სამოქალაქო დაცვა: თვითგადარჩენის ალგორითმი STOP


ტყეში ლაშქრობისას შეიძლება გზა აგებნას და დაიკარგო. თუ ლაშქრობა კარგადაა დაგეგმილი, მოლაშქრე, ან ჯგუფი ყურადღებითაა, დაკარგვის ალბათობა დაბალია, მაგრამ მზად უნდა იყო ნებისმიერი სიტუაციისთვის. თუ ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ხარ და ჭრილობა არ გაწუხებს, საქართველოში დიდი ხნით დაკარგვა (2-3 დღით) ძალიან რთულია და მართლაც რომ მოხერხება უნდა.
აკრონიმი S.T.O.P. შეგახსენებთ რა უნდა მოიმოქმედოთ ტყეში დაკარგვისას.

S (SIT DOWN - დაჯექი) - მარტო ხარ და გზას ვეღარ აგნებ? შეწყვიტე მოძრაობა და დაისვენე. შეისუნთქე ღრმად და რამდენიმე წამის განმავლობაში ამოისუნთქე. გაიმეორე ეს მოქმედება დამშვიდებამდე. პანიკის შემთხვევაში გაირთულებ მდგომარეობას, ამიტომ პირველ რიგში გონება უნდა ჩადგეს მწყობრში. ჩამოჯექი და წყნარად გაიაზრე სიტუაცია. გახსოვდეს რომ საძებნელად წამოსულებისთვის გაცილებით ძნელია მოსიარულე დაკარგულის მოძებნა, მითუმეტეს მაშინ, თუ დაკარგული შეშინებული დარბის. როგორც კი შეამჩნევენ წევრის გაუჩინარებას ჯგუფში, დაუყოვნებლივ დაუწყებენ ძებნას, ამიტომ ნუ გაურთულებ ამოცანას პანიკით. ხშირად უბრალო მიყურადება არის საკმარისი, რადგან საძებნელად წამოსულების ყვირილს გაიგონებთ.
თუ მცირე ჯგუფს აებნა გზა, არავითარ შემთხვევაში არ დაიფანტოთ, დარჩით ერთად და მოძრაობის დროს უნდა ხედავდეთ და გესმოდეთ ერთმანეთის.

T (THINK - იფიქრე) - როცა დაწყნარდები, გაიაზრე რა სიტუაციაში ხარ, სად იმყოფები და როგორ უნდა დააღწიო პრობლემას თავი. ხანდახან სრულიად საკმარისია ადგილზე დარჩენა, ყვირილი, ან სასტვენით სიგანის მიცემა და მიყურადება. თუ გრუნტი საშუალებას იძლევა, შეგიძლია საკუთარ კლავს გამოყვე უკან. გართულებულ სიტუაციაში უნდა განსაზღვრო პირველი რიგის საჭიროებები და აქედან გამომდინარე გადაწყვიტო რა უნდა გააკეთო. ეს საჭიროება შეიძლება იყოს გამოსაჩენი ადგილიდან სიგნალის მიცემა (მაგ. კოცონით), ან თავშესაფრის მოწყობა ღამის გასათევად. აუცილებლად უნდა განსაზღვრო დაახლოებით რამდენ ხანში დაგიწყებენ ძებნას. თუ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვი(თ) და არავის არ უთხარი სად მიდიხარ და როდის დაბრუნდები, სიტუაცია რთულდება და იმაზე დიდხანს მოგიწევს მარტო ყოფნა ვიდრე წინასწარ თქმის შემთხვევაში.
ზოგადად, პირველ რიგში უნდა იზრუნო ორგანიზმის სიცივის, სიცხის, ან ქარისაგან დაცვაზე. მხოლოდ ამის შემდეგ წყლის და საკვების მოპოვებაზე. დაკარგულების უმეტესობას სწორედ სიცივე და სიცხე კლავს და არა უჭმელობა.
აღსაღნიშნავია რომ სტრესულ სიტუაციაში ადამიანის ორგანიზმი გადაეწყობა: იწყება შაქრის და ცხიმების სწრაფი წვა, სუნთქვის გახშირების გამო ორგანიზმში შედის მეტი ჟანგბადი, კუნთების დაძაბვა ზრდის ფიზიკურ მზაობას, აქტიურდება გრძნობები (სმენა, მხედველობა), გაზრდილი წნევის გამო ორგანიზმი უკეთ მარაგდება სისხლით და ეს ყველაფერი ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილების მიღებას და ამაღლებს გადარჩენის შანსს.

O (OBSERVE - დააკვირდი) - ძალიან მნიშვნელოვანია დაადგინო კონკრეტულად სად იმყოფები. საიდანაც ყველაზე მალე დაგეხმარებიან იმ მიმართულებით უნდა წახვიდე, მაგრამ ეს მიმართულება ჯერ ზუსტად უნდა განსაზღვრო და შემდეგ იმოძრაო. თუ საღამოა, ან ამჩნევ რომ ამინდი უარესდება შეიძლება ადგილზე დარჩენა ჯობდეს, მაგრამ თუ მზიანი შუადღეა და ზუსტად იცი მაგალითად, რომ გზა დასავლეთით, დაახლ. 1 საათ სავალ მანძილზეა, ჯობია დიდხანს არავის არ დაელოდო და გზისკენ დამოუკიდებლად წახვიდე.
ასევე მნიშვნელოვანია ის საგნები, რომლებიც ზურგჩანთაში, ან ჯიბეებში გაქვს (ეს სხვა საუბრის თემაა და აქ არ გავჩერდებით). თუ ტყეში დარჩენა გიწევს ეცადე გაჩერდე წყაროსთან შორიახლოს (თუ წყლის დეფიციტი გაქვს), დაანთე კოცონი და შეაგროვე საკვებად ვარგისი მცენარეები (შინდი, ჟოლო და ა.შ.), ანუ დაასაქმე თავი რაიმეს კეთებით.
გაითვალისწინე რომ შემაღლებული ადგილებიდან კარგად ჩანან დასახლებული პუნქტები და გზები. ხშირად ხევს თუ დაუყვები, ძალიან დიდი ალბათობით გზაზე გამოგიყვანს.

P (PLAN - დაგეგმე) - როცა დამშვიდდები, ცივი გონებით შეაფასებ სიტუაციას და დააკვირდები გარემოს, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეადგინო მოქმედების გეგმა. სიტუაციის მიხედვით: ან უნდა გაჩერდე უსაფრთხო ადგილას, ან დაიწყო მოძრაობა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

🚩 ბუნებაში ნებისმიერი გასვლის დროს თან წაიღეთ შემდეგი ნივთები:
ასანთი და ტუალეტის ქაღალდი
ნაგვის 1-2 დიდი პარკი
ჯიბის ფანარი და დანა
საწვიმარი ლაბადა 

🔺 რომელი საგნები დაგვეხმარება ტყეში დაკარგვის დროს?
✷ მობილური (შეამოწმეთ დატენვის პროცენტი და ანგარიში)
✷ ზოგიერთ მობილურს GPS უმუშავებს ინტერნეტის გარეშე (თუ ხშირად ლაშქრობთ, ასეთი მოდელები შეიძინეთ)
✷ სასტვენი
✷ კომპასი
LifeStraw -ის ფილტრი (ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ წყლის პრობლემას ხსნის)