეგულაციები გონივრულ-დასაბუთებული და ხელს არ უშლის ეროვნულ ინტერესებს, ეკონომიკას და ადამიანის პირადი თავისუფლების პრინციპებს.
კონსერვატორი აპრიორი ბოროტებად არ თვლის სახელმწიფოს, მაგრამ მიაჩნია რომ ეს წარმონაქმნი უნდა ემსახურებოდეს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას, იცავდეს თავისუფლებას და იქ მომუშავე ადამიანები უბრალო დაქირავებულები არიან, რომლებსაც გადაირჩევს თუ კარგად არ მოემსახურებიან.
მონარქია საქართველოში 220 წლის წინ გაუქმდა, ეს ტრადიცია პირწმინდად დაკარგულია და არც კონსტიტუციური მონარქიის გამოცდილება გვაქვს, ამიტომ რესპუბლიკურ წყობას ვუჭერ მხარს, თუმცა მონარქიის აღდგენის მოთხოვნა კონსერვატორულია არსით.
კერძო საკუთრება და საგადასახადო სისტემა
ეკონომიურ საკითხებში კონსერვატორი ცალსახად მემარჯვენეა, მხარს უჭერს კერძო საკუთრებას, მის ხელშეუხელობას და დაბალ გადასახადებს. რადგან თავისუფლება წარმოუდგენლად მიაჩნია კერძო საკუთრების გარეშე. თუმცა რაც უფრო ნაკლებად ჩაუყოფს ხელს მთავრობა ჯიბეში, მით უფრო კმაყოფილი იქნება, რადგან თავისუფლების მისეულ გააზრებაში საკუთარი ფულის თავის ჭკუაზე ხარჯვაც შედის, რაც ეწინააღმდეგება მემარცხენე მიდგომას, სადაც მთავრობას მიაქვს ბევრი და შემდეგ "სამართლიანად და თანაბრად უნაწილებს ყველას" - ეს პრინციპი ხელს უწყობს სხვადასხვა იდეოლოგიის დიქტატორულ რეჟიმებს ხალხის თავის ჭკუაზე მართვაში და ადამიანის დამონების ფუნდამენტია (გამონაკლისი სკანდინავიაა, თუმცა იქ სპეციფიური სიტუაციაა), ანუ თვითონ იციან რა არის კარგი ჩვენთვის, თვითონ წყვეტენ რა უქნან ჩვენს ფულს და ის უნდა ვაკეთოთ რაც მათ უნდათ. კონსერვატორი ამის წინააღმდეგია, რადგან კარგად ხვდება რომ თუ ასეთები სათავეში გაძვრებიან, თავისი ნებით აღარ წავლენ მწვერვალიდან, არჩევნები ფორმალური უაზრობა გახდება, ხოლო განსხვავებული აზრის მქონეებს დევნას დაუწყებენ ხალხზე ზრუნვის ლოზუნგებით. ბოლო 100 წელიწადია სწორედ ამ სისტემის გამოვლინებებს ვხედავთ სხვადასხვა ფორმით. 1992 წელს კანონიერად არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდების შემდეგ სოციალისტურ-ოლიგარქული უღელი გვადგას კისერზე, რომელსაც ჩვენი უფლებების ხარჯზე აქვს მოპოვებული პრივილეგიები და შეუჩერებლად აფათურებს ჩვენს ჯიბეში ხელებს, რა თქმა უნდა ჩვენზე ზრუნვის ლოზუნგებით, სინამდვილეში როგორც ბიდლოს ისე გვიყურებენ და დაგვცინიან.
კონსერვატორს მიმაჩნია რომ ადამიანს თევზი კი არ უნდა მისცეს მთავრობამ, თევზაობის
სწავლაში უნდა შეუწყოს ხელი, რათა მოქალაქემ საკუთარი პოტენციის
რეალიზება შეძლოს. სიღარიბეს სოციალური დახმარებით კი არა (არჩევნების წინ
გაჭირვებული თანამოქალაქეების უნამუსოდ მოსყიდვის პრაქტიკაა რეალობაში),
ადგილობრივი წარმოების გაზრდით და კერძო ბიზნესის ფეხზე დადგომით უნდა
ვებრძოლოთ, რაც მოხერხებადია სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოს პირობებში! ბიზნესმენს არავისთან არ უნდა უწევდეს "საქმის დალაგება" და ჩალიჩი. ეს პირდაპირ გამორიცხავს ეკონომიურ წინსვლას და სიღარიბეს იწვევს!
თავდაცვა და დამოკიდებულება იარაღთან
კონსერვატორისთვის შეიარაღებული ძალების სიძლიერე ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ყველანაირად უწყობენ ხელს ჯარის გაძლიერებას და მხარს უჭერენ მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართულობას თავდაცვის ძალების პირდაპირ და
არაპირდაპირ საქმიანობაში. კონსერვატულ საზოგადოებაში ჯარი და ხალხი ერთი ორგანიზმია.
შვეიცარიის არმია ევროპაში ერთერთი უძლიერესია. 630 ტანკი და ქსმ, 1700 ჯტრ და ჯავშანმანქანა / როგორ აირიდა ომი თავიდან შვეიცარიამ 1940 წელს
კონსერვატორმა კარგად იცის რომ იარაღთან დაშვება ეზღუდება და ეკრძალება: გიჟს, მონას და ოკუპირებულს. კრიმინალი იარაღს ყოველთვის იშოვის და კანონმორჩილი ზარალდება (ლონდონმა გადაუსწრო ნიუ-იორკს იარაღით ჩადენილ დანაშაულში, არადა ინგლისში დანაზეც მკაცრი შეზღუდვებია). ამიტომ მომხრეა მის ქვეყანაში იყოს იარაღის მაღალი კულტურა, ბევრი ღია სასროლეთი, მსროლელთა კლუბები და მოკლელულიანი იარაღის ფარულად ტარების უფლება უნდა ჰქონდეს ყველას, ვინც შესაბამის ლიცენზიას აიღებს. მაგ.: აშშ-ში ამ მიმართულებას რესპუბლიკური პარტია ლობირებს. ესტონეთში ეს სისტემა სრულად მუშაობს და ა.შ.
ხალხის განიარაღებას ხელი ეწყობა: "ლიბერალურ-ლევაკურ", ფაშისტურ, ნაცისტურ და კომუნისტურ საზოგადოებებში, რადგან შეიარაღებული, თავისუფალი მოქალაქე ამათ დღის წესრიგს საფრთხეს უქმნის.
არადა "იარაღი არ კლავს, კლავს ადამიანი"
დროა ცოტა გავიცინოთ, ნახეთ ეს ორი ვიდეო:
მოქალაქეობა, მიგრაცია და ქართული ენა
კონსერვატორისთვის საქართველოს მოქალაქეობა და ქართული ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა იყოს რთული, ხოლო ვინც არ იცის ქართული ენა მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება და საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმების უფლებაც არ უნდა ჰქონდეს. ხმის მიცემა კი არა, პარლამენტარები (ანუ კანონმდებლები) გვყავს, რომლებმაც საერთოდ არ იციან ქართული! ასეთი აბსურდი ყველაზე რბილი მიდგომის ქვეყნებშიც წარმოუდგენელია. ეხლა თავად განსაზღვრეთ რა მსოფლმხედველობის ხალხის მართავს საქართველოს 1992 წლიდან მოყოლებული. ქართველი თუ არ სცემს პატივს საკუთარ ენას, ეროვნულა უმცირესობამ რატომ უნდა სცეს, ან რატომ უნდა ისწავლოს, როცა საჭიროებას ვერ ხედავს, ისედაც კარგად ცხოვრობს საქართველოში და კანონმდებელიც კი შეუძლია გახდეს!
კონსერვატორის დამოკიდებულება სახელმწიფო ენასთან კარგად ჩანს ესტონელების მაგალითზე, რომლებიც "პარლამენტს" ესტონურ სიტყვა "რიიგიკოგუ" (ქართ.: სახელმწიფო საკრებულო) უწოდეს და მათი ენობრივი პოლიტიკა ხშირად გამხდარა რუსეთის დიდი უკმაყოფილების მიზეზი. კონსერვატორის ხელში ენის პალატა მკაცრად იზრუნებდა ენის სიწმინდის დაცვაზე და შესაბამისი კანონების აღსრულებაზე.
სოფლის მეურნეობა და დამოკიდებულება მიწის გაყიდვასთან
კონსერვატორს მიაჩნია რომ მისი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა იყოს უზურნველყოფილი ადგილზე ნაწარმოები საკვებით, რადგან მისთვის, პირველ რიგში ეროვნული უსაფრთოების საკითხია სოფლის მეურნეობა და ზოგადად ადგილობრივი წარმოება. ამ მიდგომის სისწორე დაამტკიცა 2020 წლის მსოფლიო პანდემიამ, როცა ყველა ქვეყანამ პირველ რიგში საკუთარ თეფშს დაუწყო ყურება.
ძალიან ბევრ ქვეყანაში მიწის უცხოელებზე მიყიდვაზე ან აკრძალულია, ან შეზღუდვაა დაწესებული. მაგალითად პოლონეთში, ან ბულგარეთში 5 წელი უნდა ცხოვრობდეს უცხოელი მიწის ყიდვაზე განაცხადი რომ შეიტანოს და თან დამუშავების გეგმა უნდა წარადგინოს. დაახლოებით იგივე მიდგომა აქვთ ბალტიისპირეთში. საფრანგეთში მიწის მიყიდვა უცხოელზე დაშვებულია მაგრამ ძალიან ბევრი რეგულაციით, ხოლო ვენახების გაყიდვა საერთოდ აკრძალულია, რადგან ეროვნულ სიმდიდრედ ითვლება. ესპანეთში ზღვიდან 150 მეტრის დაშორებაზე მდებარე მიწა სამეფოს საკუთრებაშია და გაყიდვა აკრძალულია, კანადაში უცხოელი მიწას კი იყიდის დიდი ვაი-ვაგლახის მერე, მაგრამ ზოგ რეგიონში სხვა პროვინციის მცხოვრებსაც კი ეკრძალება სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა. აშშ-ში უცხოელს შეუძლია მიწყის ყიდვა მაგრამ იმდენი ბიუროკრატიული წინააღმდეგობა ხვდება რომ მხოლოდ 1% არის გაყიდული.კონსერვატორების (და როგორც ხედავთ სხვებისთვისაც) სასოფლო-სამეურნეო მიწა არ არის ყიდვა-გაყიდვის ობიექტი, რომელიც შეგიძლია თავისუფლად აბრუნებინო უცხოელებს. თუ მიწის მიყიდვის ნებართვას მაინც გავცემთ, ძალიან სერიოზულ აგრო-პროექტზე უნდა იყოს საუბარი, ტექნოლოგიების შემოტანით და ა.შ.
რელიგია
რელიგია მთელს დედამიწაზე აინტერესებს მოსახლეობის დაახლ. 10-15%-ს, თუმცა ყველა წესიერი ადამიანისთვის მათ მიერ ნაქადაგარი ზნეობის ზოგადი წესები მისაღებია: "არ მოკლა, არ მოიპარო, არ დაჩაგრო, არ გააუპატიურო, არ მოატყუო და ა.შ." უნივერსალური, ტრადიციული კოდექსია ყველა ადამიანისთვის დედამიწაზე.
კონსერვატორების უმეტესობა თავისი ქვეყნის ტრადიციული რელიგიის მიმართ დადებითადაა განწყობილი, ან მისი წევრია, მაგრამ ითვალისწინებს რელიგიურ მრავალფეროვნებას, არჩევნის თავისუფლებას და თუ რელიგიური პირი საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობას (ტერორიზმით, ან სისხლის სამართლის დანაშაულისკენ მოწოდებით), არც ერჩის მას.
ადამიანის უფლებები, LGBT და მიგრანტები
კონსერვატორისთვის პირადი თავისუფლება მნიშვნელოვანია და კარგად ესმის რომ საკუთარი იქ მთავრდება სადაც სხვისი იწყება. ამიტომ მიდგომაც ლოგიკური აქვს: თუ ვიღაცის თავისუფლება საფრთხეს არ უქმნის სხვა ადამიანებს, ერის და სახელმწიფოს ინტერესებს, კონსერვატორი შემყნარეა, მაგრამ კოლექტიური ინტერესი უფრო ფასდება ვიდრე ინდივიდის. მაგალითი: ოთახში 10 კაცია, აქედან 9 ფეხბურთს უყურებს, ერთი კი წიგნს კითხულობს. პრობლემაა სადაა? არსად. მაგრამ თუ წიგნის მკითხველი ხმამაღლა დაიწყებს კითხვას და ხელს შეუშლის დანარჩენებს ფეხბურთის ყურებაში პრობლება წარმოიქმნება. კონსერვატორის მიდგომა ასეთია: პატივს ვცემ შენს არჩევანს, აკეთე რაც გინდა, მაგრამ ნერვებს გვიშლი და მორიგება მოგვიწევს. შენ ჩუმად წაიკითხავ, ჩვენ კი ტელევიზორს ხმას ჩავუწევთ! რას უზამდნენ "წიგნის მოყვარულს" კომუნისტები, ნაცისტები და "ლიბერო-ლევაკები" თავად წამოიდგინეთ 😜 ლიბერალიზმს რატომ არ ვახსენებ? კლასიკური ლიბერალიზმი კონსერვატიზმის ნაწილი გახდა და აღარც არსებობს პირვანდელი სახით. "ლიბერალებს" ხშირად თანამედროვე "მემარცხენე კომინტერნის" მომხრეებს უწოდებენ.
იგივე მიდგომა ეხება LGBT თემასაც. კონსერვატორი ზოგადად ჩაგვრის წინააღმდეგია, მითუმეტეს მოწყვლადი და მცირერიცხოვანი ჯგუფის, მაგრამ გრანტებს დახარბებული აქტივისტების მიერ ჩატარებული მყვირალა აქციები წიგნის ხმამაღლა კითხვის ეფექტს ახდენს, აღიზიანებს უმრავლესობას და გარდა მაგისა, ხელს უწყობს კოლაბორაციონისტებისთვის სასურველ უარყოფით ჭრილში დასავლური საზოგადოების წარმოჩენას, რის გამოც ეროვნულად განწყობილი ადამიანების უმეტესობა უარყოფითად განეწყო მსგავსი აქტიობებისადმი. რაც აძლიერებს ოკუპანტს, მიღებული არაა კონსერვატორებისთვის. ის არ ერჩის LGBT თემის წარმოამდგენელს, მიაჩნია თანამოქალაქედ და არასოდეს არ შეუვარდება სახლში, ან კლუბში, თუმცა თვლის რომ უმცირესობამაც უნდა გაითვალისწინოს უმრავლესობის განწყობა და არ დაუშვას აქტივისტების მიერ მოწყობილი პროვოკაციები.
უმრავლესობა-უმცირესობის საკითხში კონსერვატორი ყოველთვის ზომიერ გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს, სადაც ორივე მხარის ინტერესი გათვალისწინებული იქნება კომპრომისებით და ეროვნული ერთობა შენარჩუნდება. ვის არ აწყობს ასეთი ეროვნული ჰარმონია იოლი მისახვედრია, მხოლოდ გარე ძალებს, რომლებიც საქართველოს სტაბილურობით და განვითარებით დაინტერესებულები არ არიან და რაც უფრო მეტ დაპირისპირებულ ჯგუფად დავიშლებით მით უფრო იოლად გააკეთებენ თავის ანტიქართულ საქმეს!
რაც შეხება მიგრანტებს, წინააღმდეგი ვარ მათი საქართველოში მასობრივი დასახლების. დავნილების ნაწილი უნდა მივიღოთ, მაგრამ დროებით (როგორც საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები შევიფარეთ და გადავაგზავნეთ ევროპაში). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა მივცეთ მათ საქართველოში დარჩენის უფლება.
შვეიცარიის სახალხო პარტიის (25.6% 2019 წლის არჩევნებზე) პლაკატები ემიგრანტების მიღების და მინარეთების აშენების წინააღმდეგ