ფრანგული ნიუპორ 21
თანამედროვე ავიაციის დაარსების დღედ ითვლება 1903 წლის 17 დეკემბერი, როცა ძმები რაიტების სტაბილურად მართვადმა, ძრავიანმა და უძრავი ფრთების მქონე აპარატმა წარმატებით იფრინა. ჩვენს მიერ აღწერილი ამბავი კი სულ რაღაც 14 წლის შემდეგ მოხდა, ავიაციის გარიჟრაჟზე, როცა უბრალო ფრენაც კი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ხოლო სამხედრო პილოტებს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ.
მიხეილ მაჭავარიანი დაიბადა 1888 წლის 3 მარტს ქუთაისში, ოფიცრის ოჯახში. 1910 წელს დაასრულა კონსტანტინოვის სახელობის საარტილერიო სასწავლებელი და ჩარიცხეს 39-ე საარტილერიო ბრიგადაში, მაგრამ გულმა ცისკენ გაუწია და 1914-1915 წლებში ავიაციის ოფიცერთა და შემდეგ უკვე საავიაციო სკოლაც წარმატებით დაამთავრა. 1915 წელს მსახურობდა იმპერატორიის რეზიდენციის დაცვის განსაკუთრებულ საავიაციო რაზმში. 1916 წელს გადაიყვანეს კავკასიის მეორე საავიაციო რაზმში, სადაც ტექნიკური ნაწილი და საავტომობილო პარკი ჩააბარეს. რამდენიმე ორდენის მიღების შემდეგ, იმავე წლის მაის-ივნისში სადაზვერვო ამოცანების შესრულების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დააჯილდოვეს წმ. გიორგის ხმლით. 1916 წლის 27 ნოემბერს დანიშნეს კავკასიის მე-2-ე საავიაციო რაზმის უფროსად. სწორედ ამ რანგში მოუწია ისტორიაში შებიჯება, როცა საჰაერო ბრძოლაში მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ჩამოაგდო. კავკასიაში პირველი მსოფლიო ომის პერიოდში არც მანამდე და არც შემდეგ მსგავსი ფაქტი აღარ მომხდარა.
მეორე საავიაციო რაზმი ერზინჯანში. 1917 წ. შუაში მაჭავარიანი
ქალაქი ერზინჯანი, ბებე და ვეჰიჩი ჰურკუში
ერზინჯანი რუსეთის იმპერიის ჯარის კავკასიის კორპუსის 39-ე დივიზიამ 1916 წლის ივლისში აიღო. ქალაქი მდებარეობს დაბლობზე, მაგრამ გარშემორტყმულია მაღლი მთებით (2.500-3.500 მ), დასერილი ხეობებით და კანიონებით, ამიტომ საჰაერო ოპერაციების შესრულება რთული იყო და მოწინააღმდეგის აღმოჩენა ძალიან ჭირდა. რაზმი წინა ხაზთან ახლოს იყო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონს იცავდა. ქალაქის განაპირას მოეწყო საველე აეროდომი, სადაც მაჭავარიანის რაზმი განთავსდა, რომლის ძირითადი ფუნქცია მოწინააღმდეგის დაზვერვა იყო.
ნიუპორ 21 და ლუისის ტყვიამფრქვევი
მიხეილს გადასცეს ფრანგული წარმოების ერთადგილიანი გამანადგურებელი ნიუპორ 21 (მეტსახელად „ბებე“), რომელიც 350 კგ-ს იწონიდა და 80 ც.ძ.-იანი ძრავით 150 კმ/სთ-ს ანვითარებდა, 2 საათი შეეძლო ფრენა და 5,200 მეტრამდე ადიოდა. შეიარაღებაში ჰქონდა ლუისის სისტემის ერთი ტყვიამფრქვევი 7.7×56მმ კალიბრის 47 ცალი ვაზნით (ერთი დისკი, შეცვლის შესაძლებლობის გარეშე). თვითმფრინავს არ შეეძლო ბომბების წაღება, ამიტომ სადაზვერვოდ და საჰაერო ფოტოგადაღებებისთვის გამოიყენებოდა.
ვეჰიჩი ჰურკუში დაიბადა 1896 წელს სტამბოლში, დაამთავრა ხელოვნების სკოლა, მაგრამ მიატოვა სამოქალაქო ცხოვრება და ნებაყოფლობით მონაწილეობდა ბალკანეთის ომში (1912-1913 წ.). ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ დანიშნეს ტყვეთა ბანაკის უფროსად სტამბოლში. 1916 წელს მესოპოტამიის კამპანიის დროს გააგზავნეს ბაღდადში, სადაც დაიჭრა. იმავე წელს დაამთავრა საავიაციო სკოლა და ჩაირიცხა მე-7-ე საავიაციო ასეულში, სადაც გადაეცა გერმანული წარმოების მრავალფუნქციური ორადგილიანი ალბატროს C.III, რომელიც იწონიდა 830 კგ-ს, 180 ცხ.ძ. ძრავით ანვითარებდა 145 კმ/სთ-ს, ჰაერში ფრენდა 4.5 საათის განმავლობაში და ადიოდა 3.350 მეტრამდე. შეიარაღებაში ჰქონდა ორი ტყვიამფრქვევი: გოჩკისის და მაქსიმის სისტემების, საბრძოლო მარაგი: დაახლ. 2.000 ვაზნა, სავარაუდოდ 7.92x57მმ კალიბრის. თვითმფრინავს შეეძლო 100 კმ-მდე ბომბების წაღება.
ალბატროს CIII
25 სექტემბერი (ახლ სტ. 7 ოქტომბერი), 1917 წ.
რაზმში მხოლოდ ერთი გამანდგურებელი იყო მწყობრში და შეუძლებელი იყო ხშირი პატრულირება, თუმცა არც მას ჰქონდა დიდი ეფექტი, რადგან მთების და ხეობების გამო ჰაერში მყოფი პილოტისთვისაც კი თითქმის შეუძლებელი იყო მოწინააღმდეგის აღმოჩენა მიწიდან მინიშნების გარეშე. 40 კილომეტრით დაშორებული ფრონტის ხაზიდან შეტყობინებები კი მოდიოდა, მაგრამ სწრაფი რეაგირება ვერ ხერხდებოდა და გამოდევნებულ პილოტებს ფრონტის გადაღმა უწევდათ ბრძოლაში ჩაბმა, რა დროსაც ოსმალები დაბლა ეშვებოდნენ, ხოლო რუსული თვითმფრინავები მიწიდან მასირებულად იცხრილებოდა. 25-ში დილით, დაახლოებით 9 საათზე მოფრინდა ოსმალური თვითმფრინავი და ორი 50 კგ იანი ბომბი ჩამოაგდო ქალაქში. პოზიციებიდან დროულად აცნობეს შტაბს და აეროდრომიდან სასწრაფოდ აფრინდა შტაბს-კაპიტანი მაჭავარიანი, მიწიდან მინიშნების გამოყენებით აღმოაჩინა მოწინააღმდეგე და გამოეკიდა. ოსმალომ დაინახა რომ დაედევნენ, შეეძლო მშვიდად გასცლოდა, მაგრამ არც ვეჰიჩი აღმოჩნდა ჯაბნი და თვითმფრინავი შემოაბრუნა, დაუახლოვდა 100-150 მეტრზე და ტყვიამრქვევის გრძელი ჯერი მიუშვა მიხეილზე, რომელმაც მანევრით აიცილა ტყვიები და მოწინააღმდეგის ქვეშ გაიქროლა, მარჯვედ შემოატრიალა „ბებე“ და 20 ტყვია ესროლა მოწინააღმდეგეს. ამჯერად ვეჰიჩი დაეშვა ქვემოთ და მისმა მეწყვილემ მოკლე ჯერებით 200-მდე ტყვია დაუშინა მიხეილს, რომელმაც მანევრირებით დააღწია თავი რთულ მდგომარეობას, მოიპოვა უკეთესი პოზიცია და 19 ტყვია ესროლა ალბატროსს, რომელიც შეტორტმანდა, კვამლი გამოუშვა და მიწისკენ დაეშვა.
მიხეილმა დაზვერა მიდამო, დაეშვა 500 მეტრამდე და დაინახა ზურგზე დანარცხებული ალბატროსი. სასწრაფოდ დაბრუნდა აეროდრომზე და ავტომანქანით გაემართა ბრძოლის ადგილისკენ, რომელიც 8-9 კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქს. ალბატროსს ტყვიები მოხვედრია რადიატორში, ბენზინის ქვაბში და ოთხ ადგილას გაეგლიჯა გაზის გასასვლელი მილები. თვითმფრინავში აღმოჩნდა: კომპასი, დაშვების საზომი, ფოტოაპარატი, ყუმბარები, 1.500 -მდე ვაზნა და ორი ტყვიამფრქვევი.
მაჭავარიანი ჩამოგებულ თვითმფრინავთან
იმავე საღამოს ქართველების დეპუტაციამ მიულოცა მიხეილს გამარჯვება და სურვილი გამოთქვა რომ მას დაემშვენებინა ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი ქართული ჯარი, რაც მალე ახდა და მაჭავარიანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა და 60 იან წლებამდე ემსახურა საყვარელ საქმეს, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.
ვეჰიჩი და მისი მეწყვილე? ორივე გადარჩა და ტყვედ ჩავარდნენ. დაღვრემილი ვეჰიჩის ფოტო სამუდამოდ შევიდა ქართული სამხედრო ავიაციის ისტორიაში, თუმცა ჰურქუშმა გაცილებით დიდი კვალი თურქულში დატოვა, ბაქოს ტყვეთა ბანაკიდან გაპარვის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობდა სხვადასხვა ბრძოლაში. 1923 წლიდან მეთაურობდა თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალებს. ხელოვანი კაცი საბოლოოდ ავიკონსტრუქტორი და თურქული ავიაციის მამა გახდა. მისი ძეგლები დღესაც დგას თურქეთში. ხოლო მიხეილ მაჭავარიანი რამდენიმე ათეულ ადამიანს თუ ახსოვს საქართველოში.
1969 წელს გამოიცა მიხეილ მაჭავარიანის მოგონებები, იმავე წელს ვეჰიჩი ჰურკუში ავტოკატასტროფაში დაიღუპა
წყარო: 1917 წლის ქართული პრესა
მაჭავარიანის დაჯილდოების ცნობები
თბილისის სამხედრო აეროდრომი, 1917 წ. ცენტრში მაჭავარიანი
ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ დ. სილაქაძის სტატია:
პირველი მსოფლიო ომის ერთი საჰაერო ბრძოლის ისტორია - მიხეილ მაჭავარიანი ლეგენდარული ვეჩიჰი ჰურკუშის წინააღმდეგ