ქართულ-მუსულმანური ცხენოსანი დივიზიონის ოფიცრები | 9.9.1920

 
ცხენოსანი დივიზიონის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს 1918 წლის თებერვალში ქართველი ეროვნების ქრისტიანი და მუსულმანი მოქალაქეების დაახლოების მიზნით, მაგრამ დანაყოფის ჩამოყალიბება დროში გაიწელა ავტორიტეტული ლიდერის არარსებობის გამო და მხოლოდ 1919 წლის აგვისტოში, მას მერე რაც მაიორი ბახშიბეი მაჩაბელი დაინიშნა მეთაურად, მოხერხდა ესკადრონის ფორმირება, რომელშიც 80 ცხენოსანი და ტყვიამფრქვეველთა რაზმი (2 დაზგის ტყვიამფრქვევი) შედიოდა. 1919 წლის ნოემბერში დივიზიონი შეიყვანეს არდაგანის რაიონის მიმდებარედ, სადაც რაზმმა წესრიგი დამყარა ცენტრალურ გზაზე და ყაჩაღების ალაგმვის გამო მოსახლეობაში პოპულარული გახდა. მემედ ბეგ აბაშიძის მონდომების შედეგად დივიზიონს შეუერთდა 100 აჭარელი მებრძოლი.
რაზმმა ბრიტანელების ნებართვით და მოსახლეობის თხოვნით 1920 წ. 3 მაისს დაიკავა ქალაქი ართვინი და გაანადგურა ადგილობრივ ყაჩაღ რაშიდის რაზმი.
1920 წლის ზაფხულში, დივიზიონმა დაიკავა ბორჩხა, სადაც ქესქინ ზადეს ბანდასთან შტაკებაში დაიღუპა ორი ოფიცერი (კოზლოვსკი და ციციშვილი) და დაიჭრა 5 მებრძოლი. ბანდებმა დატოვეს ბორჩხის რაიონი და წესრიგი დამყარდა.

დაბა ბორჩხა

1920 წლის 9 სექტემბერს რაზმი შეამოწმა სახელმწიფო კომისიამ, რომლის აღწერით ვიგებთ, რომ დივიზიონში 276 მებრძოლი მსახურობდა, აქედან 26 ოფიცერი. რაზმი დაბანაკებული იყო ბორჯომში, ყველა საბუთი იყო წესრიგში და არ აღმოჩნდა დარღვევები.


ოფიცრების სია:

მეთაური: პოლკოვნიკი ბახშიბეგ მაჩაბელი. მესხეთის მუსლიმთა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი. 1919 წლის მარტში სათავეში ჩაუდგა მუსლიმთა იმ ნაწილს, რომელმაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შეერთებას დაუჭირა მხარი. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა თურქეთში.
 



მეთაურის მოადგილე: პოლკოვნიკი გრიგორი მგალობლიშვილი ფილიპეს-ძე
წარმოშობით ქუთაისიდან, ქ. ტვერის ცხენოსანი სასწავლების კურსდამთავრებული. მსახურობდა ტვერის მე-16-ე დრაგუნთა პოლკში. რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი როტმისტრი. დაიჭრა ბრძოლაში 1916 წელს. წმ. სტანისლავის II და III, წმ. ანას III და IV ხარისხის ორდენების კავალერი.

ინტენდანტი: კაპიტანი მიხეილ ფირალიშვილი
წარმოშობით ქუთაისიდან. ქ. ტვერის ცხენოსანი სასწავლების კურსდამთავრებული. მსახურობდა ტვერის მე-16-ე დრაგუნთა პოლკში. წმ სტანისლავის III და წმ. ანას IV ხარისხის ორდენების კავალერი.

ადიუტანტი: უფრ. ლეიტენანტი თარხან მხეიძე
საკავალერიო სასწავლების კურსდამთავრებული. რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი შტაბს-როტმისტრი. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში. 

ცხენოსანი ესკადრონის მეთაური: კაპიტანი ვლადიმერ ბერიძე
თბილისის პრაპორშიკთა სკოლის კურსდამთავრებული. რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი შტაბს-როტმისტრი

ქვეითი ესკადრონის მეთაური: კაპიტანი შოთა მგალობლიშვილი
სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული. რიას ყოფილი შტაბს-როტმისტრი.

 
მეტყვიამფრქვევეთა ოცეულის მეთაური: უფრ. ლეიტენანტი ალექსანდრე გამყრელიძე
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. ტვერის მე-16-ე დრაგუნთა პოლკის ყოფილი პორუჩიკი

უფროსი ლეიტენანტი: ვლადიმერ გარდაფხაძე
რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი პრაპორშიკი.

უფროსი ლეიტენანტი: დიმიტრი ფავლენიშვილი
 
უფროსი ლეიტენანტი: აკაკი კობიძე
თბილისის პრაპორშიკთა სკოლის კურსდამთავრებული.
 
უფროსი ლეიტენანტი: სერაპიონ ფირცხალავა
ქუთაისის საქალაქო სასწავლების კურსდამთავრებული. ყოფილი პოდპორუჩიკი.
 
უფროსი ლეიტენანტი: მაგომედ შარდანოვი
ცხენოსანი სასწავლების კურსდამთავრებული, ყოფილი კორნეტი.
 
ლეიტენანტი: დიმიტრი ხომერიკი
ქუთაისის საქალაქო სასწავლების და თბილისის პრაპორშიკთა სკოლის კურსდამთავრებული. ყოფილი პოდპორუჩიკი

ლეიტენანტი: ნიკოლოზ ტატიშვილი

ლეიტენანტი: კონსტანტინე მამულაშვილი

მილიციის ლეიტენანტები რომლებსაც დავალებული ჰქონდათ აგიტაცია ეროვნებით ქართველ მუსულმან მოსახლეობაში და მათი პოლიტიკური განწყობების შესწავლა.
 
ზიაბეკ შარაბჩიევი
მუზაგარ მეხტარბაშევი 
ყარა-აღა ხალვაში
სერვადბეგ ერისთავი
ფადლი ეფენდი-ზადე
მუსტაფა-ბეგ ბაჩაბელი
? ბეგ ეფენდიევი
სევკეტ ეფენდი ზადე
? ალელოვი
აინუს მელაძე
სოფი გაჯიევი
 
მაჩაბელის ხელმოწერა ოფიცერთა სიაზე
 
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გამაჩნია დანაყოფის ფოტოები.
 
წყარო: 
ეროვნული არქივი. ფონდი: 1836 / 1 / 412
Первая Мировая Война 1914-1918. Памяти Героев 

ქ. ართვინი

ახალი სახის სავალდებულო სამხედრო სამსახური


რომელ ცივილიზებულ ქვეყნებშია სავალდებულო სამხედრო სამსახური? ფინეთი, ისრაელი, შვეციარია, ესტონეთი, ავსტრია, ლიეტუვა, საბერძნეთი, შვედეთი, ტაივანი და ა.შ. ეშლებათ ხელი განათლების მიღებასა და საქმიანობაში ახალგაზრდებს ამ ქვეყნებში? თუ დემოკრატია არაა იქ და "საბჭოთა მონების" საზოგადოებაა? არა ხომ? ე.ი. სავალდებულო სამხედრო სამსახური არაფერ შუაში არაა, მისი მოუწყობლობაა ჩვენი პრობლემა.
ამასთან ოთხივე ჩვენი მეზობლის ჯარში მოქმედებს გაწვევა და ქმედითი სამობილიზაციო რეზერვის შექმნით მზად არიან დიდი ომისთვის. სომხეთს და აზერბაიჯანს ასეულობით კილომეტრზე გადაჭიმული აქვთ გამაგრებული ფრონტის ხაზი, ასეულობით ათას მოქალაქეს აქვს გამოვლილი 90 იანი წლებიდან მოყოლებული რეალური საომარი სიტუაცია, უმსახურიათ ფრონტის ხაზზე, სადაც განუწყვეტელი დაძაბულობაა და ეს მომენტი დამატებით უპარატესობას ანიჭებთ პრაქტიკული გამოცდილების კუთხით.
 
აღსაღნიშნავია, რომ სსრკ-ს დაშლამდე NATO-ს ბლოკის თითქმის ყველა ქვეყანაში ჯარი გაწვეულებით ივსებოდა, პირდაპირი საფრთხის მოხსნამ ჯარის მკვეთრად დასუსტების და ნებაყოფლობითობის იდეას გაამარჯვებინა ევროპაში, ზოგ ქვეყანას ჯარი ფორმალურად ყავს და ამერიკელების იმედზეა. უნდა ვიცოდეთ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური უბრალოდ შეჩერებულია (აშშ-სა და ბრიტანეთშიც კი, სადაც პროფესიული ჯარია) და ნებისმიერ მომენტში შეიძლება აღადგინონ, მათი უსაფრთხოების გარემო იტანს ასეთ დაშვებას, რადგან საკმარისი დრო ექნებათ აგრესიაზე საპასუხოდ (მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთმა ჯერ ყველა პროფესიონალს და მოხალისეს უხმო და როცა საკმარისი არ იყო, გაწვევაზე გადავიდნენ), რასაც ვერ ვიტყვით ჩვენზე, პირველ 3-4 დღის განმავლობაში ვინც დადგება იარაღის ქვეშ (იგულისხმება მშვიდობიან დროს დაორგანიზებული და გაწვრთნილი მოქალაქე) ის იქნება ჩვენი საომარი ძალა ომის დროს. მოწინააღდეგე დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგას და ახალწვეულების გაწვრთნის დრო ფიზიკურად არ გვექნება, ამიტომ მშვიდობის დროს მომზადებულ აქტიურ რეზერვს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. "მცირე და მობილური" პროფესიული ჯარი სწრაფად დამარცხდება, რადგან ვერ დაფარავს ყველა მიმართულებას და ვერ შეავსებს დანაკარგს, ამასთან დაქირავებულების ნაწილისთვის სულერთია წინ წავა თუ უკან, მთავარია ხელფასი დროზე აიღოს და დახარჯოს (ასეთებს "ბანკომატჩიკებს" ეძახიან). საკმარისად მრავალრიცხოვანი პროფესიული ჯარის შექმნა კი ფიზიკურად შეუძლებელია სიღარიბის გამო, თუმცა ამ სეგმენტისთვის დამასახიათებელი მინუსები არსად გაქრება, თვასაჩინო მაგალითია საუდის არაბეთის ჯარი რომელსაც 80 მლრდ დოლარიანი ბიუჯეტი, თანამედროვე შეიარაღება და მრავალრიცხოვანი პირადი შემადგენლობა ყავს, მაგრამ იემენელი მოხალისეების წინააღმდეგაც კი უჭირს ბრძოლა და ხშირად მარცხდება. ფული მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არა გადამწყვეტი.
 
თბილისი ბოლოს აიღეს ორჯერ, 1795 და 1921 წლებში, ორივეჯერ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა ფლანგიდან ჩატარებულმა მანევრმა, ფიზიკურად არ გვეყო ხალხი ყველა მიმართულების დასაფარად. ეხლა უარეს დღეში ვართ. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, დედაქალაქს საკუთარი გარნიზონიც კი არ ყავს.
მოკლედ: 1.2 მილიონიანი დედაქალაქი (ქართველების გრავიტაციის ცენტრი) ვინ უნდა დაიცვას? ქალაქგარეთ (ვაზიანში) მყოფმა ოთხიდან ერთმა ბრიგადამ (დაახლ. 3-3.300 კაცი) და ცალკეულმა მცირერიცხოვანმა დანაყოფებმა? 5.000 მებრძოლი თბილისს ვერ დაიცავს (კიბორგებად რომ იქცნენ მაინც), გაცილებით მეტია საჭირო. მთელ ჯარს თბილისში თუ მოვუყრით თავს, სხვა ქალაქებმა და რაიონებმა რა დააშავეს? მტერს ვუტოვებთ საჯიჯგნად? ჰოდა ეხლა უფრო ცუდ დღეში ვართ ვიდრე საუკუნეების წინ ვიყავით და ეს არავის ადარდებს. აიღეთ საქართველოს რუკა, გაანაწილეთ 20.000 სამხედრო (ამდენ პროფესიონალს როგორღაც ინახავს ჩვენი ეკონომიკა. მარტო ამათ ხელფასებში და დაზღვევაზე მიდის ₾300.000.000 -ზე მეტი) ყველა სახიფათო მიმართულებაზე (თან რეზერვის გარეშე) და უამრავ დაუცველ ზონას აღმოაჩენთ. ჰოდა რა აზრი აქვს ასეთ, დამარცხებისთვის განწირულ სისტემას? ნოე ჟორდანიას დროს - ურმებით რომ დადიოდა ხალხი, პანდემიის, შიმშილის, გაუთავებელი ომების, უიარაღობის, საგარეო დახმარების არქონის პირობებში 2.4 მილიონიან ქვეყანაში ახერხებდნენ 10-15.000 ახალგაზრდის გაწვევას და ერთის გარდა ყველა ომი მოიგეს! ეხლა რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ ნორმალური სამხედრო სავალდებულო სამსახურის შექმნა? გაცილებით უკეთეს პირობებში ვართ და 1.3 მილიონით მეტია მაცხოვრებელი! ვხვდები რატომაც არ აკეთებენ, მაგრამ ეგ სულ სხვა საუბრის თემაა.

ამ ბლოგში წარმოდგენილ ვარიანტში ჯარის რიგითი შემადგენლობა კომპლექტდება სამი მოდულის გამოყენებით:
 
1). პროფესიული კონტრაქტი - არსებული 4 ბრიგადა და ცალკეული დანაყოფები, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყონ მომზადებულნი და აღჭურვილნი. არსებული დაახლ. 17-18.000 მებრძოლი საკმარისია პროფესიული სეგმენტისთვის. ცნობისთვის, დაახლ. ამდენივე მსახურობდა რეგულარულ ჯარში მშვიდობის დროის შტატით 1918-1921 წლებში, რიგითები გაწვეულები იყვნენ 1.4 წლის ვადით.

2). სავალდებულო სამხედრო სამსახური - მოკლევადიანი, მკაცრად სამხედრო ამოცანების მქონე სამსახური, სადაც საველე მომზადებაზე მოვა დროის დაახლ. 60%.  ამ სტატიაში საუბარი არაა არსებულ მახინჯ სისტემაზე. გაწვევა შეეხება მხოლოდ თავდაცვის ძალებს, სხვა უწყებებში გაწვევა გაუქმდება. დასრულების შემდეგ მოქალაქე ხდება რეზერვისტი და 3 წლით ჩაირიცხება არმიის კადრირებულ ბატალიონში, ან ცალკეულ ასეულში. 3 წლის მანძილზე სავსებით შესაძლებელია დაახლ. 30.000 იანი (წელიწადში 10.000 კაცზე გათვლით. დაახლ. 20-25.000 მამაკაცს უსრულდება 18 წელი ყოველწლიურად) კარგად გაწვრთნილი კადრირებული (ოფიცრების და სერჟანტების ნაწილი სრული დროით, იარაღით და ტექნიკით 100% შევსებული, ხოლო რიგითი შემადგენლობა მოდის ომის დროს, ან მოკლევადიან საველე შეკრებაზე) რეზერვის დაგროვება, ეს ციფრი დიდად აღარ შეიცვლება და დასტაბილურდება. რაც დაახლ. 45 ბატალიონს შემატებს თავდაცვის ძალებს, რომლებიც გაიშლებიან ომის დროს და გახდებიან ძირითადი საომარი ძალა. 3 წლის გავლის შემდეგ რეზერვისტები გაგარძელებენ ბატალიონში სამსახურს შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე, ან პირობითად: 10 წლით ჩაირიცხებიან თადარიგში, ე.წ. "არა აქტიურ ბატალიონებში", სამარშო ასეულებში (დანაკარგის შესავსებად ფორმირებული რაზმები) და მათი გაშლაც შეიძლება სრული მობილიზაციის დროს. ეს ცალკე სტატიის თემაა და აქ დროს არ დავკარგავ.

3). მოხალისე - ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც სურს დაიცვას სამშობლო ომის დროს საშუალება უნდა ჰქონდეს გაწევრიანდეს შესაბამის პარამილიტარულ ორგანიზაციაში და მშვიდობიან პერიოდში გარკვეული დრო დაუთმოს სამხედრო საქმის ღრმად შესწავლას. ეს დანაყოფები ასევე გამოყენებულნი იქნებიან ომის დროს როგორც სამანევროდ, ასევე სამოქალაქო დაცვის ამოცანებისთვის.
 
"განათლების მიღებაში და ოჯახის რჩენაში მიშლის ხელს"
 
როგორ გავაკეთოთ ისე რომ არ შეეშალოთ ხელი? რამდენიმე ვარიანტია.
 
I ვარიანტი: 6 თვიანი. ახალგაზრდა მისაღებ გამოცდებს ასრულებს თებერვალ-მარტში, მომდევნო 6 თვის განმავლობაში მსახურობს ჯარში და სექტემბრის ბოლოს მიდის უნივერსიტეტში. უშლის განათლების მიღებაში ხელს ასეთი სავალდებულო? არა
დასრულების შემდეგ 3 წლით ავტომატურად ჩაირიცხება რეგულარული არმიის სარეზერვო ტერიტორიულ დანაყოფში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც შეიძლება გამოიძახონ (შეიძლება არც გამოიძახონ, გააჩნია სიტუაციას) წელიწადში მაქს. 14 დღით საველე შეკრებაზე, ან თავისი სურვილით ირჩევს პარამილიტარულ ორგანიზაციას , სადაც ჩარიცხვის შემთხვევაში (დამოკიდებულია ორგანიზაციის სტაფის თანხმობაზე) აფორმებს 3 წლიან კონტრაქტს და გამოძახებული იქნება დანაყოფში წელიწადში 21 დღით. 
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ანაზღაურება თვეში: ₾50
არმიის რეზერვი არ ანაზღაურდება, ხოლო მოხალისეთა რეზერვის სამანევრო დანაყოფში სამსახური ნაწილობრივ (თვეში ხელზე დარიცხული: ₾150, წელიწადში: ₾1,800.

II ვარიანტი: 3 თვიანი + 42 დღე. პრინციპი იგივეა. განსხვავება მხოლოდ ვადებშია. 3 თვიანი საბაზისო მომზადების დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ჩაირიცხება შესაბამის ტერიტორიულ სარეზერვო დანაყოფში 2 წლით, წელიწადში 21 დღე საველე შეკრებაზე ყოფნის ვალდებულებით. ამგვარად, სავალდებულო სამხედრო სამსახური 132 დღიანი გამოვა, 90 დღე (გადაბმულად) საბაზისო მომზადება და 42 დღე (განაწილებული ორი წელიწადზე) ტერიტორიულ დანაყოფში. 
ასე მოწყობილი არმიის რეზერვი უფრო ეფექტური და გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე ეროვნული გვარდიის მიმდინარე საპილოტე პროგრამაა სადაც ყოველ თვე ერიცხებათ ანაზღაურება, ორი წელი უნდებიან საბაზისო 90 დღიან მომზადებას, არეულია ასაკები და გამოცდილება. უცოდინარი და პირობითად 12 წლიანი სამხედრო გამოცდილების მოქალაქეები ერთად სწავლობენ ავტომატის დაშლას, რაც ძალიან აძნელებს წვრთნის ოპტიმიზაციის პროცესს და ა.შ.
 
მეთაურის კურსი სტუდენტებისთვის
 
თუ სტუდენტს სამხედრო სამსახური მოეწონება და შესაბამისი სამეთაურო უნარი აღმოაჩნდება, სანამ უმაღლესში სწავლობს, შეეძლება რეზერვის ოფიცრის, სერჟანტის, ან ინსტრუქტორის კურსის გავლა. ეს კურსი უნდა იყოს ანაზღაურებადი, ანუ წარმატებით დასრულების შემდეგ რეზერვის ოფიცერს/სერჟანტს უნდა დაერიცხოს თანხა.
სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა სურვილის მიხედვით დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე რეგულარული არმიის სარეზერვო (ან მოხალისეთა) დანაყოფში 3 წლის ვადით კონტრაქტის საფუძველზე. ეს სამსახური იქნება წელიწადში 21 დღიანი (ანუ ხელს არ შეუშლის სამოქალაქო პროფესიით დასაქმებაში) და ნაწილობრივ ანაზღაურებადი (პროფესიული კონტრაქტის 10%).
 

თუ ახალგაზრდა ოჯახის ერთადერთი მარჩენალია

ქვეყანაში არსებულ უმძიმესი ეკონომიური მდგომარეობის გამო, შესაძლებელია ამ დაშვების გაკეთება: ოჯახის მარჩენალი ახალგაზრდა ამ ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში და მისი სურვილისამებრ შეიძლება განთავისუფლდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან იმ პერიოდით რა პერიოდითაც იქნება ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ამ ხნის მანძილზე ის ვალდებული იქნება თავისი შემოსავლის პირობითად 5% თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში ჩარიცხოს, ანუ თუ ექნება ₾1.000 შემოსავალი, მოეჭრება ₾50.
აქ მხოლოდ იდეას ვაჟღერებ, შესაბამისმა კანონმდებლობამ ზუსტად უნდა დაარეგულოროს ამ ტიპის შეთავაზება.

პრივილეგიები სამხედრო სავალდებულო სამსახურგავლილთათვის
 
თუ მოქალაქეს არ ექნება გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური, მან ვერ უნდა შეძლოს სამსახურის დაწყება მაგალითად პოლიციაში და ვერ უნდა დაიკავოს მაღალი თანამდებობები (რომელ პოზიციებზე ვერ დაიწყებს მუშაობას ცალკე უნდა განისაზღვროს) მინიმუმ ძალოვან უწყებებში. ეს მიდგომა სამართლიანია და ძალოვანი უწყებების პირადი შემადგენლობის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
 
თუ მოქალაქე პაციფისტია, ან არ შეუძლია ჯარში სამსახური
 
თუ მოქალაქე პაციფისტია, რელიგიური ან სხვა მოტივით უარს იძახის იარაღთან კონტაქტზე, ან უბრალოდ შეუთავსებელია საჯარისო სამსახურთან ჯანმრთელობის (ამ შემთხვევაში საუბარი არაა ინვალიდებზე, რომლებსაც შრომითი საქმიანობაც არ შეუძლიათ), ან რაიმე სხვა მიზეზით (მაგ.: წვრთნის დროს თავს იჩენს ფსიქოლოგიური პრობლემა), მათ ექნებათ საშუალება გაიარონ ალეტერნატიული სამსახური, ან გადაიხადონ გარკვეული % შემოსავლიდან და საერთოდ არ წავიდნენ ჯარში:
 
1). ალტერნატიული არაძალადობრივი სამხედრო სამსახური. მაგალითად სამსახური სამშენებლო, სარემონტო, საყარაულო, სამედიცინო, კავშირგაბმულობის, ან კიბერუსაფრთხოების განხრით ჩაითვლება იგივე სამხედრო სავალდებულო სამსახურად, ოღონდ ლეტალურ იარაღთან შეხების გარეშე. ალეტრნატიული სამსახურის ფორმა და პირობები განისაზღვრება ცალკე საკანონმდებლო აქტით. საუკეთესო შემთხვევაში მოქალაქე გაივლის შესაბამის მომზადებას, აითვისებს პროფესიას და ჩაირიცხება პასიურ რეზერვში, საიდანაც შეიძლება გამოიძახონ ომის დროს.

ისრაელის ალტერნატიული სამსახურის (შირუტ ლე'უმი-ს) სამედიცინო ჯგუფის წევრი

2). ფულადი გადასახადი უნდა მოიცავდეს შემოსავლიდან თავდაცვის სასარგებლოდ გარკვეული %-ის დარიცხვას კანონში მითითებულ ასაკამდე.

ამ ფილტრაციის საშუალებით საბრძოლო ნაწილებში მხოლოდ მოტივირებული და დაინტერესებული ახალწვეულები მოხვდებიან, რაც გაწვეული ჯარის მთავარ პრობლემას, უმოტივაციო მასის არსებობას ხსნის. მოკლევადიანი სამსახური კი გამორიცხავს "დედოვშინას" (ძველი ჯარისკაცების მიერ ახალწვეულების ჩაგვრას), რადგან სამსახურის ვადაზე დაფუძნებული იერარქია ჩამოყალიბებას ვერ ასწრებს, მითუმეტეს თუ დროის 60% საველე მომზადებაზე წავა.
 
---------
 
ახალი სავალდებული სამხედრო სამსახურის დადებითი მხარეები:
 
- არმია = ხალხს. ჯარი აღარ არსებობს "თავისთვის", ის ერის ნაწილი ხდება.
- გაწვეული კონტინგენტის შენახვა გაცილებით იაფია
- სწრაფად იქმნება მომზადებული რეზერვი და იფარება ყველა მიმართულება
- ახალგაზრდა იღებს უნიკალურ ცოდნას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას 
- ხელი არ ეშლება განათლების მიღებას
- საბაზისო მომზადება ტარდება სწრაფად. 14 და 21 დღიანი რეზერვი ხელს საერთოდ არ უშლის დასაქმებულს, შეთავსებადი ხდება სამხედრო და სამოქალაქო ცხოვრება
 
ეს ყველაფერი უნდა მოექცეს ერთიან საკანონმდებლო პაკეტში, შესაბამისად გაიზარდოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, სისტემა უნდა მოემზადოს წვევამდელების მისაღებად, რადიკალურად შეიცვალოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პირობები, გახდეს ახალგაზრდისთვის საინტერესო და მიმზიდველი. ერთის მხრივ ახალგაზრდა მიიღებს საჭირო ცოდნას და უნიკალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას (თან ისე რომ ხელი არ შეეშლება სწავლაში და პროფესიის ათვისებაში), რომელიც გამოადგება ყოველდღიურობაში და მეორეს მხრივ თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობები მკვეთრად ამაღლდება, მათ შორის - ლოგიკური და სწორი სარეზერვო-სამობილიზაციო სისტემის შექმნით.

წყალი ლაშქრობაში | საბაზისო მომზადება


ადამიანის სხეულის დაახლ. 60-80% მოდის წყალზე. სწორად ფუნქციონირებისთვის და გაუწყლოების ("წყალი-მარილი" ბალანსის დარღვევა) თავიდან ასაცილებლად ადამიანს ესაჭიროება 2-8 ლიტრი წყალი დღეში, რაც დამოკიდებულია მის აღნაგობაზე, აქტიობაზე, გარემოს ტემპერატურაზე, ნესტიანობაზე და ა.შ.
წყალი სხეულიდან გამოდის რამდენიმე ფორმით: შარდი, ოფლი, სუნთქვა და ა.შ. რაც მისი მარაგის რეგულარულად შევსებას ითხოვს. ჯანმრთელ ადამიანს თბილ ამინდში წყლის გარეშე მეტნაკლებად ადექვატურად მოქმედება შეუძლია დაახლ. 3 დღის განმავლობაში, 
მაგრამ შრომისუნარიანობის და ზოგადი მდგომარეობის გაუარესების ფონზე.
 
 
ხანგრძლივ ლაშქრობაში წასვლის წინ ზუსტად უნდა ვიცოდეთ არის თუ არა გასავლელ მარშრუტზე სასმელად ვარგისი წყალი (რუკა, მარშრუტის აღწერის წაკითხვა, იქ ნამყოფის პირადი გამოკითხვა და ა.შ.).

მეთაური ვალდებულია ზუსტად იცოდეს მისი დანაყოფის მოქმედების ზონაში სადაა სასმელად ვარგისი წყალი. არ იქონიოთ მომარაგების იმედი, ჩათვალეთ რომ წყალს არავინ მოგიტანთ და ისე დაგეგმეთ ყველაფერი!
 
ქვეითი დანაყოფების სწრაფი მომარაგებისთვის იყენებენ სატვირთო პიკაპებს

გაუწყლოების ნიშნები

არსებობს გაუწყლოების სამი დონე. ამ სიმპტომების ცოდნა აუცილებელია თავის დროულად დასაცავად:

მსუბუქი: 1-2 ლ დანაკლისი. წყურვილის შეგრძნება, ენის სიმშრალე, შარდის გამუქება
საშუალო: 4-5 ლ დანაკლისი. ძლიერი წყურვილი, შარდის გამოყოფის მკვეთრი შემცირება ან შეწყვეტა, კანის და ენის სიმშრალე, ნერწყვის გამოყოფის მკვეთრი შემცირება, კანის გაფერმკრთალება, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი და თავბრუხვევა, აზროვნების შენელება და კონცენტრაციის კარგვა, ცრემლის გამოყოფის შეწყვეტა, სისხლის სიბლანტის ზრდა, შედეგად: გახშირებული სუნთქვა და გულისცემა, შეიძლება მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, ხელის თითის ფრჩილის წინკიდურზე მსუბუქი დაწოლისას ფერი ნელა ბრუნდება, ანუ 2 წამზე მეტს უნდება.
მძიმე: 7-8 ლიტრის დანაკლისი. წნევის მკვეთრი ვარდნა და პულსის მომატება, გონების დაკარგვა და შოკური მდგომარეობა.

მსუბუქი ყველას გამოგვიცდია, საშუალოს დროული მიხედვა უნდა, ხოლო მძიმე ექიმების ჩარევას ითხოვს.

ტენის შენარჩუნება წყლის დეფიციტისას
 
👉 მარშისას ვსვავთ მცირე დასვენების დროს (მეთაური გეგმავს გადაადგილების რეჟიმს) და ყოველ ჯერზე მცირე ოდენობით. ჯობია ცოტ-ცოტა სვათ, ვიდრე ბევრი და ერთბაშად
👉 ვსვავთ პირში ჩაგუბებით და მცირე ყლუპებით. სწრაფი დალევის შემთხვევაში წყლის ნაწილი პირდაპირ შარდის ბუშტში ხვდება და ორგანიზმი ვერ ასწრებს შეთვისებას
👉 ვერიდებით მზიან ადგილს (ისედაც დემასკირებას იწვევს) და ვიმყოფებით ჩრდილში
👉 არ ვეწევით სიგარეტს, რომელიც აძლიერებს წყურვილს
👉 ვერიდებით ჭამას, განსაკუთრებით ხორციან და მლაშე საკვებს. სასურველია წყლის შემცველი ბოსტნეულის და ხილის მიღება
👉 საშუალო გაუწყლოებისას დაგეხმარებათ კენკრის და ტყის ხილის ჭამა, მძიმე სიტუაციაში მცირეოდენი წყალიც კი საკმარისია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მითუმეტეს რომ შაქრებს შეიცავენ
👉 წყურვილის გრძნობის ჩასაკლავად გამოიყენება მცენარეების ღეროები (ბედუინები კენჭებს იყენებენ), რომელთა "წაღეჭვისას" გამოიყოფა ნერწყვი და კლებულობს წყურვილის შეგრძნება. ამით წყლის რაოდენობა სხეულში არ მატულობს, მაგრამ კლებულობს შემაწუხებელი გრძნობა
👉 მარილი სხეულს უნარჩუნებს წყალს, ამიტომ შეიძლება წყლის ხელოვნული წამლაშება (0.5 - 1 გრ. 1 ლიტრ წყალზე). თუმცა ზედმეტ "პროფესორობას" არ გირჩევთ, რადგან შეიძლება გულზე იმოქმედოს ცუდად
👉 სხეულს აგრილებს და ატენიანებს ნამზე ხელის მოვლება. დასაშვებია არასასმელი წყლით კიდურების, კისრის და სახის მობანა. გადაადგილებისას სხეულს აგრილებს ოფლიანი უნიფორმა, რომელიც აორთქლებასაც ანელებს
👉 გაუწყლოებულზე დაუშვებელია დიდი რაოდენობით წყლის ერთბაშად მიღება, რადგან იწვევს ღებინებას
👉 ალკოჰოლი იწვევს წყურვილს, პირის სიმშრალეს, ადუნებს რეაქციას, ამიტომ მისი გამოყენება აკრძალულია

წყლის ფილტრი
 
 
წყალთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას აგაცილებით წყლის ფილტრის (Lifestraw) გამოყენება, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში შეუცვლელია, რადგან სწრაფად ფილტრავს წყალს (ქიმიურად დაბინძურებულის გარდა).

წყლის გაწმენდა საველე პირობებში 
 
არ შეიძლება წყლის დალევა შეუმოწმებელი წყაროდან, დაგუბებული წყლის, ან დასახლებულ პუნქტ გამოვლილი ჩამდინარი წყლის. პირველ რიგში ვაკვირდებით წყლის ფერს და სუნს. თუ საქონელი არ ეკარება წყალს, მისი დალევა არ შეიძლება.
ხევშიც კი, სადაც ადამიანთა აქტიობა არაა, გამავალი წყლის დალევა მაინც სახიფათოა, რადგან შეიძლება ცხოველის გვამი აგდია ზემოთ, ან სხვა რამითაა დაბინძურებული და თვალით ვერ ვამჩნევთ. რამდენიმე მეთოდის ცოდნა დაგვეხმარება წყლის გაწმენდაში:

ადუღება - ყველაზე საიმედო მეთოდია! ადუღეთ წყაროდან, მდინარიდან, ან ტბიდან მოტანილი წყალი 5-10 წუთის მანძილზე (ადუღებამდე უხეშად გაფილტრეთ, მაგ. ბენდენით), რაც საკმარისია მის გასაწმენდად, მაგრამ წყალს თუ სპეციფიური გემო აქვს (მაგ. მინერალების გამო), ადუღება არ უშველის და მოგიწევთ ასე დალევა. ადუღებისას იღუპებიან ბაქტერიები და ცოცხალი ორგანიზმები, მინერალები, ნაწილაკები, ჟანგი და ა.შ. რჩებიან ჭურჭელში.
თუ წყალი საეჭვო, ან ძალიან დაბინძურებულია, მოერიდეთ მის გამოყენებას და თუნდაც ადუღებას

იოდი - 5% იანი იოდის 2-3 წვეთი გაუშვით 1 ლიტრ წყალში, კარგად შეანჯღრიეთ და ერთი საათი დააცადეთ. გემო სასიამოვნო არ ექნება, მაგრამ დალევა შეიძლება


შრეებიანი ფილტრი - დასალევად ვარგისი წყლის გაფილტვრის მარტივი მეთოდი ნაჩვენებია გრაფიკაზე. ერთმანეთს მოუნაცვლეთ შრეები: კენჭები, ქვიშა, ნახშირი და ნაჭერი

ტბის და ჭაობის ნაპირი - ნაპირიდან 1 მეტრში ამოთხარეთ ორმო, რომელიც ნელნელა შეივსება ნიადაგში გაფილტრული წყლით, რომელიც მაინც უნდა აადუღოთ, ან იოდის გამოყენებით გაწმინდოთ.
 
 
წვიმის წყალი - ყველაზე იოლი წვიმის წყლის შეგროვებაა (მაგ.: გაშლილი საწვიმრით), მაგრამ თუ მხოლოდ ნაჭერი და ჭურჭელი გაქვთ, სურათზე ნაჩვენები მეთოდი გამოიყენეთ.

ნამის მოგროვება - გაუწყლოებას წვალება და ცოტა წყალი ჯობია, ამიტომ მოატარეთ სუფთა ნაჭერი ნამიან მცენარეულ საფარზე (საქონელი არ უნდა მოძრაობდეს არემარეში) და ჩაიწურეთ პირში. საღამოს შეფუთეთ პარკით ხშირი ფოთლოვანი ტოტი და დილით ცოტა წყალი დაგხვდებათ.

წყლის გამწმენდი აბები - Aquatabs -ის აბების გამოყენების წესი და ინსტრუქცია იხილეთ მწარმოებლის ოფიციალურ გვერდზე.

ამ ძირითადი მეთოდების ცოდნა ჩვენთვის სრულიად საკმარისია. ტაიგაში და ალასკაზე არ ვცხოვრობთ :) 

👀 საბაზისო მომზადების სერიის სხვა მოდულების ნახვა შეგიძლიათ თეგ: "საბაზისო მომზადებაზე" დაჭერით!

ქვეითი მებრძოლის აღჭურვილობა | საბაზისო მომზადება


გთავაზობთ აუცილებელი ნივთების იმ ჩამონათვალს, რომლებიც თან უნდა გვქონდეს საბრძოლო მოქმედებების დროს ტყიან მასივში თბილი კლიმატისას, იმ დათქმით რომ ღამით: +7-8C ზე დაბლა არ ჩამოვა ტემპერატურა. ურბანულ ზონაში, საკუთარი ქალაქის დაცვის შემთხვევაში ეს სია გარკვეულწილად შეიცვლება, თუმცა ნივთების შერჩევის ლოგიკა იგივე დარჩება: გარემოს შესაბამისი და პრაქტიკული. ყველა საგანი უნდა იყოს კამუფლირებული, ან დამცავი ფერის (მომწვანო, ყავისფერი, შავი და ა.შ.).
დაკომპლექტება რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, მაგრამ გამოცდილების საფუძველზე (საუბარია მსუბუქ ქვეითზე ტყიან მასივში) ამ სიის მაგვარს შეადგენს სხვაც.

ფორმა
 
კამუფლირებული პანამა
- სასურველია ბრიტანული, ან აშშ-ს არმიის. თუ ასეთი არ გაქვთ, სხვანაირი, ან კამუფლირებული კეპიც გამოდგება - სულ არაფერს ჯობია, საჭიროებისას სათადარიგო მაისურით, ან ბადით "აჭრით".
თხელი ქუდი, ბალაკლავა, ან ბენდენა - ქუდი Quick Dry Cap -ის სტილში, თხელი მატერიის, რომელიც მაგ.: გამოიყენება ძილის დროს ცივ ამინდში, იცავს რა თავს და ყურებს. იგივეს აკეთებს თხელი ბალაკლავა, რომელიც სახესაც იცავს და თან ნიღბავს. ამავე მიზნით გამოიყენება ბენდენა, რომელსაც ბევრი გამოყენება აქვს. ბენდენა (2 ერთეული) და თხელი ქუდი სავსებით საკმარისია.

პიჯაკი და შარვალი - სასურველია რომელიმე არმიის 2 ერთეული. მეორადებში შესაძლებელია თითქმის ახალი კომპლექსტის (აშშ, ინგლისი, გერმანია) შეძენა. თუ ზურგჩანთა მოცულობითი გაქვთ, სპორტული შარვლის წაღებაც შეიძლება.

T-ს მაგვარი მაისური - 3 ცალი

ქურთუკი - 1 ცალი. აქ მოყვანილი ქარგაუმტარი ბრიტანული სმოკი იდეალურია, მაგრამ მისი შეცვლა რომელიმე ანალოგითაც შეიძლება.

საწვიმარი ლაბადა - 1 ცალი. შეიძლება მოვაწყოთ თავშესაფარი და ა.შ.

ხელთათმანი - 1 ცალი. იცავს ხელს ნაკაწრებისგან, სიცივისგან და ნიღბავს. თუმცა ზოგს არ მოსწონს (უჭირს იარაღთან მოპყრობა) და არც იყენებს. გამუდმებით არ უნდა გეცვათ, მხოლოდ საჭიროებისას. "გადაჭრილის" გამოყენება რეკომენდირებული არცაა.

ფეხსაცმელი
 
მაღალყელიანი - სამხედრო ბათინკი. სასურველია მთლიანად ტყავის, ან ბრენდირებული.
დაბალყელიანი, ან ბოტასი - სათადარიგო ფეხსაცმელი აუცილებელია. ბოტასი უნდა იყოს სქელძირიანი.

თეთრეული
 
მაისური და ტრუსი - ორივე 3-4 ერთეული
წინდა - ე.წ. პირსახოცის ნაჭრის 8-10 ცალი
წინდა თბილი - 1 ცალი
 
საძილე ინვენტარი
 
საძილე ტომარა - კომფორტის ტემპერატურით დაახლ. 0 / -5 C. თუ საძილე არ გაქვთ, ან ძალიან დიდ ადგილს იკავებს ზურგჩანთაში, მას ტყეში შეცვლის საწვიმარი, ქურთუკი და სათადარიგო ტანსაცმელი. შესაძლებელია მსუბუქი, პატარა და იაფი ტურისტული საძილეს შეძენაც, ან Woobie-პლედის ყიდვა.

ძირსსაგები - სტანდარტული სალაშქრო. სასურველია დასაკეცის შეძენა, ნაკლებ ადგილს იკავებს და მოძრაობაც უფრო მარტივია.

აღჭურვილობა
 
ზურგჩანთა - ქვეითისთვის იდეალურია ბრიტანული საექსპედიციო ზურგჩანთა "ბერგენი" (120 ლიტრი ტევადობით), რომელიც მორგებულია ქვეითზე, ძალიან გამძლეა, მოდულარულია და იშლება საჭიროებისას (გვერდითა ჯიბეები გადაეწყობა 30 ლიტრიან საიერიშო ზურგჩანთად). ასევე კარგია ამერიკული ილბე.
ზოგადად ზურგჩანთა უნდა იყოს დაახლ. 65 ლიტრი (ე.წ. საპატრულო, 3-4 დღიანი ავტონომიური ლაშქრობისთვის) ტევადობის. არაა აუცილებელი სამხედრო, შესაბამისი ფერის ტურისტულიც გამოდგება.

საბრძოლო ქამარი - ტყეში საბრძოლო ქამარი მოსახერხებელია, რადგან გულმკერდის არე თავისუფალია და ხოხვას არ უშლის ხელს. ხანგრძლივი მარშის დროს მასზე შეიძლება ჩამოვდოთ ზუგჩანთა, რაც ამცირებს დაწოლას მხრებზე და აიოლებს მოძრაობას.
დამცავი სათვალე
- იცავს თვალებს ნამსხვრევების, მტვრის და დაზიანებისგან
 
ფარანი - ჯიბის, ან თავზე დასამაგრებელი

წყლის მათარა - ლაშქრობებში არ დამაქვს, პლასტმასის ბოთლებით გავდივარ იოლად. 0.5ლ წყლის ბოთლი ყოველთვის მიდევს ჯიბეში, მაგრამ ვისთვის როგორ.

წყლის ფილტრი - თუ გამოიწერთ Lifestraw-ის ფილტრს, წყლის პრობლემა მოგეხსნებათ. გუბიდანაც დალევთ წყალს და ამისთვის დროსაც კი არ დაკარგავთ.

კომბინირებული კარდალა (ქვაბუნა) - წყლის ასადუღებლად და საკვების მისაღებად
 
თავბალახა
- სახლშიც შეგიძლიათ დაამზადოთ ბადის და ზოლებად დაჭრილი მატერიისგან.
 
ნაგვის პარკები - გამოდგება როგორც პირდაპირი დანიშნულებით, ასევე შესაფუთად და სიცივისგან დასაცავადაც.
სამხედრო დანა -
კოვზი და ჩანგალი - 
კამუფლირებული სკოჩი - თუ ასეთი არ გაქვთ, ჩვეულებრივი, ოღონდ ხარისხიანი
წვრილი მავრთული - დაზიანებული არკაზმულობის შეკეთებისთვის
ნემსი და ძაფი - გახეული უნიფორმის გასაკერად
ბლოკნოტი და პასტა -
 
პარაკორდის თოკი
- ერთი შეკვრა წვრილი თოკი თავშესაფრის მოსაწყობად, სათადარიგო ზონარისთვის და ა.შ.
 
ასანთი და სანთებელა - 

დასაკეცი ხელის ხერხი - ტოტების უხმაუროდ მოსაჭრელად. შიძლება ვინმეს ზედმეტად მოეჩვენოს და მართალიც იყოს :) სამოქალაქო ლაშქრობაში უფრო გამოდგება.

მაჯის საათი - 

რუკა - თუ სამოქმედო ადგილი უცნობია და შესწავლილი არ გაქვთ, სასურველია 1:50.000 ან 1:100.000 იანი რუკის თან წაღება.

კომპასი - სტანდარტული, ან მინი. სასურველია ბრენდირებული.

პირადი ჰიგიენის საგნები
 
პირსახოცი - 1 ცალი
საკვნეტელა, ან მაკრატელი - ფრჩხილების დასაჭრელად 
კბილის პასტა და ჯაგრისი - 1 ცალი
საპონი ხელის - 1-2 ცალი
საპარსი საშუალება - რასაც იყენებთ ის
ანტისეპტიკური ხელსახოცი - 1 შეკვრა
სველი ხელსახოცი - 2-3 შეკვრა
ტუალეტის რულონი - 2-3 ცალი

საკვები და წყალი
 
პირველი 3-4 დღის განმავლობაში, სანამ მომარაგება აეწყობა შეგიძლიათ წაიღოთ ეს მზა საკვები (ან თავად დააკომპლექტოთ ამდაგვარი მენიუ თქვენი გემოვნებით):

ხორცის კონსერვი "კულა" - 2-3 ცალი
ND -ს მზა საკვები - 2-3 ცალი
MRE - თუ გაქვთ: 1-2 ცალი გახსენით, შიგთავსი ამოყარეთ და აუცილებელი წაიღეთ
პური და კრეკერი - 
ჩურჩხელა -
ჩაის და ყავის პაკეტები - რამდენიმე 
წყალი - 2 ლიტრი პლასტმასის ბოთლებში

სამედიცინო პაკეტი
 
სტერილური და ელასტიური ბინტები -
ბამბა -
სტერილური საფენი -
ლეიკოპლასტირი - ფიქსაციისთვის
ლახტი - 1 ცალი
იოდი და ზეჟანგი -
ტკივილგამაყუჩებელი აბები - თქვენზე რომელიც მოქმედებს ისინი
სანტავიკი - 4-5 შეკვრა
ფლუცინარის მალამო - ეფექტურია კანის გაღიზიანების და "დაწვის" დროს
მწვანე მალამო - მწერების ნაკბენებზე წასასმელად
სიცხის დამწევი აბები - 
მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალება - მაგ. რეჰიდრონი
აქტიური ნახშირი - 50 აბი
წამლები რომლებსაც იყენებთ პირადად თქვენ - თვალის წვეთები და ა.შ.

რა უნდა გვქონდეს ტანზე

მოულოდნელად წარმოქმნილი სიტუაციის გამო შეიძლება მოგვიწიოს ზურგჩანთის მიტოვება, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა გვექნება ტანზე (უნიფორმის ჯიბეებში და საბრძოლო ქამარზე). მაგ.: წყლის ფილტრი, საწვიმარი, სანთებელა, წამლები და პატარა მოცულობის მსგავსი აუცილებელი ნივთები უნიფორმის ჯიბეებში, ან ქამარზე უნდა იყონ.

რეკომენდაციები

🔼 აქ მოყვანილი სია მხოლოდ რეკომენდაციაა. შეგიძლიათ მოაკლოთ, ან დაამატოთ თქვენთვის საჭირო ნივთები. თუ რომელიმეს ვერ იშოვით, მისი მსგავსი გამოიყენეთ.
🔼 როცა ყველაფერს ჩაალაგებთ და მოირგებთ, შეამოწმეთ აღჭურვილობა ხმის გამოცემაზე, იხტუნავეთ და გაირბინეთ.
🔼 ყველა ის ნივთი რომელიც შეიძლება დასველდეს და გაშრობა დასჭირდეს, დამატებით იფუთება პარკში და ისე იდება ზურგჩანთაში.
🔼 ყველაზე აუცილებელი ნივთები უნდა იყოს ჯიბეებში, ტაქტიკურ ქამარზე, ან განტვირთის ჟილეტზე.
🔼 გახსოვდეთ რომ ბევრ ნივთს რამდენიმე გამოყენება შეიძლება მოეძებნოს და წასაღებად ასეთები შეარჩიეთ.
🔼 სასურველია თუ თან იქონიებთ მინ. 50 ლარს.

დამატებითი ვიდეო მასალა