მოხალისეთა ტერიტორიული თავდაცვის ძალები

სამოქალაქო მოძრაობის ხედვაში "მომავლის არმია" გათვალისწინებულია მოხალისეთა "ტერიტორიული თავდაცვის ძალების" ჩამოყალიბება. ჩვენს ხედვაში არმია არის მთლიანად ნებაყოფლობითი (All Volunteer) და შედგება 4 კომპონენტისგან: 1). პროფესიული ჯარი 2). მოხალისეთა ტერდაცვა 3). სამობილიზციო რეზერვი 4). ახლგაზრდული ორგანიზაცია. ეს უკანასკნელი პირდაპირ ექვემდებარება ტერდაცვას და მისი შევსების ძირითადი წყაროა.
საქართველო დაიყოფა 11 სამხედრო რაიონად, სადაც ტერდაცვის დანაყოფები დაარსდებიან საცხოვრებელი ადგილის (ქალაქი და მუნიციპალიტეტი) მიხედვით.

პრინციპი: ყ ვ ე ლ ა ს, ვისაც აქვს სურვილი დაიცვას სამშობლო და თავისუფალი დროის ნაწილი დაუთმოს სამხედრო საქმის დაუფლებას, უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა.  მოტივირებულ და ენთუზიასტ მოქალაქეს ბევრჯერ დაუმტკიცებია თავისი ძალა ბრძოლის ველზე, მათ შორის ეხლა მიმდინარე ომებში ახლო აღმოსავლეთში.

ესტონელი მოხალისეები

მოდელი: წარმოდგენილი სისტემა არის ბრიტანული და ძირითადად ბრიტანელი სამხედროების დახმარებით უნდა მოხდეს მისი აწყობა საქართველოში. მათ ამ საქმის 150 წლიანი მდიდარი გამოცდილება აქვთ.

ანალოგები: მსოფლიოს ბევრ ქვეყენაში მოხალისეთა დანაყოფები შეადგნენ აქტიურ რეზერვს. ესენია: ბრიტანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ერაყი, ირანი, ბალტიისპირეთი, ინდოეთი, ავსტრია, ჰოლანდია, საფრანგეთი, სირია, ავსტრალია და ა.შ. ისრაელშიც კი, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 3 წელია, არსებობს მოხალისეთა დეპარტამენტი. 1918-1921 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებობდა მოხალისეთა სახალხო გვარდია. 2007 წლიდან ჩვენთან მოქმედებენ მოხალისეთა ორგანიზაციები, რომლებსაც დიდი გამოცდილება დაუგროვდათ და მოვიდა დრო ამ გამოცდილების რეალიზაციის

პირადი შემადგენლობა: დაახლ. 10% სრული დროით (Full Time) მომსახურე პერსონალით, ხოლო დანარჩენები ნაწილობრივი დროით (Part Time, Weekend Warriors), ყოფილი საკონტრაქტოებით და მოხალისეებით შეივსება

ამოცანა: ტერდაცვის ძირითადი ამოცანაა საკუთარი საცხოვრებელი რაიონის დაცვა. აქ იმსახურებენ ერთ დასახლებული პუნქტში (მაგ.: ქუთაისის მძიმე ქვეითების ბატალიონი), ან მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირები (მაგ.: საგარეჯოს მსუბუქი-ქვეითი ასეული). თუმცა ამოცანიდან გამომდინარე მოხდება დანაყოფების სხვა რეგიონებში გადასროლაც, რისთვისაც უნდა ტარდებოდეს შესაბამისი წვრთნები.

გაწევრიანების წესი და კონტრაქტი: ტერდაცვაში მიღება მოხდება უსაფრთხოების სამსახურის მიერ მსურველის შემოწმების, ბატალიონის მეთაურის შუამდგომლობის და ტერდაცვის შტაბის თანხმობის შემდეგ. ტერდამცველი აფორმებს კონტრაქტს და იღებს ვალდებულებას 3 წლის მანძილზე იმსახუროს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურის სტატუსით. ყოველი მომდევნო კონტრაქტი დაიდება 2 წლით. კონტრაქტის არგაგრძელების შემთხვევაში ტერდამცველი გადადის I კატეგორიის მობრეზერვში.

საბაზისო მომზადება: ტერდაცვის ქვედანაყოფში ჩარიცხვის წინ მოქალაქემ უნდა გაიაროს დაახლ. 1,5 თვიანი ქვეითის საბაზისო მომზადება, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხება დანაყოფში. ამ ვალდებულებისგან თავისუფლდება ყოფილი პროფესიონალი სამხედრო და ახალგაზრდული ორგანიზაციის ის წევრი რომელსაც საბაზისო მომზადება დასრულებული აქვს (16-18 წლის ასაკში). ეს ორი კატეგორია მხოლოდ 1-2 კვირიან საველე შეკრებას გაივლის თავის ბატალიონში.
პირველი კონტრაქტის გაფორმებისას ტერდამცველი ერთჯერადად მიიღებს ₾1.000 

ქართველი მოხალისეები, კურსის პირველი დღე

გრადაცია და სამსახურის ვადა: სურვილის, ფიზიკური, სამოტივაციო და ინტელექტის ტესტების ჩაბარების შემდეგ პირადი შემადგენლობა გადანაწილდება: სამანევრო (წინა ხაზზე სამოქმედოდ), დაცვის (სტატიკური პოზიციის შენარჩუნება, ზურგში განლაგებული კომუნიკაციების და ობიექტების დაცვა, ტვირთების კონვოირება, ადმინისტრაციის და შსს-ს დახმარება) და სამოქალაქო დაცვის (მოსახლეობის ევაკუაცია, დევნილების განთავსება, უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მოსახლეობის წვრთნა მშვიდობის დროს) დანაყოფებში. სამანევროში გამოძახება მოხდება წელიწადში სავალდებულო 21 დღით, ხოლო დანარჩენებში 14, ან 7 დღით.
რატომ 21 დღე? ეს ციფრი არის ოპტიმალური, რათა მოხალისეებს არ შეექმნათ პრობლემები სამსახურში. დღეები ისეა გადანაწილებული რომ ხელი არ ეშლება სამსახურს. როგორც წესი, მოხალისეები საკუთარი სურვილით 21 დღეზე მეტს უთმობენ საველე შეკრებებს, ანუ დადგენილ ნორმაზე მეტს ემზადებიან შიდა შეთანხმებით, ანუ ვის როდის სცალია მაგის მიხედვით (ამ დროს სახელმწიფო არ ხარჯავს რესურსს).

ასაკი და სქესი: ორივე სქესის მოქალაქეებისთვის, ასაკი: 18-65 წელი

ანაზღაურება: ტერდაცვაში მომსახურე პროფესიული სამხედრო სამსახურის კონტრაქტორი მიიღებს სრულ ანაზღაურებას წოდების მიხედვით. ნაწილობრივი დროით მოსამსახურის ყოველთვიური ანაზღაურება ₾100-350 (დანაყოფის და წოდების მიხედვით), ხოლო სამოქალაქო დაცვაში დღიური ანაზღაურება დღეში ₾30 იქნება

აღჭურვილობა და იარაღი: ტერდამცველს პირადი აღჭურვილობა ექნება სახლში, ხოლო მასზე მიწერილი იარაღი შეინახება ბაზაზე.
აღჭურვილობა მაქსიმლურად უნდა იყოს მორგებული ქვეითის კომფორტზე საველე პიროებებში როგორც სიცხეში, ასევე სიცივესა და ავდარში, ამიტომ არსებული მთლიანად შეიცვლება თანამედროვე მოდელებით. პროფესიონალ სამხედროს და ტერდამცველს ერთნაირი ეკიპირება ექნება.
დანაყოფები მაქსიმალურად უნდა იყონ შევსებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღით, ღამის ხედვის ხელსაწყოებით და ა.შ.


ლიეტუველი მოხალისე 

სამეთაურო შემადგენლობა: ასმეთაურის ქვემოთ მეთაურებს და ინსტრუქტორებს მოამზადებს ეროვნული გვარდიის რეზერვის სკოლა. მეთოდიკა აქაც ბრიტანული იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებსაც მაქსიმალურად დავაინტერესებთ ტერდაცვით და მისი სამეთაურო კურსებით.

რაოდენობა: შეიქმნება ტერდაცვის იმდენი დანაყოფი, რამდენიც იქნება მსურველი

ლოგისტიკური-სასწავლო ცენტრი (ლსც): სამხედრო რაიონებში (სადაც არაა ინფრასტრუქტურა) აშენდება ახალი პატარა ბაზები, შენობებში 250-400 კაცის ერთდროულად განთავსების საშუალებით, სადაც დასაწყობდება 2-3 ბატალიონის (ტერდაცვა და მობეზერვი) გასაშლელად საკმარისი მატერიალური საშუალებები, ტექნიკა, იარაღი, საკვები და საბრძოლო მარაგი.

ვადა: სისტემის საჭირო მოცულობით ამუშავებას დასჭირდება დაახლ. 4 წელი. საჭირო რაოდენობით ოფიცრების და ინსტრუქტორების მომზადება-გადამზადებას, ტერდაცვაზე მორგებული მატერიალური ბაზის მომზადებას, სასროლეთების მოწყობას და ახალგაზრდული ორგანიზაციის გაშლას დრო უნდა.
სამწუხაროდ სახელმწიფოს მიერ ბოლო 15 წელი განიავებულია (2004 წლიდან მოყოლებული, წინა პერიოდიდან ათვლა არც ღირს), თუმცა არც ეხლაა გვიან და როდესღაც ხომ უნდა დავიწყოთ?

მოხალისეების გაწვრთნის სპეციფიკა

1). მომზადების პრინციპი ასეთია: რაც ხელს არ უწყობს მებრძოლის ომისთვის მომზადებას, ამოსაღებია სასწავლო პროგრამიდან. ეს პრინციპი ისრაელის არმიაშია კარგად დანერგილი, როგორც დამარცხებულმა ეგვიპტელმა ოფიცერმა აღნიშნა: "ჩვენ აღლუმისთვის გვამზადებდნენ და ამ დროს ებრაელები ომისთვის გაემზადნენო". ზუსტად ასე უნდა იყოს ქართულ ტერდაცვაშიც. არაპრაქტიკულ მარაზმებზე და ზედმეტ ბიუროკრატიაზე დასაკარგი დრო არაა. სასწავლო პროგრამა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ომის რეალობას, ძირითადი აქცენტი საველე მომზადებაზე და სიტუაციურ წვერთნებზე უნდა კეთდებოდეს. ყაზარმაში მოხალისის მოცდენა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე მოხალისეებში ძალიან მაღალია საველე-სალაშქრო უნარები.
რაც შეხება აუცილებელ წესდებებს, ატანენ სახლში და გარკვეული დროის შემდეგ აბარებინებენ ტესტებს.
მოკლედ: მოხალისემ რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროს ველზე და არა საკლასო ოთახში. ზუსტად ამას ელის ის სისტემისგან!
2). როგორც წესი, მოხალისეებში მეთაურებსა და რიგითებს შორის არის მეგობრული დამოკიდებულება და სამსახურის გარეთაც გრძელდება ასეთი ურთიერთობა. "ბატონი უფროსი მოვიდა, დროზე ფეხზე ადექით" და მსგავსი მარაზმები მოხალისეებში არაა. ხშირად მიმართვა ხდება სახელით და არა ბატონოთი-წოდებით და ეს არავის უკვირს, მიღებულია.
3). დისციპლინა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ერთი საქმის კარგად კეთების დიდ სურვილს. მოხალისეს არავინ არაფერს არ აძალებს, თავად მოსწონს რასაც აკეთებს. რაც უფრო მცოდნე და მოტივრებულია მეთაური, მით უფრო დიდ პატივს სცემენ მოხალისეები. საჩკავიკები, უცოდინარები და უსაქმურები მოხალისეებთან ვერ ჩერდებიან.
4). საბაზისო კურსზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინდივუდალურ მომზადებას, წყვილში, 4 კაციან საცეცხლე ჯგუფში და ათეულში მუშაობას.

ლიეტუველი მოხალისეები

5). წვრთნა უნდა ტარდებოდეს საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს. მაგალითად: თბილისის დანაყოფის წევრები უნდა ვარჯიშობდნენ მამკოდის, ტაბახმალა-წყნეთის, ან წოდორეთის ტყის მასივში ე.წ. "სიტუაციური მოდელირებით". ხოლო ლსც (ტრანსპორტით) უნდა იყოს თბილისში.
ტრანსპორტირებაზე არ უნდა იხარჯებოდეს დიდი დრო და ბევრი საწვავი. დანაყოფი თავად შეიკრიბება დათქმულ დროს და მოხერხებულ ადგილას, საიდანაც მოხდება გადასროლა წვრთნის არეალში. უკან დაბრუნება მოხდება პირველი შეკრების ადგილას, საიდანაც თავად წავლენ სახლებში.
6). 1-3 დღიან შეკრებაზე საკუთარი საკვები და წყალი ტერდამცველს მოაქვს თან. ასე ეჩვევიან საველე მენეჯმენტს, დაგეგმარებას და არ იხარჯება ზედმეტი რესურსი.
7). "მარაზმები" მაქსიმალურად შეკვეცილია და მოხალისეებში არაა. მხოლოდ პრაქტიკული წესებია შენარჩუნებული ბუნებრივად. მაგალითად: არ მოეთხოვებათ წვერის გაპარსვა და თმის გარკვეულ ზომაზე დაყენება. თითქმის არაა სამწყობრო მომზადება, მხოლოდ ელემენტარული უნდა იცოდნენ (მწკრივი, ხაზი და რკალი) და დროს არ ხარჯავენ ლამაზად "შაგაობაში". აღსაღნიშნავია, რომ მოხალისეებში ძალიან მაღალია დისციპლინის დონე და მეთაურებს არ უწევთ წვალება, რადგან მოხალისე მზადაა მოუსმინოს და ისწავლოს. აღსაღნიშნავია რომ ამდენი წლის მანძილზე საერთოდ არ მომხდარა ჩხუბი და გაწევ-გამოწევა ქართველ მოხალისეებს შორის!
8). სტანდარტული პირადი ეკიპირება და სანივთე ქონება მოხალისეს აქვს სახლში და პასუხს აგებს მის მდგომარეობაზე.
9). ბიუროკრატია დასულია მინიმუმზე, მხოლოდ აუცილებელ დონეზეა შენარჩუნებული.
10). ტერდამცველის სამხედრო სპეციალობა შეირჩევა უნარის და სურვილის მიხედვით. მაგალითად: კურიოზული შემთხვევა როცა ა. ელისაშვილი გვარდიის რეზერვში რადისტად იმიტომ დანიშნეს რომ რადიოში მუშაობდა, ტერდაცვაში აღარ მოხდება. 
11). სასწავლო შეკრებების დროს მოხალისეებში აკრძალულია პოლიტიკაზე და რელიგიაზე საუბარი.  

კიდევ შეიძლებოდა ბევრი რამის დაწერა, მაგრამ საკმარისია, რათა მოხალისეებზე წარმოდგენა მაინც რომ შეგექმნათ :)

სამოქალაქო მოძრაობა მზადაა მიიღოს შენიშვნები და გაითვალისწინოს ისინი "მომავლის არმიის" ხედვაში.